საქართველოს ახალგაზრდა იურისატთა ასოციაცია და ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი, მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი და ლელა გურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/2/180-183 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 5 ნოემბერი 2002 |
გამოქვეყნების თარიღი | 5 ნოემბერი 2002 00:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე),
ლამარა ჩორგოლაშვილი;
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსარჩელეები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები - თინათინ ხიდაშელი და გიორგი ჩხეიძე, ასევე ზაალ ტყეშელაშვილის, ნინო ტყეშელაშვილის, მაია შარიქაძის, ნინო ბასიშვილის, ვერა ბასიშვილისა და ლელა გურაშვილის წარმომადგენლები: ლია მუხაშავრია, შორენა ნაზღაიძე და შოთა გრიგალაშვილი
განიხილა საქმე: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი, მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი და ლელა გურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანია: ა) N180-ე სარჩელზე - „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ და“ბ“ პუნქტები, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-9 მუხლის პირველი პუნქტი, მე-14 მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის მე-19, 24-ე და 25-ე მუხლებთან მიმართებით და ბ) N 183-ე კონსტიტუციურ სარჩელზე “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-13, მე-14 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, 2002 წლის 27 მაისის N 2/2/183 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით, 180-ე და 183-ე ნომრებით რეგისტრირებული სარჩელები გააერთიანა მათი ერთობლივი განხილვის მიზნით.
მოსარჩელის - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 180-ე ნომრით რეგისტრირებული სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 45-ე, 89-ე მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლი.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის, მე-19 მუხლის პირველი პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულებებს არ შეესაბამება სადავო აქტის ზემოაღნიშნული მუხლები. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი აღიარებს რა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას, ადგენს, რომ აღნიშნული თავისუფლებით სარგებლობა შეუძლია ყველას და არ შეიძლება შეიზღუდოს ნებართვის მიღების ვალდებულებით. თავისუფლების ასეთი მაღალი ხარისხის მიზეზი ადეკვატურად არის ასახული „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლში, სადაც იკრძალება ხელი შეეშალოს „მოქალაქეთა მიერ საკუთარი შეხედულებების საჯაროდ გამოხატვას“ ხელის შეშლა. მსგავს შეხედულებას იზიარებს ზემოაღნიშნული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი.
მოსარჩელის აზრით, ამ უფლებათა უპირობო და განუხრელი დაცვა დემოკრატიული სახელმწიფო წყობილების არსებობის უმნიშვნელოვანესი გარანტია. რასაც, აგრეთვე მოწმობს ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა - „შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლების შეზღუდვა, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ტოლფასია, ვინაიდან შეკრება და მანიფესტაცია წარმოადგენს აზრის გამოხატვის ერთ-ერთ უმთავრეს ხერხს“.
კონსტიტუცია, ისევე როგორც კანონი, ნათლად განსაზღვრავს ამ უფლებით მოსარგებლეთა წრეს, რეგულირების საგანს და უფლების შეზღუდვის ფარგლებს. 25-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული შეკრებების თავისუფლება ვრცელდება ყველაზე (მოქალაქეობრივი კუთვნილების მიუხედავად) და მისი საზღვრები კონსტიტუციამ მე-2 პუნქტით შეზღუდა მხოლოდ და მხოლოდ შეკრების ან მანიფესტაციის გამართვის ადგილთან მიმართებაში.
მოსარჩელე მოითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტები და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის დებულება, „აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები“.
მისი აზრით, კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველმა პუნქტმა განსაზღვრა, რომ სამხედრო ძალების, პოლიციის და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების გარდა, ყველას აქვს ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. კანონმდებელს არსად, არც ერთ პუნქტში არ მიუთითებია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით მოსარგებლე შესაძლებელია იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, ან სხვა კანონით შესაძლებელია დადგინდეს ამ უფლებით მოსარგებლე პირთა წრე. კონსტიტუცია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ნათლად განასხვავებს მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე უფლებებისა და თავისუფლებების გავრცელების შემთხვევებსა და შესაძლებლობებს.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მოითხოვს სადავო აქტის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლის მიხედვითაც „კანონით შესაძლებელია დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება“. მათი აზრით, ეს არის თავისუფლების ერთადერთი შემზღუდავი დებულება, რომელიც კონსტიტუციამ გაითვალისწინა. აქ მოსარჩელეს ორი ტერმინი აქვს განხილული „წინასწარი გაფრთხილება“ და „წინასწარი ნებართვა“. „წინასწარი ნებართვა“ გულისხმობს შეკრებისა თუ მანიფესტაციის ორგანიზატორთა ვალდებულებას, ნებართვა მიიღონ ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებიდან შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში შეწყვიტონ მოსამზადებელი სამუშაოები ან მიმართონ სასამართლოს. ნებართვის მიღება ორმხრივი პროცესია და ითვალისწინებს ორგანიზატორთა მხრივ პასუხის მიღების მოლოდინის ვალდებულებას. საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს „წინასწარი ნებართვის“ მიღების ვალდებულებას.
რაც შეეხება „წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობას“, ისევე როგორც ნებართვის მიღების დროს, ამ შემთხვევაშიც შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორებს ეკისრებათ ვალდებულება, შესაბამის სახელმწიფო ორგანოს მიაწოდონ ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. მაგრამ „ნებართვის მიღებისაგან“ განსხვავებით, “წინასწარი გაფრთხილების“ დროს სახელმწიფო ხელისუფლება არ არის უფლებამოსილი, შეზღუდოს ან პირდაპირი გადაწყვეტილებით აკრძალოს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება. კონსტიტუციის 25-ე მუხლი ნათლად არეგულირებს ამ საკითხს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრეთვე მიიჩნევს, რომ სადავო აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი არაკონსტიტუციურად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით აღიარებულ თავისუფლებას, რადგან კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა საერთოდ არ იცნობს ხელისუფლების ისეთ უფლებამოსილებას, როგორიცაა შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვა (დაუშვებლობა). ასევე, კანონით არსად არ არის გათვალისწინებული შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების დასაშვები და აკრძალული ადგილების განსაზღვრა.
ხოლო რაც შეეხება სადავო კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, მოსარჩელეთა აზრით, კონსტიტუცია არ ანიჭებს ხელისუფლებას იმის უფლებამოსილებას, რომ წინასწარ შემოფარგლოს აღნიშნული თავისუფლებით სარგებლობის გეოგრაფია, მას ასეთი რამ არ გაუთვალისწინებია. კონსტიტუცია ცალსახად აღნიშნავს, რომ კანონმა შესაძლებელია განსაზღვროს წინასწარი შეტყობინების საჭიროება და მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შეკრების ან მანიფესტაციის გამართვა გათვალისწინებულია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას. ე.ი. კონსტიტუცია ამბობს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გაიგზავნოს ასეთი შეტყობინება და მეტი არაფერი.
კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და იმავე მუხლის სხვა პუნქტებით დადგენილი შეკრების ან მანიფესტაციის შესახებ ამ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება და იმდენი წინა პირობის შექმნა, რაც კანონითაა გათვალისწინებული, მოსარჩელის აზრით, მიზანშეუწონელია კონსტიტუციური უფლებების განსახორციელებლად. მით უფრო, რომ შეტყობინებისათვის ზოგიერთი ინფორმაცია სრულიად ზედმეტია და მისი წინასწარ განსაზღვრა აბსოლუტურად შეუძლებელია. მაგალითად, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა, პასუხისმგებელი პირების შესახებ სრული ინფორმაციის მოთხოვნა. აღსანიშნავია ის მიუღებელი ფაქტიც, რომ შეტყობინებაში მითითებული ნებისმიერი პარამეტრის დარღვევა შესაძლებელია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის მიზეზი გახდეს.
მოსარჩელეს აგრეთვე მიაჩნია, რომ როგორც მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის დებულება „გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს შეკრების ან მანიფესტაციის ფორმა და მიზანი“, ასევე მე-11 მუხლის პირველი პუნქტის დებულება “მასში მითითებული მიზანი“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლსა და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტს, ვინაიდან სცდება კონსტიტუციის მიერ ხელისუფლებისათვის მინიჭებული თავისუფლების შეზღუდვის ჩარჩოებს და მოცემული ქმედება წინააღმდეგობაში მოდის შეზღუდვის მიზანთან. შეკრების ან მანიფესტაციის ფორმის ან მიზნის შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებული არა მარტო შეკრებების თავისუფლების, არამედ სიტყვის თავისუფელბის დებულებებსაც. კერძოდ, იგი წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის მე-19 მუხლისა და 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
ამრიგად, პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კონსტიტუციის 25-ე მუხლი შეკრების მიზნისა და ფორმის წინასწარ განცხადებას არ მოითხოვს და, შესაბამისად, წინააღმდეგობაშია კონსტიტუციით აღიარებული სიტყვის თავისუფლებისა და ინფორმაციის საჯაროდ და თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებასთან.
ზემოაღნიშნულის გარდა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ სადავო აქტის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება გააჩნია სასამართლოს. კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით, მანიფესტაციის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლებას აქვს უფლება, აკრძალოს უკვე დაწყებული შეკრების ან მანიფესტაციის გაგრძელება, თუ არის ნათლად გამოხატული კანონის დარღვევა. რაც ასახულია მოქმედი კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში და მე-13 მუხლის პირველ პუნქტში, ანუ ეს მუხლები კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის განმმარტავი დებულებებია.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელე, უსაფუძვლოდ და არაკონსტიტუციურად მიიჩნევს კანონით, იმის შესაძლებლობას, რომ ადგილობრივმა მმართველობის ორგანომ რაიმე მოსაზრებით „არ დაუშვას“ მანიფესტაციის ჩატარება, ვინაიდან 25-ე მუხლი არ იძლევა ამის საშუალებას.
მოსარჩელეს აქვე მოჰყავს საკუთარი მოსაზრებების დამადასტურებელი მაგალითები ევროპის სასამართლოს პრაქტიკიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს სადავო აქტების არაკონსტიტუციურად ცნობას.
მოსარჩელეების: ზაალ ტყეშელაშვილის, ნინო ტყეშელაშვილის, მაია შარიქაძის, ნინო ბასიშვილის, ვერა ბასიშვილის და ლელა გურაშვილის 183-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 21-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მეორე პუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილია ის მტკიცებულებები, რომლებიც, მოსარჩელეების აზრით, ადასტურებენ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას.
სარჩელის ავტორებს მიაჩნიათ, რომ კანონის სადავო მუხლებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით აღიარებული მათი უფლებები.
მოსარჩელეები წარმოადგენენ ევანგელისტური ეკლესიის რელიგიურ ჯგუფს, რომელთა შეკრება 1999 წლის 28 მაისს შეწყვიტეს გლდანის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა.
რელიგიური ჯგუფის წევრებმა, დარღვეული უფლებების დასაცავად „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მიმართეს გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს, რათა დაედგინათ, დაარღვია თუ არა პოლიციის სამმართველომ აღნიშნული კანონი. სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ორივე ინსტანციაში, ხოლო სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებამ პოლიციელთა ქმედება გაამართლა. ამის გამო მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ წაერთვათ შესაძლებლობა, დაედასტურებინათ მათი კონსტიტუციური უფლების ხელყოფის ფაქტი.
მოსარჩელეთა აზრით "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" საქართველოს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რის გამოც დასახელებული კანონი ცნობილი უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად.შემდგომ, მოსარჩელეები აკონკრეტებენ კანონის იმ მუხლებს, რომლებმაც დაარღვიეს მათი კონსტიტუციური უფლებები.
კანონით, შეკრებისათვის დაწესებული წინასწარი გაფრთხილების ვადის დაწესება ზღუდავს შესაძლებლობას, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება გამოყენებულ იქნეს აქტუალურ საკითხზე საზოგადოების დაუყოვნებელი რეაგირებისათვის და ამდენად, არაკონსტიტუციურია.
ასევე, საფრთხის შექმნის მომენტის გათვალისწინება საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა ადამიანების კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებებისათვის იმდენად ზოგადი განმარტებაა, რომ ხელისუფლების ორგანოებს აძლევს სრული მანიპულაციის შესაძლებლობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ შეუძლიათ, არ მიიღონ გაფრთხილება საფრთხის ნებისმიერი ვარაუდის შემთხვევაში და შესაბამის პირებს შეუზღუდონ კონსტიტუციური უფლება შეკრებასა და მანიფესტაციაზე.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ არაკონსტიტუციურია კანონის მე-9 მუöხლი, ვინაიდან იგი კრძალავს შეკრებების ჩატარებას გარკვეულ ტერიტორიაზე. კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტს ეწინააღმდეგება მე-11 მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნაც, რომელიც შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელ პირებსა და მონაწილეებს აკისრებს გაფრთხილებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას.
კონსტიტუციის ზემოხსენებულ მუხლს ეწინააღმდეგება კანონის მე-14 მუხლი და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტიც, ვინაიდან მე-14 მუხლი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს შესაძლებლობას აძლევს, ნებისმიერი ვარაუდის არსებობისას, შეზღუდოს პიროვნების კონსტიტუციური უფლება. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა ფაქტობრივად შესაძლებლობას უსპობს არასრულწლოვანებს, შეიკრიბონ მათთვის აქტუალური საკითხების განხილვის მიზნით.
კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი არაკონსტიტუციურია, რადგან სავალდებულოდ მიიჩნევს კანონის მოთხოვნათა დაცვას შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციის ჩატარებისას, აგრეთვე ცალკეული მოქალაქის მიერ თავისი შეხედულებების საჯაროდ გამოხატვისას.
საქმის არსებითად განხილვისას მოპასუხე მხარემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ბატონი თედო ნინიძის სპეციალისტად მოწვევის თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა სასამართლომ, თუმცა მოწვეული სპეციალისტი ვერ გამოცხადდა სხდომაზე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თინათინ ხიდაშელმა დააკონკრეტა მათი სასამართლოსადმი მომართვის უფლებამოსილება და აღნიშნა, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სარჩელი შემოიტანა, როგორც იურიდიულმა პირმა. იგი წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც თავის მოვალეობად თვლის, დაიცვას საკუთარი წევრების ინტერესები. ასევე, ასოციაციის აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, არსებობს საფრთხე, რომ მის მიმართ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.
