საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N830 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი შავლიაშვილი, ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე |
თარიღი | 15 სექტემბერი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ; გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“ მოხმარებისთვის, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან, კანონის, შესაბამისობის საკითხზე; დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით; ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა; ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოებები:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ნიკა გაფრინდაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაევალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ხანგრძლივობით და 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. 2. 2016 წლის 21 აპრილს მსჯავრდებულმა ნიკა გაფრინდაშვილმა და მისმა ადვოკატმა სონია ოდიშარიამ შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ. 3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი. 4. მსჯავრდებული ნიკა გაფრინდაშვილი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი სონია ოდიშარია საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის განჩინების გაუქმებას, შუამდგომლობის განხილვასა და მის მიმართ დადგენილი განაჩენის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
სამართლებრივი გარემოებები:
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე), ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანას, პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენის და შენახვის გამო.
2. მოცემულ საქმეში მსჯავრდებული ნიკა გაფრინდაშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით, მართალია, დადგინდა პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე ,,გამომშრალი მარიხუანის“ შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი ქმედების ან/და სანქციის ნაწილში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ მუხლით პირის მსჯავრდებისას, მის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მოტივაცია, კერძოდ:
დასკვნა:
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს რა საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშულ მსჯელობას მიაჩნია, რომ 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში, როდესაც პირი ნარკოტიკის მოხმარებით საკუთარ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს, შესაძლოა მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება გაუმართლებელ ჩარევად ჩაითვალოს პირის თავისუფლებაში და შეუსაბამო იყოს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა