• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარდგინება

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური წარდგინება
ნომერი N1950
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - გიორგი კვერენჩხილაძე,
ავტორ(ებ)ი რუსთავის საქალაქო სასამართლო
თარიღი 2 მარტი 2026



თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

ა) წარდგინება შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ;

გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან 2025 წლის 16 აპრილის რედაქციის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი (….) ამ კოდექსის 260-ე ან 260-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მეოთხე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საერთო სასამართლოს წარდგინების საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს, რომელიც კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ და რომელიც მისი საფუძვლიანი ვარაუდით შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას.

დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;

ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა;

ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

საქმის არსი:

სისხლის სამართლის N012060126004 საქმეზე, 2026 წლის 29 იანვარს, გოჩა გერლიანს (პირადი ნომერი: 35001110810, დაბადების თარიღი: 06.06.1971) წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა გოჩა გერლიანმა, 2025 წლის 15 სექტემბერს, ქ.რუსთავში, მე-12 მ/რ, N37-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება - აბ-პინაკა (AB-PINACA) სინთეზური კანაბინოიდი, რაც დაუდასტურდა ამავე დღეს, ქ.რუსთავში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო- კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამსახურში ჩატარებული, ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის დასკვნით.

2025 წლის 16 სექტემბრის N46/12/3-201435 ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით, გ.გერლიანს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება AB-PINACA) სინთეზური კანაბინოიდის მოხმარების ფაქტი.

2026 წლის 12 იანვრის პრობაციის ბიუროს მომართვის თანახმად, გოჩა გერლიანის მიმართ, სააღსრულებო წარმოება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში არ მიმდინარეობს.

2026 წლის 9 იანვრის ქვემო ქართლის სააღსრულებო მომართვის თანახმად, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 31.05.2022 წელს გაცემული N1ბ/271-22 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად გოჩა გერლიანს (15001110010), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის 5000 ლარის გადახდა. დღეის მდგომარეობით, N1ბ/271-22 სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა გადახდილი არ არის და სააღსრულებო წარმოება მიმდინარეა.

ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო და დღეის მდგომარეობით დასრულებულია სხვა სააღსრულებო საქმეები.

გოჩა გერლიანის მიმართ სსკ-ს 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული სასამართლოს გადაწყვეტილებები:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ივნისის განაჩენით გოჩა გერლიანი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გოჩა გერლიანს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად, ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.

გოჩა გერლიანს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 41 მუხლის საფუძველზე, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად: 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. გოჩა გერლიანს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა მოცემულ საქმეში დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 6 ივნისიდან 2019 წლის 8 ივნისის ჩათვლით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის N1-967-19 განაჩენით გოჩა გერლიანი (დაბადებული 1971 წლის 6 ივნისს, პირადი ნომერი 35001110810, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.რუსთავი, მე-12 მ/რ, ბინა 37/82) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობითად.

მასვე,საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, გოჩა გერლიანს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით.

მასვე,საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გოჩა გერლიანს, თავისუფლების აღკვეთის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის წლის 01 ნოემბრიდან.

გოჩა გერლიანს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად: 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 01 ივნისის განჩინებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის N1-967-19 განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღმოიფხვრა უზუსტობა, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძვეზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 ივნისის N1-459-19 განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2020 წლის 17 თებერვლის N1-967-19 განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა 2019 წლის 08 ივნისის განაჩენით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელების მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ გოჩა გერლიანს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის N1-967-19 განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გოჩა გერლიანი გათავისუფლდა პირობით ვადამდე 16 დღით ადრე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით გოჩა გერლიანი გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ივნისის განაჩენით, სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელისაგან (როგორც პირობით მსჯავრის, ისე გამოსაცდელი ვადისაგან) და აღუდგა ამ მუხლით ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა.

გოჩა გერლიანი გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელებისაგან.

გოჩა გერლიანს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი (როგორც რეალური, ისე პირობით მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა) და აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განსაზღვული სასჯელი გაუნახევრდა და განესაზღვრა - 6 (ექვსი) თვე სპეციალურ პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს), 2 (ორი) წელი, 6 (ექვსი) თვე და 8 დღე თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი;

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით გოჩა გერლიანი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 თებერვლის განაჩენით, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული და ამავე სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განახევრებული პირობითი მსჯავრი გოჩა გერლიანის მიმართ - 2 (ორი) წლით, 6 (ექვსი) თვით და 8 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლით, 6 (ექვსი) თვით გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გოჩა გერლიანისთვის ბოლო განაჩენით დანიშნულს სასჯელს 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 თებერვლის განაჩენით, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული და ამავე სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განახევრებული მოუხდელი სასჯელის - 2 (ორი) წლით, 6 (ექვსი) თვით და 8 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გოჩა გერლიანს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვით ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, გოჩა გერლიანისთვის ბოლო განაჩენით დანიშნულს ძირითად სასჯელს დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 თებერვლის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ გოჩა გერლიანს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვით ვადით და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გოჩა გერლიანს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 28 ივლისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამარლოს 2022 წლის 9 მარტის №1ბ/271-22 განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბერის განაჩენი დარჩა უცვლელი.

ამდენად, ბრალდებულ გოჩა გერლიანის მიმართ სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნასამართლობა, რომელიც წარმოიშვა 2020 წლის 17 თებერვლის განაჩენის საფუძველზე, 2026 წლის 29 იანვრის ბრალდების შესახებ დადგენილებაში, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი, ასახულია დამატებითი სასჯელის 5000 ლარის ჯარიმის გათვალისწინებით, რაც ამ დრომდე გადაუხდელი აქვს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ გოჩა გერლიანის მიმართ ბოლო განაჩენი გამოტანილია მის მიერ სსკ-ს 126 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა გოჩა გერლიანის მიმართ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 5000 ლარი და სადავო ნორმის საფუძველზე წარედგინა ახალი ბრალდება სსკ-ს 273-ე მუხლით.

პირის მიმართ ნასამართლობის გაქარწყლების ვადაზე ქვემოთ გვექნება მსჯელობა, თუმცა აქვე უნდა მიეთითოს, რომ პირმა შესაძლოა მოიხადოს კიდეც ძირითადი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის (ან პირობითი მსჯავრის სახით) სახით და გავიდეს კიდეც მის მიმართ ნასამართლობის გაქარწყლების კანონით დადგენილი ვადა, თუმცა თუ პირს დაკისრებული აქვს ასევე დამატებითი სასჯელი ჯარიმის სახით, იგი ჯარიმის გადახდამდე ითვლება ნასამართლევად, რაც სადავო ნორმის მიზნებისთვის შესაძლებელია გაგრძელდეს ნასამართლობის გაქარწყლების მაქსიმალურ ვადის - 8 წელზე მეტი დროით. ამასთან მხედველობაშია მისაღები, რომ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე დამოკიდებული პირისთვის სასჯელის ღონისძიების დაკისრება ვერ ახდენს სათანადო პრევენციას განმეორებით მოხმარების თავიდან ასაცილებლად და ამ დროისთვის სამკურნალო დაწესებულებები ვერ უზრუნველყოფს მომხმარებელი პირების სრული მასშტაბის დაფარვას. შესაბამისად ჯარიმის გადაუხდელობის პირობებში, ყოველი შემდგომი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, იწვევს ხელახალ მსჯავრდებას და ეს პირები მუდმივად ექცევიან სამართლდამცავი ორგანოების ინტერესის ქვეშ.

2026 წლის 5 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე შუამდგომლობით მიმართა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლელა ჭეშმარიტაშვილმა და ითხოვა ბრალდებულ გოჩა გერლიანის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა. შუამდგომლობას და საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას დაეთანხმა ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი.

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეებს და მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ბოლო წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტს, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საქმის განხილვასთან დაკავშირებით კონსტიტუციური წარდგინებით უნდა მიემართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს წარდგინებაში მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის N1/1/428,447,459 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, განმარტებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.“აღნიშნული ჩანაწერი აერთიანებს სამართალში საყოველთაოდ აღიარებულ რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს, მათ შორის კანონიერების პრინციპს, კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპს და პრინციპს „არავითარი სასჯელი კანონის გარეშე“. აღნიშნული პრინციპები მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან და უზრუნველყოფენ ერთი მხრივ სამართლებრივი უსაფრთხოებისა და განსაზღვრულობის არსებობას/დაცვას, მეორე მხრივ კი სახელმწიფოს აცლიან თვითნებურად მოქმედების შესაძლებლობას, რამეთუ ბოჭავენ მას კანონების მიღებისა და მათი გამოყენების პროცესში, როდესაც საქმე პასუხისმგებლობით სამართალს ეხება. “უკუძალის აკრძალვით კონსტიტუცია იძლევა იმის გარანტიას, რომ სამართლის სუბიექტები დაცული იქნენ კანონთა მოქმედების შედეგად გამოწვეული უარყოფითი შედეგებისაგან. ვინაიდან ნებისმიერი კანონი საზოგადოების ცხოვრების უშუალო პროდუქტია. არ არის გამორიცხული, რომ ახალი კანონი, მის წინამორბედთან შედარებით, აუარესებდეს სუბიექტის მდგომარეობას“.

2025 წლის 16 აპრილის კანონით სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 273-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით ან/და 451 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ან ამ მუხლით ან ამ კოდექსის 260-ე ან 2601 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ.

2025 წლის 16 აპრილამდე მოქმედი რედაქციით, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დასჯად ქმედებად მიიჩნეოდა - პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

ამდენად, სადავო ნორმის (სსკ-ს 273-ე მუხლის ბოლო წინადადების დამატება) ახალი რედაქციის ჩამოყალიბებით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, დასჯადი გახდა თუ პირი:

1) სახდელდადებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით ან/და 45​1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის

2) ნასამართლევია 273-ე მუხლით

3) ან ნასამართლევია სსკ-ს 260-ე ან 260​1 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენისთვის.

ნორმის ამგვარი კონსტრუქციიდან გამომდინარე, სსკ-ის 273-ე მუხლის შემადგენლობა ამ შემთხვევაში ერთდროულად არის კუმულაციური და ალტერნატიული. ანუ იურიდიული შედეგის დადგომა დაკავშირებულია რამდენიმე პირობის ერთობლიობასთან . ამ პირობებიდან სსკ-ის 260-ე და 260-ე პრიმა მუხლებით ნასამართლობა უკავშირდება 2025 წლის 16 აპრილამდე პირის მიმართ 2020 წლის 17 თებერვალს გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, რომელი განაჩენის გამოტანის დროს ამ მუხლებით გათვალისწინებული ნასამართლობა არ ქმნიდა სსკ-ს 273-ე მუხლის შემადგენლობას. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ბოლო წინადადების ნორმატიული შინაარსი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე პრიმა მუხლებით ნასამართლობას უკავშირებს 273-ე მუხლით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაშიც, როდესაც ნასამართლობა არსებობდა შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლამდე.

აღნიშნული საკითხის გაანალიზებისთვის, მნიშვნელოვანია დანაშაულის კატეგორიისა და ნასამართლობის გაქარწყლების ვადებზე მითითება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, დანაშაული სიმძიმის მიხედვით იყოფა სამ ძირითად კატეგორიად:

ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე. კატეგორია განისაზღვრება კანონით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის მიხედვით. ეს კლასიფიკაცია მნიშვნელოვანია სასჯელის ზომის, ხანდაზმულობის ვადების და სხვა სამართლებრივი შედეგების განსასაზღვრად. კერძოდ,

ნაკლებად მძმე დანაშაული - დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთით არ აღემატება 5 წელს (ან ჯარიმა/საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა). მძიმე დანაშაული - დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა აღემატება 5 წელს, მაგრამ არ აღემატება 10 წელს. განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა აღემატება 10 წელს ან გათვალისწინებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე პრიმა მუხლებისთვის სასჯელის სახედ და ზომად დაწესებულია მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა და მუხლის ნაწილებისა და შესაბამისი ქვეპუნქტებისთვის გათვალისწინებული სასჯელები მიეკუთვნებიან მძიმე და განსაკუთრებით მძმე დანაშაულეთა კატეგორიას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის საფუძველზე, ნასამართლობის გაქარწყლების ვადები დამოკიდებულია ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეზე, დანიშნულ სასჯელზე და ვადის ათვლა სასჯელის მოხდის მომენტიდან იწყება.

ნასამართლობის გაქარწყლების ვადებია:

პირობითი მსჯავრი: ნასამართლობა გაქარწყლებულად ითვლება გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე. ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა: სასჯელის მოხდიდან 1 წლის შემდეგ. ნაკლებად მძიმე დანაშაული: სასჯელის მოხდიდან 3 წლის შემდეგ. მძიმე დანაშაული: სასჯელის მოხდიდან 6 წლის შემდეგ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაული: სასჯელის მოხდიდან 8 წლის შემდეგ.

სსკ-ს 273-ე მუხლის შემადგენლობა სადავო რედაქციამდეც მოიცავდა პირის ნასამართლობას როგორც დანაშაულის შემადგენლობას და 2025 წლის 16 აპრილამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით ნასამართლობა დაკავშირებული იყო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენასთან, რადგან სიტყვები “ან ამ მუხლით გათვალისიწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ “ - ითვალისწინებდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, ნასამართლობის გაქარწყლების მაქსიმალური ვადა - დანაშაულის კატეგორიისა და სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გათვალისწინებით, შეადგენ(და)ს - 3 წელს. 2025 წლის 16 აპრილიდან მოქმედი რედაქციის მიხედვით, ვინაიდან დანაშაულის შემადგენლობას ასევე ქმნის პირის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სსკ-ის 260-ე და 260-ე პრიმა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ამ დანაშაულთა კატეგორიისა და ნასამართლობის გაქარწყლების ვადების მიხედვით, 273-ე მუხლის ახალი რედაქცია ვრცელდება პირის მიერ წარსულში მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენის შემთხვევებზეც, ანუ 273-ე მუხლის ბოლო წინადადების ამოქმედებამდე 6 (ექვსი) და 8 (რვა) წლით ადრე წარმოშობილ ნასამართლობაზე.

შედეგად, გამკაცრებული სისხლისსამართლებრივი კანონი, რომლის საფუძველზეც გაიზარდა როგორც იმ პირთა წრე, ვის მიმართაც დაწესდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სსკ-ის 273-ე მუხლით, ასევე გაფართოვდა ამ ნორმის ახალი რედაქციის ფარგლები მის ამოქმედებამდე წარმოშობილ ნასამართლობაზე, შეიქმნა იმგვარი მოცემულობა, რომ ახალი ნორმა გავრცელდა იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც არსებობდა ნორმის ძალაში შესვლამდე და რამაც პირის მდგომარეობა გააუარესა. სასამართლოს შეფასებით, სადავო ცვლილებით 260-ე და 260-ე პრიმა მუხლებით ნასამართლობას მიენიჭა ახალი, დამატებითი სისხლისსამართლებრივი ეფექტი, გახდა 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის აუცილებელი ელემენტი. მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობა დგება ახალი ქმედებისთვის, აღნიშნული რეგულაცია წარმოადგენს პირის სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესებას წარსულში არსებულ სამართლებრივ ფაქტზე დაყრდნობით, რაც მატერიალურად არღვევს უკუძალის აკრძალვის პრინციპს.

გარდა აღნიშნულისა, პირს აქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მის მიმართ მიღებული საბოლოო განაჩენი გამოიწვევს მხოლოდ იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც კანონით განსაზღვრულია მისი გამოტანის მომენტში. თუ კანონმდებელი წლების შემდეგ ნასამართლობის სამართლებრივ მნიშვნელობას ანიჭებს ახალ, გამკაცრებულ სისხლისსამართლებრივ ფუნქციას, ირღვევა სამართლებრივი სტაბილურობისა და ნდობის დაცვის პრინციპი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 260-ე და 260-ე პრიმა მუხლებით ნასამართლობას ახასიათებს ხანგრძლივი მოქმედების პერიოდი. შედეგად, პირი მრავალი წლის განმავლობაში რჩება სისხლისსამართლებრივი რისკის ქვეშ იმ ფაქტის გამო, რომელიც უკვე შეფასებული იყო (მით უფრო, როდესაც პირს დაკისრებული ჰქონდა დამატებით სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა და ის გადაუხდელია სხვადასხვა მიზეზით. ამ მოცემულობით პირი შესაძლებელია ნასამართლევი იყოს 15 წელიც კი, მანამ სანამ არ გათავისუფლდება მისი გადახდისგან რომელიმე ნორმატიული აქტის საფუძველზე).

როგორც უკვე აღინიშნა, კანონის უკუძალის აკრძალვა, კანონიერების პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ეს პრინციპი განმტკიცებულია სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის ის პირველ ნაწილში, რომელიც ამბობს, რომ კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის ეს რეგულაცია, შეიძლება ითქვას, რომ იმეორებს საქართველოს კოსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესს, რაც არამხოლოდ განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის შესაბამისი კანონის არსებობის აუცილებლობას, არამედ ადგენს პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს. პასუხისმგებლობის დაწესებისას კანონმდებელი შებოჭილია განსაზღვრულობის პრინციპით. [...] ნორმის განსაზღვრულობის პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციაში მოცემული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან, იგი კავშირშია კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან და წარმოადგენს ამ უფლებით დაცული სფეროს ნაწილს. შესაბამისად, სადავო ნორმა კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი პასუხობს განსაზღვრულობის კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს. [...] განჭვრეტადი და არაორაზროვანი კანონმდებლობა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პირის დაცვას სამართალშემფარდებლის თვითნებობისგან, მეორე მხრივ კი, ადგენს გარანტიას, რომ პირმა მიიღოს მკაფიო შეტყობინება სახელმწიფოსგან, რათა მოახერხოს ნორმის სწორი აღქმა, განსაზღვროს, რომელი ქმედებაა კანონით აკრძალული და რომელ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განჭვრიტოს საკუთარ ქმედებაში აკრძალული ქმედების ნიშნები და წარმართოს საკუთარი ქცევა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად. [...] დანაშაულის დამდგენი სისხლის სამართლის კანონის განჭვრეტადობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, შესაძლებელი იყოს მისი თითოეული ელემენტის ნამდვილი შინაარსისა და ფარგლების დადგენა, რათა ადრესატმა სწორად აღიქვას კანონი და მისი მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს თავისი ქცევა, ამასთან, დაცული იყოს სამართალშემფარდებლის თვითნებობისაგან.“[საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე: ,,საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ3]

გადაწყვეტილებაში „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქმე შეეხებოდა სწორედ სსკ-ს მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების კონსტიტუციურობას. მოსარჩელეთა აზრით აღნიშნული სისხლის სამართლის ნორმა ავიწროებდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი უკუძალის აკრძალვის პრინციპის არეალს, რამეთუ განსხვავებით კონსტიტუციისგან (სადაც გამოყენებულია სიტყვა „პასუხისმგებლობა“), კოდექსის ნორმა კრძალავდა მხოლოდ ქმედების დანაშაულებრიობისა და სასჯელის დამწესებელი ნორმების რეტროაქტიულდ გამოყენებას და ამით გამორიცხავდა დაცული სფეროდან პირობითი მსჯავრისა და ხანდაზმულობის საკითხებს. საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. თუმცა მნიშვნელოვანია სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, საიდანაც იკვეთება, რომ სასამართლომ დაინახა სადავო ნორმის კონსტიტუციის შესაბამისად განმარტების რესურსი და ხაზი გაუსვა იმას, რომ სამართალშემფარდებელს (საერთო სასამართლოებს) სწორედ ამ განმარტების გზით უნდა ესარგებლა. აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ 2009 წლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა. სასამართლომ განავითარა ე.წ. ნორმის მისი ნორმატიული შინაარსით შეფასების პრაქტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში სასამართლომ შეიძლება არაკონსტიტუციურად ცნოს არა მთლიანად ნორმა, არამედ მისი მხოლოდ ერთი განმარტების გზა (მისი ცალკეული შინაარსი), რომელიც არაკონსტიტუციურად მიაჩნია.

სასამართლოს შეფასებით, კანონის უკუძალის აკრძალვა, როდესაც ის აწესებს ან ამკაცრებს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას, კლასიკური გაგებით დაკავშირებულია ქმედების ჩადენის დროსთან, თუმცა ვინაიდან სადავო ნორმის დისპოზიცია ქმედების ჩადენასთან ერთად დანაშაულად აცხადებს და უკავშირებს პირის სუბიექტურ ნიშანს - მის ნასამართლობას, მიგვაჩნია, რომ ახალი ნორმა მისი ამოქმედებიდან თანაბრად უნდა გავრცელდეს დანაშაულის ყველა ელემენტზე და არა მხოლოდ მის რომელიმე ნაწილზე. შესაბამისად სადავო ნორმა საჭიროებს არა მის კონსტიტუციის შესაბამის განმარტებას, არამედ მის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენას და ნორმატიული შინაარსის განსაზღვრას.




„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: „თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ“. ასევე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ“.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მიემართოს კონსტიტუციური წარდგინებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ბოლო წინადადების - „ან ამ კოდექსის 260-ე ან 260-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ“ - იმ ნორმატიული შინაარსის საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის მე-9 პუნქტთან, შესაბამისობის დადგენის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სსკ-ს 273-ე მუხლით 2025 წლის 16 აპრილამდე პირის მიმართ სსკ-ს 260-ე და 260-ე პრიმა მუხლებით გათვალისწინებული ნასამართლობის გამო.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