მოქალაქე ოლეგ სვინტრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/3/286 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, |
თარიღი | 17 მარტი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ოთარ ბენიძე – წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: - ელენე ლაღიძე
საქმის დასახელება: მოქალაქე ოლეგ სვინტრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდეგი სიტყვები: „...გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების...“; „ა“ ქვეპუნქტის შემდეგი სიტყვები: „რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ...გამოყენების შეცვლის ან გაუქმების... აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიებში.“; „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგი სიტყვები: „...სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის... გამოყენების შეცვლის ან გაუქმების...“; მე-3 ნაწილის შემდეგი სიტყვები: „საგამოძიებო კოლეგიის...“ ; მე-4 ნაწილის შემდეგი სიტყვები: „საგამოძიებო კოლეგიის“; მე-11 ნაწილი. 2. 422-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდეგი სიტყვა: „...შეცვლის...“ და 428-ე მუხლის მესამე ნაწილის შემდეგი სიტყვები: „426-ე და 427-ე მუხლის საფუძველზე...“ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენელები - ლევან ალაფიშვილი და გიორგი ხარაბაძე. მოპასუხე - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები: ბათარ ჩანქსელიანი, მარინე რობაქიძე და იოსებ ლომაშვილი.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საქმე წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2004 წლის 15 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №286) მომართა მოქალაქე ოლეგ სვინტრაძემ და მოითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდეგი სიტყვების: „...გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების...“; „ა“ ქვეპუნქტის შემდეგი სიტყვების: „რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ...გამოყენების შეცვლის ან გაუქმების... აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიებში.“; „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგი სიტყვების: “...სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის... გამოყენების შეცვლის ან გაუქმების...“; მესამე ნაწილის შემდეგი სიტყვების: „საგამოძიებო კოლეგიის...“; მეოთხე ნაწილის შემდეგი სიტყვები „საგამოძიებო კოლეგიის საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან მიმართებით. სარჩელში მოსარჩელე აგრეთვე მოითხოვს, 422-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდეგი სიტყვის: „...შეცვლის...“ და 428-ე მუხლის მესამე ნაწილის შემდეგი სიტყვების: „426-ე და 427-ე მუხლის საფუძველზე...“ კონსტიტუციურობის დადგენას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან მიმართებაში.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, აგრეთვე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 234-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებია გამოძიების მწარმოებელი პირის ან ორგანოს, აგრეთვე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება, მხოლოდ ამავე კოდექსით დადგენილი წესითა და შემთხვევებში, ხოლო ამავე კოდექსის 243-ე მუხლი ადგენს სასამართლოს (მოსამართლის) მხოლოდ იმ ბრძანების (დადგენილების) ერთჯერად გასაჩივრებას, რომელიც შეეხება მხოლოდ „აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, შეცვლას ან გაუქმებას“. მუხლი არ მიიჩნევს დასაშვებად აღკვეთის ღონისძიების (პატიმრობის) ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ანუ პატიმრობის ვადის გაგრძელების საკითხს იხილავს მხოლოდ ერთი ინსტანციის სასამართლო და ბრალდებულს არა აქვს უფლება გაასაჩივროს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რითაც მოსარჩელის აზრით, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სასამართლოსათვის მიმართვის უფლება „ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს პრინციპი და ამავე კონვენციის №7 ოქმის მეორე მუხლი, რომელიც გულისხმობს მინიმუმ ორი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვას.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სხვა შემთხვევებში ითვალისწინებს საქმის განხილვას ორი ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის, თვით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების საკითხის განხილვისას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო ითვალისწინებს ტერმინებს „რთული“, „მომეტებულად რთული“, „განსაკუთრებულ შემთხვევაში და გამონაკლისის სახით“, რაც სუბიექტური ტერმინებია და არ არის გამორიცხული შეცდომა .
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პატიმრობის ვადის გაგრძელების საკითხი უნდა იქნეს განხილული ორი ინსტანციის სასამართლოში. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებული დაცვის უფლება გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ ჰყავდეს ადვოკატი, არამედ იმასაც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მესამე ნაწილში ნებადართული ყველა საშუალებით დაიცვას თავი.
მოსარჩელის აზრით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს იმსჯელოს მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე, ანუ, თუ ბრალდებულს ან დამცველს განმწესრიგებელ სხდომაზე დაყენებული აქვს მოთხოვნა, აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, სასამართლო არ არის ვალდებული განიხილოს ეს შუამდგომლობა, რაც, მისი აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტებით გარანტირებულ უფლებებს. სადავო ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო არათუ არსებითად არ განიხილავს დაცვის მხარის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, არამედ მხარეს ერთმევა შესაძლებლობა ამ მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.
სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 428-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, გასაჩივრებას ექვემდებარება სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის მხოლოდ ის განჩინება (დადგენილება), რომელიც შეეხება ამავე კოდექსის 426-ე (საქმის დაბრუნება დამატებითი გამოძიებისათვის) და 427-ე (სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა) მუხლებს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის აზრით, მხარეს არა აქვს უფლება გაასაჩივროს სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის ის განჩინება (დადგენილება), რომელიც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების საკითხს, რაც, მისი აზრით, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტებით გარანტირებულ უფლებებთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების სადავო ნაწილები.
საქმის განხილვის სტადიაზე მოსარჩელემ ისარგებლა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მეორე პუნქტით მისთვის მინიჭებული უფლებით და გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა და გარემოებების საფუძველზე, ასევე მოითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-11 ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან შეუსაბამობის გამო.
საქმის არსებითად განხილვის დროს მოპასუხე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა, თავის შესაგებელში აღნიშნეს, რომ გასაჩივრებულ ნორმებს არანაირი შემხებლობა არა აქვთ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან, ვინაიდან სასამართლოსადმი მიმართვის უფლებისა და დაცვის უფლების გარანტირებულობის კონსტიტუციური პრინციპების გაიგივება პროცესუალური დოკუმენტების გასაჩივრების უფლებასთან უმართებულოდ მიაჩნიათ.
მოპასუხე თვლის, რომ აღკვეთის ღონისძიება სამაგიეროს მიზღვის, დასჯის რაიმე ღონისძიება კი არ არის, არამედ სწორედ ბრალდებულის შესაძლო დამაბრკოლებელი, ხელისშემშლელი მოქმედებისა თუ უმოქმედობის აღკვეთის და/ან თავიდან აცილების იძულებითი ხასიათის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ზომაა.
მოპასუხე მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოკვლევისა და გამოძიების სწრაფად, ობიექტურად და კანონიერად წარმართვას, ვინაიდან სწორედ ამ კრიტერიუმებზეა დამოკიდებული ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა თუ განსასჯელის კანონიერ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. იგი თვლის, რომ აღკვეთის ღონისძიების ზემოაღნიშნული მიზნების ჩამონათვალი კანონით ამომწურავია და მათი განვრცობა არ დაიშვება. აქედან გამომდინარე, აღკვეთის ღონისძიება, ამ შემთხვევაში - პატიმრობა – საშუალებაა რომელიმე საპროცესო მიზნის შესასრულებლად თუ უზრუნველსაყოფად.
მოპასუხე თვლის, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება - შერჩევის პროცესში, ერთი მხრივ, სისხლის სამართლებრივი იუსტიციის, დანაშაულთან ბრძოლის ინტერესები, ხოლო მეორე მხრივ, პირადი კანონიერი ინტერესები უპირისპირდება ერთმანეთს.
„სამართლიანი სასამართლოს უფლება“, რომელიც ყველა პირის ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს, განსაკუთრებული დაცვის რანგშია აყვანილი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სისხლის სამართლის საქმის სამ ინსტანციაში განხილვის პროცედურა. თუმცა როგორც ევროპული კონვენცია, ისე შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, კანონის შესაბამისად გარკვეული სახის შეზღუდვებს ადგენენ.
მოპასუხე მიუთითებს, რომ შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით და იგი უნდა იყოს კანონიერი მიზნის მიღწევის პროპორციული. მოპასუხე თვლის, რომ მოსარჩელე ვერანაირად ვერ ასაბუთებს, რომ პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების არარსებობა ნებისმიერი ფორმით, არღვევს სასამართლოსადმი მიმართვის, სამართლიანი მოსმენისა თუ დაცვის გარანტირებულობის კონსტიტუციურ უფლებებს, ვინაიდან, მისი აზრით, კანონმდებელმა სწორედ იმიტომ არ დაუშვა ვადის გაგრძელების თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება, რომ იგი დაუპირისპირდებოდა სისხლის სამართლის პროცესის პირდაპირ და უშუალო ამოცანას – ჩადენილი დანაშაულის სწრაფ და დროულ გახსნას და შეაფერხებდა საქმის განხილვის პროცესს. ამასთანავე, ხელჰყოფდა ბრალდების, დაცვის მხარისა და პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტთა კანონიერ უფლებებსა და თავისუფლებებს.
მოპასუხის აზრით, ვინაიდან ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობას ადგენს და ხელს აწერს გამომძიებელი, ხოლო ეთანხმება და სასამართლოში წარადგენს პროკურორი, შესაბამისად, ეს საკითხი გამოძიების პრობლემაა და სწორედ ზემოაღნიშნული საკითხის განხილვით უნდა შემოიფარგლოს ბრძანების გამცემი მოსამართლე. ბრალდებული არის და უნდა იყოს კიდეც შეზღუდული გარკვეულ უფლებებში მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების სტადიაზე.
მოპასუხეს მიაჩნია, რომ არც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი და არც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი არ ითვალისწინებს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულ საკითხს – საპროცესო აქტის (აღკვეთის ღონისძიების ვადის გაგრძელების თაობაზე) ორ ინსტანციაში გასაჩივრების უფლებას.
ამდენად, მოპასუხე თვლის, რომ ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა თუ განსასჯელს წინასწარი გამოძიების ეტაპზე სრულად აქვთ გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლებები. შესაბამისად, წინასწარი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შერჩევა-შეფარდების თუ მისი ცვლილების, აგრეთვე ვადის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტისას გამოტანილი სასამართლო ბრძანების გაუსაჩივრებლობა არანაირ შემხებლობაში არ არის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტებით აღიარებულ უფლებებთან. ეს საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცულ უფლებებში უფრო მოიაზრება, რომელთან მიმართებითაც საერთოდ არ მსჯელობს მოსარჩელე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე თვლის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-3, მე-4 და მე-11 ნაწილების, 422-ე მუხლის პირველი ნაწილის და 428-ე მუხლის მესამე ნაწილის სადავო წინადადებები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებს და მოითხოვს არ იქნეს დაკმაყოფილებული კონსტიტუციური სარჩელი.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, საქმის არსებითად განხილვის შედეგად, კონსტიტუციური სარჩელის, თანდართული მასალებისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეთა გამოსვლების გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი:
1. კონსტიტუციური სარჩელი სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებს, მე-3, მე-4 და მე-11 ნაწილებს, ასევე, ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის და 428-ე მუხლის მესამე ნაწილის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას.
243-ე მუხლი შეეხება წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრების წესს, ხოლო 422-ე და 428-ე მუხლები მოთავსებულია სამართალში მიცემის თავში და პროცესის ამ სტადიაზე ასევე, აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ შუამდგომლობის აღძვრის უფლებას და გასაჩივრებას შეეხება.
მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი, მესამე და მეოთხე ნაწილებით დაშვებულია მოსამართლის მხოლოდ იმ ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება, რომელიც წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, შეცვლას ან გაუქმებას შეეხება და არ ითვალისწინებს პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ გასაჩივრების შესაძლებლობას, განხილვა მხოლოდ ერთი ინსტანციის სასამართლოში მთავრდება, რითაც უხეშად ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით აღიარებული მისი უფლებები, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და რომლის თანახმად დაცვის უფლება გარანტირებულია.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აღნიშნული ნაწილები არ შეიცავს რაიმე ამკრძალავ ნორმას; თავისთავად კანონმდებლის მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრების ზოგადი წესისა და ინსტანციების განსაზღვრა არ შეიცავს კონსტიტუციის შეუსაბამო რაიმე დებულებას. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სადავო ნაწილების რედაქციის ვარიანტი ახალი ნორმის შექმნის მცდელობას უფრო წარმოადგენს, რაც საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივაა და სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთება ფაქტობრივად მთლიანად იმავე 243-ე მუხლის მე-11 ნაწილს შეეხება, რომელიც აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხს – პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანების გასაჩივრებას კრძალავს.
2. საკონსტიტუციო სასამართლო ეთანხმება კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-11 ნაწილის თაობაზე, რომლის თანახმად, „პატიმრობის ან შინაპატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანების კანონიერება და დასაბუთებულობა არ გასაჩივრდება“ და თვლის, რომ: აღნიშნული ნორმა ამკრძალავ ხასიათს ატარებს და სრულ გაუგებრობად აღიქმება მოსამართლის ბრძანების კანონიერების და თუნდაც დასაბუთებულობის შემდგომი შემოწმების შესაძლებლობის აკრძალვა, რაც წინააღმდეგობაშია კანონიერების ზოგად პრინციპებთან, იგი ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლში ჩამოთვლილ ბრალდებულის უფლებებსაც – სასამართლოში მოითხოვოს მის მიმართ გამოყენებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ყველა ღონისძიების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმება, გაასაჩივროს განაჩენი და სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებანი; აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს, რომლის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის საფუძველი მხოლოდ უფლებამოსილი სასამართლოს მიერ კანონიერი დაპატიმრება შეიძლება გახდეს და ჩამოთვლილია კანონიერი დაპატიმრების შემთხვევები. აქედან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ პირისათვის პატიმრობაში შემდგომი ყოფნის კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმების უფლებაზე უარის თქმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით აღიარებული თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ უფლებებსაც, რადგან ადამიანს არ შეიძლება წაერთვას თავისუფლება და უკანონოდ აღმოჩნდეს პატიმრობაში. დაპატიმრების კანონიერების გარანტიას წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძვლიანობის სასამართლო შემოწმების მოთხოვნის უფლება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ თავისუფლების ნებისმიერ შეზღუდვას, მათ შორის კანონიერი საფუძვლების არსებობის დროსაც, უნდა დაუპირისპირდეს ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
3. მოპასუხის მოსაზრებით, გასაჩივრებულ ნორმებს არანაირი შემხებლობა არა აქვს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან. იგი მიიჩნევს, რომ სასამართლოსადმი მიმართვისა და დაცვის უფლების კონსტიტუციური პრინციპების პროცესუალური დოკუმენტების გასაჩივრების უფლებასთან გაიგივება უმართებულოა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხის ამ მოსაზრებას და მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, მართალია, ზოგადად მიუთითებს ყოველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სასამართლო დაცვის უფლებაზე, სასამართლო დაცვის უფლების რეალიზაცია სწორედ იმ პროცესუალური საშუალებების ერთობლიობით ხორციელდება, რომლებიც სამართლიან მართლმსაჯულებას და მოქალაქეთა დარღვეული უფლებების აღდგენას უზრუნველყოფენ. ამდენად, მოპასუხის მიერ პროცესუალური დოკუმენტების გასაჩივრების უფლების ამგვარი უგულვებელყოფა სასამართლოს არ მიაჩნია მისაღებად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი მოიცავს არა მარტო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას, არამედ ზემდგომ ინსტანციებში საჩივრის შეტანის უფლებასაც. აღნიშნული მöუხლი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გარანტიას წარმოადგენს.
4. მოსარჩელე მიუთითებს, რომ პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების აკრძალვა კონსტიტუციის 42-ე მუხლის გარდა, ეწინააღმდეგება „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ 1950 წლის 4 ნოემბრის ევროპული კონვენციის (რომელიც საქართველოსათვის ძალაშია 1999 წლის 20 მაისიდან) მე-6 მუხლს, რომელიც ითვალისწინებს უფლებას მიუკერძოებელ, სამართლიან სასამართლო განხილვაზე.
კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს არა მარტო სასამართლო განხილვასთან დაკავშირებულ საპროცესო გარანტიებს, არამედ განხილვის დასაწყებად პირისათვის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს პირის უფლებას, მიმართოს სასამართლოს სამართალწარმოების დაწყების მიზნით. იგი მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონით შექმნილ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოზე უფლების ერთ-ერთი ასპექტია (გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ 1975 წლის 21 თებერვალი).
ამასთან ერთად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე უფლება აბსულუტური არ არის და საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან რეგლამენტაციას, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის, მიხედვით საზოგადოებისა და პირის მოთხოვნილებებისა და რესურსების მიხედვით. საქმეზე აშინგდეინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (1985 წლის მაისი), ევროპულმა სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ შეფარდებული შეზღუდვები არ უნდა ამცირებდეს პირისათვის ნებადართულ ხელმისაწვდომობას იმ ზღვრამდე, რომ თავად უფლების არსი შეილახოს. სასამართლომ დაადგინა, რომ შეზღუდვები შეესაბამება მე-6 მუöხლს იმ შემთხვევაში, თუ: ა) ემსახურება კანონიერ მიზანს, ბ) დაცულია გონივრული თანაბარზომიერება დაწესებულ შეზღუდვასა და დასახულ მიზანს შორის. სხვა საქმეში ევროპულმა სასამართლომ ისიც მიუთითა, რომ სახელმწიფოს ეკრძალება, შეზღუდოს ან გააუქმოს სასამართლო კონტროლი გარკვეულ სფეროში ან გარკვეულ პირთა მიმართ (დე ჟუფრ დე ლა პრადელი საფრანგეთის წინააღმდეგ, 1992 წლის 16 დეკემბერი).
მოპასუხემ, ერთი მხრივ, მართებულად მიუთითა, რომ შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით და უნდა იყოს კანონიერი მიზნის მიღწევის პროპორციული, მაგრამ პატიმრობის ვადის გაგრძელების გასაჩივრების უფლებაზე უარის თქმა იმით დაასაბუთა, რომ იგი ხელს შეუშლის სისხლის სამართლის პროცესის პირდაპირ ამოცანას - დანაშაულის სწრაფ და დროულ გახსნას, შეაფერხებს საქმის განხილვის პროცესს. მოპასუხეს მიაჩნია, რომ ბრალდებული არის და უნდა იყოს კიდეც შეზღუდული გარკვეულ უფლებებში, რასაც ვერ გაიზიარებს საკონსტიტუციო სასამართლო.
სასამართლო კოლეგია თვლის, რომ გასაჩივრების უფლებამ მართლაც შეიძლება რამდენადმე შეაფერòხოს საქმის განხილვა, მაგრამ არ მიიჩნევს, რომ ამით ყოველთვის დაცული აღმოჩნდება კონსტიტუციურ უფლებასა და ამ უფლების შეზღუდვას შორის გონივრული თანაბარზომიერება, რომლის შესახებ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ევროპულმა სასამართლომ მიუთითა და საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებამაც დაადასტურა. ამასთან, სასამართლო კოლეგია გამოძიებისა და მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპების ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასთან შეხამებას საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივად მიიჩნევს, რომელმაც უნდა დაადგინოს გასაჩივრების წესი და განხილვის გონივრული ვადები.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის სადავო მუხლების კონტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებითაც მოითხოვს, რომელიც გარანტირებულ დაცვის უფლებას შეეხება. მოსარჩელის აზრით, ვინაიდან გასაჩივრების უფლების აკრძალვის გამო ვერ განახორციელა ზემდგომ სასამართლოში თავისი უფლებების დაცვა, ამით შეიზღუდა ერთ-ერთ ინსტანციაში მისი დაცვის უფლების განხორციელების შესაძლებლობა. სასამართლოს აზრით, საკითხის ასე დაყენება კონტიტუციასთან მხოლოდ არაპირდაპირ მიმართებას გამოხატავს;
6. საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია გვერდს ვერ აუვლის იმ გარემოებასაც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-11 ნაწილით პატიმრობის ან შინაპატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების აკრძალვა ბრალდების მხარის საწინააღმდეგოდაც მოქმედებს. სასამართლოს მიერ ვადის გაგრძელების შუამდგომლობის სათანადო საფუძვლის გარეშე დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მასაც ერთმევა გასაჩივრების უფლება, რასაც სრულიად დასაშვებია, სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების ინტერესების არსებითი ზიანი მოჰყვეს;
7. მოპასუხე არ ეთანხმება კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნას იმ მოსაზრებითაც, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი და არც ევროპული კონვენციის მე-5 მöუხლი ითვალისწინებს საპროცესო აქტის (აღკვეთის ღონისძიების ვადის გაგრძელების თაობაზე) აუცილებლად ორ ინსტანციაში გასაჩივრების უფლებას. სასამართლო კოლეგიის აზრით, აღნიშნულ აქტებში მართლაც არ არის და არც შეიძლება იყოს ყოველი კონკრეტული უფლების ჩამონათვალი, მაგრამ კონსტიტუციური პრინციპი, რომ თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და სასამართლოზე წარდგენის უფლება, ასევე ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით აღიარებული უფლება დაპატიმრებული პირის საქმის სასამართლოს მიერ გონივრულ ვადაში განხილვისა და სასამართლოზე მიმართვის უფლება მთლიანად მოიცავს პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების და მაშასადამე, ზემდგომი სასამართლო ინსტანციისათვის მიმართვის უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-11 ნაწილი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუöხლს და იგი კონსტიტუციის შეუსაბამოდ უნდა იქნეს ცნობილი.
საგულისხმოა, რომ მრავალი ევროპული ქვეყნის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს პატიმრობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებას (საფრანგეთი, რუსეთი, მოლდოვა, სომხეთი და სხვა).
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლი მხოლოდ წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანების გასაჩივრებას შეეხება, ხოლო პატიმრობის ვადებს, მათ შორის მისი გაგრძელების პირობებს, აწესრიგებს კოდექსის 162-ე მუხლი, რის გამოც სასამართლო გასაჩივრების საკითხის ამ მუხლით გადაწყვეტას პრაქტიკულად უფრო მიზანშეწონილად მიიჩნევს;
9. როგორც აღვნიშნეთ, მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი პუნქტის იმ დებულებას, რომლის თანახმად, სამართალში მიცემის სტადიაზე დაშვებულია აღკვეთის ღონისძიების მხოლოდ შეცვლის შესახებ შუამდგომლობის დაყენება.
მოსარჩელის აზრით, სასამართლო არა თუ არ განიხილავს დაცვის მხარის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, არამედ ეკრძალება ამ შუამდგომლობით მიმართვის შესაძლებლობა, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია არც მიიღოს ეს შუამდგომლობა.
სასამართლო კოლეგიას შუამდგომლობის აღძვრის უფლების ასეთი შეზღუდვა არ მიაჩნია დამაჯერებლად. მართლია, მუხლში აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მითითება თავისთავად კონსტიტუციის შეუსაბამოდ არანაირად არ ჩაითვლება, მაგრამ კანონში მხოლოდ მისი გათვალისწინებით, განხილვის მიღმა რჩება აღკვეთის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნა და მხარეს ესპობა შესაძლებლობა დააყენოს შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების არა მარტო შეცვლის, არამედ გაუქმების შესახებაც, რითაც ილახება სისხლის სამართლებრივი სამართალწარმოების მონაწილეთა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, მათ შორის, განმწესრიგებელ სხდომაზე საქმის განმხილველ სასამართლოსაც.
საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, თვითონ გაუკეთოს რედაქცია და ახალი ნორმა შეიტანოს სადავო მუხლში, რის გამოც თხოვნით მიმართავს საკანონმდებლო ორგანოს სათანადო შესწორების შეტანის შესახებ, იმ მიმართებით, რომ სამართალში მიცემის სტადიაზე მხარეს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ შუამდგომლობის აღძვრის უფლებაც მიეცეს.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 428-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, 426-ე და 427-ე მუხლებზე მითითების ამოღების შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ სამართალში მიცემის სტადიის სპეციფიკის გათვალისწინებით, როდესაც წინასწარი გამოძიება უკვე დასრულებულია, 426-ე მუხლი შეეხება საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებას, ხოლო 427-ე მუხლი – სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, ესე იგი, ორივე შემთხვევაში, ამ ეტაპზე სასამართლოში საქმის განხილვა მთავრდება, რითაც განპირობებულია ამ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის მეორე ნაწილმა აკრძალა განმწესრიგებელი სხდომის ყველა სხვა შუამდგომლობაზე უარის თქმის გასაჩივრება, მაგრამ იქვე მიუთითა, რომ იგი კვლავ შეიძლება იქნეს განცხადებული სასამართლო სხდომაზე. მოსარჩელეს 422-ე მუხლის ეს ნაწილი სადავოდ არ გაუხდია.
აქედან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიის აზრით, მართალია, სამართალში მიცემის სტადიაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარის თქმა არ გასაჩივრდება, მაგრამ მოთხოვნა კვლავ შეიძლება იქნეს დაყენებული სასამართლო სხდომაზე, რომელიც განმწესრიგებელი სხდომის მომდევნო სტადიას წარმოადგენს.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით და მეორე პუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ ა” ქვეპუნქტითა და მეორე პუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს მოქალაქე ოლეგ სვინტრაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-11 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
2. არ დაკმაყოფილდეს მოქალაქე ოლეგ სვინტრაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-3 და მე-4 ნაწილების, 428-ე მუხლის შესაბამისი ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან მიმართებით;
3. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, იმსჯელოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველ ნაწილში შესწორების შეტანის თაობაზე ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-9 პუნქტის დებულებათა შესაბამისად;
4. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა, გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
6. გადაწყვეტილება გაეგზავნოს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
7. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 7 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
ოთარ ბენიძე,
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი,
ლამარა ჩორგოლაშვილი.