სადავო კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ აკრძალვებთან დაკავშირებით თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ კონსტიტუცია არ კრძალავს კანონით გათვალისწინებულ ადგილებში შეკრების ჩატარებას, ვინაიდან შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება აბსოლუტურია და არ შეიძლება კანონით შეიზღუდოს.
მოსარჩელეების - ზ. ტყეშელაშვილის, ნ. ტყეშელაშვილის და სხვების წარმომადგენელმა შოთა გრიგალაშვილმა თავის მოხსენებაში კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბა სარჩელში აღნიშნული გარემოებანი და მოთხოვნის არსი.
ლია მუხაშავრიას თქმით, კანონის მე-8 მუხლის პირობები გაფრთხილებაზე მეტია. შეუძლებელია, წინასწარ განისაზღვროს რამდენი ადამიანი მოვა შეკრებაზე. სახელმწიფოს გააჩნია სათანადო ორგანოები, რომლებსაც შეუძლიათ, გაარკვიონ შეკრებილთა სავარაუდო რაოდენობა. ეს ორგანოებია: გამოძიება და პოლიცია. თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ისინი მე-8 მöუხლს მთლიანად ასაჩივრებენ.
სადავო აქტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიმართ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით, ლია მუხაშავრიას აზრით, აღნიშნული მუხლის პუნქტი არა მხოლოდ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 25-ე მöუხლს, არამედ სცდება თავის რეგულირების საზღვრებს და გადადის 24-ე მუხლზე, სადაც საუბარია ყოველი ადამიანის სიტყვის თავისუფლებაზე.
იმ საკითხთან დაკავშირებით დაირღვეოდა თუ არა მე-7 მუხლში ჩამოთვლილი აკრძალვების გარეშე სხვათა უფლებები, შოთა გრიგალაშვილი თვლის, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლმა მას მიანიჭა ეს უფლება. ასევე მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ 5 დღიანი ვადის განსაზღვრა კანონში არ იყო საჭირო და იგი არაგონივრულია.
მოპასუხე მხარემ თავის მოხსენებაში უარყო სარჩელებით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძვლიანობა და აღნიშნა, რომ, თუ პოლიციას წარედგინა ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან სათანადოდ დადასტურებული აშკარა სამხილი, გადამოწმებული ინფორმაცია, პოლიციას უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და აღკვეთოს ეს ღონისძიება. ასევე არ გამორიცხავს იმ პირთა წრის პასუხისმგებლობას, რომელსაც იარაღი ეკუთვნოდა. სასამართლომ შეიძლება იხელმძღვანელოს დასაბუთებული მტკიცებულებით. ხოლო პირი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს შეკრების ჩატარების ან არჩატარების საკითხი, უნდა იყოს ის პასუხისმგებელი პირი, რომელიც გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს. ხოლო მონაცემები, რომლებიც არ არის არგუმენტებით დასაბუთებული, არ ნიშნავს შეკრების ჩატარების ჩაშლას.
მოსარჩელეებს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა არ გაუზრდიათ, სარჩელში აღნიშნული დავის საგანი უცვლელი დარჩა.
მოსარჩელეთა წარმომადგენელმა შორენა ნაზღაიძემ სასამართლოზე წარმოთქმულ დასკვნით სიტყვაში კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბა მოსარჩელე მხარის არგუმენტები სარჩელში წარმოდგენილი კანონის სადავო მუხლებთან დაკავშირებით.
დასკვნის სახით მან აღნიშნა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო მუხლებმა, პირველ რიგში, შესაძლებლობა მისცა პოლიციის თანამშრომლებს, დაერბიათ სახარებისეულ ქრისტიანთა რელიგიური ჯგუფის მშვიდობიანი შეკრება, ხოლო მოგვიანებით კი სასამართლო ხელისუფლების მიერ მოხდა აღნიშნული ანტიკონსტიტუციური ქმედებების დაკანონება, რამაც კიდევ ერთხელ შელახა სახარებისეულ ქრისტიანთა რელიგიური ჯგუფის კონსტიტუციით აღიარებული უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე, შეკრებაზე საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. ამდენად, კანონის სადავო მუხლები ცნობილი უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად, რაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით აღიარებული უფლებების უზრუნველყოფისათვის.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა შორენა ჯანხოთელმა თავის დასკვნით სიტყვაში ჩამოაყალიბა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის საწინააღმდეგო მოსაზრებები, რომლებიც, მისი აზრით, არ იძლევა კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. იქვე აღნიშნა, რომ თუ სადავო კანონი ოდნავ მაინც აფერხებს მოქალაქეთა მიერ შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების განხორციელებას, რამდენადაც მისი უპირველესი მოწოდებაა ხალხის ინტერესების ასახვა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა, საქართველოს პარლამენტი მზადაა, შეასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება და თუ საჭირო გახდება, განახორციელოს შესაბამისი საკანონომდებლო ცვლილებები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, საქმის არსებითად განხილვის შედეგად, კონსტიტუციური სარჩელისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების გაანალიზების, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის და მოპასუხე მხარის წარმომადგენლების განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი.
1. მოსარჩელე (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) მოითხოვს “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “ა” და “ბ” პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული მუხლის “ა” და “ბ” პუნქტების თანახმად:
ა) ”შეკრება არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით;
ბ) მანიფესტაცია არის მოქალაქეთა დემონსტრაცია, მასობრივი საჯარო გამოსვლა ქუჩაში მსვლელობა სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ან მსვლელობა პლაკატის, ლოზუნგების, ტრანსპარანტების და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით”.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი განმარტავს შეკრების უფლებით მოსარგებლეთა წრეს. “ყველას გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში უფლება აქვთ წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ ისე გარეთ”. მათი აზრით, კონსტიტუცია განასხვავებს უფლებებისა და თავისუფლებების გავრცელების შემთხვევებსა და შესაძლებლობებს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე. მაგალითად, კონსტიტუციის 22-ე, 26-ე, 28-ე, 29-ე, 34-ე, 41-ე და სხვა მუხლები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “ეს კანონი აწესრიგებს პირებისათვის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლების განხორციელებას წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ”.
სადავო მუხლის აღნიშნულ პუნქტებში კანონმდებლის მიერ გამოყენებულია ტერმინი “მოქალაქე”. მაგალითად, “...მანიფესტაცია არის მოქალაქეთა დემონსტრაცია...” ან “...შეკრება არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ”. ცხადია, ტერმინი “პირები” უფრო ფართო მნიშვნელობისაა, ვიდრე ტერმინი “მოქალაქე.”
სასამართლოს მიაჩნია, რომ ტერმინი “მოქალაქე” თავისი შინაარსით სადავო მუხლებთან მიმართებაში საერთო და იმავე შინაარსობრივი დატვირთვისაა, რაც ტერმინი “პირები.” ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე (მუხლი 25-ე), როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირებს გარანტირებული აქვთ შეკრების თავისუფლება. ასევე კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტში ნათქვამია, საკონსტიტუციო სასამართლო: “მოქალაქის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით.” კონსტიტუციის ზემოთ მოყვანილმა ფორმულირებამ, კერძოდ, ტერმინმა “მოქალაქემ” შემდეგნაირი გაგრძელება ჰპოვა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლში, სადაც ნათქვამია: “1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში მცხოვრებ სხვა ფიზიკურ პირებს და საქართველოს იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.” ანუ ტერმინმა “მოქალაქემ” კანონის დასახელებულ მუხლში დამატებითი, გავრცობითი ხასიათი მიიღო და მის არსში ასევე მოაზრებული იქნენ უცხოელები და მოქალაქეობის არმქონე პირებიც, რაც კანონმდებლობაში მიღებულ ფორმას წარმოადგენს.
მიუხედავად ზემოთქმულისა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ საკითხზე ვერ იდავებს, რადგანაც არ არის უფლებამოსილი სუბიექტი. საქართველოს საკონსტიტუტიო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, იურიდიულ პირს სარჩელის შემოტანის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს
მისი, როგორც იურიდიული პირის, უფლებები და თავისუფლებები კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებაში, რაც არ ნიშნავს, რომ მას ასევე უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს სხვათა უფლებების დასაცავად.
იურიდიული პირი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მიხედვით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და თავისუფლებებს და სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდის როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, რომელსაც, მართალია, შეუძლია დაიცვას თავისი წევრი ფიზიკური პირების ინტერესები, მაგრამ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნებიდან გამომდინარე, როგორც დამოუკიდებელი პირი ვერ იდავებს სხვა, ასევე დამოუკიდებელი სუბიექტების, თუნდაც მისი წევრების კონსტიტუციურ უფლებებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, თუ იურიდიული პირის წევრის უფლება არის დარღვეული, ეს არ ნიშნავს, მისი, როგორც იურიდიული პირის უფლებების დარღვევას. ბუნებრივია, ეს არ გამორიცხავს ამ უკანასკნელთა უფლებას, თავად დაიცვან საკუთარი კონსტიტუციური უფლებები, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, უფლება აქვთ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით შეუძლია მომართონ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრმა უცხოელებმა ან მოაქალაქეობის არმქონე პირებმა, თუ მათ მიაჩნიათ, რომ სადავო კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად, არა აქვთ შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობის უფლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ ვერ იმსჯელებს “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “ა” და “ბ” პუნქტების კონსტიტუციურობაზე, რადგანაც ამ ნაწილში სარჩელი შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის (სუბიექტის) მიერ.
2. მოსარჩელეები: ზ. ტყეშელაშვილი, ნ. ტყეშელაშვილი, მ. შარიქაძე და სხვები მოითხოვენ “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას. სასამართლო სხდომაზე მათ ვერ დაასაბუთეს და ვერ ჩამოაყალიბეს ის საფუძვლები, რომლებიც მიუთითებენ აღნიშნული მუხლის არაკონსტიტუციურობაზე.
სადავო მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნაა, “შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარების, აგრეთვე ცალკეული მოქალაქეების მიერ თავისი შეხედულების საჯაროდ გამოხატვისას სავალდებულოა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვა,” რაც სავსებით ბუნებრივია, რადგანაც ეს მოთხოვნა აუცილებელია ყველა კანონის მიმართ. კანონი უნდა სრულდებოდეს ყველას მიერ და არა ცალკეული პირების შეხედულებისამებრ. იმ შემთხვევაში კი, თუ ეჭვს იწვევს მისი რომელიმე მუხლის კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, მოქალაქეს უფლება აქვს, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული მუხლების კონსტიტუციურობაზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ მოთხოვნა მე-4 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა.
3. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტს, რადგან შესაძლებლობას უსპობს არასრულწლოვნებს, განახორციელონ თავიანთი კონსტიტუციური უფლება და შეიკრიბონ მათთვის აქტუალური საკითხების განხილვის მიზნით, რომლებიც ხშირად სრულიად არ შედის სრულწლოვანთა ინტერესების სფეროში. რაც შეეხება მოქალაქეობის არმქონე პირებს, მათი აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი შესაძლებლად მიიჩნევს მხოლოდ პოლიტიკური საქმიანობის უფლების შეზღუდვას, რაც არ შეიძლება გავრცელდეს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვაზე, მით უმეტეს ასეთ დათქმას არც კონსტიტუციის 25-ე მუხლი იცნობს.
მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ “...პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი...”, სასამართლოს მიაჩნია, რომ ისინი წარმოადგენენ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირებს და მათ მიმართ, როგორც კონსტიტუციით, ასევე სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობით, გათვალისწინებულია მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება. ზემოაღნიშნული სადავო მუხლი აგრეთვე ითვალისწინებს, რომ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებლები არ შეიძლება იყვნენ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები.
საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის თანახმად: “საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.”
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მიხედვით, “სახელმწიფო უფლებამოსილია დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა”.
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-16 მუხლი, რომელიც ნებადართულად აცხადებს ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ უცხოელთა პოლიტიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების დაწესებას, ასეთ შეზღუდვებს დაშვებულად მიიჩნევს სწორედ კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და აგრეთვე მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებთან მიმართებით.
კონვენციის მე-10, მე-11 და მე-14 მუხლებში ნათქვამია, არაფერი არ შეიძლება იქნეს განხილული ხელშემკვრელი მხარეებისათვის ხელშემშლელად უცხოელთა პოლიტიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების დაწესებისათვის, ანუ ევროპული კონვენცია მე-16 მუხლის სახით, ითვალისწინებს კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების მეორე პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვების დამატებით შეზღუდვას უცხოელებთან მიმართებით.
ევროპული კონვენციის მე-16 მუხლთან ერთად აღნიშნული შეზღუდვა ჩვეულებრივი მოვლენაა დასავლეთ ევროპის დემოკრატიული სახელმწიფოების კანონმდებლობებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა 1966 წლის საერთაშორისო პაქტი არ ითვალისწინებს ევროპული კონვენციის მე-16 მუხლის მსგავს დებულებას, მე-16 მუხლის ანალოგიით ავსტრიამ, საფრანგეთმა და გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საერთაშორისო პაქტთან მიმართებით დაიტოვა უფლება უცხოელთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვაზე.
ამასთან, სასამართლო თვლის, რომ “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, “საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში მცხოვრებ სხვა ფიზიკურ პირებს და საქართველოს იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი”. ანუ ეს მუხლი გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოში აბსტრაქტული კონტროლის პრინციპის საფუძველზე მიმართვას. კონსტიტუციური სარჩელების ავტორები ვერ გამოვლენ უცხოელი მოქალაქეების თუ მოქალაქეობის არმქონე პირების სტატუსით, რათა იდავონ ამ უფლების უშუალოდ დარღვევაზე ან დარღვევის შესაძლებლობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული პრინციპის განმარტებისას 2002 წლის 26 ივლისს მიღებული აქვს N2/13/197 განჩინება.
სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც არა თუ ფიზიკურ პირებს, პროფესიულ კავშირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც არ შეუძლიათ მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს მხოლოდ იმიტომ, რომ პრინციპულად სურთ, გაასაჩივრონ სახელმწიფოს ესა თუ ის ქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ბ” პუნქტით, “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობაზე სასამართლო ვერ იმსჯელებს იმის გამო, რომ ამ ნაწილში სარჩელი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის (სუბიექტის) მიერ.
4. მოსარჩელეები მოითხოვენ დასახელებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის გაუქმებას, რადგან მიაჩნიათ, რომ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებებს. კერძოდ, მოსარჩელე (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) სარჩელში მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ ანიჭებს ხელისუფლებას იმის უფლებამოსილებას, რომ წინასწარ დაადგინოს აღნიშნული უფლებით სარგებლობის გეოგრაფია. მათი აზრით, ადგილობრივ მმართველობის ორგანოს არ აქვს უფლება, წინასწარი გაფრთხილების გარეშე განსაზღვროს შეკრების ადგილი და დრო.
საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეების აღნიშნულ მოთხოვნას, რადგან აღნიშნული პუნქტი არ კრძალავს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას სხვა ადგილებში, მით უფრო, რომ “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იძლევა ამ უფლების განხორციელების შესაძლებლობას სხვა ადგილებში. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ავალდებულებს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, განსაზღვროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების ადგილები, რითაც ხელს უწყობს ამ უფლების განხორციელებას, რადგან დაინტერესებულ პირებს წინასწარ აქვთ ინფორმაცია, შეკრება ან მანიფესტაცია საჭიროებს თუ არა გაფრთხილების ვალდებულებას.
იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, სავალდებულოა შეკრების სასწრაფოდ ჩატარება, კანონი პირებს სთავაზობს ორ ალტერნატივას: ან უზრუნველყონ გაფრთხილება, ან მისი ვერმოსწრების შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია ჩაატარონ ხელისუფლების მიერ უკვე განსაზღვრულ ადგილას, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. ამასთან, ბუნებრივია, რომ ხელისუფლების მიერ შეკრების ადგილის წინასაწარი განსაზღვრა გულისხმობს ასევე იმას, რომ სათანადო ორგანოებს მიღებული აქვთ ყველა საჭირო ზომა აღნიშნულ ადგილზე შეკრების უფლების შეუფერხებლი რეალიზაციისათვის, სადაც დაცული იქნება როგორც ამ უფლებით მოსარგებლეთა, ისე გარეშე პირთა ინტერესები.
რაც შეეხება მოსარჩელეთა პოზიციას იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა სადავო ნორმამ შეიძლება გამოიწვიოს ხელისუფლების ორგანოების მიერ მავნე პრაქტიკის დანერგვა, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ შესაბამისი ორგანოების მიერ გამოყოფილ ადგილებში და სხვაგან არსად, სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის ამა თუ იმ ნორმის არასწორად გაგება და გამოყენება, არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ნორმის არაკონსტიტუციურობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებას.
5. 183-ე ნომრით რეგისტრირებულ სარჩელში მოსარჩელეები მოითხოვენ “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის გაუქმებას, რადგან, მათი აზრით, ნორმა - ”გაფრთხილება არ არის სავალდებულო ცალკეული მოქალაქეებისათვის, რომელთაც სურთ თავისი შეხედულებების საჯაროდ გამოხატვა პლაკატებით, ლოზუნგებით, ტრანსპარანტებით ან სხვა სახვითი საშუალებებით, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება, ამისათვის გამოიყენონ შენობის შესასვლელები და კიბეები, გადაკეტონ გზის სავალი ნაწილი ან შეაფერხონ ტრანსპორტისა და ხალხის მოძრაობა”, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მუხლი გამოხატავს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის აზრს, “კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება”.
საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვა მჯდომარე ბლოკადის სახით, აღნიშნულ ადგილებში ტრანსპორტისა და ხალხის მოძრაობის მიზანდასახული ხელის შეშლაა, რათა იძულებით იქნეს მიქცეული საზოგადოების ყურადღება პოლიტიკურ მიზნებზე, რაც მნიშვნელოვნად უშლის ხელს მესამე პირებს და ამიტომ მართლსაწინააღმდეგო ქმედებად უნდა ჩაითვალოს.
სახელმწიფო, იღებს რა ვალდებულებას ერთნაირად უზრუნველყოს პირთა ჯგუფის თუ ცალკეულ პირთა უფლება, აზრის მათთვის სასურველი ფორმით თავისუფლად გამოხატვაზე, იმავდროულად ვალდებულია, უზრუნველყოს სხვა პირთა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი, კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით აღიარებული სხვა სიკეთეები.
კანონმდებელმა მე-7 მუხლში პირებს მისცა წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეკრების შესაძლებლობა, თუმცა დაადგინა ადგილები, სადაც კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად შეკრება წინასწარ გაფრთხილებას მოითხოვს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ სადავო კანონის მე-7 მუხლი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს.
6. მოსარჩელეების შემდეგი მოთხოვნაა “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა, რადგან, მათი აზრით, იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო კანონის პირველი პუნქტის თანახმად გათვალისწინებული ვადა – 5 დღე ზედმეტად ხანგრძლივია. რაც შეკრების ორგანიზატორებზე ზეწოლის საშუალებას იძლევა და დამაბრკოლებელი გარემოებაა შეკრების ან მანიფესტაციის აქტუალურად ჩატარებისათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეკრების და მანიფესტაციის შინაარსიდან, მასშტაბებიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე, მისი ჩატარების უზრუნველყოფისათვის შეიძლება საჭირო იყოს რეალურად სხვა ვადა. ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ 5 დღეც არასაკმარისი აღმოჩნდეს ამ მიზნებისათვის. ასე მაგალითად, უფრო მცირე ვადის დაწესების შემთხვევაში, შეკრება შეიძლება ჩატარდეს აქტუალურად, მაგრამ რეალურად სახელმწიფომ ვერ შექმნას გარანტიები მისი სრულფასოვანი განხორციელებისათვის. ამიტომ, სასამართლოს აზრით, 5 დღე არის ოპტიმალური ვადა, მით უმეტეს, რომ მთელ რიგ ქვეყნებში უფრო ხანგრძლივი ვადებიც არის დაწესებული. მაგალითად, რუსეთში გათვალისწინებულია 10 დღიანი ვადა.
კანონის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილია შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ ისეთი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, როგორიცაა: შეკრების ან მანიფესტაციის ფორმა, მიზანი, ჩატარების ადგილი ან სვლაგეზი, დაწყების და დამთავრების დრო, თარიღი, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა და სხვა. მათ მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ კონსტიტუციური უფლებით სარგებლობისათვის ამდენი წინა პირობის შექმნა. ასევე მიიჩნევენ, რომ არაფრის მთქმელია, მაგალითად, ინფორმაცია მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობაზე. ამასთანავე, მათთვის მიუღებელია ის ფაქტიც, რომ შეტყობინებაში მითითებული ნებისმიერი ერთი პარამეტრის დარღვევა შესაძლებელია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის მიზეზი გახდეს.
მოსარჩელეების აზრით, შეკრების ან მანიფესტაციის ფორმის ან მიზნის შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებული არა მარტო შეკრების თავისუფლების, არამედ სიტყვის თავისუფლების დებულებებსაც. კერძოდ, კონსტიტუციის მე-19 მუხლისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებთან.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სიტყვის თავისუფლება დიდი ხანია დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელ და ძირითად ფუნქციონალურ ელემენტს მიეკუთვნება. თუ შეკრების უფლებას გავიგებთ როგორც აზრის თავისუფლად გამოხატვის თავისუფლებას, მასზეც, იგივე შეიძლება ითქვას. “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის ზემოთ ჩამოთვლილი ნორმები ძირითადად აკმაყოფილებს კონსტიტუციურ-სამართლებრივ მოთხოვნებს, თუ მათი განმარტება და გამოყენება მოხდება შეკრების თავისუფლების ფუძემდებლური გაგების გათვალისწინებით.
მიუხედავად თავისი მნიშვნელობისა, შეკრების თავისუფლება არ არის გარანტირებული შეზღუდვების გარეშე. კანონის სადავო მუხლები იძლევა მხოლოდ საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის, სხვა ადამიანების კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შემთხვევაში თავისუფლების გარანტიას და ამავდროულად, ამ თავისუფლებას საკანონმდებლო შეზღუდვას უქვემდებარებს. ამით კონსტიტუციის 25-ე მუხლი ანგარიშს უწევს იმ გარემოებებს, რომ შეკრების თავისუფლების განხორციელებისათვის, გარე სამყაროსთან შეხების გამო, განსაკუთრებული, სახელდობრ, ორგანიზაციული და პროცესუალურ-სამართლებრივი რეგულირების საჭიროება არსებობს, რათა ერთი მხრივ თავისუფლების განხორციელების რეალური წინა პირობები შეიქმნას, ხოლო მეორე მხრივ, სხვათა ინტერესები იქნეს დაცული. კანონმდებელს უფლება აქვს, შეზღუდოს შეკრების თავისუფლების განხორციელება მხოლოდ სხვა თანაბარი ფასეულობის მქონე სამართლებრივი სიკეთეების დასაცავად და პროპორციულობის პრინციპის მკაცრი გათვალისწინებით. შეკრების თავისუფლების სფეროში თავისუფლების შემზღუდავი ჩარევის აუცილებლობა შეიძლება იქიდან გამომდინარეობდეს, რომ დემონსტრანტი ამ უფლების განხორციელებისას მესამე პირთა ინტერესებს აყენებს ზიანს.
ამგვარი ჩარევის დროსაც კი სახელმწიფო ორგანოები ძირითადი უფლების და თავიანთი ღონისძიებების განხორციელებისას შეზღუდულები უნდა იყვნენ იმით, რაც თანაბარი ფასეულობის მქონე სამართლებრივი სიკეთეების დასაცავადაა აუცილებელი. გაფრთხილების ვალდებულების შემოღება განსაკუთრებული ზომების მიღებისათვის არის აუცილებელი. კერძოდ, გაფრთხილებასთან დაკავშირებულმა მონაცემებმა სახელმწიფო ორგანოებს საჭირო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მხოლოდ იმისათვის, რომ მათ წარმოდგენა შეექმნათ ერთი მხრივ იმაზე, თუ რა განკარგულებები უნდა გაიცეს მოძრაობის მოწესრიგებისა და სხვა ღონისძიებებისათვის, რათა შეკრების მიმდინარეობა შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილი იქნეს, მეორე მხრივ კი შეფასდეს, თუ რა არის საჭირო მესამე პირთა, ასევე საზოგადოების ინტერესების დასაცავად და როგორ უნდა შეუთავსდეს ეს ორი გარემოება ერთმანეთს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გაფრთხილების მოვალეობა (გამონაკლისის გარდა) არ გამოიყენება და მისი დარღვევა უკვე სქემატურად არ იძლევა ღონისძიებების აკრძალვის ან დაშლის საფუძველს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სადავო კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე პირობის შეუსრულებლობა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს შესაძლებლობას აძლევს, არ მიიღოს გაფრთხილება. თუმცა მსგავს შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მöუხლი არ ითვალისწინებს. აღნიშნული მöუხლი გაფრთხილების აუცილებლობის კონკრეტულ შემთხვევებზე მიუთითებს, ხოლო კანონი ნებართვის აუცილებლობით ზღუდავს აღნიშნულ კონსტიტუციურ უფლებას.
თავად ფორმულირება „გაფრთხილების არმიღება“ გაფრთხილების ინსტიტუტს ნებართვას უთანაბრებს. გაფრთხილება ზოგადად გულისხმობს ხელისუფლების ინფორმირებას შეკრების ჩატარების თაობაზე მხოლოდ იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა უზრუნველყოს ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, ანუ ეს ცალმხრივი ქმედებაა, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ მოიცავს ხელისუფლებისაგან პასუხის მოლოდონის ვალდებულებას. თავისთავად, როდესაც კანონმდებელი ხელისუფლებას აძლევს გაფრთხილების არმიღების შესაძლებლობას, ვარაუდობს, რომ ხელისუფლება პრაქტიკულად უარს ეუბნება კონკრეტულ პირებს ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობაზე, ანუ ნებას არ აძლევს, ჩაატარონ შეკრება ან მანიფესტაცია.
ვინაიდან გაფრთხილების არმიღების ინსტიტუტი თავისთავად კონსტიტუციის საწინააღმდეგოა, ბუნებრივია, არა აქვს მნიშვნელობა, რა საფუძვლით ხდება გაფრთხილების არმიღება. რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებას ასეთი კონსტიტუციური უფლებამოსილება არ გააჩნია.
კანონმდებელი არ აკონკრეტებს, რა მოსდევს გაფრთხილების არმიღებას. მე-6 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე ჩანს, რომ ზემოაღნიშნულ მუხლში პირობების შეუსრულებლობა შეიძლება საფუძველი გახდეს შეკრებისა და მანიფესტაციის აკრძალვისა.
რაც შეეხება სადავო კანონის მე-7 და მე-8 პუნქტებს სასამართლო ვერ იმსჯელებს მათ კონსტიტუციურობაზე, ვინაიდან არც სარჩელში და არც მხარეთა გამოსვლებში არ დასახელდა არც ერთი მტკიცებულება ამ ნორმების კონსტიტუციასთან შეუსაბამობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს.
7. მოსარჩელეებს სადავოდ მიაჩნიათ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, “აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება: საქართველოს პარლამენტის შენობაში, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სასამართლოების, პროკურატურის, პოლიციის, სასჯელთა აღსრულების ორგანოების შენობებში, სამხედრო ნაწილებსა და ობიექტებში, რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებში, საავადმყოფოებში, დიპლომატიურ დაწესებულებებში და მათგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე სამთავრობო დაწესებულებების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, შრომის უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმის ან შეიარაღებული დაცვის მქონე საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შენობებში; დაუშვებელია ამ ობიექტების შესასვლელების სრული ბლოკირება”.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს მიაჩნია, რომ კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოს უფლება აქვს, შეკრება გარკვეული პირობების შესრულებას დაუკავშიროს, თუ შესამჩნევი გარემოების გამო, შეკრების ან მსვლელობის მიმდინარეობისას უშუალო საფრთხე ემუქრება საჯარო უსაფრთხოებას ან წესრიგს. საჯარო უსაფრთხოება კი მოიცავს ისეთი სამართლებრივი სიკეთეების დაცვას, როგორებიცაა: სიცოცხლე, ჯანმრთელობა, თავისუფლება, ღირსება, საკუთრება და ქონება, ასევე მართლწესრიგისა და სახელმწიფო ორგანოთა ხელშეუხებლობა და როდესაც ამ დაცულ სიკეთეებს ხელყოფის საფრთხე ემუქრებათ, როგორც წესი, საფრთხე საჯარო უსაფრთხოებისათვის საშიშად მიიჩნევა. საჯარო წესრიგი კი წარმოადგენს დაუწერელი წესების ერთობლიობას, რომელთა შესრულება გაბატონებული სოციალური და ეთიკური შეხედულებების თანახმად, განსაზღვრულ ტერიტორიაზე ადამიანთა მოწესრიგებული თანაცხოვრების აუცილებელ წინა პირობად აღიქმება.
გაერთიანებული ერების 1966 წლის 16 დეკემბრის “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის” (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 21-ე მუხლის თანახმად, “მშვიდობიანი შეკრების უფლება აღიარებულია. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაზე რაიმე შეზღუდვის დაწესება, გარდა იმისა, რომლებიც შეფარდებულია კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ან ზნეობის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ინტერესებისათვის”.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მე-9 მუხლით გათვალისწინებულია ზუსტად ის ადგილები, სადაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ხელს შეუშლის აღნიშნული ობიექტების დანიშნულებისამებრ სრულფასოვნად ფუნქციონირებას, რაც ზიანს მიაყენებს ზემოაღნიშნულ სიკეთეებს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ამ უფლების ყველა შესაძლო შეზღუდვა, მათ შორის ადგილის თვალდაზრისითაც, უნდა გაეთვალისწინებინა და დაეკონკრეტებინა კონსტიტუციას. ამ ლოგიკით, ის რაც კონსტიტუცუიაში არ წერია, არაკონსტიტუციურია.
სასამართლოს აზრით, მოსარჩელეებისათვის განმარტებას არ უნდა საჭიროებდეს ის ფაქტი, რომ კონსტიტუცია ქვეყნის ძირითადი კანონია, ეს არის ძირეული პრინციპების ერთობლიობა და წარმოუდგენელია კონსტიტუციით ყველა საკითხის დეტალურად მოწესრიგება. შესაბამისად, ვერც კონსტიტუციის 25-ე მუöხლი ამოწურავდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციის პირობებს. მასში ჩაიწერა ამოსავალი დებულებები, რომელთა დაკონკრეტებაც მოხდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს.
8. 183-ე ნომრით რეგისტრირებულ სარჩელში მოსარჩელეები მოითხოვენ “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის მე-10 და მე-11 მუხლების გაუქმებას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლთან წინააღმდეგობის გამო.
რაც შეეხება მე-10 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხს, სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს ამ მოთხოვნას, რადგან აღნიშნული მუხლი არ შეიცავს ამ უფლების განხორციელებაზე შეზღუდვას, მას მიაჩნია, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანო უფლებამოსილია, აქციის წარმომადგენლებს მისცეს რეკომენდაცია მისი ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის შესახებ. თავად რეკომენდაციის დატვირთვიდან გამომდინარე, იგი არ ატარებს სავალდებულო ხასიათს შეკრების მსურველთათვის.
ხოლო მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “შეკრება ან მანიფესტაცია ტარდება გაფრთხილებაში აღნიშნულ დროსა და ადგილას, მასში მითითებული მიზნებისა და სვლაგეზის შესაბამისად”, - რადგანაც უკვე მიღებულია ზომები მისი გაფრთხილებაში მითითებული მონაცემების შესაბამისად ჩატარების უზრუნველყოფისათვის.
მე-2 პუნქტში აღნიშნულია, რომ პასუხისმგებელი პირები ვალდებული არიან, დაიცვან საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები და გაფრთხილებით ნაკისრი ვალდებულებები.
მე-3 პუნქტი ასახელებს იმ საშუალებებს, რომლებიც არ შეიძლება გამოყენებულ იქნენ აქციის მსვლელობისას (მაგალითად იარაღი, ფეთქებადი ნივთიერებანი და ა. შ.), რაც საქართველოს კონსტიტუციითაც არის გათვალისწინებული.
მე-4 პუნქტის მოთხოვნა პირდაპირ გამოხატავს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის შინაარსს. დასახელებული მუხლი არ შეიცავს კონსტიტუციის საწინააღმდეგო დებულებებს, რაც არ გვაძლევს მისი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველს.
9. მოსარჩელეები ზ. ტყეშელაშვილი, ნ. ტყეშელაშვილი, მ. შარიქაძე და სხვები მოითხოვენ “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას, რადგან, მათი აზრით, იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მოთხოვნებს. სადავო მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: “ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე მე-11 მუხლის მოთხოვნების მასობრივი დარღვევის შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია უნდა შეწყდეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნისთანავე”.
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი შეკრებებსა და მანიფესტაციებზე კრძალავს ისეთ მოწოდებებს, როგორებიცაა: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან ისეთი მოწოდება, რომელიც წარმოადგენს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დასახელებული პუნქტი არ კრძალავს სიტყვის თავისუფლებას, აკრძალვა ეხება მხოლოდ ზემოთქმული სახის მოწოდებებს, რომლებსაც კანონსაწინააღმდეგო ხასიათი აქვთ. მსგავსი სახის მოწოდებები დასჯადია სისხლის სამართლის კანონმდებლობითაც (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლი).
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, “ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო”.
რაც შეეხება მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს, იგი ავალდებულებს პასუხისმგებელ პირებს, შეწყვიტონ შეკრება ან მანიფესტაცია, თუ იგი კანონსაწინააღმდეგო ხასიათს იძენს. პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, დაიცვას შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისათვის კანონით დადაგენილი უსაფრთხოების წესები, ვინაიდან კანონსაწინააღმდეგო შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტთან დაკავშირებით სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონით დადგენილი სამდღიანი ვადის დაწესება უფრო ეფექტურია და ხელს უწყობს შეკრების ან მანიფესტაციის კანონიერების საკითხის უმოკლეს ვადაში გადაწყვეტას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო კანონის მე-13 მუხლის შინაარსი არ გვაძლევს მისი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველს.
10. მოსარჩელეები აყენებენ “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხს კონსტიტუციის 25-ე მუხლთან მიმართებით. აღნიშნულ პუნქტში ნათქვამია: “ადგილობრივი მმართველობის ორგანო უფლებამოსილია არ დაუშვას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად უშუალო საფრთხე ემუქრება კონსტიტუციურ წყობილებას, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი წარმომადგენელი”.
მოსარჩელე (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) აღნიშნავს, რომ მოცემული დებულება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს, რამეთუ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება სასამართლოს გააჩნია.
საქართველოს კონსტიტუცის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს ხელისუფლების მიერ შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. შეწყვეტა კი შესაძლებელი ხდება მხოლოდ ქმედების განხორციელების შემდგომ. ჯერ უნდა დადასტურდეს, რომ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო და ამის შემდეგ არის შესაძლებელი, გამოყენებულ იქნეს შეწყვეტის საშუალებები.
მოსარჩელეებს არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ კანონით იმის დადგენის შესაძლებლობა, რომ ადგილობრივმა მმართველობის ორგანომ არ დაუშვას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება რაიმე მოსაზრებით, რომ ადამიანის უფლებების შეზღუდვა ეფუძნებოდეს ხელისუფლების ორგანოთა ვარაუდებს. მაგალითისათვის მოყვანილია ადამიანის უფლებათა ევროპის სასმართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: “სტანკოვი” და მაკედონელთა გაერთიანებული ორგანიზაცია “ილინდენი” ბულგარეთის წინააღმდეგ, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ “ყოველი ცალკეული ინციდენტი ადეკვატურად იქნეს განხილული კონკრეტულ დამნაშავეთა პასუხისმგებლობის დაყენების გზით” და არა შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვით.
სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ დამნაშავეობასთან ბრძოლისა და წესრიგის დაცვისათვის არსებობს სპეციალური კანონმდებლობა. ნებისმიერი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის პასუხისმგებლობა ინდივიდუალურია და კანონმდებლობით დადგენილია შესაბამისი სასჯელი. მათი აზრით, ამას არავითარი შეხება არა აქვს “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონთან და კონსტიტუციის 25-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევასთან, მით უმეტეს, კონსტიტუციის დასახელებული მუხლი არ იძლევა საშუალებას, აკრძალო ან არ დაუშვა შეკრება.
სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელეების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც აბსოლუტური, ანუ შეუზღუდავი.
ეს უფლება გარკვეულწილად თვით საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის ყველა პუნქტში თავისებურად იზღუდება, ისევე, როგორც მოსარჩელის მიერ მოყვანილ კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის მე-3 პუნქტით, `დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს, ანუ აქვეა მითითებული შემთხვევა, რომლის დადგომისას ამ უფლებით აბსოლუტურად და განუსაზღვრელად სარგებლობა შეუძლებელია.
ზემოაღნიშნულის საფუძველი, იგივე საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლია, სადაც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და ცნობასთან ერთად აღნიშნულია, რომ “ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი კანონით”, რომ არაფერი ვთქვათ კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნაზე, სადაც ნათქვამია: “ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები”.
ყოველივე ზემოაღნიშნული ნათელი მაგალითია იმისა, რომ ადამიანისათვის მინიჭებული და აღიარებული უფლება ვერ იქნება განუსაზღვრელი და არ შეიძლება იქნეს აბსოლუტური. ისეთ სამართლებრივ ურთიერთობებში, სადაც ხელისუფლების განხორციელებისას სახელმწიფო იზღუდება ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით, შესაბამისად, ეს უფლებები ვერც ხალხისათვის განხორციელდება აბსოლუტურად, შეუზღუდავად და უპირობოდ.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი იცავს მხოლოდ მშვიდობიან შეკრებებსა და მანიფესტაციებს (რაც არაერთხელ აღინიშნა). ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სათანადო ორგანოების მხრიდან უნდა არსებობდეს საფრთხის პროგნოზი შესამჩნევი გარემოებებით, რაც უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს, საქმის გარემოებებსა და სხვა დეტალებს. თუ გავითვალისწინებთ შეკრების თავისუფლების მნიშვნელობას, ეჭვი ან ვარაუდი არ უნდა იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის დაშლის საფუძველი. სახელმწიფო ორგანომ, განსაკუთრებით, პრევენციული აკრძალვის განხორციელებისას, არ უნდა გამოიყენოს საშიშროების პროგნოზის შეფასებისადმი ძალიან მსუბუქი კრიტერიუმები, მით უმეტეს, რომ მცდარი შეფასების შემთხვევაში, კვლავ რჩება მისი დაშლის მოგვიანებით განხორციელების შესაძლებლობა. კონსტიტუციამ განსაზღვრა გაფრთხილების ინსტიტუტი, რომელიც „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის“ კომენტარების მიხედვით, თავისთავად ითვალისწინებს კანონით დადგენილ შემთხვევებში აკრძალვის დაშვებას. აკრძალვის საფუძვლები ესადაგება საერთაშორისო პაქტითა და ევროპული კონვენციით გათვალისწინებული შეზღუდვების საფუძვლებს.
ზემოხსენებული დოკუმენტები ითვალისწინებენ იმ პირობებს, რომელთა საფუძველზედაც ეს უფლება შეზღუდვას ექვემდებარება. თუ რა კრიტერიუმის გამოყენებაა აუცილებელი ცალკეულ შემთხვევებში, მათი განსაზღვრა კონსტიტუციის შესაბამისად რთულია და მას კონსტიტუცია ვერ გაითვალისწინებდა.
აზრის გამოხატვის თავისუფლებისაგან განსხვავებით შეკრების თავისუფლება მისი დაცვის შედარებით ვიწრო ფარგლებით არის შეზღუდული. შეკრება, რომელიც არამშვიდობიანია კონსტიტუციით არ იქნება დაცული და შეიძლება აკრძალვას, დაშლას ან სხვა სანქციებს დაექვემდებაროს.
ჩამოთვლილი ფარგლები კანონის მე-14 მუხლში უმეტესად დაცულია. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ უფლებებში ჩარევა არა მხოლოდ გარკვეული მიზნის მიღწევისათვის, არამედ დემოკრატიული საზოგადოებისათვისაც უნდა იყოს აუცილებელი. ამდენად, შეკრების აკრძალვა ან ძალისმიერი დაშლა არის უკიდურესი საშუალება მას შემდეგ, რაც სხვა ნაკლებად მკაცრი საშუალებების გამოყენებამ შედეგი ვერ გამოიღო.
იმ შემთხვევაში კი, როგორც კანონის სადავო მუხლშია აღნიშნული, „თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად უშუალო საფრთხე ემუქრება კონსტიტუციურ წყობილებას, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯამრთელობას“, ჩამოთვლილი ქმედებები წარმოადგენენ მართლსაწინააღმდეგოს და დასჯადს. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების მართლწინააღმდეგობის შეფასება სასამართლომ უნდა მოახდინოს და არა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს წარმომადგენელმა ერთპიროვნულად. საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარი მიდგომა არის დემოკრატიული საზოგადოების ღირებულებების ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე დაცვა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული დებულება: „...ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი წარმომადგენელი“ არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პრინციპებს.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ მოსარჩელეთა მოთხოვნა, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი, აგრეთვე მე-14 მუხლის პირველი პუნქტის დებულება „ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი წარმომადგენელი“;
2. არ დაკმაყოფილდეს: ა) 180-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე სასარჩელო მოთხოვნა, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ და“ბ“ პუნქტები, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-9 მუხლის პირველი პუნქტი, მე-14 მუხლის პირველი პუნქტი, გარდა არაკონსტიტუციურად ცნობილი დებულებისა; ბ) აგრეთვე, 183-ე ნომრით რეგისტრირებულ სარჩელზე სასარჩელო მოთხოვნა, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტი, მე-5 მუხლის მეორე პუნქტი, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-7, მე-8 მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტები, მე-9, მე-10, მე-11, მე-13 მუხლები და მე-14 მუხლის პირველი პუნქტი, გარდა არაკონსტიტუციურად ცნობილი დებულებისა, და მეორე პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის მე-19, 24-ე და 25-ე მუხლებთან მიმართებით;
3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას და გადასინჯვას არ ექვემდებარება;
5. გადაწყვეტილების პირები გაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
6. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტსა და სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული სათანადო გარემოებების გათვალისწინებით „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
7. გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
1. ოთარ ბენიძე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.