საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/7/829 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 მაისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 მაისი 2017 18:02 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან და 44-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №829) მიმართა საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებიამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 16 სექტემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 17 მაისს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება ეხება საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაციის პროცესს და ითვალისწინებს ამ პროცესს როგორც მოხელის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება. ამასთან, დასახელებული ნორმის თანახმად, ამგვარი განთავისუფლების საფუძველს ადგენს ამავე კანონის 97-ე მუხლი. რაც შეეხება დასახელებული კანონის 97-ე მუხლის პირველ პუნქტს, ეს უკანასკნელი ანიჭებს საჯარო დაწესებულებას უფლებას, გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან მოხელე, როდესაც რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება.
4. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს, რომ „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“, ხოლო 44-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოში მცხოვრები ყოველი პირის ვალდებულებაა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო საქართველოს კონტროლის პალატის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, შესაბამისად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 აგვისტოს ბრძანებით, მოსარჩელე გადაყენებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში მოხდა მის მიმართ შრომითი ურთიერთობის შეჩერება. 2007 წლის 3 ივლისის ბრძანებით, სასამართლოს მიერ ნუგზარ ნაჭყებიას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ეს უკანასკნელი საქართველოს კონტროლის პალატიდან განთავისუფლებულ იქნა შტატების შემცირების გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ მოსარჩელემ გაასაჩივრა სასამართლოში, თუმცა კონტროლის პალატის გადაწყვეტილება სამივე ინსტანციის სასამართლომ დატოვა ძალაში და მიუთითა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი იძლევა შტატების შემცირების შემთხვევაში მოხელის თანამდებობიდან განთავისუფლების შესაძლებლობას.
6. კონსტიტუციურ სარჩელში განმარტებულია, რომ სადავო ნორმები სახელმწიფო დაწესებულებას ანიჭებს უფლებას, თანამდებობიდან გაათავისუფლოს მოხელე დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, მათ შორის იმ დროსაც, როდესაც შრომითი ურთიერთობა შეჩერებულია სასამართლოს აქტით. ამგვარი ვითარების არსებობისას, არა ფორმალურ-სამართლებრივად, არამედ ფაქტობრივად ხდება სასამართლოს აქტის გაუქმება.
7. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, ურთიერთობები, რომლებიც არ წესრიგდება ამ კანონით, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. მოსარჩელე, იმ საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობით, რომლებიც სასამართლოს მიერ მიღებული აქტების გაუქმების, შეცვლის ან შეჩერების საკითხებს, აგრეთვე მიმდინარე სისხლისსამართლებრივ საქმეზე გამამართლებელი განაჩენის დადგენის ან სხვა მარეაბილიტირებელი გარემოებებით დევნის შეწყვეტისას მოხელის თანამდებობაზე აღდგენის საკითხებს ეხება, აღნიშნავს, რომ სასამართლო აქტის გაუქმება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაა, თუმცა სადავო ნორმები ფაქტობრივად სწორედ სასამართლოს აქტის გაუქმებას იწვევს იმგვარად, რომ მისი გაუქმების გადაწყვეტილება, კანონით დადგენილი წესით, არ მიუღია სასამართლოს.
8. მოსარჩელე მხარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ ყველა ნორმატიული აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია, შეასრულოს კონსტიტუციის მოთხოვნები, ისევე როგორც 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მოხელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტიას. აღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებებზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
2. №829 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის (რომელსაც თან ახლავს შტატების შემცირება) პროცესში სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე თანამდებობიდან გადაყენებული მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. იგი უთითებს, რომ დასახელებულ ვითარებაში მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება ფაქტობრივად იწვევს მოსამართლის მიერ გამოცემული აქტის გაუქმებას, რაც მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაა. სწორედ ზემოხსენებული მიზეზით ხდის მოსარჩლე მხარე სადავოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადების კონსტიტუციურობას.
3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე“. აღნიშნული ნორმის მიზანია გამორიცხოს თავისთავად რეორგანიზაციის ფაქტის საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად გამოყენება, ხოლო როდესაც რეორგანიზაციას შტატების შემცირებაც ახლავს თან, სადავო ნორმა უთითებს, რომ განთავისუფლების საკითხი წყდება 97-ე მუხლის საფუძველზე, ანუ შტატების შემცირების შემთხვევისათვის დადგენილი წესებით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ანალიზის შედეგად აშკარაა, რომ საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად შეიძლება გამოყენებული იქნეს არა რეორგანიზაცია, არამედ შტატების შემცირება და ეს საფუძველი დადგენილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველით. ამდენად სადავოდ გამხდარი 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება არ წარმოადგენს საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის დამდგენ წესს, შესაბამისად, იგი არც მოსარჩელის მიერ მითითებული პრობლემის წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. ის ნორმატიული შინაარსი რომლის არაკონსტიტუციურად ცნობაზეც მოსარჩელე მიუთითებს, სადავო ნორმას საერთოდ არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, №829 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
6. №829 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ასევე ითხოვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე თანამდებობიდან გადაყენებული მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებას.
7. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილია სახელმწიფოსგან უკანონოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება. ამ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის „42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
8. სადავო ნორმის თანახმად, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას. დასახელებული რეგულაცია ადგენს შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო მოხელის სამსახურიდან განთავისუფლებისთვის საფუძველს და იგი არ არეგულირებს ზიანის ანაზღაურების საკითხებს. ამავე დროს, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არანაირი დამატებითი არგუმენტაცია, თუ რატომ გააჩნია სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის დამდგენ ნორმას შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან, ან რა ფორმით ზღუდავს იგი უკანონოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №829 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას“ კონსტიტუციურობას, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული.
10. განსახილველ კონსტიტუციურ სარჩელში ასევე მოთხოვნილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას“ კონსტიტუციურობის შემოწმება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ხსენებული კონსტიტუციური დებულების თანახმად „საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს“, ხოლო მოსარჩლე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ხსენებული დებულება ირღვევა, ვინაიდან სადავო ნორმები წინააღმდეგობაშია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა დებულებებთან და საქართველოს კონსტიტუციასთან.
11. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებს შორის წინააღმდეგობაზე, ისევე როგორც კონსტიტუციის სხვა ნორმებთან შეუსაბამობაზე მითითება არ გამოდგება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის არგუმენტად. მოსარჩელეს საერთოდ არ წარმოუდგენია არგუმენტაცია უშუალოდ კონსტიტუციის 44-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ხსენებული სასარჩელო მოთხოვნაც დაუსაბუთებელია და N829 კონსტიტუციური სარჩელი ამ ნაწილშიც არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №829 (საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი