საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N672 |
ავტორ(ებ)ი | ქართლოს ზაქარეიშვილი |
თარიღი | 12 ოქტომბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მოსარჩელე ქართლოს ზაქარეიშვილი ფლობს ათასი საბჭოთა მანეთის ღირებულების სერია #19878, #19879, #19880, #19881, #19882, #19883, #19884, #19885, #19886, #19887, #19888 სახელმწიფო ობლიგაციებს, ასევე ხუთი ათასი საბჭოთა მანეთის ღირებულების სერია #00517 ობლიგაციას (იხილეთ დანართი).
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის პირობების მე-2 მუხლის თანახმად, სესხის ობლიგაციები თავისუფლად იყიდება და შეისყიდება შემნახველი ბანკის დაწესებულების მიერ. ამავე პირობის მე-5 პუნქტის თანახმად, სესხის ობლიგაციაზე მთელი შემოსავალი გადაიხდევნება მოგების სახით. მოგების საერთო თანხა დადგენილია საშუალოდ სესხის ათწლიანი ვადით წელიწადში 15%-ის გაანგარიშებით. სესხი ათწლიანი ვადის განმავლობაში იგებს მთელი ობლიგაციების 35%, ობლიგაციების დანარჩენი 65% სესხის ვადის გასვლის შემდეგ შეისყიდება მათი ნომინალური ღირებულებით. ამავე პირობების მე-8 პუნქტის თანახმად, მოგებახვედრილი და ასევე მოუგებელი ობლიგაციები, რომლებიც ექვემდებარებიან შესყიდვას ნომინალური ღირებულებით, გასანაღდებლად წარდგენილი უნდა იქნენ 2004 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ისინი კარგავენ ძალას და გასანაღდებლად არ მიიღებიან (იხილეთ დანართი).
1992 წლის პირობებით დადგენილი ვადა 2004 წლის 1 იანვარი ისე გავიდა, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება - ნომინალურ ფასად არ შეუსყიდია მოუგებელი ობლიგაციები, არც მოგებული ობლიგაციები გამოვლენილა. ,,სახელმწიფო ვალის შესახებ" კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოს საშინაო ვალად აღიარებულ იქნეს შემდეგი სავალო ვალდებულებები: საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულება; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციის გამოშვებით წარმოშობილი ვალდებულების დაფარვა უნდა მომხდარიყო ფინანასთა სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის #716 და #717 ბრძანებულებების შესაბამისად.
,,საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის #717 ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულია: ,,შეწყდეს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 2 ნოემბრის N 1030 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკაში გამოშვებული სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების მოქმედების ვადა და 1998 წლის 1 სექტემბრამდე მოხდეს მათი დაფარვა."
საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2007 წლის 10 ივლისის 1683/28-11 წერილიდან ირკვევა, რომ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების და ყოფილი სსრ კავშირის 1990 წლის სახელმწიფო უპროცენტო მიზნობრივი ობლიგაციების გამოშვებით წარმოშობილი ვალდებულებები სახელმწიფომ აიღო შიდა ვალში რომლის დაფარვაც უნდა განხორციელებულიყო ,,სახელმწიფო ვალის შესახებ" კანონის 48-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად, ბოლომდე ვერ განხორციელდა (იხილეთ დანართი).
სადავო ნორმა ითვალისწინებს 1992 წელს გამოშვებული ობლიგაციების განაღდების 2030 წლის 16 მარტამდე გადადებას. ამით ირღვევა მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გარანტირებული საკუთრების უფლება.
აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ)შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 24-ე მუხლით და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადებით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის;
|
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2010 წლის 30 ივლისს მიღებულ განჩინებაში №1/5/489- 498 საქმეზე ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის მე-2 პარაგრაფში განაცხადა: ,,უფლება მიუღებელ შემოსავალზე - საკუთრებაზე განმტკიცებულია საკუთრების უფლებით. საკუთრების ცნება ავტონომიური შინაარსისაა და იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით, ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ხასიათის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ასევე ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილული იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე."
მოცემული სარჩელით დავის საგნად არის ქცეული უფლება მოთხოვნაზე, რომლის კანონიერი მოლოდინი შექმნა 1992 წელს მოსარჩელის მიერ მომგებიანი სესხის ობლიგაციის შეძენამ. სამოქალაქო კოდექსის 911-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,თუ ვინმე გასცემს დოკუმენტს, რომლითაც ის დოკუმენტის მფლობელს გადახდას ჰპირდება, მაშინ მფლობელს შეუძლია მოითხოვოს გადახდა დაპირების თანახმად,გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ამის უფლება არ ჰქონდა." სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას." ვადის დადგომა არის მოვალის (ფასიანი ქაღალდის გამომშვების - ემიტენტის მიერ) ვალდებულების შესრულების საფუძველი.
