საქართველოს მოქალაქე ზურაბ ნონიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდე
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N674 |
ავტორ(ებ)ი | ზურაბ ნონიაშვილი |
თარიღი | 26 ოქტომბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საქართველოს ორგანული კანონი "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" 39-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი, ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი. ჩვენს ქვეყანაში მოქმედი უმაღლესი კანონის - საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილში ნათქვამია: "არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.”, ხოლო მისი მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი აცხადებს: "საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას (30. 03. 2001, N826) აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ".
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის მიხედვით, "არ შეიძლება იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი შეეფარდოს ვინმეს, ვიდრე სასჯელი, რომელიც გამოიყენებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის დროს". იგივე პრინციპებზე მიუთითებს ადამიანის უფლებათა საყოვეთაო დეკლარაცია, მე-11 მუხლის მე-2 ნაწილი, ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, "სისხლის სამართლის საპროცესო კანონში შეტანილი ცვლილებები იწვევს წინათ გამოტანილი საპროცესო აქტის გაუქმებას ან შეცვლას, თუ ამით უმჯობესდება ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მდგომარეობა". ამრიგად, კონსტიტუციაში პირდაპირ და ნათლად არის ჩამოყალიბებული ყველაფერი და საქართველოს კანონმდებლობა რასაც არ უნდა აზუსტებდეს კერძო თუ ზოგად ნაწილებთან მიმართებაში, კონსტიტუცია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უნივერსალური ძალის მქონე დოკუმენტებია და ყველა ვალდებულია შეასრულოს სწორედ მათი პირდაპირი და არაორაზროვანი მოთხოვნები. კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება "საკონსტიუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს: შედგენილია უფლებამოსილი პირის მიერ; მასში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია და დღეისათვის არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; არ არის დარღვეული კონსტიტუციური სარჩელის შეტანის კანონით დადგენილი ვადა. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ამჟამად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ზურაბ ნონიაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის რედაქციით) 17,104-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 17 წლით, 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით, ამავე მუსლის მე-2 ნაწილით - 3 წლით 17,104-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-9 პუნქტებით - 20 წლით, 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით, 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 3 წლით, 135-ე მუხლით - 1 წლით, 213-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით, 214-ე მუხლით - 1 წლით, 104-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-9 პუნქტებიტ - უვადო თავისუფლების აღკვეთა, 136-ე მუხლით - გამასწორებელი სამუშაოები 1 წლით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1999 წლის 8 აპრილიდან. აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 1 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედემხედველო პალატის 2001 წლის 17 იანვრის დადგენილებით ზურაბ ნონიაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის ეკა ბესელიას საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 1 მარტის განჩინება შეიცვალა მსჯავრდებულის სასიკეთოდ. კერძოდ, სსკ-ის 17,104-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით დაკვალიფიცირებული მისი ქმედება შესაბამისობაში მოვიდა იმჟამად მოქმედი სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებთან და მის მიმართ დანიშნული სასჯელი - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეიცვალა 15 წლით თავისუფლების აღკვეთამდე. აგრეთვე სსკ-ის 17, 104-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-9 პუნქტებით დაკვალიფიცირებული მისი ქმედება შესაბამისობაში მოვიდა იმჟამად მოქმედი სსკ-ის 19,109-ე მუხლის "ა", "კ" და "ო" ქვეპუნქტებთან, ასევე სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებთან და დანიშნული სასჯელი - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეიცვალა 15 წლით თავისუფლების აღკვეთამდე. სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2, მე-6 და მე-9 პუნქტებით შეფარდებული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა ზ. ნონიაშვილს დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 დეკემბრის დადგენილებით უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 1 მარტის განჩინება შეიცვალა და ზ. ნონიაშვილს გაუნახევრდა სსკ-ის 213-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 214-ე მუხლით დანისნული სასჯელები. ამასთან, საბოლოო სასჯელად განსაზღვრული უვადო თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის ვადის ათვლა დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით ზურაბ ნონიაშვილის მიმართ გავრცელდა "ამნისტიის შესახებ" 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი. კერძოდ, ამ კანონის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სს საქმეთა კოლეგიის მოსამართლის შორენა გუნცაძის მიერ 2013 წლის 20 თებერვალს დადგენილი განჩინებით ზურაბ ნონიაშვილი გათავისუფლდა 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 17,104-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით და 17, 104-ე მუხლის მე-,. მე-4 და მე-9 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისაგან. ამავე განჩინებით, 1/4-ით შეუმცირდა სსკ-ის სსკ-ის 228-ე მუხლის მეორე ნაწილით (გაუნახევრდა თ/ა 3 წლით), 238-ე მუხლის პირველი ნაწილით (განესაზღვრა თ/ა 1 წლით და 6 თვით), 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 3 თვით), 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით), 238-ე მუხლის პირველი ნაწილით (განესაღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თთვით), 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით), 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განესაზღვრა თ/ა 2 წლითა და 3 თვით), 135-ე მუხლით (განესაზღვრა თ/ა 9 თვით), 136-ე მუხლით (განესაზღვრა გამასწორებელი სამუშაოები 9 თვით), 213-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განესაზღვრა თ/ა 9 თვით) და 214-ე მუხლით (განესაზღვრა თ/ა 4 თვითა და 15 დღით) დანიშნული სასჯელები. სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2, მე-6 და მე-9 ნაწილებით დანიშნული საბოლოო სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 1/4-ით, თუმცა, უვადო თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელად.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 29 ოქტომბრის #29/10/01 განკარგულებით მსჯავრდებული ზურაბ ნონიაშვილი შეწყალებულ იქნა მსჯავრდებული და მისი გათავისუფლების თარიღად დასახელდა 2021 წლის 29 ოქტომბერი.
იმ მუხლების დისპოზიცია, რომელთა მიერ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვისაც ზურაბ ნონიაშვილს შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, 1960 წლის რედაქციის სსკ-ში ასეთი სახით იყო დაფიქსირებული:
სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილი: "მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით"; სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 ნაწილი: "მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით ან ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პრთა სიცოცხლისათვის"; სსკ-ის 104-ე მუხლის მე-9 ნაწილი: "მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრბით საშიში რეციდივისტის მიერ, ვისაც ადრე ჰქონდა ჩადენილი განზრახი მკვლელობა".
დღეს მოქმედ სსკ-ში აღნიშნული დანაშაულებისათვის აღარ არის გათვალისწინებული უვადო თავისულების აღკვეთა. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის სანქცია დღეისათვის გათვალისწინებულია სსკ-ის 109-ე მუხლის სხვადასხვა ნაწილების სხვადასხვა ქვეპუნქტებში. კერძოდ:
სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტი: "განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით" - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 13-დან 17 წლამდე; სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტი: "განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას" - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 11-დან 14 წლამდე.
დარჩა ერთადერთი პუნქტი, რომლის საფუძველზეც დღეს ზურაბ ნონიაშვილს სასჯელის სახით დატოვებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა - 2000 წლის 1 ივნისიდან ამოქმედებული სსკ-ის 109-ე მუხლის "ო" ქვეპუნქტი (დღეს მოქმედი ამავე კოდექსის ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტი) - "მკვლელობა არაერთგზის". მაგრამ სსკ-ის მე-15 მუხლმა კონკრეტულად განმარტა, თუ რა იგულისხმებოდა დანაშაულის "არაერთგზისობაში" ("არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში"), ხოლო მეორე დანაშაულის ჩადენამდე ზურაბ ნონიაშვილი ნასამართლევი არ ყოფილა
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის 21 სექტემბერს შუამდგომლობით მივმართეთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ზურაბ ნონიაშვილის მსჯავრდების შესახებ განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, სადაც მივუთითებდით, რომ ვინაიდან დღეს მოქმედი სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად "არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში", ამიტომ მას უნდა შეეცვალოს უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით (მაქსიმუმ 17- წლიანი სასჯელით), საიდანაც მან უკვე მოიხადა 16 წელი. ამის პასუხად მივიღეთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 ოქტომბრის განჩინება, რომელშიც სსკ-ის მე-15 მუხლზე აპელირებით (რომ "04.07.2007 #5196 არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირმა ბოლო ქმედება ჩაიდინა კანონის ამოქმედების შემდგომ") სააპელაციო პალატამ უარი განაცხადა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. აქედან გამომდინარე, როგორც პალატა აღნიშნავს, "საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2, მე-6, მე-9 პუნქტებით (1060 წლის რედაქცია) დაკვალიფიცირებული მსჯავრდებულ ზ. ნონიაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული შესაბამისობაში ვერ იქნება მოყვანილი მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან, ვანაიდან არ იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემსუბუქებას და უვადო თავისუფლების აღკვეთის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეცვლას". ამრიგად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მე-2 აბზაცის ჩანაწერმა ("04.07.2007 #5196 არ ვრცელდება ამ კანონის აამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირმა ბოლო ქმედება ჩაიდინა კანონის ამოქმედების შემდგომ") პირდაპირი ზიანი მიაყენა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულ ზურაბ ნონიაშვილს, ვინაიდან ამ ჩანაწერის მიზეზით არ მოხდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული უფლების ("არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს") რეალიზაცია. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა