საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - მანანა კობახიძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2026 წლის 9 ოქტომბრის №3/11/1979 განჩინებასთან დაკავშირებით
| დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
| ნომერი | do3/11/1979 |
| კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
| ავტორ(ებ)ი | მანანა კობახიძე |
| თარიღი | 9 ოქტომბერი 2026 |
| გამოქვეყნების თარიღი | 13 ოქტომბერი 2026 17:27 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2026 წლის 9 ოქტომბრის №3/11/1979 განჩინებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2026 წლის 9 ოქტომბრის №3/11/1979 განჩინებასთან (შემდგომში - №3/11/1979 განჩინება) დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც, არ დაკმაყოფილდა ჩემი, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, შუამდგომლობა №1979 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების თაობაზე.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტას არ ვეთანხმები ორი მიმართულებით. კერძოდ, მიმაჩნია, რომ: ა) საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არასწორად განმარტა და გამოიყენა ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტი; ბ) შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები, ერთობლიობაში, ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტის საფუძველზე, ქმნიდა საქმის განხილვიდან მოსამართლის ჩამოცილების საკმარის საფუძველს.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქმის განმხილველი სასამართლო არა მხოლოდ ფაქტობრივად უნდა იყოს ობიექტური, არამედ, ასევე, ასეთად უნდა აღიქმებოდეს საზოგადოების მხრიდან“ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის №3/1/1459 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). „მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციური სარჩელების განხილვისას სასამართლო სარგებლობდეს საზოგადოების სათანადო ნდობით, სასამართლოს/მოსამართლის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის შესახებ არ უნდა არსებობდეს ობიექტური ეჭვები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის №3/1/1693,1700 განჩინება საქმეზე „ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
4. სწორედ აღნიშნული მიზნების დასაცავად, საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებაში შემუშავებულია ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტი, რომელსაც იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. აღნიშნული ტესტის თანახმად, მაშინაც კი, როდესაც არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ მოსამართლეს არ შეუძლია საქმის მიუკერძოებლად განხილვა/გადაწყვეტა, იგი მაინც უნდა ჩამოსცილდეს ამ საქმის განხილვას, თუ საქმის ირგვლივ არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩნდებოდა საფუძვლიანი ეჭვი მისი მიუკერძოებლობის შესახებ (იხ., მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის №3/1/1693,1700 განჩინება საქმეზე „ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის №3/3/1459,1491 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2-5).[1]
5. მაშასადამე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, ობიექტური მიუკერძოებლობის სტანდარტის დასაკმაყოფილებლად და მოსამართლის საქმის განხილვიდან ჩამოსაცილებლად, საკმარისია იმის მტკიცება, რომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩნდებოდა საფუძვლიანი ეჭვი მისი მიუკერძოებლობის თაობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში „საფუძვლიანი ეჭვის“ სინონიმებად გამოყენებულია, აგრეთვე სიტყვათა შეთანხმებები: „სამართლიანი ეჭვი“, „ობიექტური ეჭვი“, „გონივრული ეჭვი“, „ლეგიტიმური ეჭვი“. ეს ყოველივე მიანიშნებს სწორედ იმაზე, რომ ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტის ფარგლებში, არ მოითხოვება წარმოშობილი ეჭვის გამყარება უტყუარი მტკიცებულებებით. მეტიც, ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტის შემუშავება სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ სწორედ ისეთი მაღალი მოთხოვნის დამკვიდრებას ემსახურება, რომლის თანახმადაც, მოსამართლის საქმის განხილვიდან ჩამოცილების საფუძველი არ უნდა იყოს მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებებით მისი მიკერძოებულობის დადგენა. ამ მხრივ, საკმარისია, მოსამართლის მიუკერძოებლობის მიმართ, ობიექტური დამკვირვებლის აღქმაში, არსებობდეს ობიექტურად გამართლებული, გონივრული ეჭვი.
6. ამგვარი მიდგომის გაუზიარებლობის შემთხვევაში, ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტის ფარგლებში გამოყენებული სტანდარტი, სუბიექტური მიუკერძოებლობის ტესტის ფარგლებში გამოსაყენებელ სტანდარტს გაუთანაბრდებოდა. შესაბამისად, იგი საერთოდ დაკარგავდა დამოუკიდებელ ფუნქციას და ვერ მოემსახურებოდა მიუკერძოებელი და საზოგადოების მხრიდან ნდობით აღჭურვილი მართლმსაჯულების მიღწევის ლეგიტიმურ მიზნებს.
7. მიმაჩნია, რომ №3/11/1979 განჩინებაში, სამწუხაროდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ნაბიჯები სწორედ ამ მიმართულებით გადადგა, როდესაც გონივრული, საფუძვლიანი ეჭვის არსებობის კრიტერიუმი ჩაანაცვლა, ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენის მოთხოვნით, რომლებიც ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩენს „ცალსახა მოსაზრებასა“ და „ცალსახა ვარაუდს“ მოსამართლის მიკერძოებულობასთან მიმართებით. კერძოდ, №3/11/1979 განჩინებაში დაფიქსირებული პოზიციის თანახმად, „მოსამართლის განწესებამდე განხორციელებული აქტივობის შეფასებისას, რაც შეიძლება გახდეს აცილების საფუძველი, უნდა არსებობდეს მოსამართლის მიკერძოებულობის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რაც ობიექტური დამკვირვებლის თვალში წარმოშობს ცალსახა მოსაზრებას ამ უკანასკნელის ტენდენციურობასთან დაკავშირებით“ (იხ., №3/11/1979 განჩინების მე-5 პარაგრაფი). „საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებს, საზოგადოებასა და ობიექტურ დამკვირვებელს არ უნდა გაუჩინოს ცალსახა და დამაჯერებელი ვარაუდი, რომ მოსამართლე [...] კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, მოსამართლის ფიცს და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ პრინციპებს“ (იხ., №3/11/1979 განჩინების მე-10 პარაგრაფი).
8. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ტერმინები ბუნდოვანია, იგი ფაქტობრივად არ ტოვებს სივრცეს ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტის გამოსაყენებლად და გამორიცხავს აღნიშნული ტესტის გამოყენებისთვის საყოველთაოდ დამკვიდრებული სტანდარტის მიხედვით, მოსამართლის საქმიდან ჩამოცილების შესაძლებლობას, ვინაიდან, თუკი არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც არა მხოლოდ გონივრულ ეჭვს უჩენს ობიექტურ დამკვირვებელს მოსამართლის მიუკერძოებლად აღსაქმელად, არამედ ცალსახა მოსაზრებებსა და ვარაუდებს წარმოშობს მის მიკერძოებასთან დაკავშირებით, ეს მტკიცებულებები, პრაქტიკულად, სუბიექტური მიუკერძოებლობის ტესტის ფარგლებშიც საკმარისი იქნებოდა მოსამართლის საქმის განხილვიდან ასაცილებლად.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საკითხისადმი მსგავსი მიდგომა, ამკვიდრებს ზედმეტად მკაცრ და ბუნდოვან კრიტერიუმებს ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტის საფუძველზე, მოსამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტიდან ჩამოცილების თვალსაზრისით, არ არის თანხვედრაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების მიერ დადგენილ სტანდარტებთან და აზიანებს საზოგადოების თვალში სასამართლოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის მიღწევის საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს.
10. უშუალოდ ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტის განმარტებისა და გამოყენების საკითხის მიღმა, ასევე ვერ დავეთანხმები კოლეგების შეფასებებს, თვითგანრიდების შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად წარმოდგენილი არგუმენტაციის გაუზიარებლობასთან დაკავშირებით. ამავდროულად, მიმაჩნია, რომ აღნიშნული დასკვნა კავშირშია სწორედ პლენუმის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტთან მიმართებით დადგენილი სტანდარტების ცვლილებასთან/არასწორ განმარტებასთან.
11. მართალია, ვიზიარებ პლენუმის პოზიციას, რომლის მიხედვითაც, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შედგება კონსტიტუციითვე განსაზღვრული რაოდენობის მოსამართლეებისაგან, მოსამართლის აცილების საფუძველი არ უნდა იყოს იმდენად ფართო, რომ საფრთხე შეუქმნას სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას. შესაბამისად, აცილების ინსტრუმენტის გამოყენება უნდა მოხდეს საკმარისი სიფრთხილით (იხ., №3/11/1979 განჩინების მე-3 პარაგრაფი) თუმცა, აღნიშნულის პარალელურად, განვმარტავ, რომ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო შემადგენლობის გარეშე, წარმოუდგენელია, ზოგადად, მართლმსაჯულებისა და საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელება. შესაბამისად, დაუშვებელია, სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირების ლეგიტიმურ მიზანს შეეწიროს საქმის მიუკერძოებელი მოსამართლეების მიერ განხილვის ლეგიტიმური მიზანი, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, აზრს კარგავს ზოგადად სასამართლოს ფუნქციონირება და იგი ვერ განახორციელებს საკონსტიტუციო კონტროლს. დამატებით, აღსანიშნავია ისიც, რომ წინამდებარე შუამდგომლობის დაკმაყოფილებით, საფრთხე არ ექმნებოდა სასამართლოს ფუნქციონირებასა და გადაწყვეტაუნარიანობას, განსახილველ საქმესთან მიმართებით.
12. ვიზიარებ, აგრეთვე, პლენუმის წევრთა უმრავლესობის შეხედულებას, რომ საქართველოს კონსტიტუცია a priori არ მოითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ჩამოცილებას ყველა იმ საქმის განხილვიდან, რომელთა ირგვლივაც მას, როგორც ყოფილ პოლიტიკოსს, წარსულში გარკვეული საჯარო განცხადებები და პოზიციები აქვს დაფიქსირებული, თუმცა, მიმაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საქმის ირგვლივ არსებული გარემოებების კუმულაციურად გაანალიზება, რომლებზეც მითითებულია შუამდგომლობაში, საკმარისია ობიექტური დამკვირვებლის გონებაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით გონივრული და საფუძვლიანი ეჭვების წარმოსაშობად, რაც, თავის მხრივ, მოსამართლის საქმის განხილვიდან ჩამოცილების საკმარის საფუძველს წარმოადგენს.
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმარტებით, „მოსამართლის აცილებისათვის საკმარისი წინაპირობების შეფასებისას, მნიშვნელოვანია, თუ როდის დადგა ის გარემოება, რაც წარმოადგენს განრიდების წინაპირობას. მოსამართლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების დაწყების შემდგომ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შეფასების უფრო მკაცრი ტესტი, ვიდრე იმ გარემოებების შეფასებისას, რაც მოსამართლის განწესებამდე მოხდა“ (იხ., №3/11/1979 განჩინების მე-4 პარაგრაფი). მიმაჩნია, რომ შეფასების ტესტის სიმკაცრის განსაზღვრისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს არა განკერძოებულად, მოსამართლის აცილების სავარაუდო წინაპირობის დადგომის (ამ შემთხვევაში, განცხადებების გაკეთების) მომენტს, არამედ კუმულაციურად, მოსამართლის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსს, ფორმას, კონტექსტსა და დროს. მოსამართლის მიერ ფიცის დადება და თუნდაც, მრავალი წლის მანძილზე, სამოსამართლო საქმიანობის კეთილსინდისიერად განხორციელება, ვერ გახდება მოსამართლის მიუკერძოებლობის უპირობო გარანტი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამ რეალობას ასახავს სწორედ საყოველთაო სამართლებრივ დონეზე აღიარებული მოსამართლის მიუკერძოებლობის ობიექტური ტესტის, როგორც იურიდიული კატეგორიის არსებობა, რომლის გამოყენების დროსაც, უმეტესწილად, სწორედ იმ გარემოებებზე ხდება მსჯელობა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მოსამართლის მიერ ფიცის დადების მომენტამდე და არა მის შემდგომ.
14. რაც შეეხება, უშუალოდ ჩემ მიერ წარსულში გაკეთებული განცხადებების შინაარსსა და კონტექსტს, ვერ დავეთანხმები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს იმაში, რომ №1979 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ბაზა არ ემთხვევა ჩემ მიერ გაკეთებული განცხადებების (ინტერვიუს) შინაარსს, აგრეთვე იმას, რომ განცხადებები ატარებდა ზოგად ხასიათს, გაჟღერებული იყო იმ დროისთვის არსებული საერთო პოლიტიკური დაპირისპირების პათოსით და ჩემს გამოსვლებში გაჟღერებული მოთხოვნა შინაარსობრივად არ არის სასარჩელო მოთხოვნის იდენტური (იხ., №3/11/1979 განჩინების მე-7 და მე-9 პარაგრაფები).
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ შესაბამისი განცხადებების გაკეთების პერიოდში, მე ვიყავი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და ვიკავებდი ამ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობასაც. მითითებულ პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოვადგენდი მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტში, სადაც ვითავსებდი მნიშვნელოვან, მათ შორის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ფუნქციებს.
16. პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდეც, როგორც უფლებადამცველი ადვოკატი და შემდგომ, უკვე სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისას, სხვადასხვა ტრიბუნიდან, საჯაროდ და აქტიურად ვაკრიტიკებდი №1979 კონსტიტუციური სარჩელის მთავარ ფიგურანტ პარტიას - „ერთიანობა − ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კონკრეტულ წევრებს (რომელთა ნაწილიც, ამჟამად წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებულ სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს) მათი მმართველობის პერიოდთან დაკავშირებული სისტემური დანაშაულებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების გამო. შესაბამისად, ჩემი კრიტიკა არ იყო და ვერც იქნებოდა ზოგადი ხასიათის, ვინაიდან ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ადვოკატირებას ვუწევდი სწორედ №1979 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულ ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევებში დაზარალებულ პირებს და, თუნდაც მხოლოდ აქედან გამომდინარე, ვფლობდი რელევანტურ ინფორმაციას კონკრეტულ ფაქტებთან და მათზე სამართლებრივად თუ პოლიტიკურად პასუხისმგებელ პირებთან მიმართებით.
17. არარელევანტურად მიმაჩნია აგრეთვე შუამდგომლობის არდაკმაყოფილების საფუძვლად მოსამართლის მიერ გაკეთებული განცხადებების დროით ინტერვალზე მითითება. თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, რომლის დასკვნაც უპირველეს მტკიცებულებად აქვს დართული №1979 კონსტიტუციურ სარჩელს, არაერთხელ გაიჟღერა ჩემმა სახელმა და გვარმა, საადვოკატო და პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებისას, „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილ სისტემურ დანაშაულებთან ბრძოლის კონტექსტში, ნათლად წარმოაჩენს, რომ ჩემ მიერ გაკეთებული განცხადებები, ასევე ჩემი დამოკიდებულება კონკრეტული პოლიტიკური ძალისა და ამჟამად №1979 კონსტიტუციურ სარჩელის მოპასუხე პარტიის მიმართ მკაფიოდ არის შემორჩენილი საზოგადოების მეხსიერებაში. ეს განცხადებები მარტივად ხელმისაწვდომია ინტერნეტ სივრცეში და არ დაუკარგავს აქტუალობა.
18. რაც შეეხება ჩემს გამოსვლებში გაჟღერებული მოთხოვნის შინაარსობრივ მსგავსებას სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, №1979 კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, მათ შორის, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა, აკრძალვა და რეგისტრაციის გაუქმება. როგორც შუამდგომლობაშია მითითებული, მოსამართლის ფიცის დადებამდე, სხვადასხვა ტრიბუნიდან ღიად და საჯაროდ მოვუწოდებდი პარტია „ერთიანობა − ნაციონალურ მოძრაობას“ დაშლის, მის წევრებს კი - პოლიტიკური ველიდან საერთოდ წასვლისაკენ, რაც შედეგობრივად და შინაარსობრივად, უტოლდება სწორედ იმ ფაქტობრივ რეალობას, რომელიც დადგება №1979 კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
19. ზემოაღნიშნული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ სუბიექტური ფაქტორების არარსებობის მიუხედავად, შუამდგომლობაში წარმოდგენილი გარემოებების კუმულაციური გაანალიზება, საკმარისია იმისათვის, რომ ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი მოსამართლის მიუკერძოებლობასთან მიმართებით. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტის ფარგლებში, უნდა დაეკმაყოფილებინა №1979 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან ჩემი თვითგანრიდების შუამდგომლობა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი:
მანანა კობახიძე
[1] იხ., აგრეთვე Micallef v. Malta, no 17056/06, 15 October, 2009, paras. 96-98; Kyprianou v. Cyprus no. 73797/01, 15 December, 2005, paras. 118-119.