მიუხედავად იმისა, რომ გასულია ყველა ის ვადა, როდესაც ობლიგაციების მფლობელს ემიტენტის მხრიდან ვალდებულების შესრულების მოლოდინი ჰქონდა (ეს ვადა იყო ერთი მხრივ, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის #717-ე ბრძანებულებით დადგენილი 1998 წლის 1 სექტემბერი, მეორე მხრივ, საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის პირობების მე-8 პუნქტით დადგენილი 2004 წლის 1 იანვარი, როდესაც ემიტენტს, სულ მცირე ობლიგაციების 65% ნომინალურ ღირებულებაში უნდა გამოესყიდა), ემიტენტს, სახელმწიფოს სახით, ვალდებულება არ შუსრულებია. სადავო ნორმა კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტით გარანტირებულ საკუთრების უფლებას ზღუდავს იმგვარად, რომ მოთხოვნის უფლების რეალიზებას ითვალისწინებს 2030 წლისათვის. ხელშეკრულებით ან სხვა სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადა კრედიტორში წარმოშობს გონივრულ მოლოდინს იმის თაობაზე, თუ როდის უნდა მოხდეს მისი ფულადი მოთხოვნის რეალიზება. სახელმწიფო, რომელიც ნორმატიული აქტით ახანგრძლივებს შესრულების ვადას, ზღუდავს საკუთრების უფლებას, ვინაიდან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კრედიტორის გონივრულ და ლეგიტიმურ მოლოდინებს. ამასთან კეთილსინდისიერ კრედიტორს აყენებს მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს და გაუმართლებელ სარგებელს ანიჭებს მოვალეს, რომელიც არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას ჯეროვნად.
ამგვარად, სადავო ნორმით ადგილი აქვს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულ საკუთების უფლებაში შეჭრას.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვები ხდება მაშინ, თუკი არსებობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების ვითარება. ამასთან აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვისას, შემზღუდველი ღონისძიება არ უნდა იყოს იმგვარი, რომ შელახოს საკუთრების უფლების არსი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების მეორე თავის მე-14-15 პარაგრაფში განაცხადა: ,,მოქმედება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის არ ნიშნავს, რომ ის მიმართულია საზოგადოებისათვის გარკვეული და გარდაუვალი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. კანონმდებელი ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის" შეიძლება მოქმედებდეს, როდესაც მას ამოძრავებს საზოგადოებისათვის ან მისი ნაწილისათვის დადებითი შედეგის მომტანი მიზნები."
რა საზოგადოებრივი აუცილებლობით არის განპირობებულია 2030 წლამდე მომგებიანი სესხის ობლიგაციების განაღდება, ამ მიზანზე მითითება ეკსირება მოპასუხე მხარეს. მოსარჩელე მხარე ვარაუდობს, რომ ეს მიზანი შესაძლოა იყოს საბიუჯეტო რესურსების დაზოგვის საჯარო ინტერესი.
აღნიშნული ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად გაუმართლებელია საკუთრების უფლების იმგვარი შეზღუდვა, რაც გამოიწვევს საკუთრების უფლების არსის დარღვევას. საჯარო ინტერესების მისაღწევად მესაკუთრის კერძო ინტერესებზე დაკისრებული ტვირთი არ უნდა იყოს იმდენად მძიმე, რომ შეუძლებელი გახადოს საკუთრების უფლებით სარგებლობა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მე-19 პარაგრაფში განაცხადა: ,,თანაზომიერების პრინციპი ... უზრუნველყოფს თავისუფლებისა და მისი შეზღუდვის ერთგვარ გაწონასწორებულ, თანაზომიერ დამოკიდებულებას და კრძალავს ადამიანის უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვას, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თანაზომიერების პრინციპი ადამიანის უფლებათა შეზღუდვის მართლზომიერების შეფასების კონსტიტუციური კრიტერიუმია. ზუსტად ამიტომ მას კონსტიტუციური კონტროლისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს." ამავე გადაწყვეტილების 22-ე პარაგრაფში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა შემდეგი: ,,თანაზომიერების შეფასებისას გადამწყვეტია მიზანსა და საშუალებას შორის პროპორციულობის საკითხის გარკვევა. ზუსტად ეს უზრუნველყოფს გონივრულ ბალანსს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის, როდესაც არცერთი მათგანის დაცვა არ ხდება მეორის არაპროპორციულად შეზღუდვის ხარჯზე."
ვალდებულება, რაც შესრულებული უნდა ყოფილიყო 1998 ან 2004 წლებში, გადავადდა 2030 წლამდე (32-26 წლით) საჯარო ინტერესის დასაცავად. ეს გარემოება აშკარად არაპროპორციულ ტვირთს აკისრებს მესაკუთრის კერძო ინტერესს. სადავო ნორმა მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირის შემთხვევაში გამორიცხავს ამ დრომდე სიცოცხლის და შესაბამისად, მოთხოვნის უფლებიდან პირადი სარგებლის უშუალოდ მიღების შესაძლებლობასაც კი. ამასთან 1998 წლიდან დღემდე სახელმწიფომ არაფერი გააკეთა იმისათვის, მოეხდინათ კრედიტორების პრიორიტეტიზაცია (შემოსავლების, სოციალური დაუცველობის თუ სხვა კრიტერიუმის მიხედვით), ამ პრიორიტეტის მიხედვით დროში გაეწერათ მოთხოვნის მფლობელთა დაკმაყოფილების გეგმა-გრაფიკი, რათა ყველა კრედიტორის ერთდროულად დაკმაყოფილება მძიმე ტვირთად არ დასწოლოდა ქვეყნის ბიუჯეტს, დაედგინა ობლიგაციების სრულად ნომინალურ ფასად გამოსყიდვის საბოლოო თარიღი, რაც უფრო გონივრული იქნებოდა, ვიდრე ეს 2030 წლის 16 მარტია.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა