საქართველოს მოქალაქე გვიდონ გადელია საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/4/342 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 15 მარტი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (თავმჯდომარე);
2. ოთარ ბენიძე (მომხსენებელი მოსამართლე);
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე
საქმის დასახელება: მოქალაქე: გვიდონ გადელია საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისისა და 30 დეკემბრის № 213 და № 624 ბრძანებულებების - „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე+14 მუხლთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე გვიდონ გადელია და საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ლადო ქარქაშაძე.
2005 წლის 27 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №342) მომართა მოქალაქე გვიდონ გადელიამ.
კონსტიტუციურ სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისისა და 30 დეკემბრის № 213 და № 624 ბრძანებულებების, „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე+14 მუხლთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
მოსარჩელე გვიდონ გადელია არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, ომის ვეტერანი. 2004 წლის 12 ნოემბრიდან 33 წლიანი სტაჟით, დათხოვნილი იქნა თადარიგში პენსიის მიღების უფლებით.
საქართველოს პრეზიდენტმა 2004 წლის 10 ივნისის № 213 ბრძანებულებით ცვლილება შეიტანა „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში და დებულების 75-ე მუხლით გათვალისწინებული ერთდროული დახმარების სახით გასაცემი უკანასკნელი 10 თვის ხელფასის გაცემა შეამცირა 4 თვემდე, რომელიც დღემდე არ აუღია, ვინაიდან აღნიშნული 75-ე მუხლის მოქმედება საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის № 624 ბრძანებულებით 2006 წლის 1 იანვრამდე იყო შეჩერებული.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებები აუარესებს მის მდგომარეობას. მისთვის კანონით გათვალისწინებული ერთდროული დახმარების შემცირება და შემდეგ გადავადება არღვევს მის კონსტიტუციურ უფლებებს, რის გამოც, ზემოაღნიშნული დავის საგანი მისი აზრით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი.
ამასთანავე, მოსარჩელე მოითხოვს დაეკისროს: 1) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი კუთვნილი ერთდროული დახმარების უკანასკნელი 10 თვის ხელფასის გაცემა. 2) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის დეპარტამენტს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის №55 ბრძანების შესაბამისად, მოსარჩელის კუთვნილი პენსიის ანაზღაურება და გადაანგარიშება მოხდეს 2005წლის 21 იანვრიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი სადავო აქტები საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
არსებითი განხილვის დაწყებამდე მოსარჩელე გ. გადელიამ უარი განაცხადა თავის სასარჩელო მოთხოვნაზე, ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს:
1.2006 წლის 7 მარტის №2/3/326/342 განჩინებით საკონსტიტუციო სასამართლომ შეწყვიტა სამართალწარმოება საქმეზე, „მოქალაქეები: ირაკლი მჭედლიშვილი, ამირან ხარებავა, ავათანდილ გველესიანი, ზაურ ბაჯაძე და გვიდონ გადელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მოპასუხე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, რასაც დაეთანხმნენ მოსარჩელის წარმომადგენლებიც.
საქმის შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს პარლამენტის მიერ სადავო კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც სადავო მუხლი იქნა ამოღებული.
მოსარჩელე გვიდონ გადელია დაეთანხმა საქმის შეწყვეტას იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო (ამჟამად, ცვლილებების საფუძველზე სიტყვა „საპენსიო“ შეიცვალა სიტყვით „სოციალური“) უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის კონსტიტუციურობის დადგენას. ამასთან, მოითხოვა საქმის არსებითი განხილვა სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის № 213-ე და 30 დეკემბრის № 624-ე ბრძანებულებებს.
2. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის № 213 ბრძანებულებით 1997წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“, დებულების 75-ე მუხლში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელს, რომელიც სამსახურიდან დათხოვნილია პენსიის მიღების უფლებით, ეძლევა ერთდროული დახმარების სახით 4 თვის ხელფასი. ცვლილება შეეხო დებულების აღნიშნული მუხლის იმ ნაწილს, რომლითაც ერთჯერადი დახმარება განისაზღვრებოდა 10 თვის ხელფასით.
რაც შეეხება ნორმის ამოქმედების არაერთხელ გადავადების საკითხს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2005 წლის 23 მარტს მიიღო გადაწყვეტილება № 1/3/301, სადაც მკაფიოდ გამოთქვა თავისი პოზიცია, მსგავსი საკითხების მიმართ.
3. როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა, თავის სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ, რაც საფუძვლად დაედო აღნიშნულ საქმეზე სამართლწარმოების შეწყვეტას.
იხელმძღვანელა რა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს
1. შეწყდეს სამართალწარმოება საქმეზე: გვიდონ გადელია საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისისა № 213 და 30 დეკემბრის № 624 ბრძანებულებების - „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე+14 მუხლთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
2. ოთარ ბენიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.