საქართველოს მოქალაქე ტარიელ ფოცხვერია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/15/691 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 23 დეკემბერი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ტარიელ ფოცხვერია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევებით (C00-C97, D00-D09)” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენლები - გიორგი გოცირიძე, მერაბ ჩიქოვანი და გაგი მოსიაშვილი; მოპასუხის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები - ირაკლი გვასალია, ალექსანდრე თორია და ეკატერინე ადამია; მოწმეები - ექიმი სპეციალისტი მაია ნიკოლეიშვილი და მოსარჩელის პირადი ექიმი, კოტე მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ფორაკალური ქირურგი, ონკოლოგი ლევან ბახტაძე; ექსპერტები - მედიცინის დოქტორი, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი, ონკოლოგი, ექიმთა ასოციაციის აჭარის რეგიონალური თავმჯდომარე, აჭარის ეკოცენტრის დირექტორის მოადგილე მემედ ჯინჭარაძე და საქართველოს ონკოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი რევაზ გაგუა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №691) მომართა საქართველოს მოქალაქე ტარიელ ფოცხვერიამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 17 ნოემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2015 წლის 24 ნოემბერსა და 21 დეკემბერს.
2. №691 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანების მე-2 მუხლი ითვალისწინებს იმ ავთვისებიან სიმსივნეთა ჩამონათვალს, რომელიც წარმოადგენს სასჯელისაგან გათავისუფლების საფუძველს. ხსენებული ბრძანების პირველი პუნქტის სადავო სიტყვები ადგენენ, რომ ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნე, IV კლინიკური ჯგუფით განსაზღვრული კატეგორია, წარმოადგენს ამგვარ საფუძველს, თუ ის დადასტურებულია ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევებით (C00-C97, D00-D09).
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი თანასწორობის საყოველთაო პრინციპს განამტკიცებს. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“, ხოლო რაც შეეხება ამავე მუხლის მე-2 პუნქტს, მის საფუძველზე დაუშვებლად არის გამოცხადებული ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე ტარიელ ფოცხვერიას დაუდგინდა ხორხის კიბოს მესამე სტადია, მეოთხე კლინიკური ჯგუფით. ამასთან, დაავადებამ განიცადა პროგრესირება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისთვის ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის ჩატარება, რომელიც მაღალ რისკფაქტორებთან არის დაკავშირებული, თუმცა დიაგნოზი დადგენილია ციტოლოგიური კვლევის შედეგად შედგენილი დასკვნის საფუძველზე, რაც სადავო ნორმის თანახმად, არ არის საკმარისი სასჯელისაგან გათავისუფლების მოთხოვნისათვის.
6. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო რეგულაცია დისკრიმინაციულია იმ ავადმყოფი პატიმრების მიმართ, რომლებსაც მათი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო შეუძლებელია ჩაუტარდეთ ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა და კანონმდებლობის ამგვარი იმპერატიული მოთხოვნის შემთხვევაში არსებობს პაციენტის დაღუპვის საფრთხე.
7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა მოითხოვს სიმსივნის არა მხოლოდ პირველადი კერა, არამედ მეტასტაზის ბუნებაც იქნეს დადასტურებული ჰისტომორფოლოგიურად. აღნიშნულის არგუმენტად მითითებულია საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ამ პროცესში წარმოდგენილი მოპასუხე მხარის პოზიცია, სადაც, მოსარჩელის მტკიცებით, კომისიის უარის საფუძველი სწორედ მეტასტაზის ჰისტომორფოლოგიურად ვერიფიცირების არარსებობა გახდა. ამასთან, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ არსებობს გაცილებით ნაკლებად მტკივნეული საშუალებით, კერძოდ, ციტოლოგიური გამოკვლევით ავთვისებიანი სიმსივნის არსებობის, ასევე მისი მეტასტაზის დადასტურების შესაძლებლობა. გარდა ამისა, სიმსივნის მეოთხე კლინიკური ჯგუფის დასადგენად სავსებით საკმარისია, მათ შორის, ციტოლოგიური გამოკვლევა.
8. მოსარჩელე მხარე აპელირებს სადავო ნორმის სიტყვასიტყვით განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, მასში საუბარია ზოგადად ნებისმიერი ლოკაციის ავთვისებიან სიმსივნეზე და აქ ვერ ვხვდებით ისეთ დაყოფას, როგორიც არის პირველადი და მეორადი, ანუ მეტასტაზური სიმსივნე. აღნიშნულზე დაყრდნობით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ როგორც ძირითადი სიმსივნის, ისე მეტასტაზის დადგენას სადავო ნორმა იმპერატიულად, მხოლოდ ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევით ითვალისწინებს. ამ წესიდან კი არანაირ გამონაკლისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სადავო ბრძანება არ ითვალისწინებს.
9. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა, თავისი შინაარსით ნეიტრალური ხასიათის მატარებელია და მის ნებისმიერ ადრესატს თანაბარ მოთხოვნას უყენებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ის მნიშვნელოვან ტვირთს აკისრებს საზოგადოების იმ ჯგუფს, რომელთაც საკუთარი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ ჩაიტარონ ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით სარგებლობისათვის ერთადერთ გზას წარმოადგენს აღნიშნული გამოკვლევის ჩატარება, რაც მის თანმდევ შედეგებთან, კერძოდ, სისხლდენასა და სხვა სამედიცინო ჩვენებებთან არის დაკავშირებული, რაც საბოლოოდ შესაძლოა ლეტალურ შედეგში აისახოს.
10. მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმა იდენტურ მოთხოვნას უწესებს არსებითად არათანასწორ პირთა ჯგუფს, ერთი მხრივ, იმ ავადმყოფ პატიმართა სახით, რომელთაც სრულიად უსაფრთხოდ შეუძლიათ ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის ჩატარება, ხოლო, მეორე მხრივ, იმ პატიმრებს, რომელთათვისაც ასეთი პროცედურა მაღალ რისკთან არის დაკავშირებული. დიფერენცირებას კი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშანი უდევს საფუძვლად.
11. მოსარჩელე მიუთითებს, რომ, მართალია დიფერენცირებას საფუძვლად არ უდევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული კლასიკური ნიშანი, თუმცა სახეზეა მაღალი ინტენსივობით თანასწორობის უფლებაში ჩარევა, ვინაიდან მოსარჩელის კატეგორიის პირები სრულიად არიან გამორიცხული სადავო ნორმის მოქმედების სფეროდან, ამასთან, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, თავი დააღწიონ დიფერენცირებას. ინტენსივობის შეფასებისას, მოსარჩელის აზრით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ასევე ის გარემოება, რომ საქმე ეხება სიცოცხლისა და ღირსების უფლებებს, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მკაცრი შეფასების ტესტით.
12. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის, სასჯელისაგან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას შეცდომის თავიდან აცილებისათვის ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას, ვინაიდან ციტოლოგიური კვლევა, ჰისტომორფოლოგიურ გამოკვლევასთან შედარებით, გაცილებით ნაკლები ზიანის მომტანია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ამასთან, სიმსივნის დიაგნოზის დადგენისას მისი მონაცემები უტყუარია.
13. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილ დიფერენცირებას არ გააჩნია კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება და ის ცნობილი უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად.
14. მოსარჩელე მხარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ადამიანის პატიმრობაში დატოვება მაშინ, როდესაც ეს გაუმართლებელია მისი დაავადებიდან გამომდინარე, განიხილება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად. ამასთან, პატიმრობისთვის შეუთავსებელი დაავადება უნდა დგინდებოდეს უტყუარი სამედიცინო მტკიცებულებით.
15. მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა სიმსივნის მეოთხე კლინიკურ ჯგუფს მიიჩნევს პატიმრობისთვის შეუთავსებელ დაავადებად. ამასთან, ციტოლოგიური დასკვნა წარმოადგენს უტყუარ საშუალებას სიმსივნის აღნიშნული ჯგუფის დასადასტურებლად, რომლის უგულებელყოფის შესაძლებლობასაც იძლევა სადავო ნორმა.
16. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის ჩატარება დაამძიმებს მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მისთვის ამგვარი მოთხოვნის დაწესება ეწინააღმდეგება ღირსების უფლებას. გარდა ამისა, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მას დაკარგული აქვს მეტყველების უნარი, არ შეუძლია სრულყოფილი კომუნიკაციის დამყარება საზოგადოებასთან, იმყოფება მუდმივად წოლით რეჟიმზე, ხოლო ამგვარ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, თავისუფლებაშიც კი შეუძლებელია იყოს საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველი. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილ შეზღუდვას ვერ გაამართლებს ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანი.
17. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები „ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევებით (C00-C97, D00-D09)” ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
18. მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისთვის აზრი დაკარგოს აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამ.
19. მოსარჩელის განმარტებით, შეუძლებელია ფოცხვერიამ შეძლოს ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის ჩატარება, შესაბამისად, თუკი არ მოხდება სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ის დარჩება პატიმრობაში, რა დროსაც შესაძლოა ლეტალური შედეგიც კი დადგეს და საბოლოოდ შედეგი არ დადგება მის მიმართ.
20. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიმოიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
21. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს დაკმაყოფილებული აქვს სადავო ნორმით დადგენილი მოთხოვნა, კერძოდ, მას ძირითადი დაავადება ვერიფიცირებული აქვს ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევით, ხოლო მეოთხე კლინიკური ჯგუფი განსაზღვრული. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, კომისიის მიერ მიღებული უარყოფითი დასკვნა მოსარჩელის სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ, ეფუძნებოდა არა იმ გარემოებას, რომ სიმსივნის არსებობა არ იყო დადასტურებული ჰისტოლოგიური გამოკვლევით, არამედ მათთვის საეჭვო გარემოებას წარმოადგენდა პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა. გარდა ამისა, კომისიის მიერ მიღებული პირველი უარყოფითი დასკვნის საფუძველს წარმოადგენდა ის, რომ მეტასტაზთან დაკავშირებით არ იყო ჩატარებული არანაირი გამოკვლევა. მოპასუხის არგუმენტაციით, მიზანშეწონილი და სასურველია, თუკი მათ შორის მეტასტაზის წარმომავლობაც იქნება აღნიშნული მეთოდოლოგიით დადასტურებული, თუმცა მას სავალდებულოდ არ მოითხოვს სადავო ნორმა.
22. მოპასუხის მტკიცებით, სადავო ნორმა იმპერატიულად ჰისტოლოგიური გამოკვლევის ჩატარებას მოითხოვს მხოლოდ პირველად სიმსივნესთან მიმართებით, მისი პირველადი კერისა და ლოკალიზაციის ვერიფიკაციის მიზნით, თუმცა ამგვარი გამოკვლევის აუცილებლობას არ ადგენს მეტასტაზებთან მიმართებით, ვინაიდან მეოთხე კლინიკური ჯგუფის დადგენა არ ხდება ჰისტომორფოლოგიურად, არამედ მის შესახებ გადაწყვეტილებას სხვადასხვა დაავადებისათვის იღებს შესაფერისი ექიმების ჯგუფი, პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
23. მოპასუხე მიუთითებს, რომ კომისიის გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და სადავო ნორმის მოპასუხის მიერ წარმოდგენილი განმარტებისაგან სხვაგვარი ინტერპრეტაციით წაკითხვის შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს, გაასაჩივროს ის საქალაქო სასამართლოში.
24. მოპასუხის აზრით, სადავო ნორმა არ ზღუდავს მისი ადრესატების უფლებას, არამედ ის წარმოადგენს აღმჭურველ ნორმას, რომელიც კონკრეტული მისით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასჯელისაგან გათავისუფლების საფუძველს ადგენს.
25. ამასთან, მოპასუხე დამატებით განმარტავს, რომ სადავო ნორმაში მითითებული კოდები (C00-C97, D00-D09) წარმოადგენს სამედიცინო კლასიფიკატორებს, რომლებიც განსაზღვრულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ და ამგვარი კოდი აქვს მინიჭებული თითოეული სიმსივნის სახეობას, თუმცა აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის მოცემული მეტასტაზები, ვინაიდან დამოუკიდებლად მეტასტაზი არ წარმოადგენს სიმსივნეს და მას პირველად კერასთან ერთად ენიჭება ასეთი სტატუსი.
26. მოპასუხისთვის გაუგებარია ის შესადარებელი ჯგუფები, რომელთა მიმართაც, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმით დადგენილია დიფერენცირებული მიდგომა, ვინაიდან შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციით დგინდება, რომ მოსარჩელეს 2013 წელს ჩატარებული აქვს ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა. შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
27. მოპასუხის განმარტებით, განსახილველ საქმეში ადგილი არ აქვს მოსარჩელის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ის ითვლება თავისუფლებააღკვეთილ პირად, ის მოთავსებულია სამოქალაქო კლინიკაში, სარგებლობს ყველა იმ სამედიცინო მომსახურებით, რაც ნებისმიერი ადამიანისათვის არის გათვალისწინებული და იღებს ნებისმიერ მედიკამენტს, რომელიც ესაჭიროება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ამასთან, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ექმნება მისი პატიმრობაში ყოფნის გამო, შესაბამისად მიიჩნევს, რომ სადავო ნორმას არ გააჩნია მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან.
28. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ კონკრეტული სტადია დაავადების სტადიას აღნიშნავს, ხოლო კლინიკური ჯგუფი თავად ამ სტადიის გავრცელებას ასახავს. ეს ჯგუფი არის უმაღლესი კლინიკური ჯგუფი, როდესაც პაციენტი ინკურაბელურ მდგომარეობაში გადადის, რაც გულისხმობს პაციენტის უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამ დროს მისთვის ხდება სამედიცინო მომსახურების გაწევა მხოლოდ პალიატიური მკურნალობის სახით, რაც გულისხმობს არა ძირითადი დაავადების, არამედ სიმპტომურ მკურნალობას. მოპასუხის მტკიცებით, ამ მდგომარეობაში მყოფი პირების სიცოცხლის მაქსიმალურ ხანგრძლივობას 8 თვე შეადგენს. თუმცა მოპასუხისათვის ეჭვს იწვევს მოსარჩელის მიმართ დასმული დიაგნოზი, ვინაიდან მეოთხე კლინიკური ჯგუფი, ტარიელ ფოცხვერიას განესაზღვრა 2013 წლის დასკვნის საფუძველზე და სამედიცინო თვალსაზრისით შეუძლებელია, ასეთი დიაგნოზით პაციენტი 3 წლამდე იყოს ცოცხალი.
29. მოპასუხე მხარის მტკიცებით, ჰისტომორფოლოგია და ციტოლოგია ვერ განიხილება ერთმანეთის ჩამნაცვლებელ გამოკვლევებად, ვინაიდან ციტოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე ვერ დგინდება, თუ საიდან მომდინარეობს კონკრეტული მეტასტაზი. ეს პროცედურა გულისხმობს სიმსივნური წარმონაქმნის უჯრედულ შესწავლას, რაც ვერ იძლევა სრულყოფილ სურათს პაციენტის ჯანმრთელობის სიმძიმესთან დაკავშირებით. მისი არსებობის შემთხვევაში მაღალია შეცდომის რისკი, მაშინ როდესაც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის ამოცანას მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლება წარმოადგენს, ციტოლოგიური გამოკვლევით დადგენილი დიაგნოზი ვერ ჩაითვლება სარწმუნო ინფორმაციად.
30. საპირისპიროდ, ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა, მოპასუხის განმარტებით, ონკოლოგიის შემთხვევაში ადგენს დაავადების მანიფესტაციის სურათს, კერძოდ, რამდენად გართულდა მდგომარეობა, რამდენად ჩაიზარდა მეზობელ ქსოვილებში ან გავრცელება პოვა დაავადებამ. ასეთი კვლევა იძლევა უტყუარ სურათს დაავადების მიმდინარეობის და ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
31. მოპასუხის განმარტებით, სადავო ნორმით დადგენილი შესაძლებლობა არ არის ერთადერთი გზა სასჯელისაგან გათავისუფლებისათვის და ავადმყოფ პატიმარს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სასჯელის გადავადების მოთხოვნით, ასევე პრეზიდენტს მიმართოს შეწყალების თხოვნით. კონკრეტულ მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემთხვევაში მას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლებით. არც ერთი დასახელებული მექანიზმისათვის კი სავალდებულო არ არის ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის ჩატარება.
32. მოპასუხე მხარის აზრით, პირმა შესაძლოა ჩაიდინოს ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც ჯანმრთელობის თუნდაც ძალიან მძიმე მდგომარეობა ვერ გახდება დამაბრკოლებელი გარემოება. ის მიუთითებს ფაქტზე, რომ თავად მოსარჩელემ, მას შემდეგ, რაც მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ხორხის ოპერაციაც გაიკეთა, 2013 წელს ჩაიდინა ახალი დანაშაული, რის გამოც პასუხისგებაში იქნა მიცემული. მოპასუხე განმარტავს, რომ მძიმე დაავადების არსებობის საფუძვლით პირის სასჯელისაგან გათავისუფლების საკითხის განხილვისას კომისია მსჯელობს აგრეთვე მიზანშეწონილობის საკითხზე, რა დროსაც დასახელებულ საფრთხეებს ითვალისწინებს.
33. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შემთხვევის განხილვისას მოპასუხე მიმოიხილავს საფრთხეებს და აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში კომისიას მოუწევს იმსჯელოს ავადმყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი სასჯელისგან გათავისუფლების მიზანშეწონილობის საკითხზე ისე, რომ არ ექნება უტყუარი სამედიცინო დოკუმენტაცია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს მის საქმიანობას.
34. ამასთან, მოპასუხის პოზიციით, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებაც კი ვერ გახდება მოსარჩელის სასჯელისაგან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის უტყუარად დადგენის შემთხვევაშიც კი კომისია, როგორც აღინიშნა, განიხილავს შესაბამისი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას და შესაბამისი დასკვნის გარეშე ვერ მოხდება პირის გათავისუფლება.
35. საქმეზე მოწმედ მოწვეულმა მაია ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რომ ტარიელ ფოცხვერიას შემთხვევაში მეტასტაზურ უჯრედებთან დაკავშირებით ტექნიკურად ვერ მოხერხდა ბიოფსიის ჩატარება მისი ძალიან ღრმა ლოკალიზაციის გამო, რაც სიცოცხლისთვის უზარმაზარი რისკის შემცველი იქნებოდა.
36. მოწმის განმარტებით, ჰისტოლოგიური კვლევა წარმოადგენს უძველეს მეთოდს, რომელიც მე-20 საუკუნიდან დაიწყო, თუმცა დროთა განმავლობაში შემოვიდა აგრეთვე ციტოლოგიური ბიოფსია, რომელიც ნაკლებად მტკივნეული და ტრავმულია. ეს არის ძალიან კარგი სადიაგნოსტიკო საშუალება, როდესაც საჭიროა განისაზღვროს მკურნალობის სტატისტიკა.
37. მოწმის განმარტებით, ციტოლოგიური კვლევისთვის ხდება ორგანიზმის შედარებით მცირე ქსოვილის აღება, სადაც შესაძლოა არ მოხვდეს კიბოს უჯრედი, რაც, თავისთავად, არ გულისხმობს, რომ ადამიანს არ აქვს კიბო, თუმცა თუკი ამგვარი უჯრედი აღებული ქსოვილის ნიმუშში მოხვდება, აქ ციტოლოგიური კვლევა უტყუარია და ჰისტოლოგიური გამოკვლევა ახალს, მისგან განსხვავებულს ვერაფერს დაადგენს.
38. მოწმის აზრით, კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად არ ესაჭიროება სადავო ნორმით მოთხოვნილი გამოკვლევა, ვინაიდან საკუთარი დებულება მათ დამატებითი გამოკვლევების ჩატარების უფლებას ანიჭებს საქმის გარემოებათა და ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამორკვევის მიზნით. თუმცა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არც ერთი უფლებამოსილი პირი არ დაინტერესებულა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში და პირადად არ მოუნახულებია ტარიელ ფოცხვერია.
39. მოწმე საუბრობს იმ ფიზიკურ დაუძლურებაზე, რომელიც აღენიშნება მოსარჩელეს და განმარტავს, რომ, მიუხედავად მისი უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მას არ აქვს შეზღუდული გონება და შენარჩუნებული აქვს ინტელექტი.
40. მოწმემ პალიატიურ პაციენტებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მედიცინაში ამ პირთათვის არ არის დადგენილი ერთიანი სტანდარტი შესაძლო სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით და მას ინდივიდუალური ხასიათი გააჩნია.
41. საქმეზე ექსპერტად მოწვეულ იქნა მედიცინის დოქტორი, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტ-ონკოლოგი, ექიმთა ასოციაციის აჭარის რეგიონალური თავმჯდომარე, აჭარის ეკოცენტრის დირექტორის მოადგილე მემედ ჯინჭარაძე. ექსპერტის განმარტებით, მორფოლოგიური კვლევის შემადგენელი ნაწილია ციტოლოგიური კვლევა, რომელიც გაცილებით მარტივ მეთოდს წარმოადგენს, თუმცა მისი ცდომილება სხვადასხვა მონაცემებით 20-30%-ს შეადგენს. რაც შეეხება ჰისტომორფოლოგიურ კვლევას, ის შედარებით ზუსტ კვლევად არის მიჩნეული, რომლის ცდომილებაც 10-15%-ს შეადგენს. მისი უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ ამ კვლევისთვის აღებული მასალა შესაძლოა შემოწმდეს, გადამოწმდეს, ასევე გამოყენებულ იქნეს კიდევ უფრო ზუსტი, იმუნოჰისტოლოგიური კვლევისთვის.
42. ექსპერტის თქმით, არც ერთ დიაგნოსტიკურ გამოკვლევას არ აქვს 100%-ანი სანდოობა, თუმცა განსახილველ სფეროში ჰისტომორფოლოგიური დასკვნის არსებობის შემთხვევაში მეტად დეტალური კვლევის საჭიროება აღარ წარმოიშვება.
43. ექსპერტი აღნიშნავს, რომ სამედიცინო სფეროში, არც ერთი დოკუმენტი არ გულისხმობს სიმსივნის დიაგნოზის ციტოლოგიური კვლევით დადასტურებას. მათ შორის, თანამედროვე გაიდლაინები ამ საკითხთან დაკავშირებით, გულისხმობს დიაგნოზის სწორედ ჰისტომორფოლოგიური კვლევის საფუძველზე დადასტურებას. ამასთან, ფილტვის კიბოსთან დაკავშირებით ექსპერტი განმარტავს, რომ ქიმიო-თერაპევტები არ იწყებენ მკურნალობას, თუ არ აქვთ ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის შედეგები.
44. ექსპერტი დამატებით მიუთითებს, რომ მათ შორის სადაზღვევო კომპანიები არ ახდენენ სიმსივნესთან დაკავშირებული მკურნალობის დაფინანსებას, თუკი დიაგნოზი არ არის დასმული ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე.
45. ექსპერტის თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ხერხდება ორგანიზმიდან ჰისტომორფოლოგიური კვლევისათვის მასალის აღება, რა დროსაც ხელმძღვანელობა ხდება ციტოლოგიური კვლევის საფუძველზე.
46. ექსპერტი აღნიშნავს, რომ მეოთხე კლინიკური ჯგუფის პაციენტმა შესაძლოა წლები იცოცხლოს, თუმცა ამ ჯგუფში კიდევ გამოიყოფა პალიატიური პაციენტები, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობაც 6 თვემდე ვადით არის შეზღუდული.
47. საქმეზე მოწმედ მოწვეულ იქნა მოსარჩელის პირადი ექიმი, ლევან ბახტაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მეოთხე კლინიკური ჯგუფი განმარტავს პაციენტის საერთო მდგომარეობას, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ უტარდება სპეციფიკური მკურნალობა. აღნიშნული ნიშნავს, რომ პაციენტი ინკურაბელურია, შესაბამისად, მისი განკურნება შეუძლებელი.
48. მოწმემ პალიატიურ პაციენტებთან მიმართებით აღნიშნა, რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა თავად ორგანიზმზეა დამოკიდებული, რამდენად იძლევა ის სიმსივნურ უჯრედთა სწრაფად ზრდის შესაძლებლობას და მის პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც ასეთი დიაგნოზით პაციენტს 2 და 3 წელი უცოცხლია.
49. მოწმემ აღნიშნა, რომ ჰისტომორფოლოგიური და ციტოლოგიური კვლევების ჩატარების შემთხვევაში, მათი პასუხები არ იქნება განსხვავებული და იდენტურ შედეგებს აჩვენებს. ამასთან, იმ მეთოდების გათვალისწინებით, რომლითაც მუშავდება ციტოლოგიური კვლევის მასალა, დასახელებულ ორ კვლევას შორის ცდომილების ალბათობა იდენტურია. თუკი ციტოლოგიური კვლევა დაადგენს, რომ არსებობს სიმსივნური უჯრედი, ეს შედეგი აუცილებლად იდენტური იქნება ჰისტომორფოლოგიური კვლევის ჩატარების შემდგომაც.
50. მოწმის განმარტებით, იმისათვის, რომ პაციენტი მიკუთვნებულ იქნეს ნებისმიერი სტადიის სიმსივნის მეოთხე კლინიკურ ჯგუფს, აუცილებელი და საჭირო არ არის ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის ჩატარება.
51. მოწმე სადავო ნორმასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მასში საუბარი უნდა იყოს პირველად დაავადებაზე, როდესაც არანაირი მკურნალობა პირს არ ჩატარებია და პირველად არის აუცილებელი 100%-ით დადგენა იმ დიაგნოზის, რაც ნორმაშია გადმოცემული.ამ მიზნებისათვის მოწმე სრულიად ლოგიკურად მიიჩნევს ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის მოთხოვნის სავალდებულოობას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება მართლმსაჯულების ინტერესებს. თუმცა, მისი აზრით, ჰისტომორფოლოგიური კვლევით დადასტურება არ უნდა ეხებოდეს ისეთ კატეგორიას პირებისა, რომელთა მიმართაც უკვე ჩატარებულია ყველა სახის მკურნალობა, ამოწურულია რესურსები და პაციენტი პროგრესირებს, ვინაიდან ამ შემთხვევაში, თუნდაც ჰისტომორფოლოგიური კვლევა, არაფრისმომცემი იქნება. აღწერილი ვითარების არსებობისას, მოწმე ვერც ციტოლოგიური გამოკვლევის საჭიროებას ხედავს.
52. საქმეზე ექსპერტად მოწვეულ იქნა საქართველოს ონკოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, ონკოლოგიის კლინიკის დირექტორი პროფესორი რევაზ გაგუა. ექსპერტმა აღნიშნა, რომ ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა ჭეშმარიტია მაშინ, როდესაც ის მორფოლოგიურად არის ვერიფიცირებული, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახის, მათ შორის ჰისტოლოგიურ, ციტოლოგიურ და სხვა სახის გამოკვლევებს. მათგან ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა წარმოადგენს ყველაზე სრულყოფილ, ობიექტურ, ზუსტ კვლევას, რომლის სანდოობა სხვადასხვა ავტორთა შეფასებით 85%-ს, 90%-ს, ხოლო ზოგიერთი ავტორის შეფასებით 100%-საც კი აღწევს.
53. ექსპერტი განმარტავს, რომ სადავო ნორმის შემუშავებისას კონკრეტულ შემთხვევაში იდგა ავთვისებიანი სიმსივნის მაქსიმალურად ზუსტი გამოკვლევით დადასტურების საჭიროება, ხოლო ასეთად მიჩნეულ იქნა სწორედ ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა.
54. ექსპერტის აღნიშვნით, სიმსივნეს გააჩნია 4 სტადია, რომელთაგან თითოეულს გააჩნია კლინიკური ჯგუფი. მათგან მეოთხე კლინიკური ჯგუფი გულისხმობს პაციენტის იმგვარ მდგომარეობას, როდესაც მის მიმართ ამოწურულია ყველანაირი ონკოლოგიური მკურნალობის მეთოდების განხორციელების შესაძლებლობა და იგი იმყოფება ინკურაბელურ მდგომარეობაში. შესაძლოა, დიაგნოზით ადამიანს ჰქონდეს პირველი სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მისი თანმხლები დაავადებები არ იძლევა რაიმე სახის ონკოლოგიური მეთოდებით მკურნალობის შესაძლებლობას, ის გადაყვანილ იქნეს მეოთხე კლინიკურ ჯგუფში. პაციენტისთვის ამ ჯგუფის განსაზღვრისათვის არ არის დადგენილი რაიმე კონკრეტული კრიტერიუმები, არსებობს სამეცნიერო სახელმძღვანელო და გადაწყვეტილება შესაბამისი სფეროს სპეციალისტების მიერ მიიღება იქიდან გამომდინარე, რომ პირის მიმართ აღარ ხორციელდება ონკოლოგიური მკურნალობის მეთოდების გამოყენება. ამ ეტაპზე პაციენტისთვის დარჩენილი სიცოცხლის ხანგრძლივობა არ არის კონკრეტული ვადით შეზღუდული და შესაძლოა 2-3 წელს, ზოგიერთ შემთხვევაში კი 30 წელსაც აღწევდეს.
55. ექსპერტი განმარტავს, რომ პრაქტიკაში, როდესაც საქმე არ ეხება მსჯავრდებულს, შესაძლოა შესაბამის სპეციალისტთა მიერ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ავთვისებიანი დიაგნოზის დასმის შესახებ ჰისტომორფოლოგიური თუ ციტოლოგიური გამოკვლევის გარეშეც. ამასთან, ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის აუცილებლობა დგას სიმსივნის პირველადი დადგენისას და მეტასტაზებთან დაკავშირებით სრულიად საკმარისია ციტოლოგიური გამოკვლევა. ექსპერტის მოსაზრებით, ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია დიაგნოზის დასმა და სიმსივნის ვერიფიცირება სწორედ ჰისტოლოგიურად გამოკვლეური მეთოდებით, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ამგვარი პროცედურების ჩატარება პაციენტის სიცოცხლისათვის მაღალი რისკის შემცველია, რა დროსაც ექიმები მიმართავენ სხვა სახის გამოკვლევებით სიმსივნის დადასტურებისთვის არსებულ მეთოდებს.
56. ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმაში ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევით დიაგნოზის დასმა მიემართება მხოლოდ ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნის ვერიფიცირებას და ის არ გულისხმობს, რომ მეტასტაზიც მათ შორის უნდა იქნეს დადასტურებული ჰისტოლოგიურად. ამასთან, თავად კლინიკური ჯგუფის განსაზღვრასთან ჰისტომორფოლოგიურ გამოკვლევას კავშირი არ აქვს და მისი საშუალებით დგინდება სიმსივნის პირველადი კერა.
57. გარდა აღნიშნულისა, ექსპერტმა მოსარჩელის სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შემდგომ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ტარიელ ფოცხვერიას ავთვისებიანი სიმსივნის ძირითადი კერა და ლოკალიზაცია დადასტურებული აქვს ჰისტომორფოლოგიურად, აგრეთვე, მასთან დადგენილია დაავადების მეოთხე კლინიკური ჯგუფი. მისი განმარტებით, ძირითადი დაავადება, კერძოდ, ხორხის კიბო რომ არ ყოფილიყო დადასტურებული ჰისტომორფოლოგიურად, კომისია სავალდებულოდ მოითხოვდა ამგვარ გამოკვლევას, თუმცა მხოლოდ მეტასტაზის ვერიფიკაციისთვის ეს არ არის სავალდებულო.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისთვის იგი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
2. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. კანონის აღნიშნული დებულება „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში ”actio popularis” შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის N2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). აღნიშნულიდან გამომდინარე, პირს აქვს შესაძლებლობა, იდავოს მხოლოდ უშუალოდ საკუთარი უფლებების დარღვევაზე და არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის „...მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური” (საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2007 წლის 1 მარტის #1/1/413 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ირაკლი ყანდაშვილი და კომანდიტური საზოგადოება „ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
3. „იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანება განსაზღვრავს დაავადებათა ჩამონათვალს, რომლის არსებობის შემთხვევაშიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომში კომისია), მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ. აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხსენებული ტიპის დაავადებას განეკუთვნება „ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნე IV კლინიკური ჯგუფით განსაზღვრული კატეგორია, დადასტურებული ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევებით (C00-C97, D00-D09)“.
4. მოსარჩელე სადავო სიტყვების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ავთვისებიანი სიმსივნის ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევებით დადასტურების ვალდებულება ართმევს მას შესაძლებლობას, ავადმყოფობის გამო გათავისუფლდეს სასჯელისაგან. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ 2009 წელს ტარიელ ფოცხვერიას დაუდგინდა ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელზეც 2010 წელს ჩატარდა მკურნალობა და მისი ავთვისებიანი ხასიათი დადასტურდა ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევით. თუმცა დღეის მდგომარეობით, ჰისტომორფოლოგიურად არ არის დადასტურებული ფილტვში არსებული მეტასტაზის ავთვისებიანობა, შესაბამისად, სადავო სიტყვების გამო, ტარიელ ფოცხვერიას დაავადება არ მიეკუთვნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიას.
5. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამგვარად დაყენება უკავშირდება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. ზემოთ ხსენებული მინისტრის ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ორ მოთხოვნას, რომელსაც მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა აკმაყოფილებდეს. სახეზე უნდა იყოს ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევებით დადგენილი დაავადება (ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნე) და ამავე დროს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა მიეკუთვნებოდეს მე-4 კლინიკურ ჯგუფს. სადავო ნორმა არ ადგენს, რომ პაციენტს უნდა ჰქონდეს ხსენებული დაავადების რამდენიმე შემთხვევა ლოკალიზებული სხეულის სხვადასხვა ადგილას ან/და სხვადასხვა ორგანოში. ნორმაში ასევე არ უთითებს, რომ ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევით დადასტურება ერთზე მეტჯერ უნდა განხორციელდეს, ერთხელ გაკეთებული ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა განახლებას საჭიროებს გარკვეული დროის შემდეგ ან/და გარდა ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნის არსებობისა, პაციენტისათვის არსებული სხვა რომელიმე დაავადება უნდა დადგინდეს ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით მოითხოვება, რომ არსებობდეს ჰისტომორფოლოგიურად დადასტურებული ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნის არსებობის ფაქტი და ამავე დროს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მიეკუთვნებოდეს მე-4 კლინიკურ ჯგუფს.
6. სადავო ნორმას მოსარჩელის მიმართ შემზღუდველი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს ჰისტომორფოლოგიურად დადასტურებული ავთვისებიანი სიმსივნე და, შესაბამისად, ნორმის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ასეთი გამოკვლევის აუცილებლობა არსებობს. საქმეში წარმოდგენილი შპს „უჯრედული ტექნოლოგიებისა და თერაპიის ცენტის“ კლინიკური კონსილიუმის დასკვნაში მითითებულია, რომ „პაციენტს დიაგნოზით ხორხის ბრტყელუჯრედოვანი დაბალდიფერენცირებული კარცინომა, III სტადია pT3NLM0 მეტასტაზებით კისრის ლიმფურ კვანძებში მარჯვნივ, კომბინირებული მკურნალობის შემდგომი პერიოდი (2010 წ) საკონტროლო პროფ/გამოკვლევის შედეგად (2014.04) გამოვლენილი აქვს დაავადების პროგრესირება, მარჯვენა ფილტვის მეტასტაზური დაზიანება“. აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მოსარჩელის დაავადებას წარმოადგენს ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე (ბრტყელუჯრედოვანი დაბალდიფერენცირებული კარცინობა), ხოლო ფილტვში არსებული მეტასტაზები წარმოადგენს არა ცალკე დავადებას, არამედ ხორხის ავთვისებიანი სიმსივნის პროგრესირების შედეგს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტარიელ ფოცხვერიას 2010 წელს ნამკურნალები დაავადება - ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე ისევ სახეზეა და განაგრძობს პროგრესირებას. აღნიშნულს ადასტურებს როგორც მოსარჩელე, ასევე საქმეზე დაკითხული მოწმები და ექსპერტები, ამ ფაქტს არ უარყოფს არც მოპასუხე.
7. ამავე დროს ტარიელ ფოცხვერიასათვის ხორხის ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა დადგენილია ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევებით. აღნიშნული ფაქტი დგინდება საქმეში წარმოდგენილი შპს „უჯრედული ტექნოლოგიებისა და თერაპიის ცენტრის“ კლინიკური კონსილიუმის 2014 წლის 25 აპრილის N2111.13 დასკვნით, რომელშიც მითითებულია N1740-42 ჰისტომორფოლოგიური დასკვნის არსებობის შესახებ. ამავე დროს, აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ როგორც საქმის განხილვის მონაწილე მხარეები, ასევე მოწმეები და ექსპერტები. მაგალითად, ექსპერტმა რევაზ გაგუამ მიუთითა, რომ პაციენტს აქვს ჰისტომორფოლოგიურად ვერიფიცირებული ძირითადი დიაგნოზი ხორხის კიბო. მოწმე მაია ნიკოლეიშვილმა განმარტა, რომ პაციენტს ჩატარებული აქვს ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა, რომლითაც დადგინდა ხორხის კიბოს არსებობა, ამასთან, მოწმე ლევან ბახტაძის მითითებით, „2009 წელს პაციენტს მორფოლოგიურად აქვს დიაგნოზი ხორხის კიბო". გარდა ამისა, მოწმე ლევან ბახტაძის განმარტებით, 2010 წელს ტარიელ ფოცხვერიას ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა, რის შედეგადაც მისი ორგანიზმიდან ამოკვეთილ იქნა ხორხი მთლიანად, კისერზე არსებული ლიმფური კვანძები და მთელი ცხიმოვანი კორექტორი. „ეს ამოკვეთილი პრეპარატი შესწავლილ იქნა ჰისტომორფოლოგიურად და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს იყო ხორხის მრავალუჯრედოვანი, დაბალდიფერენცირებული კალცინომა და, გარდა ამისა, კისრის ლიმფურ კვანძებში ნანახი იქნა მეტასტაზები“.
8. ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე უდავოდ მიეკუთვნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნტით გათვალისწინებულ „ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიან სიმსივნეს“ (C00-C97, D00-D09). აღნიშნული დაავადება, როგორც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD), ასევე „სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №01-6/ნ ბრძანების მე-17 დანართის მე-2 მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს C32 კოდით განსაზღვრულ დაავადებას, შესაბამისად, ექცევა C00-C97 კოდებით განსაზღვრულ კატეგორიაში. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს გააჩნია ჰისტომორფოლოგიურად დადასტურებული ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე და მისი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე იგი მე-4 კლინიკურ ჯგუფს მიეკუთვნება, იგი უდავოდ აკმაყოფილებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნტით დადგენილ მოთხოვნებს და დამატებით იმის მტკიცებას არ საჭიროებს, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ფილტვშიც ან ადამიანის ორგანიზმის სხვა ნაწილშიც არსებობს.
9. ტარიელ ფოცხვერიას მიმათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის განსხვავებული შინაარსით გამოყენება, სადავო ნორმის აშკარად არაგონივრული განმარტების შედეგი იქნება რამდენიმე გარემოების გამო. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ იმისათვის, რათა პაციენტმა დააკმაყოფილოს სადავო ნორმის მოთხოვნები, მას უნდა გააჩნდეს, ხსენებული დაავადების ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევებით დადასტურებული ერთი შემთხვევა მაინც. ის ფაქტი, რომ ტარიელ ფოცხვერიას გააჩნია ჰისტომორფოლოგიურად დადასტურებული ხორხის კიბო, უდავოა, შესაბამისად, იმისდა მიუხედავად, თუ რა ხასიათისაა მის ფილტვში არსებული მეტასტაზი ან მისი სხვა რომელიმე დაავადება, იგი სადავო ნორმით დადგენილ მოთხოვნას - ნებისმიერი ლოკალიზაციის ჰისტომორფოლოგიურად დადასტურებული ავთვისებიანი სიმსივნის არსებობას მაინც აკმაყოფილებს. არაგონივრულია მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული განმარტება, რომლის თანახმადაც, დაავადების (ავთვისებიანი სიმსივნის) პროგრესირების თითოეული ფაქტის (ამ შემთხვევაში მეტასტაზის) არსებობა ცალკე საჭიროებს ჰისტომორფოლოგიურად დადასტურებას. ის, რომ დაავადება პროგრესირებს და მეტასტაზები არსებობს, ეს უკვე დადგენილი ხორხის ავთვისებიანი სიმსივნის დამძიმების ნიშანია და არა ამ სიმსივნის არსებობის ფაქტის ეჭვქვეშ დამყენებელი გარემოება. ექსპერტების მოსაზრებიდან გამომდინარე დგინდება, რომ ავთვისებიან სიმსივნეს მეტასტაზები შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ადგილას და აბსოლუტურად არაგონივრული იქნებოდა სადავო ნორმის იმგვარი განმარტება, რომლის თანახმადაც, იგი ადგენს ერთხელ უკვე ჰისტომორფოლოგიურად დადასტურებული ავთვისებიანი სიმსივნის არსებობის ფაქტის დასადგენად თითოეული მისი მეტასტაზის დამოუკიდებლად ჰისტომორფოლოგიურად გამოკვლევის ვალდებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ტარიელ ფოცხვერიას გააჩნია ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევებით დადასტურებული ავთვისებიანი სიმსივნე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის.
10. ზემოთ ხსენებულ მსჯელობას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს მოსარჩელის მითითება ადმინისტრაციულ სამართალწარმოების ფარგლებში სასამართლო განხილვისას მოპასუხის მიერ ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის ჩატარების მიზანშეწონილობაზე აპელირების შესახებ, ან/და საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის 2015 წლის 17 ნოემბრის N01/88691 წერილი, რომელშიც მინისტრის მოადგილე დამატებითი ექსპერტიზის მიზანშეწონილობაზე მიუთითებს. ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული ორგანო მიზანშეწონილად მიიჩნევენ ტარიელ ფოცხვერიასთვის ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის ჩატარებას, თავისთავად არ გულისხმობს, რომ ეს სადავო ნორმის მოთხოვნას წარმოადგენს. არც წარმოდგენილი წერილიდან არ იკვეთება, რომ კომისია ან სასჯელაღსრულების სამინისტრო, ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის მიზანშეწონილობაზე მითითებას სადავო ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე აკეთებს. იმ შემთხვევაში, თუ ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის განმეორებით ჩატარების აუცილებლობას სადავო ნორმა ადგენს, მაშინ ამ ტიპის გამოკვლევის მოთხოვნა არა მიზანშეწონილობის საკითხი, არამედ სავალდებულო მოთხოვნა იქნებოდა. საქმეზე წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ კომისიის მიერ სასჯელისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმა სადავო ნორმას უკავშირდება. ის, რომ კომისია სხვადასხვა ფაქტორებზე დაყრდნობით ვერ დარწმუნდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეში, ეს, თავისთავად, სადავო ნორმის შემზღუდველ ეფექტზე არ მიუთითებს.
11. ამავე დროს საქმეზე წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასმართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტიელბა (საქმეზე N3/8049-15), რომლიდანაც არ დგინდება, რომ სადავო ნორმის მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული განმარტება გაზიარებულია საერთო სასამართლოების მოსამართლის მიერ. ამავე დროს, აღნიშნული გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა კომისიას საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, მიუხედავად იმისა, რომ საქმის გარემოებებიდან ნათლად ირკვეოდა, რომ 2010 წლის ჰისტომორფოლოგიური დასკვნის გარდა პაციენტისათვის სხვა ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა ჩატარებული არ იყო. სასამართლომ არ მიიჩნია, რომ განმეორებითი ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის არარსებობა ან მეტასტაზის ჰისტომორფოლოგიურად გამოუკვლევობის ფაქტი კომისიის მიერ სასჯელისგან გათავისუფლებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული განამრტება, რომლის თანახმადაც, იგი მეტასტაზის ჰისტომორფოლოგიურად გამოკვლევის ვალდებულებას ადგენს, არ არის გაზიარებული არც საერთო სასამართლოს მოსამართლის მიერ.
12. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ტარიელ ფოცხვერიას ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე დადგენილი აქვს ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც, თავის მხრივ, ექცევა „ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნის“ ცნებაში, უნდა გაირკვეს, რამდენად აკმაყოფილებს ამ ნორმით განსაზღვრულ მე-2 მოთხოვნას, კერძოდ, მიეკუთვნება თუ არა პაციენტის მდგომარეობა მე-4 კლინიკურ ჯგუფს. საქმის განხილვის მონაწილე ექსპერტებისა და მოწმეების განმარტებით, მე-4 კლინიკური ჯგუფი წარმოადგენს პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ მახასიათებელს. ამ ჯგუფისთვის მიკუთვნება გულისხმობს იმას, რომ აღარ არსებობს პაციენტის ონკოლოგიური მკურნალობის მეთოდი სხვადასხვა ფაქტორების გამო, რის შედეგადაც იგი განუკურნებელ პაციენტად ითვლება. პაციენტის მე-4 კლინიკური ჯგუფისათვის მიკუთვნებას, მისი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის, სხვადასხვა დაავადებათა ანალიზის საფუძველზე, განსაზღვრავს ექიმთა კონსილიუმი. აღნიშნულზე მიუთითებს როგორც მოპასუხე მხარე, ასევე მიუთითებენ საქმეზე მოწვეული მოწმეები და ექსპერტები. ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის ჩატარება უკავშირდება სიმსივნის ხასიათის, მისი ავთვისებიანობის ფაქტის დადგენას ან გამორიცხვას. სადავო ნორმიდან გამომდინარე, ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის ჩატარება არ წარმოადგენს პაციენტის მე-4 კლინიკური ჯგუფისადმი მიკუთვნების აუცილებელ წინა პირობას. შესაბამისად, არასწორია მოსარჩელე მხარის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო სიტყვები წარმოადგენს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტარიელ ფოცხვერიას სასჯელისგან გათავისუფლების შემაფერხებელ გარემოებას.
13. საქმის მონაწილე ორივე მხარე, ისევე როგორც მოწმეები და და ექსპერტები თანხმდებიან, რომ ტარიელ ფოცხვერია წარმოადგენს ინკურაბელურ პაციენტს. მისი დაავადება, ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევებით დადგენილი ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე, არც მომავალში განიკურნება. შესაბამისად, არც დღეს არსებული მდგომარეობით და არც სამომავლოდ არ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმით დადგენილმა ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევით დაავადების დადასტურების ვალდებულებამ მოსარჩელე ტარიელ ფოცხვერიას რომელიმე უფლების რეალიზება შეზღუდოს. მას სადავო ნორმის შესაბამისად, დაავადების არსებობის ფაქტის ჰისტომორფოლოგიურად დადასტურების მოთხოვნა უკვე დაკმაყოფილებული აქვს და მხარეების, მოწმეების და ექსპერტების განმარტებებიდან გამომდინარე, ეს მდგომარეობა არც სამომავლოდ არ შეიცვლება. აღნიშნულიდან გამომდიანრე, მოსარჩელის მიერ ავთვისებიანი სიმსივნის არსებობის ფაქტის სხვა ტიპის სამედიცინო გამოკვლევით დადასტურების შესაძლებლობის მოთხოვნა არ ემსახურება მისი რომელიმე უფლების დაცვას და ამ თვალსაზრისით, სარჩელი action popularis წამოადგენს. როგორც უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს ფიზიკურმა პირმა შეიძლება მიმართოს მხოლოდ საკუთარი უფლებების დასაცავად. იგი ვერ იდავებს ისეთ საკითხებზე, რომელიც მისთვის უფლების შემზღუდველი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე ტარიელ ფოცხვერია არ წარმოადგენს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის სათანადო სუბიექტს, შესაბამისად, სახეზეა №691 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №691 (საქართველოს მოქალაქე ტარიელ ფოცხვერია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გადასინჯვას ან გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
3. განჩინებას ერთვის მოსამართლეების ო. სიჭინავას და ლ. ფაფიაშვილის განსხვავებული აზრი.
4. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ოთარ სიჭინავას და ლალი ფაფიაშვილის
განსხვავებული აზრი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2015 წლის 22 დეკემბრის №2/15/691 განჩინებაზე
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2015 წლის 22 დეკემბრის №2/15/691 განჩინებაზე. კერძოდ, მიგვაჩნია, რომ N 691 კონსტიტუციური სარჩელი უნდა იქნეს არსებითად მიღებული და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეჩერდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ,,იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს“ N01-6/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების ,,ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევებით (C00-C97, D00-D09)“ იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც მეტასტაზური ავთვისებიანი სიმსივნის ვერიფიკაციის ერთადერთ საშუალებად მიიჩნევს ჰისტომორფოლოგიურ კვლევას [როდესაც აღნიშნული კვლევის ჩატარება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და დაავადების ლოკალიზაციის/სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლებელია].
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2015 წლის 22 დეკემბრის №2/15/691 განჩინების თანახმად სადავო ნორმა არ იწვევს მოსარჩელის უფლების დარღვევას და მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სუბიექტი.
3. სადავო ნორმის თანახმად, სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს „ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნე IV კლინიკური ჯგუფით განსაზღვრული კატეგორია, დადასტურებული ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევებით“ (C00-C97, D00-D09).
4. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმარტებით, მოსარჩელე აკმაყოფილებს სადავო ნორმით დადგენილ მოთხოვნას. მოსარჩელის მიმართ ჰისტომორფოლოგიურად დადასტურებულია ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე, ხოლო მისი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი მე-4 კლინიკურ ჯგუფს მიეკუთვნება. ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე უდავოდ აკმაყოფილებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნტით დადგენილ მოთხოვნებს და დამატებით იმის მტკიცებას არ საჭიროებს, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ფილტვშიც ან ადამიანის ორგანიზმის სხვა ნაწილშიც არსებობს.
5. კოლეგიამ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ სადავო ნორმა იმპერატიულად ჰისტოლოგიური გამოკვლევის ჩატარებას მოითხოვს მხოლოდ პირველად სიმსივნესთან მიმართებით, მისი პირველადი კერისა და ლოკალიზაციის ვერიფიკაციის მიზნით, თუმცა ამგვარი გამოკვლევის აუცილებლობას არ ადგენს მეტასტაზებთან მიმართებით, ვინაიდან მეოთხე კლინიკური ჯგუფის დადგენა არ ხდება ჰისტომორფოლოგიურად, არამედ მის შესახებ გადაწყვეტილებას სხვადასხვა დაავადებისათვის იღებს შესაბამისი ექიმების ჯგუფი პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
6. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთგზის აღნიშნა, „კონსტიტუციური დავის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე უნდა შეაფასოს, ნორმის განსაზღვრულობა არის კი იმ ხარისხის, რომ მისი გამოყენების საფუძველზე, ცალსახად გამოირიცხოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის თუნდაც ერთეული შემთხვევა. ბუნებრივია, აქ არ იგულისხმება კანონის დარღვევის შედეგად უფლებაში გადამეტებული ჩარევის შემთხვევები. ამ საკითხებზე მსჯელობა სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შემდეგ გარემოებას: ნორმა, მისი შინაარსის, მისივე ტექსტის ადეკვატურად, სწორად წაკითხვისას და, შესაბამისად, გამოყენებისას, იწვევს თუ არა კონსტიტუციური უფლების დარღვევის საფრთხეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება N1/3/407 საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 11). ამასთან, „თუ კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში შეუძლებელი იქნება ნორმის თვითნებური და ადამიანის უფლებებისათვის საზიანო გამოყენება, მაშინ ნორმა სავსებით დააკმაყოფილებს სამართლებრივი უსაფრთხოების მოთხოვნებს» (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება N2/2/389 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“).
7. ვერ დავეთანხმებით მოპასუხის მოსაზრებას, რომ აბსოლუტურად გამოირიცხება სადავო ნორმის სხვაგვარი განმარტება. კერძოდ, ნორმა შესაძლოა, განიმარტოს იმგვარადაც, რომ სასჯელისაგან გათავისუფლების საფუძვლად მოთხოვნილ იქნეს არა მხოლოდ ავთვისებიანი სიმსივნის პირველადი კერის, არამედ მისი მეტასტაზების ჰისტომორფოლოგიურად დადგენა.
8. მართალია, არ გამოვრიცხავთ ნორმის ისეთი წაკითხვის შესაძლებლობას, როგორც ეს მოცემულია საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებაში, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებების და სასამართლო პროცესში მონაწილე პირთა განმარტებებიც მიუთითებს სადავო ნორმის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის და გამოყენების პრაქტიკაზე. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ განჩინებაში მითითებული განმარტება არის სადავო ნორმის ერთ-ერთი და არა ერთადერთი გზა.
9. სადავო ნორმის თანახმად, სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს (1) ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნისა და (2) IV კლინიკური ჯგუფით განსაზღვრული კატეგორიის არსებობა, (3) დადასტურებული ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევებით. ნორმა არ შეიცავს მკაფიო მითითებას სამართალშემფარდებლისადმი, რომ ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევებით უნდა დადასტურდეს მხოლოდ ავთვისებიანი სიმსივნის პირველადი კერის არსებობა და არ გამორიცხავს ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზების ვერიფიკაციისათვის ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევების სავალდებულობას. მით უმეტეს, რომ ექსპერტთა განმარტებით, სადავო ნორმაში მითითებული „ავთვისებიანი სიმსივნე“ ყურადღებას ამახვილებს სიმსივნის სახეზე [ავთვისებიანი/კეთილთვისებიანი სიმსივნე], რაც მოიცავს როგორც სიმსივნის ძირითად კერას, ასევე ავთვისებიან მეტასტაზს რომელიც ასევე მიეკუთვნება სიმსივნეს.
10. მოსარჩელის მიმართ ნორმის ასეთი შინაარსით გამოყენება დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც. მაგალითად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2015 წლის 3 დეკემბრის წერილის [# MOC 1 15 01070608] თანახმად, სამედიცინო დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის და დაავადების სიმძიმის განსაზღვრის მიზნით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, რაც წერილის თანახმად სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს მათ შორის იმის განსაზღვრის საჭიროებასაც-თუ მოსარჩელე „დაავადებულია ავთვისებიანი სიმსივნით IV კლინიკური ჯგუფით განსაზღვრული კატეგორია [C00-C97, D00-D09] შეიძლება თუ არა აღნიშნულის დადასტურება ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევით? დადებითი პასუხის შემთხვევაში, დიაგნოზის დადასტურება ზემოაღნიშნული გამოკვლევით.“ შესაბამისად, მოპასუხე მეტასტაზური დაზიანების ვერიფიცირებისათვის სწორედ ჰისტომორფოლოგიურ გამოკვლევას მიიჩნევს საჭიროდ და აღნიშნული კვლევის ჩატარების შესაძლებლობის შემთხვევაში სწორედ ამ კვლევის ჩატარებას ითხოვს.
11. ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის სხდომის #13 ოქმის თანახმად, კომისიის სხდომაზე მოწვეული ექსპერტის დასკვნით სახეზეა მოსარჩელის დაავადების უარყოფითი დინამიკა, თუმცა ვინაიდან მეტასტაზური პათოლოგიური კერები ჰისტომორფოლოგიურად არ იყო ვერიფიცირებული[ ახლდა მხოლოდ ციტოლოგიური დასკვნა], სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარემ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის და დაავადების სიმძიმის რეალური სურათის განსაზღვრის მიზნით მიზანშეწონილად მიიჩნია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.
12. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია დასტურდება ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით [ საქმე #3/8049-15], რომელშიც სასამართლო სხვა საკითხებთან ერთად ასევე მიუთითებს რომ ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია ვალდებულია დაადგინოს და გამოიკვლიოს შესაძლებელია თუ არა მოსარჩელეს ჩაუტარდეს ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა და შეაფასოს რამდენად არის შესაძლებელია ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის ჩატარებას მოჰყვეს ლეტალური შედეგი. შესაბამისად, თავად სასამართლოც სადავო ნორმას განმარტავს იმგვარად, რომ მეტასტაზური დაზიანებების/ კერების ვერიფიცირებისათვის სადავო აქტი ითხოვს სწორედ ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის ჩატარებას.
13. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის 20 ივნისის # 01/51909 წერილის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის მიერ მოწვეული ექსპერტ-ონკოლოგის აზრით სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი კლინიკური და რადიოლოგიური სურათით დასტურდება დადგენილი დიაგნოზი, თუმცა ვინაიდან სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული დაავადების პროგრესირება- მეტასტაზები ფილტვში- არ არის დადასტურებული ჰისტომორფოლოგიურად, შესაბამისად, მოსარჩელე „ვერ აკმაყოფილებს სადავო ნორმით დადგენილ კრიტერიუმებს“.
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით [საქმე # 3/2605-14] სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ კომისიის მიერ 2014 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება მოსარჩელის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული იქნა იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულის დიაგნოზი არ დასტურდებოდა ჰისტომორფოლოგიურად [იხ. პუნქტი 6.2]. იმავდროულად სასამართლომ ცალსახად განმარტა, რომ სადავო ნორმით „მკაცრად განისაზღვრა მსჯავრდებულისთვის დასმული დიაგნოზის ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევებით დადასტურების აუცილებლობა“. სასამართლოს განმარტებით მოსარჩელის მდგომარეობის შესაბამისობის დაუდგენლობა სადავო ნორმის მოთხოვნებთან დაედო საფუძვლად კომისიის გადაწყვეტილებას, რის გამოც კომისიის 2014 წლის 19 ივნისის # 10-3 დასკვნა მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
15. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის 08 ივლისის # 01/50365 წერილის თანახმად, ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მოსარჩელის ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების თაობაზე განცხადების უარყოფითად გადაწყვეტის საფუძვლის დასაბუთებისას ბ-ნი ზ. სოფრომაზე მიუთითებს რომ მიუხედავად იმისა რომ მსჯავრდებულს დადგენილი აქვს ხორხის კიბო III სტადია და შემდგომმა კვლევებმა [2014წ. ჩატარებული გულმკერდის კტ] აჩვენა მეტასტაზური დაზიანება, დაავადება არ არის ვერიფიცირებული.
16. სადავო ნორმის აღნიშნული შინაარსით გამოყენების პრაქტიკა დასტურდება ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის 17 ნოემბრის # 01/88691 წერილით, რომელიც მიუთითებს, რომ კომისიის მიერ მოსარჩელისათვის უარის თქმა 2014 წლის 19 ივნისს და 2015 წლის 8 ივლისს „ეფუძნებოდა ჰისტომორფოლოგიური კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არქონას, ან დიაგნოსტიკური კვლევის მოძველებულ მონაცემებს“. აღსანიშნავია, კომისიის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის [ორივე შემთხვევაში] მოსარჩელის თავდაპირველი სიმსივნური დაავადება ვერიფიცირებული იყო ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევებით. იმავდროულად, იგივე წერილის თანახმად, სამინისტრო დამატებითი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას სწორედ იმიტომ თვლის მიზანშეწონილად, რომ „მეტასტაზური პათოლოგიური კერები ჰისტომორფოლოგიურად ამჯერადაც არ არის ვერიფიცირებული [ახლავს მხოლოდ ციტოლოგიური დასკვნა]“.
17. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა ყურადღებას ამახვილებს რამოდენიმე გარემოებაზე: 1. ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიან სიმსივნეზე; 2. IVკლინიკურ ჯგუფზე და 3. ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევებით დადასტურებაზე.
18. ნებისმიერი ლოკალიზაციის სიმსივნე გულისხმობს ნებისმიერი ორგანოს სიმსივნურ დაავადებას და ყურადღებას ამახვილებს ავთვისებიანი სიმსივნის ლოკალიზაციაზე. სადავო ნორმა არ აზუსტებს აღნიშნული გულისხმობს ავთვისებიანი სიმსივნის პირველად კერას, თუ ასევე მეორად კერებს- მეტასტაზების სახით.
19. სადავო ნორმა არ აკონკრეტებს ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა სავალდებულოა სიმსივნური დაავადების პირველად კერასთან მიმართებით, თუ ასევე მეორად კერებთან მიმართებითაც; სავალდებულოა თუ არა აღნიშნული კვლევის ჩატარება მაშინაც, როდესაც პირველადი კერის ავთვისებიანი ხასიათი ჰისტომორფოლოგიურად დადასტურებულია და პაციენტს ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა, თუმცა გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ გამოვლინდა ე.წ. მეტასტაზები
20. ექსპერტ მ. ჯინჭარაძის განმარტებით, კლინიკური თვალსაზრისით, მეტასტაზის მორფოლოგიური კვლევა არ არის სავალდებულო. პეტის სკანირების, კომპიუტერული ტომოგრაფიის და სხვა მონაცემების საფუძველზე ექიმთა კონსილიუმს შეუძლია დაადასტუროს მეტასტაზის არსებობა მორფოლოგიის გარეშე როდესაც პაციენტს ჰისტომორფოლოგიური კვლევა ჩატარებული აქვს პირველადი ოპერაციის დროს. თუ პირველადი კერა არის დადასტურებული მორფოლოგიურად, მეტასტაზირების შემთხვევაში აღარ არის საჭირო ყველა მეტასტაზის მორფოლოგიურად დადასტურება.
21. მოპასუხის წარმომადგენლის განცხადებით, სადავო ნორმაში ყურადღება გამახვილებულია არა სიმსივნური დაავადების სტადიაზე, არამედ კლინიკურ ჯგუფზე. კერძოდ, პირის ჯანმრთელობის ისეთ დაზიანებაზე, როდესაც სიმსივნური დაავადება იმდენად არის გავრცელებული, რომ ჩარევის შედეგად პაციენტის განკურნება/გამოჯანმრთელება / დაავადების შეჩერება შეუძლებელია და მის მიმართ უნდა განხორციელდეს პალიატიური მკურნალობა. მოპასუხის წარმომადგენლის ე. ადამიას განმარტებით, ჰისტომორფოლოგიური კვლევა ადგენს დაავადების მანიფესტაციას. ვინაიდან ციტოლოგიური კვლევა ვერ ადგენს გამოკვლეული მეტასტაზი რამდენად არის პირველადი დაავადების გართულება, ამიტომ ტარდება ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა. იმავდროულად, ა. თორიას განმარტებით ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის გარეშე „არ იქნება კონკრეტული უტყუარი დოკუმენტი პირის კლინიკურ მეოთხე ჯგუფთან დაკავშირებით.“ ამდენად, მოპასუხე უშვებს ჰისტომორფოლოგიური კვლევის ჩატარების მოთხოვნის შესაძლებლობას მსჯავრდებულის კლინიკური ჯგუფისადმი მიკუთვნების საკითხის განსაზღვრისათვის.
22. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა და მისი გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს”. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შესაფასებელი ნორმატიული აქტის შინაარსის დადგენისას მხედველობაში იქნეს მიღებული მისი გამოყენების პრაქტიკა. ნორმის რეალური, ფაქტობრივი უფლებაშემზღუდველი ეფექტი სწორედ მის პრაქტიკაში გამოყენებას უკავშირდება და არა მის ჰიპოთეტურ, ავტონომიურ განმარტებას. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში არ მიიღებს ნორმის გამოყენების პრაქტიკას და მის შინაარსს არ დაინახავს იმგვარად, როგორც მას სამართალშემაფრდებლები იყენებენ, საკონსტიტუციო კონტროლი ილუზორული გახდება, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა უფლების დაცვის არაეფექტური მექანიზმი. მივიჩნევთ, რომ განსახილველ შემთხვევაშიც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ნორმის გამოყენების პრაქტიკა, სადავო ნორმიდან და მისი პრაქტიკაში გამოყენებიდან გამომდინარე უფლების დარღვევის საფრთხეები.
23. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ არსებობს სადავო ნორმის განსხვავებული განმარტებისა და მის საფუძველზე მოსარჩელის უფლების დარღვევის რეალური საფრთხე; არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული პრაქტიკა, რომელიც მიუთითებდა მოსარჩელის მიმართ სადავო ნორმის იმ შინაარსით გამოყენებაზე, რომელიც არ შეესაბამება განჩინებაში მითითებულ განმარტებას; არ გაითვალისწინა არც მოპასუხის წარმომადგენლის შენიშვნა, რომ სადავო ნორმის „ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ეს ჩანაწერი სხვადასხვაგვარად იკითხება სხვადასხვა ადამიანის მიერ“.
24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა უნდა აკმაყოფილებდეს განჭვრეტადობის და სამართლებრივი სიცხადის კრიტერიუმებს, გამორიცხავდეს ნორმის ურთიერთსაწინააღმდეგოდ ზედმეტად ფართოდ ინტერპრეტაციას და თვითნებობის/უფლებით მანიპულირების საფრთხეს. შესაბამისად, თუ ნორმა არ იძლევა მკაფიო მითითებებს და არ შეიცავს უფლების დაცვის საკმარის გარანტიებს, არაერთგვაროვანია მისი პრაქტიკაში გამოყენების საკითხი, სასამართლომ პირი არ უნდა დატოვოს უფლების დაცვის ადეკვატური მექანიზმის გარეშე.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა შეიცავს მოსარჩელის უფლების დარღვევის საფრთხეს, მოსარჩელე წარმოადგენს კონსტიტუციური სარჩელის წარდგენაზე უფლებამოსილ სუბიექტს და არ არსებობს სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
26. N691 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედების შეჩერებას, რომელიც გამორიცხავს IV კლინიკური ჯგუფით განსაზღვრული კატეგორიის ავთვისებიანი სიმსივნის დადასტურებას ციტოლოგიური გამოკვლევებით, იმ შემთხვევაში, თუ ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის ჩატარება შეუძლებელია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
27. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია, განმწესრიგებელი სხდომის გადაწყვეტილებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება”. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ინსტიტუტი „...უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37).
28. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის N1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან დაცვის უფლება თავისი შინაარსით აბსოლუტური უფლებაა და მასში ჩარევა, იმის მიუხედავად, თუ რა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ხორციელდება იგი, დაუშვებელია ნებისმიერ დროსა და ვითარებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,53 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-185).
30. მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის უარყოფითი დინამიკა და მდგომარეობის გაუარესება დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის 2015 წლის 31 აგვისტოს ციტოლოგიური კვლევის # 758 დასკვნით; ლ. ბახტაძის 2015 წლის დეკემბის წერილით, რომლის თანახმად, 2 დეკემბრიდან საკონტროლო კ/ტ კვლევის შედეგად გამოვლენილია უარყოფითი დინამიკა, მარჯვენა ფილტვის ქვედა წილის VIII-IX სეგმენტების საპროექციოდ და მარჯვენა ფილტვის ქვედა წილის პერიფერიულად არსებული მეტასტაზური კვანძების მომატება ზომაში, მარჯვენა ფილტვის ქვედა წილის VIII სეგმენტის ატელექტაზი, რაც მიუთითებს დაავადების პროგრესირებაზე ფილტვებში არსებული მეტასტაზური კვანძების ზომაში მატების სახით, ფილტვის VIII სეგმენტმა შეწყვიტა სასიცოცხლო ფუნქცია სასამართლო განხილვის მიმდინარეობის პერიოდში.
31. მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული დაავადების [ავთვისებიანი სიმსივნის მეოთხე კლინიკური ჯგუფის] დადასტურება არ წარმოადგენს პირის გათავისუფლების უპირობო საფუძველს, ვინაიდან კომისია მსჯავრდებულის გათავისუფლების საკითხის განხილვისას პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად ითვალისწინებს ასევე საფრთხეებსაც, აღნიშნულის მიუხედავად, სადავო ნორმა ავტონომიურად იწვევს მოსარჩელისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. კერძოდ, სადავო ნორმა მოსარჩელეს უსპობს შესაძლებლობას დაისვას მისი გათავისუფლების საკითხი, როდესაც მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლებელია სადავო ნორმით განსაზღვრული დაავადების ჰისტომორფოლოგიური წესით ვერიფიკაცია. შესაბამისად, სადავო ნორმა მოსარჩელეს არ უტოვებს შესაძლებლობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით შესწავლილ იქნეს მისი გათავისუფლების მიზანშეწონილობა.
32. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „ნორმატიული აქტებით დადგენილი ქცევის ზოგადსავალდებულო წესები ემსახურება საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამისი სფეროების მოწესრიგებას და კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, კერძო და საჯარო ინტერესების დაცვას. რიგ შემთხვევებში სადავო ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერებამ შესაძლებელია შეზღუდოს როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესები და დააზიანოს ის ღირებულება, რის დასაცავადაც არის მიღებული ეს აქტი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის N3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20). საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის N1/3/509 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). შესაბამისად, ნორმატიული აქტის მოქმედების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ითვალისწინებს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებიდან გამომდინარე საფრთხეებს.
33. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შედეგად, პირების იმ კატეგორიას, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ აქვთ შესაძლებლობა ჩაიტარონ ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა, მიეცემათ შესაძლებლობა, ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზის არსებობა დაადასტურონ სხვა სახის მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებით, მათ შორის ციტოლოგიური გამოკვლევებით. მოპასუხე მიუთითებს, რომ ციტოლოგიური გამოკვლევები არ წარმოადგენს გამოკვლევის ზუსტ მეთოდს. ჰისტომორფოლოგია და ციტოლოგია ვერ განიხილება ერთმანეთის ჩამნაცვლებელ გამოკვლევებად, ვინაიდან ციტოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე ვერ დგინდება თუ საიდან მომდინარეობს კონკრეტული მეტასტაზი. ეს პროცედურა გულისხმობს სიმსივნური წარმონაქმნის უჯრედულ შესწავლას, რაც ვერ იძლევა სრულყოფილ სურათს პაციენტის ჯანმრთელობის სიმძიმესთან დაკავშირებით. მისი არსებობის შემთხვევაში არსებობს შეცდომის რისკი მაშინ, როდესაც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის ამოცანას მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლება წარმოადგენს, ციტოლოგიური გამოკვლევით დადგენილი დიაგნოზი ვერ ჩაითვლება სარწმუნო ინფორმაციად. თუმცა, როგორც სასამართლო პროცესზე აღინიშნა, პირის გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს არა ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი, არამედ ასეთი პირის მე-4 კლინიკური ჯგუფისადმი კუთვნილების ფაქტი. ექსპერტების განმარტებით კი აღნიშნული ჯგუფისადმი პირის მიკუთვნების უპირობო საფუძველს მეტასტაზის შემთხვევაში არ წარმოადგენს ჰისტომორფოლოგიური კვლევა. მოპასუხის წარმომადგენლის და ექსპერტების განცხადებით პირის მიკუთვნება მე-4 კლინიკური ჯგუფისადმი ხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და დაავადების მიმდინარეობის ანალიზის საფუძველზე მათ შორის ექიმთა კონსილიუმის გადაწყვეტილებითაც. ექსპერტების განმარტებით, ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა არ არის პირდაპირ კავშირში კლინიკური ჯგუფის განსაზღვრასთან, ვინაიდან კლინიკური ჯგუფი განისაზღვრება პაციენტის დაავადების კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით. ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა აუცილებელია პირველადი დიაგნოსტიკის დროს, რადგან პაციენტს სჭირდება მკურნალობის ტაქტიკის და მეთოდის განსაზღვრა, პროგნოზის ცოდნა, დამიზნებითი თერაპიისთვის მარკერების შერჩევა. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება აღნიშნული ნორმატიული შინაარსით არ უკავშირდება საჯარო ინტერესისათვის საფრთხის შექმნას, არ გამოიწვევს ერთობლივი კომისიისათვის დაუსაბუთებელი განაცხადებით მიმართვის ან/და სარწმუნოობის შედარებით დაბალი ხარისხის მქონე კვლევებით ვერიფიცირებული ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პირთა უპირობო ვადამდე გათავისუფლებას სასჯელის მოხდისგან. სადავო ნორმის მოქმედება, მხოლოდ შესაძლებლობას მისცემდა მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს ჰქონოდათ თანაბარი წვდომა საქართველოს კანონმდებლობით ყველა თავისუფლებაშეზღუდული მსჯავრდებულისათვის მინიჭებული სასჯელის მოხდისგან ვადამდე გათავისუფლების ინსტიტუტზე და მათი საკითხის კომისიის მიერ არსებითად განხილვისადმი, დაავადების ავთვისებიანობის ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევებით დადასტურების არარსებობის ფორმალური კრიტერიუმის გამო ვადამდე გათავისუფლების საკითხზე მექანიკურად უარის თქმის გარეშე.
34. სადავო ნორმა შეიცავს არაჰუმანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის საფრთხეს, ხოლო არაჰუმანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა იკრძალება ნებისმიერ დროსა და ვითარებაში იმის მიუხედავად, თუ რა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ხორციელდება იგი. შესაბამისად, ვერ გადაწონის სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების უპირობო კონსტიტუციურ ინტერესს.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეჩერებინა სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც მეტასტაზური ავთვისებიანი სიმსივნის განსაზღვრის ერთადერთ საშუალებად მიიჩნევს ჰისტომორფოლოგიურ კვლევას, როდესაც აღნიშნული კვლევის ჩატარება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და დაავადების ლოკალიზაციის/სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლებელია.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები:
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი