საქართველოს მოქალაქე გვიდონ გადელია საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/8/342 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 28 სექტემბერი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე);
2. ლამარა ჩორგოლაშვილი - წევრი;
3. ზაურ ჯინჯოლავა - წევრი.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გვიდონ გადელია საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 1996 წლის 16 ოქტომბრის საქართველოს კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №213 და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის №624 ბრძანებულებების – “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” კონსტიტუციურობა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე გვიდონ გადელია.
წარმოდგენილი 342-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2005 წლის 27 ივლისს.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
342-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის გაანალიზების, განმწესრიგებელ სასამართლო სხდომაზე გამოსული მოსარჩელის განცხადებათა საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან და მისი 326-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან ერთ საქმედ გაერთიანებასთან დაკავშირებული გარემოებანი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას მიაჩნია, რომ 342-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში, დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.
ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ 326-ე და 342-ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები შესაძლებელია გაერთიანდეს ერთ საქმედ და არსებითად ერთობლივად იქნეს განხილული, რადგან დასახელებულ ორივე კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანი არსებითად ერთგვაროვანია.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტითა და მეორე პუნქტით, 43-ე მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქე გვიდონ გადელიას 342-ე ნომრით რეგისტრირებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც ეხება “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 1996 წლის 16 ოქტომბრის საქართველოს კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №213 და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის №624 ბრძანებულებების “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” კონსტიტუციურობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. 326-ე და 342-ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული;
3. პირველ და მე-2 პუნქტებში დასახელებული კონსტიტუციური სარჩელების არსებით განხილვასთან დაკავშირებით მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტი;
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია. მე-2 პუნქტში დასახელებული კონსტიტუციური სარჩელების ერთ საქმედ გაერთიანებასთან დაკავშირებით, არსებითი განხილვის დროს მომხსენებელი მოსამართლე იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ბატონი ოთარ ბენიძე;
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქრთველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
2. ლამარა ჩორგოლაშვილი
3. ზაურ ჯინჯოლავა
ასლი დედანთან სწორია.
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი იაკობ ფუტკარაძე