მოქალაქე ნიკოლაი კალუცკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/11/300 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 7 ოქტომბერი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (თავმჯდომარე);
2.ოთარ ბენიძე(წევრი);
3.ლამარა ჩორგოლაშვილი;
4.ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: მოქალაქე ნიკოლაი კალუცკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 199–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509 –ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–14,მე–16 მუხლებთან, მე–19 მუხლის პირველ და მე–2 პუნქტებთან,26–ე და38–ე მუხლების პირველ პუნქტებთან და 39–ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ნიკოლაი კალუცკი და მისი წარმომადგენელი გიორგი მელაძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 9 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N300)მომართა მოქალაქე ნიკოლაი კალუცკიმ. სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციით კოლეგიას საქმე გადმოეცა ამა წლის 21 სექტემბერს.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39–ე მუხლის პირველი პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი, მე–15 და მე–16 მუხლები.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია,რომ დასახელებულ კონსტიტუციურ სარჩელში ძირითადად დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტები და მე–18 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს,რომ სარჩელში მოყვანილია მტკიცებულებები,რომლებიც მოსარჩელის აზრით,ადასტურებენ დავის საგნის საფუძვლიანობას საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ მუხლებთან მიმართებით.აღნიშნული საკითხების გამორკვევა და შეფასება შესაძლებელია მხოლოდ საქმის არსებითად განხილვის სასამართლოს სხდომაზე.
იხელმძღვანელა, რა საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, 21–ე მუხლის მე–2 პუნქტით, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე–2 პუნქტით, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტებით და მე–18 მუხლით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად მოსარჩელე ნიკოლაი კალუცკის მე–300 ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 199–ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509–ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვების „რელიგიური ორგანიზაციები“ არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე–19, 26–ე და 39–ე მუხლებთან მიმართებით; ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 199–ე მუხლის მე–3 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე–14, მე–16, 38–ე და 39–ე მუხლებთან მიმართებით;
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
2.ოთარ ბენიძე
3.ლამარა ჩორგოლაშვილი
4.ზაურ ჯინჯოლავა