გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/11/1276 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 24 ოქტომბერი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 24 ოქტომბერი 2019 19:50 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის, 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 11 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ოქტომბრის კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-7 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი - თამარ სამხარაძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ქრისტინე კუპრავა და ნინო ქოჩიაშვილი; მოწმე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი - ნათია სონღულაშვილი; მოწმე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს მწერალ თანაშემწე - მარიამ მითაიშვილი; მოწმე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - მინდია დავითაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1276) მომართა საქართველოს მოქალაქე გიორგი ქებურიამ. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2017 წლის 15 ნოემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 19 სექტემბერს და 2019 წლის 7 თებერვალს.
2. №1276 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილი განსაზღვრავს დასაბუთებული ვარაუდის ცნებას, რომლის მიხედვითაც, დასაბუთებული ვარაუდი არის „ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი“. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, ამოღება და ჩხრეკა ტარდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის აღმოჩენისა და ამოღების მიზნით. ხსენებული მუხლის მე-4 ნაწილი კი ადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოსაღებად ჩხრეკის ჩატარების შესაძლებლობას, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მის აღმოსაჩენად საჭიროა ძებნა. ამავე კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროკურორს, გამომძიებელს, დაკავების უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს უფლება აქვთ, დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, პირადი ჩხრეკით, ამოიღონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელიც აღმოჩენილია პირის ტანსაცმელზე, მის ხელთ არსებულ ნივთში ან სატრანსპორტო საშუალებაში, სხეულზე ან სხეულში.
4. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, „პროკურორს უფლება აქვს, მოტივირებული დადგენილებით მოახდინოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების (გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და მასალებისა) განსაიდუმლოება მათი მტკიცებულებების სახით გამოყენების მიზნით, თუ ამ დოკუმენტებისა და მასალების განსაიდუმლოება არ ხელყოფს ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობების, დაზვერვის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში“. ხსენებული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ისევე, როგორც „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ოქტომბრის კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მონაცემები იმ პირებზე, რომლებიც უწევენ ან უწევდნენ კონფიდენციალურ დახმარებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს, თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ მათთან, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ხასიათის ინფორმაციის მოპოვების მეთოდები, ტაქტიკა და ორგანიზაცია არ წარმოადგენს საპროკურორო ზედამხედველობის საგანს. ამასთან, საპროკურორო ზედამხედველობის საგანს ასევე არ წარმოადგენს ოპერატიული დამუშავების საქმე და ოპერატიულ-სამძებრო აღრიცხვის საქმეების საიდუმლო ნაწილი.
5. №1276 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის, 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-20 მუხლთან მიმართებით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადება, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 11 პუნქტი, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ოქტომბრის კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი, მოსარჩელის პოზიციით, არღვევდა კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს და 42-ე მუხლების პირველ და მე-3 პუნქტებს. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია.
6. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის ნორმებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარეს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-20 მუხლით დაცული უფლების შესატყვისად მიაჩნია მოქმედი კონსტიტუციის მე-15 მუხლით განმტკიცებული უფლება, ხოლო მე-40 მუხლის მე-3 პუნქტისა და 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მსგავს მოწესრიგებად მიიჩნევს მოქმედი კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-7 პუნქტებს. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხს შეაფასებს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ დებულებებთან მიმართებით.
7. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი განამტკიცებს პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ასევე უზრუნველყოფილია საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულია დაცვის უფლება, ასევე ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელებისა და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად კი, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“
8. №1276 კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, მოსარჩელე დააკავეს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების საფუძველზე და მას ბრალად წაუყენეს ნარკოტიკული საშუალებების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვა. მოსარჩელის განცხადებით, ხსენებული საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ამასთან, სრულიად გასაიდუმლოებულია, მათ შორის, სასამართლოსთვისაც, იმ თანამშრომლის (კონფიდენტის) ვინაობა, რომელმაც საგამოძიებო ორგანოებს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ფლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მოსარჩელე მხარის პოზიციით, მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩხრეკის განხორციელება და ამგვარ ინფორმაციაზე გამამტყუნებელი განაჩენის დაფუძნება ლახავს მის კონსტიტუციურ უფლებებს.
9. მოსარჩელე მხარე განმარტავს ოპერატიული ინფორმაციის არსს და მიუთითებს, რომ ეს არის საიდუმლო თანამშრომლის (კონფიდენტის) ან სხვა ანონიმური პირის მიერ გამომძიებლის ან ოპერატიული თანამშრომლისთვის მიწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზადდება, ხდება ან მოხდა დანაშაული. ოპერატიული ინფორმაციის მიღებისას, აღნიშნული ინფორმაციის მიმღები პირი ადგენს პატაკს, რომელშიც ასახავს მიღებული ინფორმაციის შინაარსს, ინფორმაციის მიმწოდებლის ვინაობის მიუთითებლად. მოსარჩელე მხარის პოზიციით, მხოლოდ კონფიდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, როდესაც მის გასამყარებლად დამატებით არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა, ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს და არ წარმოადგენს ფაქტების/ინფორმაციის იმგვარ ერთობლიობას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ჩხრეკის ჩატარება.
10. მოსარჩელის მითითებით, სადავო რეგულაციის შესაბამისად, კონფიდენტის შესახებ ინფორმაციაზე შეზღუდულია საპროკურორო ზედამხედველობა და იგი არ ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. მოსარჩელის აღნიშვნით, კონფიდენტის შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოება ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ, ინფორმაციის მომწოდებელი პირის დაცვას, მის უსაფრთხოებას, ასევე გამოძიებასთან თანამშრომლობის წახალისებას. თუმცა ინფორმაციის სრული გასაიდუმლოება განაპირობებს რიგი კონსტიტუციური უფლებების დარღვევას. კონფიდენტის ვინაობის და მის მიერ ინფორმაციის მოპოვების გარემოებების შესახებ მონაცემებს შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა მოსამართლის შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებაზე, არსებობდა თუ არა რეალური საფუძველი ჩხრეკის განსახორციელებლად.
11. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებლის შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოების გამო, ჩხრეკის საგამოძიებო მოქმედება ხორციელდება მხოლოდ ინფორმაციის მიმღები პოლიციელის ახსნა-განმარტების საფუძველზე. პოლიციელის ახსნა-განმარტება კი ირიბ ჩვენებაზე ნაკლები სანდოობის მქონე მტკიცებულებაა, რადგან მოცემულ შემთხვევაში პირველწყაროს იდენტიფიცირებაც კი არ არის შესაძლებელი.
12. მოსარჩელე მიუთითებს საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ კონფიდენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის არსებობის დასადგენად სასამართლოები მხოლოდ ერთ გარემოებას ამოწმებენ - ინფორმაცია, რომელსაც საგამოძიებო ორგანოები მოსამართლის წინაშე წარმოადგენენ, მიემართება თუ არა გასაჩხრეკ პირს/ქონებას (ანუ იდენტიფიცირებული უნდა იყოს პირი და ქონება). აღნიშნული მნიშვნელობას აცლის სასამართლო კონტროლის იდეას, რომელიც გამოძიებისას მიღებული გადაწყვეტილებების თუ დასკვნების არა ფორმალურ დამოწმებას, არამედ ქმედით კონტროლს, ინფორმაციის სანდოობის თავად შემოწმების შესაძლებლობას გულისხმობს. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, მოსამართლე გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ სასამართლო განჩინებაში არგუმენტად, ხშირ შემთხვევაში, ასევე უთითებს ჩატარებული ჩხრეკის შედეგს. ჩხრეკის ჩატარებამდე აუცილებელი დასაბუთების სტანდარტის შეფასება, ცხადია, არ უნდა ეყრდნობოდეს ჩხრეკის შედეგად ან მის შემდგომ მოპოვებულ მტკიცებულებას, ვინაიდან ასეთი მტკიცებულება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის შემოწმების მომენტში არ არსებობდა.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის, 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის შინაარსი, რომელიც ოპერატიულ ინფორმაციას, გადამოწმების შესაძლებლობის არარსებობის მიუხედავად, დასაბუთებული ვარაუდისთვის ყველა შემთხვევაში საკმარის საფუძვლად მიიჩნევს, არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
14. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ოქტომბრის კანონის იმ ნორმებს, რომელთა მიხედვითაც, ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებელი პირის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია და განმარტავს, რომ კონფიდენტის ვინაობის შესახებ ინფორმაციის სრული გასაიდუმლოება, მათ შორის, პროკურორისა და სასამართლოსთვისაც ქმნის რისკებს, პირის გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნოს არასანდო, უკანონო მტკიცებულებებს. მოსარჩელის განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციის სანდოობას განაპირობებს ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ან უზრუნველყოფილი მისი შემოწმება. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების სანდოობის შემოწმების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს იმ წყაროს შესახებ ინფორმაციის გათვალისწინება, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზედაც ხსენებული საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა. თუმცა სადავო რეგულაციის შესაბამისად, კონფიდენტის შესახებ ინფორმაცია სრულიად გასაიდუმლოებულია და არ ექვემდებარება არანაირ, მათ შორის, არც სასამართლო კონტროლს. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო რეგულაცია ვერ უზრუნველყოფს გამამტყუნებელი განაჩენის მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოტანის შესაძლებლობას, რის გამოც სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.
15. მოსარჩელე მხარე კონფიდენტის შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოების წესს ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ სადავო რეგულაციით ირღვევა სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი უფლებრივი კომპონენტი, შეჯიბრებითობის პრინციპი და ასევე, დაცვის უფლება. მოსარჩელის განმარტებით, შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის მხარეს გააჩნდეს ბრალდების არგუმენტების გაქარწყლების ადეკვატური და რეალური შესაძლებლობა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს როგორც ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა-გაბათილების შესაძლებლობას, ასევე, ამავე მიზნით, მტკიცებულების მოპოვების უფლებას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს არ ეძლევა საშუალება, სტრატეგია ააგოს დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მომწოდებლის წყაროს სანდოობაზე, ასევე იდავოს ჩხრეკის შედეგად ამოღებული მტკიცებულებების ავთენტურობაზე, რაც არათანაზომიერად ზღუდავს სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებებს.
16. მოსარჩელე მხარის პოზიციით, კონფიდენტის დაცვის ლეგიტიმური მიზნის გათვალიწინებით, სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა აფასებდეს მის შესახებ გარკვეული ინფორმაციის განსაიდუმლოების შესაძლებლობას. ამისთვის კი, როგორც მინიმუმ, თავად მოსამართლისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი კონფიდენტის ვინაობა, რაც პირის საპროცესო უფლებების დაცვის უკიდურესად მინიმალურ და აუცილებელ საშუალებას წარმოადგენს.
17. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმას, რომლის მიხედვითაც, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების და მასთან უშუალოდ დაკავშირებული ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე იმ პირობებში, როდესაც არ არის გაქარწყლებული ეჭვი იმის თაობაზე, რომ ამოღებული ნივთი პირს თავად სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა ჩაუდეს. მოსარჩელის მითითებით, სადავო რეგულაცია ამ თვალსაზრისით არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტს, რომლის მიხედვითაც, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ამასთან, მოსარჩელის აღნიშვნით, დაუშვებელია გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის პატაკს ან/და მისი დაკითხვის შედეგად მიღებულ ინფორმაციას, რადგან ის ბრალის დამადასტურებელ არც პირდაპირ და არც ირიბ ჩვენებას წარმოადგენს და მხოლოდ სხვა პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადმოცემას ემსახურება. მოსარჩელის განმარტებით, ამგვარი ინფორმაციის გადამოწმებისა და გამოკვლევის შესაძლებლობა არ გააჩნია არც დაცვის მხარეს, რის გამოც ირღვევა შეჯიბრებითობის პრინციპი და შეუძლებელი ხდება დაცვის უფლების ჯეროვანი განხორციელება.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის, სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებებს.
19. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ კონფიდენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ინფორმაციას დანაშაულის თაობაზე, რაზეც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ევალებათ რეაგირება. თავისთავად, მხოლოდ ამგვარი ინფორმაცია არ არის საკმარისი ამა თუ იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის. მოპასუხის აღნიშვნით, ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდგომ მისი სანდოობის შემოწმების მიზნით, ხდება დამატებითი ინფორმაციების მოძიება კონკრეტული გარემოებების შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ იქმნება ინფორმაციათა ერთობლიობა და შესაძლებელი ხდება ჩხრეკის ჩატარება.
20. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა არ გაიზიარეს მოსარჩელის პოზიცია ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებელი პირის ვინაობაზე სასამართლოს წვდომის დაშვებასთან დაკავშირებით და განმარტეს, რომ ამგვარ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შეფერხდებოდა საგამოძიებო ორგანოების საქმიანობა. მათი განმარტებით, საიდუმლო თანამშრომლებს აქვთ ნდობა კონკრეტული გამომძიებლის მიმართ და თავიანთი ვინაობის გამჟღავნების შემთხვევაში, შესაძლოა, უარი თქვან საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობაზე. ამასთან, მოპასუხის მითითებით, კანონით გათვალისწინებულ პირებს აქვთ დაშვება ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებელი პირის ვინაობაზე, რაც აზღვევს საგამოძიებო ორგანოს მხრიდან თვითნებობის რისკებს.
21. მოპასუხემ დამატებით განმარტა, რომ დანაშაულის თაობაზე მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენება არ წარმოადგენს მტკიცებულებას, იგი თავისი არსით არც პირდაპირი ჩვენებაა და არც ირიბი. შესაბამისად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. მოპასუხის აღნიშვნით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის გამოკითხვას მნიშვნელობა ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებს პატაკის შედგენის დროს, შემდგენი პირის ვინაობას ან სხვა, მასთან დაკავშირებულ გარემოებას.
22. განმწესრიგებელ სხდომაზე მოწმედ მოწვეულმა საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელმა, ნათია სონღულაშვილმა განმარტა, რომ მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ შედგენილი პატაკი და ხსენებულ ინფორმაციაზე დაკითხული თანამშრომლის ჩვენება არ არის საკმარისი დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის დაკმაყოფილებისთვის და ვერ გახდება ჩხრეკა-ამოღების საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თვითკმარი საფუძველი. მოწმის მითითებით, ოპერატიული ინფორმაცია არის დანაშაულის თაობაზე ზეპირი შეტყობინება, რომლის მიღების შემთხვევაშიც, შესაბამისი ორგანოები ვალდებულნი არიან დაიწყონ გამოძიება. აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ გადამოწმების, გარკვეული გარემოებების დაზუსტების შემდგომ შესაძლოა, გახდეს ჩხრეკის ჩატარების საფუძველი.
23. მოწმე ნათია სონღულაშვილის განმარტებით, ოპერატიული ინფორმაციის მიღების თაობაზე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ მიცემული ჩვენება, თავისი არსით, არ არის არც პირდაპირი და არც ირიბი ჩვენება. ამგვარ დაკითხვას კავშირი არ აქვს პირის ბრალეულობის დადასტურებასთან. მოწმის განმარტებით, პატაკის შემდგენი პირის დაკითხვა ხდება იმ მიზნით, რომ მან სასამართლოს მოახსენოს ინფორმაცია პატაკის შედგენის დროისა და ვითარების შესახებ, რაც შესაძლოა, დაცვის მხარისთვის წარმოადგენდეს ღირებულ ინფორმაციას და გახდეს შედავების საგანი.
24. მოწმემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს მწერალ თანაშემწემ - მარიამ მითაიშვილმა განმარტა, რომ გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის მიზნებისათვის პატაკის შემდგენი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებას არ აქვს მტკიცებულებითი ძალა. აღნიშნული პირი იკითხება იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელთა არსებობისაც მან პატაკი შეადგინა, რადგან ამგვარი ინფორმაცია შეიძლება საინტერესო იყოს დაცვის მხარისთვის. მოწმის განმარტებით, მოსამართლეს განაჩენში მხოლოდ იმ მტკიცებულების მითითება ეკრძალება, რომელიც საქმეზე არ გამოკვლეულა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შემთხვევაში კი, მათგან რომელი უნდა აისახოს და რომელი არ უნდა აისახოს განაჩენში, ეს ყოველი კონკრეტული მოსამართლის გადასაწყვეტია.
25. მოწმემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ - მინდია დავითაძემ განმარტა, რომ მხოლოდ კონფიდენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ არის საკმარისი დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის დაკმაყოფილებისთვის. თუმცა ოპერატიული ინფორმაციის მიმღები სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის გამოკითხვის შემდგომ, როდესაც იგი წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ოპერატიული ინფორმაციის მომწოდებელი პირის სანდოობასთან ან სხვა დამატებით გარემოებასთან დაკავშირებით, იარსებებს დასაბუთებული ვარაუდისათვის საჭირო ფაქტების ან/და ინფორმაციების ერთობლიობა. მოწმის მითითებით, ოპერატიული ინფორმაციის მიმღები სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის დაკითხვა ემსახურება იმ გარემოების დადასტურებას, რომ მის მიერ შედგენილი პატაკი ავთენტიკურია.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1276 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ოქტომბრის კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-7 პუნქტებთან მიმართებით. 2018 წლის 16 დეკემბრიდან „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ოქტომბრის კანონი.
3. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას.
4. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1276 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ოქტომბრის კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-7 პუნქტებთან მიმართებით.
5. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
6. განსახილველ საქმეში მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის კონსტიტუციურობას. სადავო ნორმა განმარტავს „დასაბუთებული ვარაუდის“ ცნებას. კერძოდ, დასაბუთებული ვარაუდი არის ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი.
7. მოსარჩელის პოზიციით, დასაბუთებული ვარაუდის მტკიცებითი სტანდარტის დაკმაყოფილებისა და, შესაბამისად, ჩხრეკის საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის საკმარისია მხოლოდ ოპერატიული ინფორმაცია. ამასთან, შესაბამისი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიმწოდებელი პირის ვინაობა სრულად გასაიდუმლოებულია და ხსენებული ინფორმაცია ასევე მიუწვდომელია დაცვის მხარისა და სასამართლოსთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით ირღვევა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
8. ზემოთქმულის თანახმად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი უფლების დარღვევას იწვევს არასათანადო მტკიცებულებებზე დაფუძნებული დაუსაბუთებელი ჩხრეკა. შესაბამისად, წარმოდგენილი არგუმენტაციის საფუძველზე, შესაძლოა კონსტიტუციის მუხლებთან კანონის მხოლოდ იმ ნორმების მიმართების დასაბუთება, რომლებიც ჩხრეკის ჩატარების საფუძველს და წესს განსაზღვრავენ. როგორც აღინიშნა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილი ახდენს დასაბუთებული ვარაუდის საკანონმდებლო დეფინიციას. ხსენებული სადავო ნორმის მიზანი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სხვადასხვა ნორმებში გამოყენებული ტერმინის, „დასაბუთებული ვარაუდის“ შინაარსის განსაზღვრა და არა უფლებაში ჩარევის თვითმყოფადი საფუძვლის შექმნაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე (ან სხვა საფუძვლით) ჩატარების უფლებამოსილება არ გამომდინარეობს დასახელებული ნორმიდან.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მიერ მისი შინაარსის არასწორ აღქმას. შესაბამისად, №1276 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
10. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 11 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-7 პუნქტებთან მიმართებით. ხსენებული ნორმის შესაბამისად, „პროკურორს უფლება აქვს, მოტივირებული დადგენილებით მოახდინოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების (გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და მასალებისა) განსაიდუმლოება მათი მტკიცებულებების სახით გამოყენების მიზნით, თუ ამ დოკუმენტებისა და მასალების განსაიდუმლოება არ ხელყოფს ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობების, დაზვერვის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში“. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია ის გარემოება, რომ პროკურორს არ აქვს ვალდებულება, განასაიდუმლოს მონაცემები იმ პირებზე, რომლებიც უწევენ ან უწევდნენ კონფიდენციალურ დახმარებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს, თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ მათთან, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ხასიათის ინფორმაციის მოპოვების მეთოდები, ტაქტიკა და ორგანიზაცია.
11. ხსენებული სადავო ნორმა განსაზღვრავს პროკურორის უფლებამოსილებას, განასაიდუმლოს ის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები და მასალები, რომელთა მტკიცებულებების სახით გამოყენებასაც ის აპირებს. ამდენად, ხსენებული ნორმის რეგულირება შემოიფარგლება პროკურორისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის გარკვეული ნაწილისათვის სახელმწიფო საიდუმლოების სტატუსის მოხსნის უფლებამოსილების მინიჭებით. იგი საერთოდ არ შეეხება დაცვის მხარისათვის ან სასამართლოსთვის საიდუმლო თანამშრომლის ვინაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების აკრძალვის საკითხს. ამასთან, სადავო ნორმა არც ამგვარ ინფორმაციაზე დაყრდნობით უფლების შემზღუდველი აქტის მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამდენად, სადავო ნორმა არ ქმნის მოსარჩელის მიმართ რომელიმე საპროცესო ღონისძიების ჩატარების და მის ფარგლებში უფლების შეზღუდვის საფუძველს.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოყვანილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს. შესაბამისად, №1276 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 11 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-7 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
13. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-7 პუნქტებთან მიმართებით. ხსენებული ნორმის საფუძველზე, მონაცემები იმ პირებზე, რომლებიც უწევენ ან უწევდნენ კონფიდენციალურ დახმარებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს, თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ მათთან, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ხასიათის ინფორმაციის მოპოვების მეთოდები, ტაქტიკა და ორგანიზაცია არ წარმოადგენს საპროკურორო ზედამხედველობის საგანს. მოსარჩელე ხსენებულ ნორმასთან მიმართებითაც მიიჩნევს, რომ მის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებელი პირის ვინაობის სრულიად გასაიდუმლოება. მისი პოზიციით, დასახელებულ ინფორმაციაზე პროკურორის, სასამართლოს და დაცვის მხარის წვდომის გამორიცხვა იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 პუნქტებით დაცული უფლებების დარღვევას.
14. სადავო ნორმა ზღუდავს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობის ნაწილზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა გამორიცხავს კონკრეტულ ინფორმაციაზე მხოლოდ პროკურორის წვდომას და მათი რეგულირების ფარგლებში არ ექცევა ამ ინფორმაციაზე დაცვის მხარის ან სასამართლოს მიერ წვდომის განხორციელების საკითხი. რიგ საკითხებზე საპროკურორო ზედამხედველობის შემზღუდველი ნორმა ვერ იქნება გაგებული მოსარჩელის მხრიდან ამ ინფორმაციაზე წვდომის ამკრძალავ წესად ან ხსენებულ ინფორმაციაზე სასამართლოს კონტროლის განხორციელების გამომრიცხავ სამართლებრივ საფუძვლად. ამდენად, ხსენებული სადავო ნორმა არ განაპირობებს დაცვის მხარისათვის ან სასამართლოსთვის ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებელი პირის ვინაობის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ან/და დაცვის მხარისათვის გარკვეული მტკიცებულებების მოპოვების აკრძალვას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია შინაარსობრივად არ მიემართება სადავო ნორმას.
15. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ ხსენებულ საკითხებზე საპროკურორო ზედამხედველობის განუხორციელებლობა განაპირობებს გამამტყუნებელი განაჩენის არასანდო, საეჭვო მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოტანის შესაძლებლობას. თუმცა მოსარჩლეს არ წარმოუდგენია შესაბამისი არგუმენტაცია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს დაანახვებდა, რომ საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება პირის რაიმე კონსტიტუციური უფლების შემადგენელი ნაწილია და მისი გამორიცხვა იწვევს უფლების შეზღუდვას. დანაშაულის გამოძიებისა თუ სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპზე შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები სარგებლობენ სხვადასხვა უფლებამოსილებით. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა შინაარსობრივ მიმართებას საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებასა და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის კონსტიტუციურ მოთხოვნას შორის.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1276 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-7 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
17. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. ხსენებული სადავო ნორმის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებელი პირის ვინაობის გასაიდუმლოებით, ირღვევა შეჯიბრებითობის პრინციპი და პირისთვის შეუძლებელი ხდება დაცვის უფლების ჯეროვანი განხორციელება.
18. სადავო ნორმა განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სტანდარტს და არ შეეხება სისხლის სამართლის პროცესის მხარეებისათვის რაიმე სახის ინფორმაციაზე წვდომის უფლებას. იგი არ აწესრიგებს სისხლის სამართლის პროცესში გარკვეული ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობასთან, მხარეთათვის რაიმე საპროცესო მოქმედების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭებასთან ან ამგვარი უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებულ საკითხებს. რეგულაცია განსაზღვრავს მხოლოდ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა პირის ბრალეულობის დადასტურების აუცილებლობას და არა ამგვარი მტკიცებულებების მოპოვების წესს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული შეზღუდვა არ მომდინარეობს სადავო ნორმიდან.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1276 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
20. №1276 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1276 („გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1276 („გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით;
გ) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 11 პუნქტის და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-7 პუნქტებთან მიმართებით.
3. შეწყდეს საქმე კონსტიტუციურ სარჩელზე №1276 („გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ოქტომბრის კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-7 პუნქტებთან მიმართებით.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი