ა(ა)იპ „ქართული ღია წრე'' საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N664 |
ავტორ(ებ)ი | ააიპ "ქართული ღია წრე" |
თარიღი | 24 აგვისტო 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
,,საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად საკონსტიტუციო სარჩელი ან წარდგინება განსახილველად არ მიიღება თუ ა) ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი არის შედგენილი ,,საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნათა სრული გათვალისწინებით, კერძოდ: დაცულია კონსტიტუციური სარჩელის ფორმა; საკონსტიტუციო სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ზემოაღნიშნული სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის სადაო მუხლების მოქმედება არღვევს და შესაძლოა მომავალშიც დაარღვიოს ჩემი საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული უფლებები; აღნიშნულ სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია; წინამდებარე სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; საკონსტიტუციო სარჩელის გასაჩივრების ვადა არ არის დარღვეული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად არმიღების საფუძველი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მართლმსაჯულების განხორციელება ხდება მხოლოდ სასამართლოს მიერ, მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის მიხედვით მხარეებად სასამართლოში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები; ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეებად შეიძლება იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მიხედვით: ““საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული პირების გარდა, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება““. ზემოაღნიშნულიდან ნათელია, რომ სამართალწარმოების მონაწილე მხარეები შეიძლება იყვნენ ფიზიკური ან იურიდიული პირები, ორგანიზაციები რომლებიც არ არიან იურიდიული პირები და ადმინისტრაციული ორგანოები.
მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანოები (საჯარო სამართლის იურიდიული პირები, საგადასახადო ორგანოები, სამინისტროები, თვითმმართველი ერთეულები) უშუალოდ მონაწილეობენ საქმის განხილვაში/წარმოადგენენ სამართალწარმოების მონაწილე მხარეებს, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის 1-ლი და მე-2 მუხლების თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებს წარმოადგენენ მხოლოდ ფიზიკური და იურიდიული პირები. ასევე რიგ შემთხვევებში (სახ. ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “ლ“, “ჟ“, “ს,“ “ს1“, “ტ“, “უ“, “ფ“, “ღ“, “შ“, “ჩ“, “ც“, “ძ“, “ძ1“, “წ“, “ჭ“, “ხ“) კანონმდებლის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი (ცალმხრივად) არიან ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ დანაწესს, რომ სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლით გათვალისწინებულია სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების შემთხვევები, კერძოდ სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე, ასევე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII9 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაზე არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნასთან დაკავშირებულ საქმეებზე. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სხვა დათქმებს არ ითვალისწინებს. (ბლანკეტური ნორმები). რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსს, სსსკ 46-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: ა) მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე; ბ) მოსარჩელეები – დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე; გ)მოსარჩელეები-დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე; დ) მხარეები – უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა განთავისუფლების სხვა შემთხვევებიც.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებს განეკუთვნება საქართველოს კანონი სახელმწიფო ბაჟის შესახებ, რომლის პირველივე მუხლი სახელმწიფო ბაჟის ცნების განმარტებას იძლევა, კერძოდ: ““სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის““. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქ. კანონის მე-2 მუხლის თანახმად - ““სახელმწიფო ბაჟის გადამხდელად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს““. იურიდიულ პირებში კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად მოიაზრებიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით იქმნება.
ნათელია რომ კანონმდებელი ადმინისტრაციულ ორგანოებს არ მოიხსენიებს სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად და როგორც ზემოთ ავღნიშნე სახ. ბაჟის შესახებ საქ. კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების მიზნით შექმნილი იურიდიული პირები რიგ შემთხვევებში გათავისუფლებულნი (ცალმხრივად) არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. აღნიშნული პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ თანასწორობისა და შეჯიბრებითობის დანაწესთან. ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ტვირთი საერთოდ მოეხსნა სამართალწარმოების მხარეს და ამით ის უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, კანონმდებელმა არ გაითვალისწინა ის, რომ აღნიშნული საპროცესო ხარჯისაგან (სახელმწიფო ბაჟი) მხარის გათავისუფლებამ (უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებამ), შესაძლოა ადმინისტრაციული ორგანოს ან შესაბამისი სსიპ-ს მხრიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებელი აპელაციები და კასაციები გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად გააჭიანურებს სასამართლო პროცესების დასრულებას. შესაბამისად დაირღვევა 1950 წლის 4 ნოემბრის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის რომის კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნა: ““სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი სსაქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ"". ზემოაღნიშნული გარემოებების გამო სამართალწარმოების მიმდინარეობის გაჭიანურება მნიშვნელოვნად დააზარალებს თავისუფალ მეწარმეობასა და მომხმარებელს - მაშინ, როდესაც სახელმწიფოს კონსტიტუციით აქვს აღებული მეწარმეობისათვის ხელშეწყობის ვალდებულება, საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 30, მე-2 ნაწილი: ““სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას . აკრძალულიამონოპოლიური საქმიანობა , გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა . მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით"". გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სახ. ბაჟის შესახებ საქართველოს კანონი, როგორც მოგახსენეთ ბაჟის გადამხდელად მხოლოდ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აღიარებს, ეს მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიხედვით - ““ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა , კანის ფერისა , ენისა , სქესისა ,რელიგიისა , პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა , ეროვნული , ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა , წარმოშობისა ,ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა , საცხოვრებელი ადგილისა““; ამასთანავე საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის მიხედვით - ““კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით , ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე““; აღნიშნული მუხლები მკაფიოდ ადგენს რომ ყველა განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა და ა.შ კანონის წინაშე თანასწორია. შესაბამისად სამართალწარმოებაში მხარეთა თანასწორობის პრინციპს საფრთხეს უქმნის სახ. ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლი და მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ჩანაწერები, ასევე ამავე კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის - ლ, ჟ, ს, ს1, ტ, უ, ფ, ღ, შ, ჩ, ც, ძ, ძ1, წ, ჭ და ხ პუნქტები. სწორედ აღნიშნული წინააღმდეგობა ბადებს „სადაო" მუხლების და ორ შემთხვევაში მუხლის ჩანაწერის (სახ. ბაჟის შესახე კანონის 1-ლი მუხლი და მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილი) მიმართ არაკონსტიტუციურობის განცდას სამართალწარმოების მონაწილე მხარისათვის, რაც თავის მხრივ ეჭვქვეშ აყენებს იმ რეალურ და ობიექტურ თანასწორობას სამართალწარმოებაში რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული.
სამართალწარმოების დროს, რომელიც შეხება კერძო ინტერესების სახელმწიფოსათვის დაპირისპირებას, დაცვის საშუალებათა თანასწორობა, რომელიც სამართლიანი სასამართლო პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, გულისხმობს, რომ თითოეულ მხარეს უნდა ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს მისი საქმე ისეთი პირობების საფუძველზე, რომლებიც მას თავის ოპონენტთან უთანასწორო მდგომარეობაში არ აყენებს. საქმე - საბერძნეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა "STRAN"-ი და სტრატის ანდრეადისი საბერძნეთის წინააღმდეგ. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა