საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/13/672 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 23 დეკემბერი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე - ქართლოს ზაქარეიშვილი, მოსარჩელის, ქართლოს ზაქარეიშვილის წარმომადგენელი - მინდია ალელიშვილი. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - თამარ მესხია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №672) მომართა საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილმა. №672 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 12 ოქტომბერს. სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2015 წლის 23 დეკემბერს.
2. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული საქართველოს მთავრობის დავალიანება (მიღებული კრედიტები და გადაფორმებული სავალო ვალდებულებები), რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საშინაო ვალს, დაიფაროს 2030 წლის 16 მარტამდე საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ისე, რომ ყოველწლიურად მოხდეს დავალიანების ერთი ნაწილის გადაფორმება საქართველოს ეროვნული ბანკისათვის განკუთვნილ ერთწლიან, ყოველწლიურად განახლებად სახელმწიფო სავალო ვალდებულებად – სახელმწიფო ობლიგაციად, ხოლო მეორე ნაწილისა – სხვადასხვა ვადის სახელმწიფო ობლიგაციებად ღია ბაზრის ოპერაციებისათვის, რომელთა დაფარვაც განხორციელდეს შესაბამისი წლების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტებიდან“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს საკუთრების და მემკვიდრეობის უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტი ითვალისწინებს აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვის საფუძვლებს.
5. N672 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ ქართლოს ზაქარეიშვილი ფლობს ათასი საბჭოთა მანეთის ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციებს, ასევე ხუთი ათასი საბჭოთა მანეთის ღირებულების ობლიგაციას. მოსარჩელე მიუთითებს, საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის პირობების მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, სესხის ობლიგაციაზე მთელი შემოსავალი გადაიხდევინება მოგების სახით. მოგების საერთო თანხა დადგენილია საშუალოდ სესხის ათწლიანი ვადით წელიწადში 15%-ის გაანგარიშებით. სესხი ათწლიანი ვადის განმავლობაში იგებს მთელი ობლიგაციების 35%, ობლიგაციების დანარჩენი 65% სესხის ვადის გასვლის შემდეგ შეისყიდება მათი ნომინალური ღირებულებით. ამავე პირობების მე-8 პუნქტის თანახმად, მოგებახვედრილი და ასევე მოუგებელი ობლიგაციები, რომლებიც ექვემდებარებიან შესყიდვას ნომინალური ღირებულებით, გასანაღდებლად წარდგენილი უნდა იქნენ 2004 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ისინი კარგავენ ძალას და გასანაღდებლად არ მიიღებიან. მოსარჩელის განცხადებით, ზემოაღნიშნული თარიღისთვის სახელმწიფომ არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, არ შეუსყიდია მოუგებელი ობლიგაციები და გამოუვლენია მოგებული ობლიგაციები.
6. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულება სახელმწიფო ვალად მიიჩნა, რომლის დაფარვა უნდა მომხდარიყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 და №717 ბრძანებულებების შესაბამისად. №717 ბრძანებულების პირველი პუნქტის მიხედვით კი, შეწყდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 2 ნოემბრის №1030 დადგენილებით გამოშვებული სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების მოქმედების ვადა და დადგინდა სესხის დაფარვის უკანასკნელი თარიღი - 1998 წლის 1 სექტემბერი.
7. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ემინენტის მხრიდან ვალდებულების შესრულების დათქმული ვადები გასულია, მას ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და სადავო ნორმით დადგინდა სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის გათვალისწინებული უკანასკნელი თარიღი - 2030 წლის 16 მარტი, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კრედიტორისთვის წარმოშობილ გონივრულ და ლეგიტიმურ მოლოდინებს. ამასთანავე, სადავო ნორმის შესაბამისად, ვალდებულების შესრულების თარიღის ამგვარად გადავადება მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს აყენებს კეთილსინდისიერ კრედიტორს და გაუმართლებელ სარგებელს - მოვალეს.
8. მოსარჩელის განცხადებით, საბიუჯეტო რესურსების დაზოგვის საჯარო ინტერესის მისაღწევად გაუმართლებელია საკუთრების უფლების იმგვარი შეზღუდვა, რაც გამოიწვევს საკუთრების უფლების არსის დარღვევას. ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს უნდა შეესრულებინა 1998 ან 2004 წლებში, გადავადდა 2030 წლამდე. აღნიშნული კი, მოსარჩელის განმარტებით, აშკარად არაპროპორციულ ტვირთს აკისრებს მესაკუთრის კერძო ინტერესს. სადავო ნორმა გამორიცხავს მას და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების ამ თარიღამდე სიცოცხლეს და, შესაბამისად, მოთხოვნის უფლებიდან პირადი სარგებლის უშუალოდ მიღების შესაძლებლობას.
9. მოსარჩელემ საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე დამატებით მიუთითა, რომ სადავო მუხლის თანახმად, საშინაო ვალის გასტუმრებასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის მოხდა შეთანხმება, საშინაო ვალი კი მთავრობას სწორედ მოსარჩელის მიმართ აქვს. თუკი მთავრობა ეროვნულ ბანკს არ გადაუხდის ვალს, ვერც მოსარჩელის მიმართ მოხდება ვალის გასტუმრება. შესაბამისად, სადავო მუხლის მოქმედება პირდაპირ მიმართულია მოსარჩელის საკუთრების დაბრუნებისაკენ.
10. მოპასუხის მტკიცებით, კონსტიტუციური სარჩელი არ არის დასაბუთებული, ამასთან მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სუბიექტი და სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად. მოპასუხე მხარის განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს მთავრობის ბანკირი და მას იმ მომსახურებას უწევს, რასაც ჩვეულებრივი კომერციული ბანკები თავიანთ კლიენტებს, მათ შორის გასცემს სესხებს. მოპასუხემ აღნიშნა, რომ სადავო ნორმა სწორედ ამ მომსახურების გაწევის შედეგად ეროვნული ბანკის მიერ მთავრობისთვის გაცემული ვალის დაფარვის გადავადებას ეხება და არა მოსარჩელის მიმართ აღებული სახელმწიფო ვალის გადახდის გადავადებას. აღნიშნულს კი ეხება „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულების დაფარვის წესი განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №717 ბრძანებულებით, რაც გამორიცხავს სადავო ნორმის იმ შინაარსს, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამავდროულად, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
2. მოსარჩელე ქართლოს ზაქარეიშვილმა საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N672) უნდა შეწყდეს სამართალწარმოება.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება №672 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია:
ზაზა თავაძე
ლალი ფაფიაშვილი
ოთარ სიჭინავა
თამაზ ცაბუტაშვილი