საქართველოს მოქალაქე ვასილ მარდალეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/10/695 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 7 ივლისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 ივლისი 2017 16:05 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ვასილ მარდალეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის (2007 წლის 2 აგვისტოდან 2014 წლის 15 მარტამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციიის მე-14 მუხლთან, მე-16 მუხლთან და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარე - ვასილ მარდალეიშვილი; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - თამარ მესხია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №695) მომართა საქართველოს მოქალაქე ვასილ მარდალეიშვილმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2015 წლის 24 ნოემბერს. №695 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 18 აპრილს.
2. №695 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (2007 წლის 2 აგვისტოდან 2014 წლის 15 მარტამდე მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 5 წლით“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს, ხოლო მე-16 მუხლი - პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“.
5. №695 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ივლისის განაჩენის საფუძველზე, მოსარჩელე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითად სასჯელთან ერთად, მას, 5 წლის ვადით, ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, ასევე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
6. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა, რომელიც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი პირის მიმართ სანქციის სახით დამატებით ითვალისწინებს გარკვეული უფლებების ჩამორთმევას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის რიგ ნორმებს. მოსარჩელის განმარტებით, იმავე ნორმის 41 პუნქტი მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში ითვალისწინებს უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირების და სრულად გათავისუფლების შესაძლებლობებს. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს, ვინაიდან იგი ადგენს უთანასწორო მოპყრობას, ერთი მხრივ, იმ პირების, რომელთაც საპროცესო შეთანხმების დადების შედეგად არ ეკისრებათ დამატებითი სანქციები, ხოლო, მეორე მხრივ, იმ პირებს შორის, რომელთაც არ ჰქონდათ საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობა. მოსარჩელის განმარტებით, საპროცესო შეთანხმების დადება ბრალდების მხარის დისკრეციას წარმოადგენს, შედეგად, პირის კონსტიტუციური უფლებების რეალიზება მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
7. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სასჯელის ზომის იმპერატიული განსაზღვრა, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების, დანაშაულის გარემოებებისა და სხვა რელევანტური ფაქტების მხედველობაში მიღების გარეშე, ქმნის ზედმეტად მკაცრი სანქციის გამოყენების საფრთხეს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა ზედმეტი ინტენსივობით ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
8. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნაზე უარი განაცხადა, ვინაიდან ტექნიკური შეცდომის გამო, მან გაასაჩივრა სადავო ნორმის ძველი, არამოქმედი რედაქცია.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამავდროულად, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
2. მოსარჩელე ვასილ მარდალეიშვილმა საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, N695 კონსტიტუციურ სარჩელზე უნდა შეწყდეს სამართალწარმოება.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება №695 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე ვასილ მარდალეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი