საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N829 |
ავტორ(ებ)ი | ნუგზარ ნაჭყებია |
თარიღი | 15 სექტემბერი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი დასაშვებია რადგან იგი აკმაყოფილებს "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონით და "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონით დასაშვებობის მოთხოვნებს. სახელდობრ, არსებობს აშკარა მიმართება სადაო ნორმასა და კონსტიტუციის 29-ე, 44 მუხლებს შორის, რადგან სადაო ნორმით იზღუდება ჩემი უფლება, როგორც რეაბილიტირებულმა პირმა მოვითხოვო იმავე თანამდებობაზე აღდგენა, ან ტოლფასი თანამდებობა. აგრეთვე, ა) სარჩელი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება "საკონსტიტუციო სამართანწარმოების შესახებ" კანონის მე-16 უხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან მიმაჩნია, რომ სადაო ნორმით დარღვეულია კონსტიტუციის 29-ე და 44-ე მუხლის მოთხოვნები და შესაბამისად ჩემი უფლებები; გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, რადგან იგი ეხება ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმებას კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით დ) სარჩელში მითითებული სადაო საკითხი არ არის გადაწყვეტლი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ე) სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით ვ) კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა არ არის დარღვეული, რადგან კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული რაიმე ვადა მოცემული საკითხის განხილვისათვის ზ) არ არსებობს გასაჩივრებულ საკანონმდებლო აქტზე ირეარქიულად უფრო მაღლა მდგომი ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა სადაო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
"საჯარო სამსახურის შესახებ"კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადებაში მითითებულია: "როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე". 97-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ ნაწილში მითითებულია,რომ "მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულებით შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას." მოცემული დათქმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტის და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. ეს დათქმა ეწინააღმდეგება ამავე კანონის სხვა დებულებათა მოთხოვნებს, აგრეთვე საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნებს, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ადგენენ სახელმწიფო სამსახურის პირობებს და მოხელის უფლებებს. კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ "სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით". გარდა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონისა, მოხელის შრომის პირობები განისაზღვრება სამოქალაქო, სისხლის, ადმინისტრაციული და სხვა სამართლის ნორმებით. კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად "საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის მოთხოვნებს. გასაჩივრებული ნორმები საშუალებას აძლევს სახელმწიფო დაწესებულების ადმინისტრაციას შტატების შემცირების დროს დაუშვას ისეთი მოხელის განთავისუფლება, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის და მასზე იერარქიით მაღლა მდგომი კანონებით დაუშვებელია და წარმოადგენს კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევას. სახელდობრ: "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 14-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ერთ-ერთი ასეთი ურთიერთობაა ბრალდებული პირის თანამდებობიდან გადაყენება სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებისას, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე (სსსკ 184-185 მუხლები, 1998წ. რედაქციით). ასეთი განჩინება სასამართლოს აქტია და იგი სავალდებულოა შესასრულებლად სახელმწიფო ორგანოებისათვის. სასამართლოს ამ განჩინების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. ("საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები). სასამართლოს განჩინებით თანამდებობიდან გადაყენება მოხელის სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერებაა განჩინებაში მითითებული ვადით - შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც ნიშნავს მოხელის დროებით განთავისუფლებას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისაგან. სამსახურეობრივი ურთიერთობის შეჩერების აღნიშნული საფუძველი მითითებულია "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 89-ემუხლის "ი" ქვეპუნქტში. სამსახურეობრივი უფლებამოსილებს შეჩერება დროებითი ხასიათისაა და მისი საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში - გამამართლებელი განაჩენის დადგენისას ან სხვა მარეაბილიტირებელი გარემოებებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისას, მოხელეს აღუდგება სამსახურეობრივი ურთიერთობა. (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი) უდაოა, რომ სამართლის ზემოდ მითითებული ნორმები არეგულირებენ იმ ურთიერთობებს, რაც არრეგულირდება "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით. ამდენად, ა) სასამართლოს განჩინებით მოხელის თანამდებობიდან გადაყენება ნიშნავს მოხელის სამსახურეობრივი ურთიერთობების შესრულებისაგან მის დროებით გათავისუფლებას განჩინებაში მითითებული ვადით; ბ) ამ განჩინების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით; გ) სამსახურეობრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, მოხელეს აღუდგება სამსახურეობრივი ურთიერთობა მიუხედავად ამ დებულებებისა "საჯარო სამსახურის შესახებ"კანონის 96-ე და 97-ე მუხლები სახელმწიფო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ გამოიყენება მათი უგულველყოფით - შტატების შემცირების გამო ანთავისუფლებს მოხელეს, რომელიც სასამართლოს განჩინებით გადაყენებულია თანამდებობიდან სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე (ე.ი. სამსახურეობრივი ურთიერთობები შეჩერებული აქვს სასამართლოს მიერ განჩინებაში მითითებული ვადით). 1993 წლიდან ვმუშაობდი საქართველოს კონტროლის პალატაშ, ხოლო 2004 წლიდან კონტროლის პალატის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ და ვითვლებოდი მოხელედ. 2005 წლის აგვისტოში ქ. თბილისის პროკურატურის მიერ მიცემული ვიქენი სისხლის სამართლის პასუხისგებაში და 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ბრძანებით #14/1323-05 გადაყენებული ვიქენი დაკავებული თანამდებობიდან სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, კონტროლის პალატის 2005 წ. 19 აგვისტოს გან-428 ბრძნებით გადაყენებული ვიქენი თანამდებობიდან სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე. ჩემს მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის განხილვა გაჭიანურდა და მხოლოდ 2012წ. 7 დეკემბერს განიხილა სასამართლომ, რომლის დადგენილებით ჩემს მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა მარეაბილიტირებელი გარემოებებით. სისხლის სამართლის კოლეგიაში საქმის განხილვამდე კონტროლის პალატის ხელმძღვანელობამ, შტატების შემცირების მოტივით, 2007 წ. 3 ივლისის გან-590 ბრძანებით გამანთავისუფლა სამსახურიდან, ამასთან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე გამოცემული 2005წ. 19 აგვისტოს გან-428 ბრძანება თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე, რომელიმე აქტით არ გაუუქმებიათ. 2007 წ. 3 ივლისის გან-590 ბრძანებთ ფაქტობრივად შეიცვალა ჩემი სამართლებრივი მდგომარეობა: ამ ბრძანების გამოცემამდე მოსამართლის ბრძანებით (და კონტროლის პალატის შესაბამისი ბრძანებით) გადაყენებული ვიყავი თანამდებობიდან და სამართლებრივი ურთიერთობა შეჩერებული იყო სასამართლოში საქმის განხილვამდე, აღნიშნული ბრძანებით კი მე გამანთავისუფლეს სამსახურიდან, რითაც არსებითად გაუქმდა 2005 წ. 11 აგვისტოს სასამართლოს ბრძანება თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, სასამართლოს აქტის გაუქმება მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა. კონტროლის პალატის 2007წ. 3 ივლისის ბრძანება გან-590, მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით, ჩემს მიერ გასაჩივრებული იქნა ქ. თბილისი საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის 2007 წ. 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით უარი მეთქვა სარჩელში. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებმა უცვლელად დატოვეს დებულება, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა გადაწყვეტილებაში "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის არც ერთი ნორმა არზღუდავს საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციას ორგანიზაციისა და შტატების შემცირების შემთხვევაში გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან საჯარო მოხელე, რომელსაც სამსახურეობრივი ურთიერთობა შეჩერებული აქვს სასამართლოს ბრძანების გამო. ფორმალურად ასეთი მსჯელობა მარტებულია, მაგრამ არსებიტად არასწორი და არაკანონიერია შემდეგ გარემოებათა გამო: 1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას (მე-6 მუხლი) "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის დებულება სასამართლოს აქტების სავალდებულოობის შესახებ და მათი გაუქმების წესის შესახებ კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია (82 მუხლი მე-2 პუნქტი, 85-ე მუხლის მე-5 პუნქტი) 2. კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია, რომ საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც არ წესრიგდება ამ კანონით, რეგულირდება სხვა შესაბამისი კანონმდებლობით. მოხელის თანამდებობიდან გადაყენება, მისი სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერება, აგრეთვე შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ მისი სამართლებრივი მდგომარეობა რეგულირდება სისხლის სამართლის საპროცესო,სამოქალაქო სამართლის კოდექსების შესაბამისი ნორმებით, რაც მითითებულია სარჩელში. (სსსკ 184-185, 219 მუხლები, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი,"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 88-ე მუხლი, 89-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტი). 3. კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ავალდებულებს სახელმწიფო დაწესებულები ადმინისტრაციას შეასრულოს საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის მოთხოვნები. ამავეს ავალდებულებს მას "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 13-ე მუხლი. და ბოლოს, 4. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი იცავს მოხელეს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადება, 97-ე მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი წინადადება შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებთან და მისი გამოყენებით ირღვევა სახელმწიფო ორგანოთა უკანონო მოქმედებით დაზარალებულ პირთა შრომითი და სხვა უფლებები, რის გამოც გთხოვთ: ბათილად იქნეს ცნობილი "საჯარო სამსახურს შესახებ" კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადება - "როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება - "მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას..." როგორც კონსტიტუციის შეუსაბამო ნორმა. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა