ა(ა)იპ „ივერია. ბიზ“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/10/698 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 29 დეკემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 29 დეკემბერი 2016 16:09 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე,
ირინე იმერლიშვილი - წევრი,
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „ივერია. ბიზ“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანი: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ა) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები „გარდა ამ კანონის ... 56-ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვებს „იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა“ და მე-2 პუნქტის სიტყვებს: „იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის“; ბ) 591 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების სიტყვები „ამ კანონის ... 56-ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმები“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვებს „იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა“ და მე-2 პუნქტის სიტყვებს: „იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის“.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №698) მომართა ა(ა)იპ „ივერია. ბიზმა“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 4 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 29 დეკემბერს.
2. №698 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუცო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გარდა, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ან სასამართლოს. 591 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევაზე რეაგირება შესაძლებელია მხოლოდ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის საფუძველზე, მაუწყებლის მიერ შექმნილი თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი კრძალავს მაუწყებლის მიერ 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა რომელიმე ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების შესაძლებლობას.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებში მოცემულია მაუწყებელთა მიმართ დადგენილი შინაარსობრივი მოთხოვნები. კონკრეტულად, 56-ე მუხლით დადგენილია პროგრამული შეზღუდვები. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა, მე-2 პუნქტის თანახმად კი იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის“.
5. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ სასამართლო ხელისუფლების იურისდიქციის შეზღუდვა - სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვით სასამართლო კომპეტენციას განკუთვნილი საკითხების სასამართლო განსჯადობის სფეროდან გამოყვანა საფრთხეს უქმნის როგორც ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ისე სასამართლო ხელისუფლების უნარს, შეაკავოს და გააწონასწოროს პოლიტიკური ხელისუფლება. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს ყოველი ასეთი ქმედება განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შემოწმდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
7. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, სამართლიანი სასამართლოს უფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოცემული კონსტიტუციური დავის ფარგლებში, რადგან საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართული პროპაგანდის აღკვეთას და მის შეჩერებას. კერძოდ, ქართულ სატელევიზიო სივრცეში ბოლო წლების განმავლობაში დღითი დღე იზრდება რუსული პროპაგანდისტული არხების გავლენა და მისი მეშვეობით კრემლის პოლიტიკის გატარება. რიგ რუსულ არხებზე გამუდმებით ისმის ანტიდასავლური მოწოდებები, გამართლებულია რუსული ოკუპაცია და ხორციელდება ცრუ და დამახინჯებული ფაქტებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. არაერთხელ ჰქონდა ადგილი, პირდაპირ თუ ირიბად, ომისა და ძალადობისაკენ მოწოდებას. მოსარჩელე მხარე მიუთითებს მოლდოვაში, უკრაინაში, ლატვიასა და ლიტვაში უფლებამოსილი ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლებითაც აიკრძალა გარკვეული რუსული არხების მაუწყებლობა დასახელებულ ქვეყნებში დეზინფორმაციის გავრცელების მიზეზით.
8. მოსარჩელე მხარის პოზიციით, დღეის მდგომარეობით საქართველოში არ არსებობს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნება, მაშინ როდესაც მოცემული საკითხი პირდაპირ უკავშირდება ეროვნულ უსაფრთხოებას. საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის განზრახვას წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული რუსული არხების მაუწყებლობის აკრძალვით მიმართოს სასამართლოს, თუმცა სადავო ნორმები ამის საშუალებას არ იძლევა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლს.
9. მოსარჩელე მხარე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს, მედიის მხრიდან აკრძალოს გარკვეული ქმედებების განხორციელება, თუკი ეს გამართლებულია საზოგადოებაში დამკვიდრებული წესრიგის, მორალისა და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. ზოგადად, სახელმწიფოს არ შეუძლია, შეზღუდოს ინფორმაციის თავისუფლება იმ საფუძვლით, რომ გარკვეული ინფორმაცია ან იდეები შეიძლება ემოციურად გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს ან მიუღებელი საქციელის წამახალისებელი იყოს. ადამიანებს უფლება აქვთ, მიიღონ და გაავრცელონ იდეები, ასევე თავად გადაწყვიტონ, რა არის მათთვის მისაღები ან მიუღებელი. თუმცა, მოსარჩელე მხარის თქმით, რუსული არხების მიერ განხორციელებული პროპაგანდა, მათ მიერ ომის, ძალადობის, ეთნიკური შუღლისა და განხეთქილების წახალისება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ინტერესებს, მის უსაფრთხოებას, ამიტომ ნებისმიერ მოქალაქეს თუ გაერთიანებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
10. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე მხარე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. მოსარჩელე სადავო ნორმებს ასაჩივრებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, შესაბამისად, იგი ვალდებულია, დაასაბუთოს მათი მიმართება კონსტიტუციის ხსენებულ დებულებასთან. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მექანიზმს, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისაგან დაცვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/1/403,427 გადაწყვეტილება საქმეზე ,,კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"). „ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს… უფლებებისა და თავისუფლებების არსებობისა და ეფექტური რეალიზებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათი სამართლებრივი დაცვის საშუალებების არსებობას. უფლება ის ლეგიტიმური ინტერესია, რომელიც ამართლებს დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირის თავისუფლების შეზღუდვას. ხოლო კონკრეტული ინტერესის უფლებად განსაზღვრის შედეგი არის სწორედ ის, რომ მისი ხელყოფის ან შესაძლო ხელყოფის შემთხვევაში უფლების სუბიექტს შეუძლია მოითხოვოს ხელყოფის საფრთხისგან დაცვა ან მიყენებული ზიანის ანაზღაურება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის საფუძველზე სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის წარმოსაჩენად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ მას გააჩნია უფლება ან კანონიერი ინტერესი, რომლის დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა სადავო ნორმით ეზღუდება. საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ანატოლი კოზლოვსკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზაცია „...მოითხოვს იმ კონკრეტული უფლების არსებობას, რომლის დაცვაც განაპირობებს სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას“. იმისთვის, რომ კონსტიტუციურობის თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ნებისმიერი ნორმა, რომელიც ზღუდავს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებას, უპირველეს ყოვლისა, უნდა დასაბუთდეს, რომ ეს ნორმა აბრკოლებს პირს, თავისი უფლებების და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აუცილებელია, იყოს prima facie უფლება, რომლის სასამართლო წესით დაცვაც სურს მოსარჩელეს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმები ზღუდავს სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც მაუწყებლის მიერ ხდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევა. აღნიშნული ნორმებით იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა და ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის. მოსარჩელე მხარის მითითებით მაუწყებლის მიერ ხსენებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, მისი მხრიდან სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზაცია ემსახურება ზოგადად საზოგადოების დაცვას ამა თუ იმ რუსული არხის მიერ საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში გამოთქმული შეხედულებებისაგან. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარის ძირითად მიზანს წარმოადგენს რიგი რუსული არხების მაუწყებლობის აკრძალვის მოთხოვნით სასამართლოში დავა.
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი აკრძალვები ემსახურება მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დაცვას, თუმცა საჯარო ინტერესის არსებობა თავისთავად არ აღჭურავს კერძო პირებს მის დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობით. საჯარო ინტერესების დაცვა სახელმწიფოს ფუნქცია, რომელსაც იგი სხვადასხვა აკრძალვებისა და სათანადო სანქციების დაწესებით უზრუნველყოფს. სწორედ სახელმწიფოს ექსკლუზიური უფლებამოსილებას წარმოადგეს საჯარო ინტერესების დასაცავად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ერთი კერძო პირის მიერ მეორე კერძო პირის წინააღმდეგ სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა არ წარმოადგენს საჯარო ინტერესების უზრუნველყოფის ალტერნატიულ მეთოდს. როგორც უკვე აღინიშნა, იმისათვის, რათა მოსარჩელემ დაასაბუთოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შეზღუდვა იგი ვალდებულია, მიუთითოს არა საჯარო ინტერესზე, არამედ მის უფლებაზე ან კანონიერ ინტერესზე, რომლის დასაცავადაც მას სასამართლოსათვის მიმართვა სჭირდება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩლე მხარეს ასეთ უფლებასა თუ კანონიერ ინტერესზე არ მიუთითებია. შესაბამისად, №698 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №698 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „ივერია. ბიზ“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი