გრიგოლ სანდუხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N729 |
ავტორ(ებ)ი | გრიგოლ სანდუხაძე |
თარიღი | 29 თებერვალი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
გთხოვთ, დაასაბუთოთ, რომ არ არსებობს თქვენი სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები. „საკონსტიტუციო სამართალწარმოებისხ შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად კონსტიტუციური სარჩელი ა) ფორმით ან შინაარსით შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) შეტანილი არის უფლებამოსილი პირის; გ) მასში მითითებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი არაა გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ე) მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით; ვ) არასაპატიო მიზეზით არაა დარღვეული მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა; ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის. მოგმართავთ საქართველოს პროკურატურის ყოფილი მუშაკი, ამჟამად ასაკით პენსიონერი, საქმე შემდეგშია: დავიბადე 1935 წელს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1954 წლის 10 ოქტომბრიდან, 1957 წლის 15 აგვისტომდე გაწვეული ვიყავი სავალდებულო სამხედრო სამსახურში, საბჭოთა არმიის რიგებში და ვმსახუროდი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. არმიიდან დემობილიზაციის შემდეგ, 1960–66 წლებში ვსწავლობდი დონის–როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ, 1967 წლის 16 იანვრიდან დავინიშნე საქართველოს პროკურატურაში იმდროინდელი წულუკიძის რ–ნში (ამჟამად ხონი) ჯერ სტაჟიორ–გამომძიებლად, ხოლო შემდეგ თანაშემწედ და ამის შემდეგ სხვადასხვა ადგილებზე მომიწია მუშაობამ პროკურატურის სისტემაში. 1985 წლის 10 ივლისს პირადი განცხადებით განვთავისუფლდი სამუშაოდან და გავაგრძელე მუშაობა სამოქალაქო ხაზით. ამდენად, მე პროკურატურის სისტემაში ნამსახურები მაქვს 18 წელი, 05 თვე და 24 დღე. იმის გამო, რომ მე პროკურატურაში ნამსახურობის 20–წლიანი სტაჟი არ მქონდა, ვერ ვიპოებდი კომპენსაციას, როგორც პროკურატურის ყოფილი მუშაკი და მხოლოდ ასაკის პენსია მაქვს დანიშნული. 2014 წლის 19 მარტს, საქართველოს კანონში: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახლმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ მე–9 მუხლში, ასევე „კანონში პროკურატურის შესახებ“ 34–ე მუხლში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლითაც პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას პროკურატურის მუშაკს მუშაობის 20 წლის სტაჟში გარდა პროკურატურაში ნამსახურობისა (არანაკლებ 4 წლისა) ჩაეთვლებოდა ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ნამსახურები წლები. ასეთი ცვლილებით მე გამიჩნდა შანსი, რომ პროკურატურის სისტემაში ჩემს ნამუშევარ წლებს (18 წელი, 5 თვე და 24 დღე) დაემატებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გავლილი 2 წელი და 10 თვე და დამენიშნებოდა კომპენსაცია. ამას გარდა, ქვეყანაში არსებობს კანონი: „სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ძალოვან სტრუქტურებში (მათ შორის პროკურატურის სისტემაში) მუშაობის სტაჟთან ერთად, სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდის ჩათვლისაც (იხ. აღნიშნული კანონის მე–16 მუხლი) და ჩემს მიერ მოკრებილი იქნა ყველა საჭირო ცნობა (პროკურატურიდან შრომის წიგნაკი, ცნობა სამხედრო კომისარიატიდან და უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი) და გავაგზავნე ისინი საქართველოს მთავარ პროკურატურაში, რათა მიმეღო კომპენსაცია. საქართველოს პროკურატურამ, ჩემი საბუთები, შესაბამისი წარდგინებით გადაუგზავნა სოციალური მომსახურების ცენტრს შესაბამისი კომპენსაციის დასანიშნად. 2015 წლის 16 იანვარს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრიდან მივიღე პასუხი, რომ ვინაიდან პროკურატურიდან ჩემი დათხოვნის მომენტისათვის (10.07.1985 წ.) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა მითითებული იყო რუსულ მანეთებში, მიმდინარე ეტაპზე მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას რუსულ მანეთებზე დაყრდნობით მოეხდინათ გასაცემლის ოდენობის განსაზღვრა და ამ საკითხზე აწარმოებდნენ კონსულტაციებს, რის შემდეგაც განახლდებოდა საქმის წარმოება. ამავე წლის 18 მარტს კი „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ბატონი ზაზა სოფრომაძისგან მივიღე გზავნილი, რომლითაც მატყობინებდნენ, რომ მათ განუხილავთ ჩემი განცხადება და მაცნობებდნენ, რომ „პროკურატურის მუშაკისათვის კომპენსაციის განსაზღვრისას 20–წლიან სტაჟში სწავლის პერიოდის ჩათვლას არ ითვალისწინებს. ამასთან, 20–წლიან მუშაობის სტაჟში ითვლება მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მუშაობის პერიოდი და არა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში სავალდებო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი“. აღნიშნულიდან გამომდინარე მიჩნდება აზრი, რომ ჩვენი საკანონმდებლო სისტემა ძალოვანი სტრუქტურების მიმართ სხვადასხვა მიდგომას ახორციელებს, რაც იქედანაც ჩანს, რომ ზემოთ ნახსენები ორივე კანონი ითვალისწინებს მათი მუშაკის შრომის საერთო სტაჟში ამ (ასევე მომიჯნავე) სტრუქტურებში მუშაობისა და სწავლის პერიოდის ჩათვლას და, რაც ყველაზე შეუსაბამოდ ჩანს კანონში. „შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფის შესახებ“. ყველგან, სადაც შეიარაღებულ ძალებზეა საუბარი, მითითებულია, როგორც ყოფილი სსრ კავშირის, ასევე დსთ–ს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში სამსახურის შესახებ და იმ წლებს უთვლის მუშაკს, საერთო შრომის სტაჟად. აესევე უმაღლეს სასწავლებელში სწავლებათა შესახებაც (იხ. კანონის მუხ. 1). მიმაჩნია, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე–9 მუხლის II ნაწილში, იქ, სადაც მოხსენებულია „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“, გაკეთდეს დამატება: „ყოფილ სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროში“, როგორც ეს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონშია მოცემული (მუხლი 1–ი „გ“ ქვეპუნქტი; მე–11 მუხ. 1 ნაწ. „გ“ ქვეპუნქტში და მუხ. 16–ი), რითაც მოიხსნება ყოველგვარი გაუგებრობა და პროკურატურის ყოფილ მუშაკთა საკითხიც ამ ნაწილში, საბოლოოდ მოგვარებული იქნება. დღევანდელი კანონით (როგორც ასევე ჩემს მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებსაც) შემელახა უფლება, ვიყო თანაბარი პროკურატურის ყველა იმ ყოფილ მუშაკთან, რომლებიც საქართველოს თავდაცვის სისტემაში მსახურობდნენ და დღეის მდგომარეობით იღებენ შესაბამის კომპენსაციას. ისინი ჩემთან შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან და ყველაფერი ეს ხდება კანონში დაშვებული უზუსტობის გამო. რა დავაშავე მე, თუკი ჩემი ასაკიდან გამომდინარე, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა მომიწია ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალებში. კანონის მხრიდან, ჩემდამი ასეთი დამოკიდებულება ლახავს ჩემს პატივსა და ღირსებას, როგორც საზოგადოების თვალში, ასევე მომავალი თაობის წინაშე, რითაც მე მორალურად შეურაცხყოფილად ვთვლი ჩემს თავს და მიმაჩნია, რომ ამით ირღვევა როგორც ჩემი, ასევე ჩემს მსგავს პირთა კონსტიტუციური უფლება, კერძოდ მე–14 და მე–17 მუხლების მოთხოვნები, რომ კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია და, რომ ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. ვიდრე თქვენ მოგმართავდით, მე ჩემი უფლებების დაცვის საკითხის მოგვარების მიზნით, მივმართე ყველა ინსტანციას და ბოლოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს (ბატონ დ. უსუფაშვილს), მაგრამ საკითხის მოგვარებას ვერ მივაღწიე, რის გამოც მოგმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ იმედით, რომ თქვენს მიერ გაზიარებული იქნას ჩემი მოსაზრება არაკონსტიტუციურად ცნოთ აღნიშნული კანონების ურთიერთშეუსაბამობა და დაავალოთ საქართველოს პარლამენტს შეიტანონ ცვლილება (ან შესწორება) კანონის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ მე–9 მუხლის მე–2 ნაწილში, სადაც მითითებულია: „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“ და იქვე დაემატოს „ყოფილი სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტრო“ და ასევე დაემატოს შრომის საერთო სტაჟში „სამოქალაქო სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი“. როგორც ეს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალურ უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის მე–2 ნაწილშია მოყვანილი.
|
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოვითხოვთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოთ კანონის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ მე–9 მუხლის მეორე ნაწილი, სადაც მითითებულია: „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“ და დაავალოთ მოპასუხეს, საქართველოს პარლამენტს აღნიშნული კანონის მე–9 მუხლში დაემატოს „სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტრო“ და ასევე დაამატოს შრომის საერთო სტაჟში „სამოქალაქო სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი“. დასაბუთება: მოთხოვნილი ცვლილებების შესაბამისად აღდგენილი იქნება კონსტიტუციით განსაზღვრული ჩემი პატივი და ღირსება, რითაც ჩავდგები თანაბარ პოზიციაში, საქართველოს კანონის: „სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ მე–16 მუხლის მეორე ნაწილში ჩამოთვლილ პირებთან. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა