საქართველოს მოქალაქე ტარიელ ფოცხვერია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N691 |
ავტორ(ებ)ი | ტარიელ ფოცხვერია |
თარიღი | 16 ნოემბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ )შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ; 55 წლის პაციენტი ტარიელ ფოცხვერია, დიაგნოზით ხორხის კიბო (C32.8)pT3N1M0 (მესამე) სტადია, მეოთხე კლინიკური ჯგუფი. ჰისტომორფოლოგიური დასკვნით დაუდგინდა : ხორხის დაბალდიფერენცირებული ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა (G3). დაავადებამ განიცადა პროგრესირება: ფილტვებისა და შუასაყარის ლიმფური კვანძების მეტასტაზური დაზიანება (2014.04) 31.08.2015. ბრონქოსკოპიური გამოკვლევების შედეგად, გამოვლენილია მარჯვენა ფილტვის ქვედა წილში არსებული სწრაფად მზარდი მეტასტაზის პროლაფსი მე-8 დექმენტარულ ბრონქში, ტექნიკური სირთულეებით (რაც დაკავშირებულია სისლდენის მაღალ რისკთან) შესაძლებელი გახდა ბიოფსიური მასალის მოპოვება ციტოლოგიური კვლევისათვის, რის შედეგადაც ვერიფიცირებულ იქნა ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის მეტასტაზი, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ძირითადი დაავადების (ხორხის კიბოს) პროგრესირებაზე. 2015 წლის 12 ოქტომბრიდან ტარიელ ფოცხვერიას ყოველდღიურად აღენიშნება სისხლიანი ნახველი, ჩატარებული კვლევის შედეგად ნანახი იქნა სისხლდენის კერა: მარჯვენა ფილტვის ქვედა წილის მე-8 სეგმენტარულ ბრონქში პროლაბირებული მეტასტაზური კვანძის ზედაპირი. ტარიელ ფოცხვერიას შემთხვევაში, ფილტვის მეტასტაზური კვანძიდან ბიოფსიური მასალის აღება ჰისტო-მორფოლოგიური გამოკლვევისათვის დაკავშირებულია მაღალ რისკფაქტორებთან ისეთი როგორიცაა: პროფუზური სისხლდენა, დაავადების სწრაფი პროგრესირება, პნევნოთორაქსი, ჰემოთორაქსი, სისხლდენის ფონზე ასფიქცია, და შესაძლო ლეტალური გამოსავალი. ციტოლოგიური დასკვნა #1758-ში (იხილეთ დანართი) აღნიშნულია: დაბალდიფერენცირებული ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის მეტასტაზი. ვინაიდან ტარიელ ფოცხვერიას დადგენილი აქვს IV (მეოთხე) კლინიკური ჯგუფი, მაგრამ ამ დაავადების პროგრესირება ფილტვში არ დგინდება ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევით, თუმცა ფილტვში ციტოლოგიური გამოკვლევით დადასტურებულია დაბალდიფერენცირებული ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის მეტასტაზი (MTS), მოსარჩელე ვერ სარგებლობს მძიმე და განკურნებადი ავადმყოფობის საფუძველზე სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების უფლებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ოქტომბრის #3/8049-15 განჩინებიდან (იხილეთ დანართის სახით) ირკვევა, რომ ტარიელ ფოცხვერიამ 2015 წლის 15 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელე ითხოვს ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის უმოქმედობით მიღებული უარმყოფელი გადაწყვეტილება, მძიმე და განუკურნებელი ავადმყოფობის საფუძველზე სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულ ტარიელ გათავისუფლების თაობაზე. აღნიშნული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ტარიელ ფოცხვერია წარმოადგენს მსჯავრდებულს, გააჩნია მეოთხე კლინიკურ ჯგუფს მიკუთვნებული სიმსივნე, მაგრამ სადავო ნორმით შესაძლოა სასჯელის მოხდისაგან ვერ გათავისუფლდეს იმის გამო, რომ მისი სიმსივნის დიაგნოზი დასტურდება არა ჰისტომორფოლოგიური, არამედ ციტოლოგიური დასკვნით. ამგვარად, სადავო ნორმა უშუალოდ ლახავს ტარიელ ფოცხვერიას უფლებებს და მოსარჩელე უფლებამოსილია იდავოს ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-14 მუხლით; ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში; ზ) დავის საგანს წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. ეს უკანასკნელი გამოცემული იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე და მის შესასრულებლად. სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლი არ განსაზღვრავს სიმსივნის მეოთხე ჯგუფის ფაქტის მტკიცებას მხოლოდ ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევით. ეს გარემოება სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით არის დადგენილი, ამგვარად სადავო ნორმაზე მსჯელობა შესაძლებელია მასზე იერარქიულად მაღლა მდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.
|
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სადავო ნორმა ავადმყოფის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებისათვის გადამწყვეტად მიიჩნევს რომ პაციენტისთვის მინიჭებული იყოს მეოთხე კლინიკური ჯგუფი და დადასტურებული იყოს ჰისტომორფოლოგიურად.
ტარიელ ფოცხვერიას 2009 წელს, საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრობის პერიოდში დაუდგინდა ხორხის კიბო, რის გამოც 2010 წელს „ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ცენტრში“ პატიმარს ჩაუტარდა კომბინირებული მკურნალობა-სხივური თერაპია და ქირურგიული მკურნალობა (ხორხის ამოკვეთა სახმო იოგებით და კისრის ლიმფური კვანძებით), რის შემდეგაც ტ. ფოცხვერიამ დაკარგა მეტყველების უნარი. ოპერაციიდან 4 წლის შემდეგ ავადმყოფს კისრის მიდამოში განუვითარდა სიმსივნე, რომელიც იზრდებოდა და ახდენდა ზეწოლას გარშემო მდებარე ნერვულ-სისხლძარღვოვან წარმონაქმნებზე და ამის გამო მას, ავადმყოფ პატიმარს ჩაუტარდა კისრის მიდამოს განგლიონევრინომის ამოკვეთა. ამ ოპერაციის შემდეგ ტარიელ ფოცხვერიას დაეწყო მუდმივი ტკივილი მარჯვენა საფეთქელისა და ქვედა ყბის მიდამოში, რომელიც ძლიერდება ღეჭვისას და მიუხედავად ექიმთა არაერთი მცდელობისა, მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და პატიმარს დღესაც უგრძელდება დაუდგენელი წარმოშობის აღმოუფხვრელი ტკივილი მარჯვენა საფეთქელ-ქვედაყბის მიდამოში, რომელიც აძნელებს საკვების ღეჭვას და ამის გამო ავადმყოფი იღებს მხოლოდ ფხვიერ საკვებს და ითმენს ძლიერ ტკივილს. ტარიელ ფოცხვერიას 2013 წლის სექტემბერში გამოუვლინდა ხორხის კიბოს საეჭვო მეტასტაზები გულმკერდის ღრუში. ძირითადმა დაავადებამ განიცადა პროგრესირება და 2014 წლის აპრილში კლინიკური და ინსტრუმენტული მონაცემების საფუძველზე (პეტ-გამოკვლევა, ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია) საფუძველზე სხვადასხვა პროფილის ექიმთა კონსილიუმმა მისი თანმხლები დაავადებების გამო (ცე, ბე და დელტა ჰეპატიტები, ღვიძლის ქსოვილის დაზიანებით) და საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით ავადმყოფი მიიჩნია ინკურაბელურად და მიენიჭა მეოთხე კლინიკური ჯგუფი. 2015 წელს კომპიუტერული კვლევით გამოვლინდა მარჯვენა ფილტვში მეტასტაზური კვანძი, რომელიც სწრაფად გაიზარდა ზომებში და ჩაიზარდა მარჯვენა ბრონქში და ავადმყოფს დაეწყო სისხლდენა. ჩაუტარდა ბრონქოსკოპია (ელასტიური მილისებრი აპარატის შეყვანა ბრონქში), რომ დადგენილიყო სისხლდენის მიზეზი და აღმოჩნდა, რომ ფილტვის მეტასტაზური კვანძი, ზომით 4,3 სმ, რომელიც მარჯვენა ფილტვში ჩანდა კომპიუტერული ტომოგრაფიით, ჩაზრდილია ბრონქის კედელში (პროლაფსი) და შესაძლებელი გახდა ამ მიდამოში ბიოფსიის გაკეთება (ბრონქოსკოპის მეშვეობით ქსოვილიდან მცირე ნაწილის მოწყვეტა). ბიოპტატის ციტოლოგიური კვლევით უტყუარად დადასტურდა, რომ მარჯვენა ფილტვის ქსოვილიდან აღებული ბიოლოგიური მასალა წარმოადგენს ხორხის კიბოს მეტასტაზს (დაბალდიფერენცირებული ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის მეტასტაზი).
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სადავო ნორმა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ავადმყოფის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებისათვის გადამწყვეტად მიიჩნევს, რომ პაციენტისთვის მინიჭებული იყოს მეოთხე კლინიკური ჯგუფი და დადასტურებული იყოს ჰისტომორფოლოგიურად. კლინიკური ჯგუფის მინიჭება ხდება ექიმ-ონკოლოგების მიერ პაციენტის საერთო მდგომარეობისა და ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე.
სიმსივნის დიაგნოზის დაზუსტებისა და მისი ავთვისებიანობის ან კეთილთვისებიანობის დადგენის მიზნით ონკოლოგიურ ავადმყოფებთან ტარდება მიკრო მორფოლოგიური კვლევები (მიკროსკოპული კვლევები). მიკრომორფოლოგიურ კვლევებს განეკუთვნება ჰისტოლოგიური (ჰისტომორფოლოგიური), ციტოლოგიური და სხვა კვლევები.
ჰისტოლოგიური ანუ ჰისტომორფოლოგიური კვლევა გულისხმობს ადამიანის ორგანოდან არებული ქსოვილის (ქსოვილების) მიკროსკოპულ გამოკვლევას (ლათინურად ჰისტოს-ნიშნავს ქსოვილს, მორფო-აგებულებას, ლოგოს-სწავლებას, მეცნიერებას). ჰისტოლოგიური კვლევისათვის ბიოლოგიური მასალის-ორგანოების ნაწილის (პრეპარატების) აღება ხდება ოპერაციული გზით ამოღებული ორგანოდან, ან მისი ნაწილიდან), შემდგომ ხდება ამ პრეპარატის სპეციალური მეთოდებით დამუშავება და მიკროსკოპული გამოკვლევა. ამ პროცესს ჰქვია ჰისტოლოგიური, ჰისტოპათოლოგიური, ანუ ჰისტომორფოლოგიური კვლევა.
ქსოვილი (ჰისტიონი) შედგება უჯრედებისაგან. სხვადასხვა ორგანოების ქსოვილები მიკროსკოპულად განსხვავდება ერთმანეთისაგან და ეს განსხვავება მდგომარეობს მათი შემადგენელი უჯრედების განსხვავებაში (უჯრედების ფორმის, ზომების, აგებულების). უჯრედს ლათინურად ეწოდება „ციტოს“. უჯრედის აგებულების შესწავლას-ციტოლოგია ეწოდება. ციტოლოგიური კვლევები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება ონკოლოგიაში, ვინაიდან სიმსივნის ბუნების, მისი კეთილ-ან ავთვისებიანობის საკითხის გადაწყვეტა ხდება ოპერაციამდე-ბიოფსიის გზით. ქსოვილი და უჯრედი სხვადასხვა რიგის სამშენებლო მასალაა. თუ ბიოფსიით არებულ მასალაზე ციტოლოგიურად დადგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, ეს უტყუარი მონაცემია.
ტარიელ ფოცხვერიას შემთხვევაში ჩატარებულია მიკრომორფოლოგიური კვლევა-ბიოფსიური მასალის ციტოლოგიური კვლევა, რაც უტყუარად ახდენს მისი მარჯვენა ფილტვში არსებული წარმონაქმნის ვერიფიკაციას (დადასტურებას) , კერძოდ, რომ ეს ხორხის კიბოს მეტასტაზია. ამდენად, ტარიელ ფოცხვერიას დადგენილი აქვს მე-4 კლინიკური ჯგუფი და მიკრო მორფოლოგიურად და ციტოლოგიურად დადასტურებული აქვს ხორხის კიბოს მეტასტაზი. სადავო ნორმა მე-4 კლინიკური ჯგუფის პარალელურად, იმპერატიულად ითხოვს კიბოს დადასტურებას ჰისტომორფოლოგიურად. აღნიშნული ნორმა არ აზუსტებს, კიბოს ძირითადი კერა უნდა იყოს დადასტურებული ჰისტომორფოლოგიურად თუ ძირითადი კერა და მისი შორეული მეტასტაზიც. ამ ნორმის გაგება შემდეგნაირად შეიძლება: ტარიელ ფოცხვერიას 2010 წელს გაუკეთდა ოპერაცია ხორხის კიბოს გამო, ოპერაციული გზით ხორხის ამოჭრილი-ამოღებული ხორხის კიბოს პრეპარატისგან დამზადდა ჰისტოპრეპარატები და ისინი გამოკვლეულ იქნენ ჰისტომორფოლოგიურად და დაისვა ხორხის დაბალდიფერენცირებული კარცინომის დიაგნოზი. 2014 წელს კლინიკურად (ექიმების მიერ) დადასტურდა, რომ ტარიელ ფოცხვერიას განუვითარდა შორეული მეტასტაზები, მათ შორის ფილტვში. მკურნალ ექიმებში კიბოს მეტასტაზირება ეჭვს არ იწვევდა, ვინაიდან ის დადასტურებული იყო ინსტრუმენტული კვლევებით. მაგრამ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება-სადავო ნორმა ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ გაგებულ იქნა შემდეგნაირად: ტარიელ ფოცხვერიას დადგენილი აქვს ჰისტომორფოლოგიურად ხორხის კიბო (2010წ), მართალია, მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტული კვლევებითა და ექიმთა კლინიკური გამოკვლევებით კონსილიუმის მიერ უეჭვოდ დადგენილია კიბოს მეტასტაზირება ფილტვში და მე-4 კლინიკური ჯგუფი, მაგრამ სადავო ნორმა გულისხმობს მეტასტაზის ვერიფიკაციას-კერძოდ, უკვე მეტასტაზის დადასტურებასაც ჰისტომორფოლოგიურად. ოპერაციის გარეშე, როგორც ავღნიშნეთ, ქსოვილის ამოღება ცოცხალი ადამიანის ორგანოებიდან არ ხდება (გვამიდან ხდება მხოლოდ ჰისტოლოგიური მასალის აღება და კვლევა). შესაბამისად, ჯანდაცვის მინისტრის სადავო ნორმის მოთხოვნის ამ მეორე გაგების დასაკმაყოფილებლად ტარიელ ფოცხვერიას მეტასტაზის ვერიფიკაციის მიზნით უნდა გაუკეთდეს დიაგნოსტიკური ოპერაცია - გულმკერდის ღრუს გახსნა, ფილტვის სიღრმიდან (ბრონქის მიმდებარედ) ქსოვილის ნაწილის ამოჭრა და გულმკერდის ღრუს დახურვა, ეს მაშინ, როდესაც ექიმთა კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ ტარიელ ფოცხვერიას არც ოპერაციული, არც ქიმიოთერაპიული მკურნალობის ჩატარებას უკვე აზრი და მიზანშეწონილობა დაკარგული აქვს მისი მძიმე მდგომარეობის გამო და სწორედ ამიტომ არის ის მიჩნეული ინკურაბელურად და მინიჭებული აქვს მე-4 (ყველაზე მძიმე) კლინიკური ჯგუფი.. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე თუ მძიმე ავადმყოფ პატიმარს, ტარიელ ფოცხვერიას გაუკეთდება სადიაგნოსტიკო ოპერაცია, ის ოპერაციას ვერ გადაიტანს და დაიღუპება.
ტარიელ ფოცხვერიას მეტასტაზი დადასტურებული და ვერიფიცირებულია სხვა სახის მიკრომრფოლოგიური კვლევით-ციტოლოგიური კვლევით, რაც ტარდება პაციენტებისათვის შედარებით ნაკლები ტრავმის მიყენების გზით და ამიტომ ის ფართოდაა გავრცელებული და ოპერაციამდე კიბოს დიაგნოსტირებაში ფასდაუდებელ მეთოდს წარმოადგენს. ის ზუსტად ადგენს უჯრედის აგებულებას, წარმოშობას, ავთვისებიანობის ხარისხს და კუთვნილებას ამა თუ იმ ქსოვილის მიმართ და კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ამ მიკრომორფოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ ტარიელ ფოცხვერიას მარჯვენა ფილტვში პერიბრონქულად (ბრონქთან ახლოს) მდებარე წარმონაქმნი წარმოადგენს 2010 წელს ოპერაციის გზით ამოკვეთილი ხორხის კიბოს (დაბალდიფერენცირებული ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის) მეტასტაზს, ვინაიდან შედგება ზუსტად იმ შენების უჯრედებისაგან, რისგანაც შედგებოდა ამოკვეთილი ხორხის კიბოს ქსოვილი. ამრიგად, სადავო ნორმა ტერმინით „დადასტურებული ჰისტომორფოლოგიურად“ თავისი არასაკმარისობის გამო დისკრიმინაციულია იმ ავადმყოფი პატიმრების მიმართ, რომლებსაც მათი უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია, რომ გაუკეთდეთ ოპერაცია და ბრძანების იმპერატიული ნორმის შესრულების შემთხვევაში (ჰისტომორფოლოგიური კვლევა ოპერაციის გზით) ავადმყოფი პატიმარი დაიღუპება.
ციტოლოგიური კვლევა, ანუ მიკრომორფოლოგიური კვლევა, რომელიც დიაგნოსტიკური სიზუსტით და სარწმუნოობით ტარიელ ფოცხვერიას შემთხვევაში ჰისტოლოგიური კვლევის ზუსტად ექვივალენტურია (ტოლია), სიცოცხლისათვის უსაფრთხოა, ინფორმატიულია წონადია და სხვა შემთხვევებში დიაგნოსტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით აღემატება კიდეც.
სადავო ნორმა სიმსივნის მეოთხე კლინიკური ჯგუფის განსაზღვრისათვის გადამწყვეტად მიიჩნევს ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის ჩატარებას. სხვა სამედიცინო ხერხებით, კერძოდ კი ციტოლოგიური გამოკვლევით ადამიანის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების მიზნებისათვის სიმსივნის მეოთხე კლინიკური ჯგუფის დადგენა სადავო ნორმით არის გამორიცხული. აღნიშნულ სარჩელს თან ერთვის ვალიდური სამედიცინო დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის ჩატარება ქმნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სერიოზულ რისკებს . ამასთან არსებობს ნაკლებად სარისკო სამედიცინო მეთოდები, რომელიც იმავე მიზნის - სიმსივნის მეოთხე კლინიკური ჯგუფის დადგენას - შესაძლებელს ხდის ნაკლებად სარისკო სამედიცინო მანიპულაციების გამოყენების გარეშე.
კონტანტინე მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის შპს ,,ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ კლინიკის ხელმძღვანელის კონსტანტინე მარდალეიშვილის 29.10.2015 წლის #1187/15 წერილში (იხილეთ დანართი) აღნიშნულია: ,,ციტოლოგიური და ჰისტო/მორფოლოგიური კვლევა ტარდება დაავადების ვერიფიკაციის მიზნით და მკურნალობის საკითხის გადასაწყვეტად. საჭიროა დაავადების არა მარტო ვერიფიკაცია, არამედ პროცესის აგრესიულობის განსაზღვრა. ციტოლოგიური კვლევისას ხორციელდება სასაგნე მინაზე პუნქციის შედეგად გადატანილი მასალის (სითხე, პუნქსიურ ნემსში მოხვედრილი უჯრედული სუბსტანცია ან სისხლი) მიკროსკოპული კვლევა, რაც იძლევა საშუალებას დადგინდეს პროცესის ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი ხასიათი.
ჰისტო/მორფოლოგიური კვლევა წარმოებს სიმსივნური ქსოვილის შესწავლის მეშვეობით. ამისთვის ბიოფსიური მასალა სათანადო დამუშავების შემდეგ თავსდება სასაგნე მინაზე და ხდება მისი მიკროსკოპული შესწავლა. ჰისტო/მორფოლოგიური კვლევა, რასაკვირველია უფრო ინფორმატიულია, ვიდრე ციტოლოგიური კვლევა, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც ჰისტო/მორფოლოგიური კვლევისათვის ბიოფსიური მასალის მოპოვება დაკავშირებულია გარკვეულ რისკფაქტორებთან (სისხლდენა, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება და სხვა). ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილია ჩატარდეს ციტოლოგიური გამოკვლევა, რაც ასევე დაავადების სრუყოფილი ვერიფიკაციის საშუალებას იძლევა.“ აქვე ექსპერტი მიუთითებს: ,,ციტოლოგიური კვლევა სრულებით საკმარისია მეტასტაზური კვანძის ვერიფიკაციისათვის.“ შპს ,,ონკოლოგიური სამედიცინო კვლევითი ცენტრის“ 2015 წლის 5 ნოემბრის #1222/15 წერილში აღნიშნულია (იხილეთ დანართი): ,,პაციენტ ტარიელ ფოცხვერიას შემთხვევაში, ფილტვის მეტასტაზური კვანძიდან ბიოფსიური მასალის აღება ჰისტო-მორფოლოგიური გამოკვლევისათვის დაკავშირებულია მაღალ რისკ-ფაქტორებთან. ისეთი როგორიცაა: პროფუზული სისხლდენა, დაავადების სწრაფი პროგრესირება პნევმათორაქსი, ჰერმოთორაქსი, სისხლდენის ფონზე ასფიქსია და შესაძლო ლეტალური გამოსავალი.“
ამგვარად, სიმსივნის მეოთხე კლინიკური ჯგუფის დასადგენად საკმარისია ციტოლოგიური გამოკვლევის ჩატარება. შესაძლოა, ჰისტო/მორფოლოგიური კვლევა უფრო სრულყოფილ სურათს იძლევა სიმსივნის თაობაზე, თუმცა ის რისკები, რაც ჰისტო/მორფოლოგიური გამოკვლევისათვის არის თანმდევი, მსჯავრდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნის მისაღწევად, ამართლებს ციტოლოგიური გამოკვლევის ჩატარებას, ასევე ციტოლოგიური დასკვნის საფუძველზე ადამიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას. როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, იმავდროულად, ამ სიკეთისათვის ნაკლებად სარისკო საშუალებით (რომელიც ასევე ვარგისია დასახული მიზნის - სიმსივნის მეოთხე კლინიკური ჯგუფის დასადგენად) ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელია, სახელმწიფომ სწორედ ამგვარი ნაკლებად მტკივნეული საშუალება უნდა გამოიყენოს.
2) სადავო ნორმის შესაბამისობა კონსტიტუციის მე-14 მუხლთან
გასაჩივრებული ნორმა თავისი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით არის ზოგადი და ნეიტრალური ხასიათის (იხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის #477 გადაწყვეტილება საქმეზე სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის 63-ე პარაგრაფი), ამის მიუხედავად, ეს უკანასკნელი ტვირთს აკისრებს საზოგადოების იმ ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ ჰისტო/მორფოლოგიური გამოკვლევის გავლა. სადავო ნორმა ეხება სიმსივნით დაავადებულ ყველა ადამიანს, ნორმის მიზანი არ არის მოახდინოს ამ დაავადების მატარებელი ნებისმიერი ადამიანის დიფერენცირება. ამის მიუხედავად, ეს ზოგადი და ნეიტრალური ხასიათის ნორმა მნიშვნელოვან ტვირთს აკისრებს იმ ადამიანს, რომლის სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან რისკებს ქმნის, სისხლდენა, რაც ჰისტო/მორფოლოგიური გამოკვლევის თანდევი შედეგია. მაშინ როდესაც ამ ნორმით სარგებლობისათვის ერთადერთი შესაძლებლობა არის ის, რომ გაიაროს ამგვარი გამოკვლევა და ამით საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, კიდევ უფრო გაიუარესოს.
საქმეზე სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 2011 წლის 22 დეკემბრის #477-ე გადაწყვეტილების მეორე თავის 64-ე პუნქტში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა: ,,უნდა აღინიშნოს, რომ კანონის ნეიტრალური ბუნება თავისთავად და ყოველთვის არ გამოდგება იმის უპირობოდ სამტკიცებლად, რომ მისი ნეიტრალობა აბსოლუტურად გამორიცხავს გაუმართლებელ დიფერენციაციას” ამავე გადაწყვეტილების 65-ე პუნქტში აღნიშნულია: კანონის ყველას მიმართ თანაბრად გამოყენება ყოველთვის არ მეტყველებს მის სამართლიანობაზე – ზოგადი და ნეიტრალური კანონი, თუ ის ითვალისწინებს ყველას მიმართ, მათ შორის არათანასწორთა მიმართ თანაბარ მოპყრობას, თავადვე არღვევს თანასწორობის პრინციპს. მაშასადამე, ზოგადი დანიშნულების კანონი შეიძლება არაპირდაპირ დისკრიმინაციული იყოს, რადგან ის ადამიანთა განსაზღვრულ ჯგუფს, დანარჩენებთან შედარებით, აკისრებდეს გაცილებით მძიმე ტვირთს. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია იმის თქმა, რომ prima facie უნდა გამოირიცხოს ზოგადი და ნეიტრალური კანონების შეფასების შესაძლებლობა თანასწორობის უფლებასთან მიმართებით.
სისხლდენით ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი არის ის ტვირთი, რასაც სადავო ნორმა აკისრებს სიმსივნის მეოთხე კლინიკური ჯგუფს მიკუთვნებულ პირებს. მაშინ, როდესაც სიმსივნით დაავადებულ პირთა ერთი ჯგუფისათვის სისხლდენა არ არის საშიში, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირებისათვის, სამედიცინო თვალსაზრისით, ჰისტო/მორფოლოგიური მანიპულაცია შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს. ამგვარად, სიმსივნით დაავადებულ ადამიანთა შორის სადავო ნორმა ახდენს დიფერენცირებას ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით. ზოგადი და ნეიტრალური ნორმა არაპირდაპირ ახდენს იმ ადამიანების დიფერენცირებას, რომელთა ჯანმრთელობისთვისაც სარისკოა სისხლდენა, მაშინ როდესაც შედარებით მსუბუქი სიმსივნის დიაგნოზის მატარებელი ადამიანები არ აწყდებიან აღნიშნულ რისკებს და შეუძლიათ ჰისტო/მორფოლოგიური გამოკვლევის უსაფრთხოდ გავლა.
საქმეზე სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 2011 წლის 22 დეკემბრის #477-ე გადაწყვეტილების მეორე თავის 72-ე პარაგრაფში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,,საკონსტიტუციო სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა გაარკვიოს: ა) სადავო ნორმა ეხება თუ არა არსებითად უთანასწორო პირებს და ბ)ადგენს თუ არა მათ მიმართ თანაბარ მოპყრობას. მხოლოდ ამ საკითხების გარკვევის შემდეგ არის შესაძლებელი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ჰისტო/მორფოლოგიურ გამოკვლევის გავლასთან დაკავშირებით ადამიანები არსებითად უთანასწორო არიან. სიმსივნით დაავადებულთა ერთ ჯგუფს ამ გამოკვლევის გავლა შეუძლია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ყოველგვარი რისკის გარეშე, ხოლო სიმსივნით დაავადებულ მძიმე პაციენტების შემთხვევაში რისკი არსებობს. ამიტომ ეს ორი ჯგუფი განხილული უნდა იყოს არსებითად უთანასწოროდ. ამის მიუხედავად, სადავო ნორმა არსებითად უთანასწორო პირებს ეპყრობა ერთნაირად - ყველა მათგანს ერთნაირ ვალდებულებას აკისრებს - გაიარონ ჰისტო/მორფოლოგიური გამოკვლევა. შესაბამისად, სახეზეა არსებითად არათანასწორი პირების მიმართ თანასწორი, თუმცა, დიფერენცირებული მოპყრობა (ამ შემთხვევაში, არსებითად არათანსწორთა მიმართ თანაბარი მოპყრობა) (2011 წლის 22 დეკემბრის #477-ე გადაწყვეტილების მეორე თავის 74-ე პარაგრაფი).
არაპირდაპირი დიფერენცირება ხდება ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით, რაც არ არის კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული კლასიკური ნიშანი. ამის მიუხედავად დიფერენცირების შემოწმება უნდა მოხდეს მკაცრი შეფასების ტესტით, ვინაიდან ის პირები, რომელთა ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს ჰისტო/მორფოლოგიური ექსპერტიზა მთლიანად არიან გამორიცხულნი მძიმე და განუკურნებელი დაავადების გამო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების უფლების სარგებლობისაგან. ამასთან ასეთ პირებს არა აქვთ შესაძლებლობა, თავი დააღწიონ დიფერენცირებას. ამასთან მხედველობაში უნდა იყოს მიღებული დაცული სფერო -სიცოცხლის უფლება, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მოცემულ შემთხვევაში და არაჰუმანური, ასევე პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის საფრთხე, რაც აბსოლუტურ უფლებას წარმოადგენს. ამ გარემოების გათვალისწინებით საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული დიფერენცირების შეფასებისას უნდა გამოიყენოს მკაცრი ტესტი.
დიფერენცირების ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მსჯავრდებულის დიაგნოზთან დაკავშირებით შეცდომის დაშვების თავიდან აცილება და შედეგად, სერიოზული დანაშაულის ჩამდენი პირის სასჯელისაგან გათავისუფლების თავიდან აცილება. ამით ასეთი პირი კვლავაც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებას. ამიტომ დიაგნოზთან დაკავშირებით შეცდომის თავიდან აცილება წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს.
გარდა ამისა, თანაზომიერების პრინციპი მოითხოვს იმას, რომ გამოყენებული საშუალება იყოს გამოსადეგი, ნაკლებად მზღუდავი და პროპორციული (დაცული იყოს ბალანსი საჯარო და კერძო ინტერესებს შორის). ჰისტო/მორფოლოგიური გამოკვლევის ჩატარების მოთხოვნა აკმაყოფილებს დასაშვებობის (გამოსადეგობის მოთხოვნებს) მოთხოვნას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აღნიშნული გამოკვლევა ინფორმატიულია და ყოველმხრივ ინფორმაციას გვაწვდის სიმსივნის თაობაზე.
მიუხედავად ამისა, აღნიშნული დიფერენცირება არ აკმაყოფილებს თანაზომიერების ტესტის ისეთ მოთხოვნას, როგორიცაა დიფერენცირების ნაკლებად მზღუდავი ხასიათი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ლევან ასათიანი და სხვები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მეორე თავის 36-ე პუნქტში განაცხადა: ,,აუცილებელია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნების მიღწევის აუცილებელ და პირის უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას.“ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არსებობს ჰისტო/მორფოლოგიურ გამოკვლევასთან შედარებით, არსებობს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გამოკვლევის მეთოდი - ციტოლოგიური გამოკვლევა, რითაც მიიღწევა ისეთივე ლეგიტიმური მიზანი - სიმსივნის დიაგნოზთან დაკავშირებით შეცდომის დაშვების თავიდან აცილება - როგორც ეს ჰისტო/მორფოლოგიური გამოკვლევის შემთხვევაში ხდება.
ამგვარად, ჰისტო/მორფოლოგიური გამოკვლევის მოთხოვნა არ არის ნაკლებად მზღუდავი ღონისძიება და შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არ აკმაყოფილებს თანაზომიერების მოთხოვნებს. ამის გამო, სახეზეა არაპირდაპირი დისკრიმინაცია და შესაბამისად, კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევა.
3) კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტი
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში კონტრადა იტალიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-140772) 75-ე პარაგრაფში განაცხადა: იმისათვის, რომ ქმედება მოექცეს კონვენციის მე-3 მუხლით დაცულ სფეროში (წარმოადგენდეს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას), ამ ქმედებამ უნდა მიაღწიოს სიმკაცრის მინიმალურ ზღვარს. ეს უკანასკნელი შეფასებითია და დამოკიდებულია კონკრეტული საქმის გარემოებაზე: მოპყრობის ხანგრძლივობაზე, ფიზიკური და მორალურ შედეგებზე, ზოგჯერ პირის სქესზე, ასაკზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. არასათანადო მოპყრობის თაობაზე ბრალდებები უნდა იყოს დამოწმებული სათანადო მტკიცებულებებით. ამ მტკიცებულების შესაფასებლად ევროპული სასამართლო იყენებს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სტანდარტს. ეს მტკიცება შესაძლოა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას ან გაუქარწყლებელ პრეზუმფციას, რაც ეფუძნება სათანადოდ წონად, ნათელ და შეთანხმებულ მტკიცებულებებს.
ამავე გადაწყვეტილების 76-ე პარაგრაფში ევროპულმა სასამართლომ ასევე განაცხადა: ,,იმისათვის, რომ მოპყრობამ ან სასჯელმა მიაღწიოს არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის ან მოპყრობის დონეს, საჭიროა პირისათვის მიყენებული ტანჯვა და დამცირება გასცდეს ლეგიტიმური სასჯელისათვის თანმდევი დისკომფორტის ფარგლებს.“
პატიმრებთან დაკავშირებით კონვენციის მე-3 მუხლი სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, შეუმქმნას პატიმარს ადამიანური ღირსების შესაბამისი პირობები. იძულებითი ღონისძიების აღსრულებისას ადამიანისათვის დაწესებული შეზღუდვები და სირთულეები არ უნდა სცდებოდეს პატიმრობისათვის გარდაუვლად თანმდევ და ამ ღონისძიებისათვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი ტანჯვის დონეს. პატიმრობის პრაქტიკული მოთხოვნების გათვალისწინებით, სათანადოდ უზრუნველყოფილი უნდა იყოს პატიმრის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, სავალდებულო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ჩათვლით. ამგვარად, პატიმრისათვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოუჩენლობა და ზოგადად, ავადმყოფი ადამიანის ყოფნა პატიმრობის არაადეკვატურ პირობებში, წარმოადგენს კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების 77-ე პუნქტი საქმეზე კონტრადა იტალიის წინააღმდეგ).
რამდენად შეესაბამება პატიმრობა მომჩივანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ საკითხის შესწავლისას სასამართლო მხედველობაში იღებს: ა) პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას ბ) პატიმრისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ხარისხს გ) პატიმრის ჯანმრთელობის გათვალისწინებით რამდენად შესაფერისია პატიმრობის გამოყენება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების 78-ე პუნქტი საქმეზე კონტრადა იტალიის წინააღმდეგ).
კონტრადას საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სწორედ მომჩივანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან პატიმრობის გამოყენების აუცილებლობის საკითხი განიხილა. ამისათვის სასამართლოს უნდა დაედგინა, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით პატიმრობის გამოყენება ხომ არ აღწევდა სიმკაცრის მინიმალურ დონეს. კონტრადა იტალიის წინააღმდეგ საქმეში მომჩივანი, ციხის ექიმის დიაგნოზით დაავადებული იყო ცერებრალური იშემიით, მხედველობითი პათოლოგიით, გულის დაავადებით, დიაბეტით, პროსტატის გადიდებით, უჭმელობასთან დაკავშირებული დეპრესიით (კონტრადა იტალიის წინააღმდეგ გადაწყვეტილების 33-ე პარაგრაფი). სამედიცინო დასკვნით, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შეუთავსებელი იყო პატიმრობა (კონტრადა იტალიის წინააღმდეგ 38-ე პარაგრაფი) .
მომჩივანი პატიმრობის აღსასრულებლად დაწესებულებაში მოათავსეს 2007 წლის 11 მაისს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მომჩივანმა პირველად მიმართა სასამართლოს. ამას თან მოჰყვა 7 დანარჩენი მოთხოვნა. ყველა მოთხოვნა იქნა უარყოფილი. მხოლოდ 2008 წლის 24 ივლისს გაათავისუფლა სასამართლომ მომჩივანი პატიმრობიდან (კონტრადა იტალიის წინააღმდეგ 81-ე პარაგრაფი).
ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ 10 სამედიცინო დასკვნა იქნა შედგენილი როგორც მომჩივანის მიერ მოწვეული ექიმის, ასევე სასჯელაღსრულების იმ დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ, სადაც მომჩივანი იყო მოთავსებული. ეს დოკუმენტები თანმიმდევრულად და არაორაზროვნად მიუთითებდნენ იმაზე, რომ მომჩივანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ამართლებდა პატიმრობის შემდგომ გაგრძელებას (82-ე პარაგრაფი). მომჩივანი პირველი მოთხოვნიდან მხოლოდ 9 თვის შემდეგ იქნა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული (კონტრადა იტალიის წინააღმდეგ 83-ე პარაგრაფი).
ევროპული სასამართლო ასევე მიუთითებს იმას, რომ ხელისუფლების ეროვნული ორგანოების მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივანის მდგომარეობა არ იყო სერიოზულად მძიმე, არ იყო შეუძლებელი ან მნიშვნელოვნად რთული ამ დაავადებები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მკურნალობა, არ ეფუძნებოდა სამედიცინო დასკვნებს (კონტრადა იტალიის წინააღმდეგ 84-ე პარაგრაფი).
ევროპული სასამართლო ადგენს, ხელისუფლების ეროვნული ორგანოების ხელთ არსებული სამედიცინო დასკვნების შინაარსის, მომჩივანის დაკავებიდან გათავისუფლებამდე განვლილი დროის, ასევე ხელისუფლების ეროვნული ორგანოების უარის გათვალისწინებით, მომჩივანის პატიმრობა წარმოადგენდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას (კონტრადა იტალიის წინააღმდეგ 85-ე პარაგრაფი).
აღნიშნული გადაწყვეტილებიდან შეიძლება გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნა: თუკი ადამიანის დაავადება არ ამართლებს მის პატიმრობაში დატოვებას, ამ ღონისძიების გამოყენების შემდგომი გაგრძელება ითვლება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად. ამასთან აღნიშნული გადაწყვეტილებით პატიმრობისათვის შეუთავსებელი დაავადება დადგენილი უნდა იყოს უტყუარი სამედიცინო მტკიცებულებით. საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულია, რომ სიმსივნის მეოთხე კლინიკური ჯგუფი შეუთავსებელია მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის შემდგომ მოხდასთან. ციტოლოგიური გამოკვლევა არის უტყუარი საშუალება, რითაც ადამიანს შესაძლოა დაუდგინდეს სიმსივნის მეოთხე ჯგუფი. სახელმწიფოს მხრიდან ამ მტკიცებულების უგულველყოფა, რის შესაძლებლობასაც იძლევა სადავო ნორმა და სიმსივნის მეოთხე კლინიკური ჯგუფით დაავადებული პირის პატიმრობის შემდგომი გაგრძელება, წარმოადგენს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. შესაბამისად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა