გრიგოლ სანდუხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/1/729 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 29 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 მაისი 2020 12:56 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: გრიგოლ სანდუხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის (2018 წლის 11 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე – გრიგოლ სანდუხაძე; მოსარჩელის წარმომადგენელი – ავთანდილ ბუსხრიკიძე; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – თამარ მესხია; მოწმეები – სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი რატი გოგსაძე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ეთერ წეველიძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №729) მომართა საქართველოს მოქალაქე გრიგოლ სანდუხაძემ. №729 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2016 წლის 2 მარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 20 ივლისს.
2. №729 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი (2018 წლის 11 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ადგენს პროკურატურის თანამშრომლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის პირობებს. კერძოდ, აღნიშნული პუნქტი განსაზღვრავს, რომ კომპენსაციის გაანგარიშების მიზნებისთვის, მუშაობის 20 წლის სტაჟში ჩაითვლება შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ორგანოების შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა.
4. №729 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლი განამტკიცებდა კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა, რომ „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“.
6. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს პორკურატურის ყოფილ თანამშრომელს, რომელსაც პროკურატურის სისტემაში ნამსახურები აქვს 18 წელი, 5 თვე და 24 დღე. 2014 წლის პირველ აპრილამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს, როგორც პროკურატურის ყოფილ მუშაკს, სადავო ნორმის საფუძველზე, სახელმწიფო კომპენსაცია არ ეკუთვნოდა, ვინაიდან მარ არ ჰქონდა პროკურატურის სისტემაში მუშაობის 20 წლის სტაჟი. განხორციელებული ცვლილებების თანახმად კი, პროკურატურის მუშაკს მუშაობის სტაჟში გარდა პროკურატურაში ნამსახურობისა, ასევე ეთვლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ნამსახურები წლები. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე. მოსარჩელის ნამსახურები სტაჟი უნდა შევსებულიყო 20 წლამდე, ვინაიდან მას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები ჰქონდა 2 წელი და 10 თვე. თუმცა სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოდან მას ეცნობა, რომ პროკურატურის მუშაკისათვის კომპენსაციის განსაზღვრისას 20 წლიან მუშაობის სტაჟში ითვლება მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მუშაობის პერიოდი და არა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი.
7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მას, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მოუწია საქართველოს ტერიტორიის მიღმა, რაც არ უნდა გახდეს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების დამაბრკოლებელი გარემოება. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში მოქმედი სხვა კანონები სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრის განსაზღვრისას უთითებს ყოფილ სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალებში სტაჟის მქონე პირებზე.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია და იგი არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მოსარჩელე მხარეს პროკურატურის იმ თანამშრომლებთან მიმართებით, რომლებსაც სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი აქვთ საქართველოს თავდაცვის სისტემაში და ამ საფუძვლით იღებენ სახელმწიფო კომპენსაციას. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით ილახება მისი პატივი და ღირსება, ვინაიდან იგი 2 წელი უშედეგოდ ცდილობს მისი კუთვნილი კომპენსაციის მიღებას. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი და მასაც უნდა მიეცეს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება.
9. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმას არ გააჩნია მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ნორმატიული შინაარსი, რაც გამორიცხავს მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებების დარღვევას. მოპასუხე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა მითითებას აკეთებს იმავე კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც პროკურატურის თანამშრომელს კომპენსაციის მიზნებისთვის მუშაობის 20 წლის სტაჟში ეთვლება სამხედრო ორგანოებში ნამსახურება. მოპასუხე მხარის განმარტებით, ტერმინი „სამხედრო ორგანოები“ უნდა განიმარტოს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, სამხედრო ორგანოში ნამსახურებად ითვლება, მათ შორის, ყოფილი საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში მსახურებაც. შესაბამისად, ვინაიდან სადავო ნორმა მითითებას აკეთებს იმავე კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტზე, მოსარჩელეს საბჭოთა კავშირის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ნამსახურები წლები კომპენსაციის მიზნებისთვის უნდა ჩაეთვალოს მუშაობის 20 წლის სტაჟში.
10. მოპასუხე მხარის განმარტებით, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად, ვინაიდან მოსარჩელე მხარეს ისედაც აქვს უფლება, მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია იმ საფუძვლით, რასაც იგი სადავოდ ხდის საკონსტიტუციო სასამართლოში. ამავდროულად, მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო, სადავო ნორმაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარის ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ პირებს უნიშნავს კომპენსაციას. შესაბამისად, პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე მხარეს აღნიშნული სააგენტოსთვის მიმართვის შემთხვევაში უნდა დაენიშნოს სახელმწიფო კომპენსაცია.
11. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მაინც დაინახავს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის პრობლემას, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია ღირსების უფლების დარღვევის კუთხით მიემართება პირთა დიფერენცირებისა და განსხვავებული მოპყრობის ფაქტს. აღნიშნულისგან დამოუკიდებლად კი, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, სხვა მხრივ, თუ რატომ ეწინააღმდეგება ღირსების უფლებას სადავო ნორმით დადგენილი წესი.
12. სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწვეული სპეციალისტის განმარტებით, სადავო ნორმაში მოხსენიებული საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვერანაირად ვერ იქნება მოაზრებული სამხედრო სამსახურად. თუმცა სადავო ნორმა მითითებას აკეთებს იმავე კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლები სადავო ნორმის მიზნებისთვის ითვლება მუშაობის 20 წლის სტაჟში. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ სამხედრო სამსახური გულისხმობს ნებისმიერ სამხედრო უწყებაში მსახურებას, მათ შორის საბჭოთა შეიარაღებულ ძალებშიც.
13. სპეციალისტის განმარტებით, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, როდესაც მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, პროკურატურის მუშაკის კომპენსაციის გაანგარიშება ხდებოდა თანამდებობრივი სარგოს მიხედვით, რაც მოსარჩელის შემთხვევაში წარმოდგენილი იყო რუსულ მანეთებში. სპეციალისტის განმარტებით, სააგენტო ვერ მოახდენდა რუსული მანეთის ქართულ ლართან შესაბამისობაში მოყვანას. ამავდროულად, არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა სამხედრო სამსახურის პროკურატურის თანამშრომლისთვის მუშაობის 20 წლის სტაჟში ჩათვლის შესახებ. სპეციალისტის მითითებით, დღეს მოქმედი რეგულაციის პირობებში თანამდებობრივი სარგოს ოდენობა კავშირში არ არის კომპენსაციის დანიშვნასთან და, ამავდროულად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში, მათ შორის, საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის წლები კომპენსაციის მიზნებისთვის ითვლება მუშაობის 20 წლის სტაჟში. შესაბამისად, სპეციალისტი განმარტავს, რომ მოსაჩელეს უფლება აქვს, განმეორებით მიმართოს სააგენტოს და მას დაენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია. ამავდროულად, სპეციალისტი დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელის მსგავს სიტუაციაში მყოფ დაახლოებით 5 ბენეფიციარს, რომლებმაც სააგნეტოს 2016 წელს მიმართეს, სადავო ნორმის საფუძველზე დანიშნული აქვთ სახელმწიფო კომპენსაცია.
14. საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მოწვეულმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო პრაქტიკაში არ იყენებს სადავო ნორმას, თუმცა სპეციალისტის მოსაზრებით, სადავო ნორმა არ იძლევა იმის საშულებას, რომ პროკურატურის თანამშრომელს მუშაობის სტაჟში ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლები. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩაეთვალოს მუშაობის 20 წლის სტაჟში, თუ სადავო ნორმა მითითებას გააკეთებდა არა საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე, არამედ სამხედრო სამსახურზე ან თავდაცვის სამინისტროზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №729 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნიათ.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით გარანტირებული იყო კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება დაცულია მე-11 მუხლის პირველი პუნქტით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა, რომ „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა გარანტირებულია მე-9 მუხლის პირველი პუნქტით.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო №729 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას დავის საგნად მიიჩნევს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის (2018 წლის 11 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
5. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2018 წლის 5 ივლისის 3120-რს საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. კერძოდ კი, განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, გაიზარდა იმ სამსახურების ჩამონათვალი და ცალკეული სამინისტროების შემთხვევაში დაკონკრეტდა ის დეპარტამენტები, რომლებში მუშაობაც პროკურატურის თანამშრომლისთვის კომპენსაციის მიზნებისთვის ითვლება მუშაობის 20 წლის სტაჟში.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში, ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, №729 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ძალადაკარგულია. სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა განხორციელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას.
7. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, №729 კონსტიტუციურ სარჩელზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს საქმე №729 კონსტიტუციურ სარჩელზე („გრიგოლ სანდუხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი