საქართველოს მოქალაქე ვასილ მარდალეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N695 |
ავტორ(ებ)ი | ვასილ მარდალეიშვილი |
თარიღი | 20 ნოემბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე–18 მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან ა). ფორმით და შინაარსით შეესაბამება "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე–16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ). შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გ). სარჩელში მითთებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი. დ). სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ე). სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, კერძოდ, მოთხოვნილია საკანონმდებლო აქტის კონკრეტული ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება, რაც წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს; ვ). კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში. ზ). სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე რომელიც კონსტიტუციური სარჩელით არ გასაჩივრებულა.
კერძოდ, მოსარჩელე - ვასილ მარდალეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ივლისის განაჩენის საფუძველზე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 წელი. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ვასილ მარდალეიშვილს 5 წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები. მასვე, საქართველოს სსკ 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნოს ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით (იხ დანართი). როგორც განაჩენშია ნათქვამი ვასილ მარდალეიშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების (5 აბი „მდმა“ - 1,0798 გრამი) გამოძიებისთვის დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენა შენახვისთვის საკუთარი აღიარების საფუძველზე ცნობილი იქნა დამნაშავედ. როგორც თქვენთვის ცნობილია სსკ-ის 260 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სასჯელის ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. წინა წლების არსებული სტატისტიკის საფუძველზე მოგახსენებთ, რომ საქართველოს სამართალწარმოებაში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად ბრალდებულის მიერ არ აღიარების შემთხვევაში მას მინიმუმ 9 წელი ესჯება. შესაბამისად 5 აბი „მდმა“-ს საფოსტო განყოფილებაში მიღების გამო ქვეყანა მის პატიოსან მოქალაქეს (რის თქმის საფუძველსაც ვასილ მარდალეიშვილის განვლილი ცხოვრება გვაძლევს) უსჯის მინიმუმ 8 წელს და ასევე სასჯელის მოხდის შემდგომ დამატებით 5 წლის განმავლობაში აყენებს საგრძნობლად უთანასწორო, პატივისა და ღირსების შემლახველ მდგომარეობაში. შესაბამისად სადავო ნორმა პირდაპირ და უშუალოდ ზიანს აყენებს მოსარჩელეს. ამასთან არ არსებობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არცერთი საფუძველი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კანონის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით. "კონსტიტუციის მე-14 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის, ანალოგიურ მსგავს საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყრას ერთბაურად, არ დაუშვას არსებითად თანასწორთა განხილვა უთანასწოროდ და პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება #1/1/493 პარაგრაფი II.2)
საქართველოს კანონის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ მე-3 მუხლის მე-4 პრიმა მუხლის შესაბამისად მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში შესაძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება ან სრულად განთავისუფლება. აღნიშნული ნორმა საერთოდ საეჭვოდ აყენებს სადავო ნორმას არსებითად თანასწორ პირებთან მიმართებით, რომლების მიმართ შესაძლებელია საერთოდ არ იქნეს გამოყენებული სანქციები.
აღსანიშნავია, რომ აღნიშული დისბალანსის აღმოფხვრის შესაძლებლობას არ იძლევა კანონი ვინაიდან მოსამართლე მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი გამოიყენოს სასჯელის გათვალისწინებულ ზომაზე ნაკლები, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ საპროცესო შეთანხების დადება ბრალდების მხარის დისკრეციას წარმოადგენს, პირის კონსტიტუციური უფლებების რეალიზება ამ უკანასკენელის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. აღნიშნული ცალსახად ჩანს ვასილ მარდალეიშვილის საქმეში, ვინაიდან ყოველგვარი წინაპირობის მიუხედავად, საპროცესო შეთანხმება ზემოაღნიშნულ ნორმაზე არ შემდგარა. (ვასილ მარდალეიშვილი 16 წლის განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო სამსახურებში წამყვან თანამდებობებზე. ამ პერიოდის განმავლობაში მას არ აქვს არცერთი საყვედური და შენიშვნა მიღებული. პირიქით, იგი უამრავჯერ არის დაწინაურებული და ასევე მიღებული აქვს მრავალი მადლობა სხვადასხვა მაკონტროლებელი თუ ზემდგომი სახელმწიფო უწყებებიდან. ასევე იგი აქტიურად მისდევს სპორტულ ცხოვრებას. ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. მისი განვლილი ცხოვრება უდავოდ მაღალი საფუძველია იმისა, რომ ბრალმდებლის მხრიდან მისთვის მოეთხოვათ სადავო ნორმის შემსუბუქება, რაც არ განხორციელებულა).
ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს კანონის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.
ასევე საქართველოს კანონის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-16 მუხლთან მიმართებით.
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელი გამოყენება, ხოლო მე-16 მუხლის მიხედვით ყველას აქვს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქმეებში, რევაზ ჩაგუნავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (განჩინება, პარაგრაფი II.2) აგრეთვე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (გადაწყვეტილება, პარაგრაფი II – 9) აღნიშნავს: სასჯელის ფორმის, ზომის ან სიმკაცრის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება დადგეს...საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან მის მიმართებას, თუ ეს უკანასკნელი კანონმდებლის მიზნის მიღწევისა და კონსტიტუციური უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს“.
3. სასჯელი გამოყენებულ უნდა იქნეს ინდივიდუალურად მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, დანაშაულის გარემოებებისა და სხვა რელევანტური ფაქტებიდან გამომდინარე. კანონმდებელს ვერ ექნება დანაშაულებრივი ქმედების ინდივიდუალური მახასიათებლების ნორმატიულად ამოწურვის პრეტენზია. ამიტომაც მან განსაკუთრებულის სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს სასჯელის ზომის იმპერატიული განსაზღვრისას და გაითვალისწინოს მასში მოსამართლის ლეგიტიმური როლი. წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნება ზედმეტად მკაცრი სანქციის გამოყენების საფრთხე. ვნება.
5. N536 გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს „საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, უპირველეს ყოვლისა გულისხმობს პიროვნების მოქმედების ზოგად თავისუფლებას. პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე ინდივიდის ფიზიკურ და სოციალურ იდენტობას (II.55)მკაცრი სანქციის გამოყენებით, სადავო ნორმა ზედმეტი ინტენსივობით ზღუდავს მოსარჩელისთვის მე-16 მუხლით გარანტირებულ დაცვის სფეროს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა აწესებს ზედმეტად მკაცრ სასჯელს და ეწინააღმდეგება მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს აგრეთვე მე-16 მუხლს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა