საქართველოს მოქალაქე ზურაბ ნონიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდე
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/14/674 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 23 დეკემბერი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ზურაბ ნონიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შემდეგი წინადადების "04.07.2007 #5196 არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირმა ბოლო ქმედება ჩაიდინა კანონის ამოქმედების შემდგომ" კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N674) მომართა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ნონიაშვილმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2015 წლის 27 ოქტომბერს.
2. N674 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 23 დეკემბერს.
3. №674 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
4. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შემდეგი წინადადების "04.07.2007 #5196 არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირმა ბოლო ქმედება ჩაიდინა კანონის ამოქმედების შემდგომ" კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
5. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას უკუძალა არ აქვს“.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენით მოსარჩელე დამნაშავედ იქნა ცნობილი 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რიგი დანაშაულების გამო, საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1999 წლის 8 აპრილიდან. აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 1 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელი.
7. მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2001 წლის 17 იანვრის დადგენილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 1 მარტის განჩინება შეიცვალა მსჯავრდებულის სასიკეთოდ, თუმცა უვადო თავისუფლების აღკვეთის ნაწილში დარჩა უცვლელად. იგივე სამართლებრივი შედეგი შენარჩუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 დეკემბრის დადგენილებითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის დადგენილებით. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 29 ოქტომბრის #29/10/01 განკარგულებით, მსჯავრდებული ზურაბ ნონიაშვილი შეწყალებულ იქნა და მისი გათავისუფლების თარიღად დასახელდა 2021 წლის 29 ოქტომბერი.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის მოსარჩელისთვის უვადო პატიმრობაში ყოფნის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - „მკვლელობა არაერთგზის“.
9. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მოქმედი რედაქციის თანახმად, "არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში". აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას უნდა შეცვლოდა უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით (მაქსიმუმ 17 წლიანი სასჯელით), საიდანაც მან უკვე მოიხადა 16 წელი, შესაბამისად, მან 2015 წლის 21 სექტემბერს შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მსჯავრდების შესახებ განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც სააპელაციო პალატამ სადავო ნორმაზე დაყრდნობით უარი განაცხადა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირმა ბოლო ქმედება ჩაიდინა კანონის ამოქმედების შემდგომ.
10. ამგვარად, მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს, ამასთან, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება N2/6/475 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება N2/3/412 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის განჩინება N2/2/438 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”, II-2).
3. მოსარჩელე მხარე ითხოვს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის შემდეგი სიტყვების „04.07.2007 #5196 არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირმა ბოლო ქმედება ჩაიდინა კანონის ამოქმედების შემდგომ" არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
4. სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში“.
5. ცხადია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი არ შეიცავს მოსარჩელის მიერ მითითებულ სიტყვებს. სადავო სიტყვები მოცემულია არა სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველ წინადადებაში, არამედ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (2007 წლის 4 ივლისი, სსმ, 28, 18/07/2007) მე-2 მუხლში. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით ჩამოყალიბდა სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მოქმედი რედაქცია, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლით განისაზღვრა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება „არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირმა ბოლო ქმედება ჩაიდინა კანონის ამოქმედების შემდგომ“.
6. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „შეუძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონში მოცემული რეგულირებების შინაარსის დამოუკიდებლად, ძირითად კანონში არსებული ნორმებისაგან იზოლირებულად განხილვა. მასში მოცემული რეგულირებები განხილულ უნდა იქნეს მხოლოდ ძირითად კანონში ინტეგრირებულად, სისტემურად და სხვა ნორმებთან კონტექსტში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამასთან საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული წესიდან ერთ-ერთ გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდეს, თუ „ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონში მოცემული რაიმე რეგულირების გადატანა (ინტეგრირება) არ ხდება სხვა (ძირითად) ნორმატიულ აქტში და იგი არსებობას აგრძელებს დამოუკიდებლად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
7. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი სამართალშემოქმედს აძლევს თავისუფლებას, ცვლილებების შესახებ აქტით განსაზღვროს გარკვეული რეგულირება, მათ შორის, შეტანილი ცვლილების დროში მოქმედების საკითხი.
8. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს მთლიანად კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის (დებულების) არაკონსტიტუციურად ცნობას. აღნიშნული ნორმები მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შებოჭილია სასარჩელო მოთხოვნით და ვერ იმსჯელებს იმ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც არ არის გასაჩივრებული.
9. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (2007 წლის 4 ივლის, სსმ, 28, 18/07/2007) მე-2 მუხლი, მართალია, განსაზღვრავს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის დროში მოქმედების საკითხს, მაგრამ მისი ინკორპორირება ძირითად, კოდიფიცირებულ ნორმატიულ აქტში - სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველ ნაწილში არ მომხდარა, ხოლო ფაქტი, რომ ცვლილებების დოკუმენტი განსაზღვრავს კოდიფიცირებული კანონის კონკრეტული დებულების დროში მოქმედების საკითხს არ გულისხმობს, რომ ეს წესი, თავისთავად, კოდიფიცირებული ნორმის ნაწილი ან/და ერთ-ერთი ნორმატიული შინაარსია.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი მსჯელობა არ უკავშირდება სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველ ნაწილს, შესაბამისად, N674 კონსტიტუცირუი სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა” ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. კონსტიტუციური სარჩელი N674 (საქართველოს მოქალაქე ზურაბ ნონიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გადასინჯვას ან გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი