ა(ა)იპ „ივერია. ბიზ“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N698 |
ავტორ(ებ)ი | ივერია.ბიზ |
თარიღი | 3 დეკემბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
(ა) წინამდებარე სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. (ბ) სარჩელი შეტანილია ივერია.ბიზ მიერ, რომელიც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს და აქვს უფლება საკონსტიტუციო სარჩელით მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად. (გ) სარჩელით მოთხოვნილია საქართველოს კანონის კონკრეტული მუხლების კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა, რაც შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებაში. (დ) წინამდებარე სარჩელში მოთხოვნილი საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არ არის გადაწყვეტილი. (ე) საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, რომელსაც გასაჩივრებული კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება. ამდენად საკითხი მოწესრიგებულია კონსტიტუციით. (ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად ვერც მისი დარღვევა იქნება სახეზე. (ზ) გასაჩივრებულია საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, რომელიც კრძალავს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას და ეს აკრძალვა სწორედ ამ კანონიდან გამომდინარეობს. არ არსებობს რაიმე ზემდგომი აქტი, რომლის გარეშეც საკონსტიტუციო სასამართლო ვერ შეძლებდა მსჯელობას წინამდებარე სარჩელთან დაკავშირებით. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
(ა) ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვები „გარდა ამ კანონის ... 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების სიტყვებს „იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა“; „იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის“ - საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. (ბ) ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად 591 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების სიტყვები ,“ამ კანონის ... 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმების“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის სიტყვებს „იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა“; „იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის“ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. ინდივიდების სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა ის საშუალებაა, რომელიც ახდენს სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ინიცირებას და, შესაბამისად, ამ მხრივ, მისი კონსტიტუციური წონა მჭიდროდ არის დაკავშირებული ზოგადად სასამართლო ხელისუფლების ეფექტურად განხორციელებასთან [იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”].
სასამართლოსათვის მიმართვა ადამიანის (პირის) ბუნებითი უფლებაა. ამ უფლების განხორციელება „...სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს უკავშირდება და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მის არსს“ [იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის №1/3/393,397 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“]. თანამედროვე სახელმწიფოს ფუნქციაა, უზრუნველყოს სამართლებრივი მშვიდობა და სამართლებრივი უსაფრთხოება. მას აქვს ძალაუფლების მონოპოლია და კრძალავს მოქალაქეთა მიერ თვითიუსტიციის განხორციელებას. სამარ- თლებრივი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა, ადამიანებისათვის უზრუნველყოს უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სამართლებრივი გზა და ამით სოციალური კონფლიქტები მოაქციოს სახელმწიფოს მიერ დადგენილ და უზრუნველყოფილ სამართლებრივ პროცესებში.[1] „სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მექანიზმს, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისაგან დაცვას“ [იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/1/403,427 გადაწყვეტილება საქმეზე „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“].
საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ სასამართლო ხელისუფლების იურისდიქციის შეზღუდვა – სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვით სასამართლო კომპეტენციას განკუთვნილი საკითხების სასამართლო განსჯადობის სფეროდან გამოყვანა, prima facie საფრთხეს უქმნის როგორც ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ისე სასამართლო ხელისუფლების უნარს, შეაკავოს და გააწონასწოროს პოლიტიკური ხელისუფლება. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს ყოველი ასეთი მოქმედება განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შემოწმდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი აბზაცი, უპირველეს ყოვლისა, იძლევა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას. მისი ანალოგიურია კონვენციის მე-6 მუხლის პირველი აბზაცი.[2] ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად ყოველი ადამიანისათვის გათვალისწინებულია სამართლიანი და ხელმისაწვდომი სასამართლოს უფლება. ამ უფლების განმტკიცება სახელმწიფოს ვალდებულებაა. თუკი სახელმწიფო უფლებამოსილია მართლმსაჯულების ადმინისტრირების ფარგლებში გარკვეული შეზღუდვები დააწესოს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებაზე (მაგალითად საპროცესო ვადები, სახელმწიფო ბაჟი, სარჩელის ფორმა და ა.შ.), ამ უფლების მთლიანად ჩამორთმევა და სასამართლოსათვის მიმართვის აკრძალვა სრულიად დაუშვებელია. ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლით ასევე დადგენილია, რომ სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს პრაქტიკული და ეფექტური [იხ. Bellet v. France, § 38]. იმისათვის, რათა სასამართლოსათვის წვდომა იყოს ეფექტური, აუცილებელია პირს მიეცეს საშუალება ნათელი და პრაქტიკული საშუალება სადავოდ გახადოს ის აქტი, რომელიც მის უფლებებს არღვევს [იხ.Nunes Dias v. Portugal]. ის შეზღუდვები, რომლებიც სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას შეიძლება დაუწესდეს საჭირო უნდა იყოს მხოლოდ მართლმსაჯულების სწორი და ეფექტური ადმინისტრირებისათვის და მიზნად არ უნდა ისახავდეს პირისათვის უფლების სრულად ხელყოფას [იხ. Cañete de Goñi v. Spain, § 36]. კანონმდებლობამ არ უნდა შეზღუდოს მოსარჩელე გამოიყენოს სამართლებრივი დაცვის ყველა ის საშუალება, რომელიც ზოგადად ამ მართლწესრიგისათვის თვისობრივად დამახასიათებელია [Miragall Escolano v. Spain; Zvolsky and Zvolska v. the Czech Republic, § 51]. არა მხოლოდ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების პირდაპირ წართმევა, არამედ სხვადასხვა ხერხებით ამ უფლების ფაქტობრივი ჩამორთმევა ევროსასამართლოს პრაქტიკაში კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად მიიჩნევა. მაგალითად, შიდა სასამართლოების მიერ პროცესუალური ნორმების შეზღუდული განმარტება და გადამეტებული ფორმალიზმით სასამართლოსათვის მიმართვის უფლების ჩამორთმევა კონვენციის დარღვევაა [იხ. Perez de Rada Cavanilles v. Spain, § 49; Miragall Escolano v. Spain, § 38; Société anonyme Sotiris and Nikos Koutras ATTEE v. Greece, § 20; Beles and others v. Czech Republic, § 50; RTBF v. Belgium, §§ 71, 72, 74].
ეს პრინციპები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს წინამდებარე სარჩელის განხილვისას, ვინაიდან საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართული პროპაგანდის აღკვეთას და მის შეჩერებას. კერძოდ, ქართულ სატელევიზიო სივრცეში ბოლო წლების განმავლობაში დღითიდღე იზრდება რუსული პროპაგანდისტული არხების გავლენა და მათი მეშვეობით კრემლის იმპერიალისტური პოლიტიკის გატარება. ისეთ არხებზე, როგორებიცაა «Первый канал», «Russia Today», «НТВ», «Россия-24», «ВГТРК», «Голос России», «Звезда» და «Планета» გამუდმებით ჟღერდება ანტიდასავლური და ანტიევროპული მოწოდებები; არხებზე გასულ სიუჟეტებში გამართლებულია რუსული ოკუპაცია და ხორციელდება ცრუ და დამახინჯებული ფაქტებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. აღნიშნული არხები წარმოადგენენ არა თავისუფალ მედიას, არამედ რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის მძლავრ პროპაგანდისტულ მანქანას, რომელიც საზოგადოებაში სიძულვილის წახალისებით ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა რუსულ არხებზე გასული სიუჟეტები პირდაპირ თუ ირიბად ომისა და ძალადობისაკენ მოუწოდებენ მოსახლეობას, ამართლებენ მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას და მათი სუვერენიტეტის უხეშ შელახვას. სწორედ ამ მიზანმიმართული კამპანიის გამო რუსული არხების აკრძალვა აქამდე სხვა სახელმწიფოებსაც მოუხდენიათ. მაგალითად მოლდოვამ 2014 წლის 4 ივლისს მოახდინა 24-ე არხის აკრძალვა, რაც 2015 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში.[3] უკრაინაში მოხდა ანალოგიური შეზღუდვა, სადაც ტელე-რადიო მაუწყებლობის ეროვნულმა კომისიამ 2014 წლის 11 მარტიდან აკრძალა რიგი რუსული არხების ტრანსლირება უკრაინაში.[4] ორივე შემთხვევაში დასაბუთება თითქმის ანალოგიურია და ეხება რუსული არხების მიერ დეზინფორმაციის გავრცელებას. ლატვიის მას-მედიის ეროვნულმა კომისიამ 2014 წლის 3 აპრილის №95 გადაწყვეტილებით აკრძალა რუსული არხის Rossiya RTR-ის ჩვენება.[5] ლიტვაშიც მოხდა 3 თვით რუსული არხის აკრძალვა შეცდომაში შემყვანი ფილმის ჩვენების გამო, რომელიც არასწორად გადმოსცემდა 1991 წლის 13 ინვარს ლიტვაში მომხდარ ამბებს, როცა საბჭოთა კავშირის არმიის შეტევას სატელევიზიო ანძასა და ტელე-სადგურზე 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.[6] საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გამო, სამწუხაროდ არ არსებობს რუსული პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლის ნება. მაშინ როცა, საკითხი პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ყველა ადამიანისა თუ ორგანიზაციის მოვალეობაა საკუთარი რესურსების ფარგლებში ებრძოლოს დამპყრობელს. სწორედ ამ მიზნით მოსარჩელეს განზრახული აქვს რუსული არხების საქართველოში მაუწყებლობა გაასაჩივროს სასამართლოში და იდავოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის თაობაზე. კერძოდ, კანონის 56-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა, ასევე იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის. ამ მუხლში მოცემული აკრძალვის დარღვევა გამუდმებით ხდება ზემოთ ჩამოთვლილი რუსული სატელევიზიო საშუალებების მიერ და ქვეყნის საზოგადოებას, მაყურებელს, აქვს უფლება კანონის დარღვევა სასამართლოში გაასაჩივროს. თუმცა, გასაჩივრებული კანონის არაკონსტიტუციური ნორმები, კერძოდ კი 14-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 591 -ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ამის საშუალებას ართმევს მოსარჩელეს. კერძოდ, კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. კანონის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. როგორც ნორმის შინაარსიდან ირკვევა, გასაჩივრების უფლება არ ეხება კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებს. კანონის 591-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი დაუშვებელია ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება. როგორც კანონის ნორმათა ანალიზიდან ირკვევა, თუკი მაუწყებელმა დაარღვია კანონის 56-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოახდინა ომის პროპაგანდა, მაყურებელს არ აქვს უფლება ამის შესახებ მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ქმედების აკრძალვა და მაუწყებლის ტრანსლაციის შეჩერება. ეს კი ცხადია არაკონსტიტუციური შეზღუდვაა და გაუმართლებლად უკრძალავს პირს სასამართლოში უფლების დაცვის უფლების გამოყენებას. ევროსასამართლოს პრაქტიკაშიც აღიარებულია, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება აკრძალოს მედიის მხრიდან გარკვეული ქმედებების განხორციელება, თუკი ეს გამართლებული საზოგადოებაში დამკვიდრებული წესრიგის, მორალისა და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ზოგადად, სახელმწიფოს არ შეუძლია, შეზღუდოს ინფორმაციის თავისუფლება იმ საფუძვლით, რომ გარკვეული ინფორმაცია ან იდეები შეიძლება ემოციურად გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს ან მიუღებელი საქციელის წამახალისებელი იყოს. ადამიანებს უფლება აქვთ, მიიღონ და გაავრცელონ იდეები და თავად გადაწყვიტონ, რა არის მათთვის მისაღები ან მიუღებელი (Handyside v. UK , p. 48). თუმცა, რუსული არხების მიერ განხორციელებული პროპაგანდა ვერ ექცევა კონვენციის მე-10 მუხლის დაცვის სფეროში. მათ მიერ ომის, ძალადობის, ეთნიკური შუღლისა და განხეთქილების წახალისება უდიდეს საფრთხეს უქმნის საქართველოს, მის უსაფრთხოებას და ყოველ მოქალაქეს თუ გაერთიანებას უნდა ქონდეს შესაძლებლობა უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს. აქვე აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული მუხლების თაობაზე უკვე არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვები „გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე–4 პუნქტის სიტყვებს „...ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ასევე ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების სიტყვები „ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმების“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე–4 პუნქტის სიტყვებს „...ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით [იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”]. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმები აშკარად არაკონსტიტუციურია, ისინი კრძალავენ სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას და ამით პირდაპირ ხელყოფენ მოსარჩელის, როგორც მაყურებლისა და ქვეყნის უსაფრთხოებით დაინტერესებული პირის უფლებებს მიმართოს სასამართლოს დარღვეული უფლებების დასაცავად.[1] ავტორთა კოლექტივი, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები, მეორე თავი, GIZ, გვ. 517-518 [2] ავტორთა კოლექტივი, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები, მეორე თავი, GIZ, გვ. 521 |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა