მოქალაქე ოლეგ სვინტრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/5/286 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 3 მაისი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე - სხდომის თავმჯდომარე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი - მომხსენებელი მოსამართლე;
4. ზაურ ჯინჯოლავა - წევრი.
სხდომის მდივანი: - ელენე ლაღიძე
საქმის დასახელება: მოქალაქე ოლეგ სვინტრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი 1. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდეგი სიტყვები: “...გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების...“, „ა“ ქვეპუნქტის შემდეგი სიტყვები “რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ...გამოყენების შეცვლის ან გაუქმების... აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიებში.“; „ბ“ ქვეპუნქტების შემდეგი სიტყვები: “...სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ... გამოყენების შეცვლის ან გაუქმების...“; მესამე ნაწილის შემდეგი სიტყვები: „საგამოძიებო კოლეგიის...“; მეოთხე ნაწილის შემდეგი სიტყვები: “საგამოძიებო კოლეგიის“; 422-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდეგი სიტყვა: „...შეცვლის...“და 428-ე მუხლის მესამე ნაწილის შემდეგი სიტყვები: “426-ე და 427-ე მუხლის საფუძველზე...“ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან მიმართვებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენელი ლევან ალაფიშვილი.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საქმე წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2004 წლის 15 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N286) მომართა მოქალაქე ოლეგ სვინტრაძემ და ,მოითხოვა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდეგი სიტყვების “...გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების...“, „ა“ ქვეპუნქტის შემდეგი სიტყვების: “რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ... გამოყენების შეცვლის ან გაუქმების...აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიებში.“. „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგი სიტყვების: “...სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ... გამოყენების შეცვლის ან გაუქმების...“; მესამე ნაწილის შემდეგი სიტყვების: „საგამოძიებო კოლეგიის ...“; მეოთხე ნაწილის შემდეგი სიტყვების „საგამოძიებო კოლეგიის“ საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დადასტურება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან მიმართებით, ხოლო 2004 წლის 19 აპრილს მოსარჩელემ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით სარჩელში მოითხოვა აგრეთვე 422-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდეგი სიტყვის „...შეცვლის...“ და 428-ე მუხლის მესამე ნაწილის შემდეგი სიტყვების: “426-ე და 427-ე მუხლის საფუძველზე...“ კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან მიმართებაში.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, აგრეთვე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნები და არ არსებობს იმავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.
ამასთან კოლეგია თვლის, რომ არ არსებობს საფუძველი საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო აქტით მოქმედების შეჩერებისათვის, ვინაიდან საქმის არსებითი განხილვის გარეშე, ესე იგი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხის გარკვევამდე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას წინასწარ განსაზღვროს გამოიწვევს თუ არა სადავო აქტის მოქმედება ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგს.
იხელმძღვანელა რა საქართველოს საკონსტიტუციის 42-ე და 89-ე მუხლებით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით,
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია
ა დ გ ე ნ ს :
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალქე ოლეგ სვინტრაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 243-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მესამე და მეოთხე ნაწილების, 422-ე მუხლის პირველი ნაწილის და 428-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისი ნაწილების კონსტიტუციურობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან მიმართებით;
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შუამდგომლობა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების გასაჩივრებული ნაწილების მოქმედების შეჩერების თაობაზე;
3. საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია, რაზედაც დამატებით ეცნობებათ მხარეებს;
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას და გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. ოთარ სიჭინავა
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
3. ლამარა ჩორგოლაშვილი
4. ზაურ ჯინჯოლავა