ა(ა)იპ „ქართული ღია წრე'' საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/9/664 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 25 ნოემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 25 ნოემბერი 2016 20:41 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე,
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე- წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „ქართული ღია წრე“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „ჟ“, „ს“, „ს1“, „ტ“, „უ“, „ფ“, „ღ“, „შ“, „ჩ“, „ც“, „ძ“, „ძ1“, „წ“, „ჭ“, და „ხ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, 45-ე მუხლთან და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №664) მიმართა ა(ა)იპ „ქართული ღია წრემ“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 25 აგვისტოს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 25 ნოემბერს.
2. კონსტიტუციური სარჩელის შეტანის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი ადგენს სახელმწიფო ბაჟის ცნებას, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც, სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს, მათ შორის, იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა და სახელმწიფო ორგანოთა ამომწურავ ჩამონათვალს, რომლებიც საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე ყველას თანასწორობისპრინციპს. კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“. კონსტიტუციის 45-ე მუხლის მიხედვით, „კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალიწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე“, ხოლო 85-ე მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
5. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, სადავო ნორმები, ერთი მხრივ, სახელმწიფო ბაჟის გადამხდელ სუბიექტთა შორის არ მოიხსენიებს ადმინისტრაციულ ორგანოებს, ხოლო, მეორე მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით შექმნილ იურიდიულ პირებს ასეთი ვალდებულებისაგან ათავისუფლებს. მოსარჩელის შეფასებით, კერძო და სახელმწიფო ინტერესების დაპირისპირებისას, თითოეულ მხარეს უნდა ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე ისეთი პირობებში, რომელიც მას თავის ოპონენტთან შედარებით უთანასწორო მდგომარეობაში არ ჩააყენებს. ამის საპირისპიროდ, სადავო ნორმები ზემოაღნიშნულ ორგანოებს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, სამართალწარმოების მეორე მხარესთან შედარებით, სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების შედეგად. ამდენად, აღნიშნული მოწესრიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, 45-ე მუხლსა და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტს.
6. მოსარჩელის მოსაზრებით, არსებობს რისკი, რომ სადავო ნორმები სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლებული ორგანოებისათვის აღმოჩნდეს წამახალისებელი ფაქტორი დაუსაბუთებელი სააპელაციო და საკასაციო საჩივრების შეტანისათვის, რაც, თავის მხრიც, გააჭიანურებს სამართლებრივი დავის დასრულებას, ეს კი მნიშვნელოვნად დააზარალებს თავისუფალი მეწარმეობის უფლებასა და მომხმარებლის უფლებებს, მაშინ როდესაც სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა ხელი შეუწყოს მეწარმეობას. ამდენად, სადავო რეგულაციები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
7. მოსარჩელე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დამატებით იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №664 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „ჟ“, „ს“, „ს1“, „ტ“, „უ“, „ფ“, „ღ“, „შ“, „ჩ“, „ც“, „ძ“, „ძ1“, „წ“, „ჭ“, და „ხ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, 45-ე მუხლთან და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
2. „„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2015 წლის 3 სექტემბრის (№4196-Iს) საქართველოს კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, კერძოდ, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს ეროვნულ ბაკთან ერთად გათავისუფლდა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო. „„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2015 წლის 25 ნოემბრის (№4557-Iს) საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, კერძოდ, შეიცვალა სამინისტროს დასახელება და „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს“ ნაცვლად მიეთითა „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო“.
3. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება საქმეზე შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ; II-5).
5. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმაში ცვლილება განხორციელდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და რაც ასევე გამორიცხავს ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების საფუძვლის არსებობას (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/3/559 საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/520 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბენიამინ აბრამიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის №2/4/526 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ ჯავახაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №664 კონსტიტუციურ სარჩელზე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ და „ჭ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, 45-ე მუხლთან და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.
7. მოსარჩელე არის იურიდიული პირი. შესაბამისად, მას უფლება აქვს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. დასახელებული ნორმების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. ამავე კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს. აღნიშნული ნორმების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუცხადებია, რომ არსებული კომპეტენციის ფარგლებში, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელია, მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ ნორმებთან მიმართებით (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინება №2/5/492; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 14 მაისის საოქმო ჩანაწერი №1/4/596; საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის განჩინება №1/4/644).
8. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის მიხედვითაც, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული მუხლი არა საქართველოს კონსტიტუციის მეორე, არამედ კონსტიტუციის მეხუთე თავშია მოცემული. შესაბამისად, მოსარჩელე არ წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს, იდავოს გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობაზე საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. ამდენად, სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
9. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავის გადაწყვეტილებებში არაერთხელ მიუთითებია გარემოებებზე, რომლებსაც უნდა შეეხებოდეს და ადასტურებდეს კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, „სარჩელში მოყვანილი ... მტკიცებულებები უნდა შეეხებოდეს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება №2/3/412, II-8). ამასთან, „წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა მიანიშნებდეს სადავო ნორმის შინაარსობრივ მიმართებაზე კონსტიტუციის შესაბამის ნორმებთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინება №1/7/561,568, II-3).
10. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს, რადგან მათი მოქმედების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოები სარგებლობენ განსაკუთრებული პრივილეგიით, თავისუფლდებიან რა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს არასებითად თანასწორი პირების მიმართ არათანასწორ მოპყრობას და პირიქით. თუმცა „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება, II-2).
11. კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს. მოცემულ შემთხვევაში იგი მხოლოდ მიუთითებს, რომ სადავო ნორმიდან გამომდინარე, პირები, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოები, პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან. სარჩელში სათანადოდ არ არის იდენტიფიცირებული არც დიფერენცირების ფაქტი და არც არსებითად თანასწორ პირთა წრე, რომელთა შორის დიფერენცირებაზეც მოსარჩელე მიუთითებდა.
12. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია არგუმენტაცია, რომელიც უკავშირდება სამართალწარმოების პროცესში მხარეთა თანასწორუფლებიანობას. ამ თვალსაზრისით, აუცილებელია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, რას გულისხმობს, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული კანონის წინაშე თანასწორობის უფლება და, მეორე მხრივ, მხარეთა თანასწორუფლებიანობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ელემენტია. მოცემულ შემთხვევაში სარჩელისა და სადავო ნორმით დადგენილი რეგულაციის შინაარსობრივი მიმართების ამგვარად წარმოჩენა უკავშირდება მოსარჩელის მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შინაარსის არასწორ აღქმას. როგორც აღინიშნა, კონსტიტუციის მე-14 მუხლი იცავს თანასწორობის უფლებას. ცხადია, კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ მოიცავს მხარეთა თანასწორობას სამართალწარმოების პროცესში. სამართალაწარმოების მხარეთა თანასწორუფლებიანობა სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილია და ამ კონტექსტში ვერ იქნება განხილული კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული უფლების ნაწილად.
13. ამგვარად, კონსტიტუციურ სარჩელი №664 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „ჟ“, „ს“, „ს1“, „ტ“, „უ“, „ფ“, „ღ“, „შ“, „ჩ“, „ც“, „ძ“, „ძ1“, „წ“, „ჭ“, და „ხ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
14. მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტში თავმოყრილია ერთმანეთისაგან განსხვავებული და, იმავდროულად, ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებული რამდენიმე უფლებრივი ასპექტი. მოსარჩელე მათგან მხოლოდ მეწარმეობის თავისუფლებასა და მომხმარებლის უფლებებზე აპელირებს, შესაბამისად, სასამართლოც მხოლოდ ამ უფლებრივ ასპექტებთან მიმართებით იმსჯელებს.
15. საკონსტიტუციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მიმართება გასაჩივრებულ რეგულაციასა და კონსტიტუციურ ნორმას შორის უნდა იყოს ცხადი და აშკარა. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმებმა შესაძლოა გამოიწვიოს სამართალწარმოების მიმდინარეობის გაჭიანურება, რაც დაარღვევს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ უფლებებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ კომპონენტზე - მართლმსაჯულების განხორციელება გონივრულ ვადებში, რომლის დარღვევამაც შესაძლოა გამოიწვიოს სხვა უფლებების დარღვევა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის უშუალო შედეგი შეიძლება იყოს საკუთრების, თავისუფლების, თანასწორობის და ნებისმიერი სხვა უფლების დარღვევა. მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტების მარეგლამენტირებელი ნორმები, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, იმავდროულად, შეფასებადია ყველა იმ უფლებასთან, რომელთა დასაცავადაც პირი სასამართლოსადმი მიმართვის საჭიროების წინაშე დგება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის №1/2/541 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ხელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). ამდენად, სამართალწარმოების გაჭიანურებით, მომხმარებლის უფლებებისა და სამეწარმეო თავისუფლების დარღვევის საფრთხე ვერ გამოდგება კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ უფლებებთან სადავო ნორმის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენ არგუმენტად.
16. შესაბამისად, №664 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „ჟ“, „ს“, „ს1“, „ტ“, „უ“, „ფ“, „ღ“, „შ“, „ჩ“, „ც“, „ძ“, „ძ1“, „წ“, „ჭ“, და „ხ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
17. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ასევე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლთან მიმართებითაც.
18. „კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა არ ახდენს რომელიმე უფლების დეკლარირებას, არ განსაზღვრავს ამა თუ იმ უფლების ნორმატიულ შინაარსსა და ფარგლებს. მისი მიზანი არის კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დეკლარირებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათი არსის გათვალიწინებით, იურიდიულ პირებზე გავრცელებისათვის კონსტიტუციური საფუძვლის შექმნა და, შესაბამისად, ხელისუფლების დავალდებულება, უზრუნველყოს იურიდიული პირები ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობისა და მათი დაცვის კონსტიტუციური გარანტიებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის განჩინება საქმეზე შპს „მაგთიკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ №1/1/564; II-14).
19. ამდენად, კონსტიტუციის 45-ე მუხლის დანიშნულება და ფუნქცია მდგომარეობს არა რომელიმე უფლების დადგენაში, არამედ კონსტიტუციით დადგენილი უფლებებისა და თავისუფლებებისათვის დამატებითი სუბიექტის განსაზღვრაში. შესაბამისად, იურიდიული პირი საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვისას ვერ მოითხოვს ნორმატიული აქტის კონსტიტუციის 45-ე მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობას.
20. აღნიშნულიდან გამომდინარე, №664 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „ჟ“, „ს“, „ს1“, „ტ“, „უ“, „ფ“, „ღ“, „შ“, „ჩ“, „ც“, „ძ“, „ძ1“, „წ“, „ჭ“, და „ხ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმავდროულად აღნიშნავს, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დაუსაბუთებლობის, სასარჩელო მოთხოვნის არასწორად დაყენების ან კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო მისი არსებითად განსახილველად არ მიღება არ გამორიცხავს მოსარჩელის შესაძლებლობას სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის და ფორმალური ხარვეზების გასწორების, სადავო აქტის სწორად იდენტიფიცირების შემთხვევაში კვლავ მომართოს სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის №2/7/812 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №664 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „ქართული ღია წრე“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „ჟ“, „ს“, „ს1“, „ტ“, „უ“, „ფ“, „შ“, „ჩ“, „ც“, „ძ“, „ძ1“, „წ“ და „ხ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, 45-ე მუხლთან და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
2. შეწყდეს სამართალწარმოება №664 კონსტიტუციურ სარჩელზე („ა(ა)იპ „ქართული ღია წრე“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ და „ჭ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, 45-ე მუხლთან და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა