მოქალაქე ნიკოლაი კალუცკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/5/300 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 1 ივნისი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (თავმჯდომარე),
ოთარ ბენიძე (მომხსენებელი მოსამართლე),
ლამარა ჩორგოლაშვილი – წევრი,
ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: მოქალაქე ნიკოლაი კალუცკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 199-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 26-ე და 38-ე მუხლების პირველ პუნქტებთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ნიკოლაი კალუცკი და მისი წარმომადგენელი გიორგი მელაძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 9 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №300) მომართა მოქალაქე ნიკოლაი კალუცკიმ. სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციით კოლეგიას საქმე გადმოეცა ა.წ. 21 სექტემბერს.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 199-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 26-ე და 38-ე მუხლების პირველ პუნქტებთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
როგორც სარჩელიდან ირკვევა, მოსარჩელე წარმოადგენს „ქრისტიანთა ეკლესიის“ წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელს. მოსარჩელის განცხადებით, მათ მიმართ ადგილი აქვს რწმენის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებს, როგორც სახელმწიფოს, ასევე მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მხრიდან. რაც გამოიხატება გახშირებული დარბევებით ღვთისმსახურების პროცესში (სარჩელში მოყვანილია ძალადობის ფაქტები).
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ყოველი დარბევის ფაქტის შემდეგ მიმართავდნენ პოლიციას, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გასაჩივრებული პუნქტების საფუძველზე ასაბუთებდა მათი შეკრების უკანონობას, რადგან მათ არ გააჩნდათ რელიგიური ორგანიზაციის სტატუსი.
სარჩელის ავტორის აზრით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სადავო მუხლის მე-3 ნაწილი წარმოადგენს საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების შეზღუდვის საფუძველს, რადგან ისეთი შეკრება კულტის მსახურთა და რელიგიურ გაერთიანებათა წევრების მიერ, რომელიც დაკავშირებული არ არის კულტის შესრულებასთან გამოიწვევს დაჯარიმებას. აღნიშნული, მოსარჩელის აზრით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 38-ე და 39-ე მუხლებით აღიარებულ უფლებებს. კერძოდ, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმით შეილახა მისი საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლით აღიარებული ჰუმანიტარული საქმიანობის უფლება, რადგან სადავო ნორმით აკრძალულია კანონით დაშვებული საქმიანობა იმიტომ, რომ ისინი რელიგიურ ორგანიზაციას წარმოადგენენ. რაც ასევე, მისი აზრით თანასწორობის პრინციპის დარღვევაა (საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი).
რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს, მოსარჩელე აპელირებას ახდენს საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებზე, რომელშიც ასევე მოიაზრება გაეროს დეკლარაცია „რელიგიისა და რწმენის საფუძველზე არსებული დისკრიმინაციისა და შუღლის აღმოფხვრის შესახებ“, ვინაიდან კონსტიტუციით გათვალისწინებული ტერმინი „საყოველთაოდ აღიარებული უფლება“ მიესადაგება გაერთიანებული ერების მიერ მიღებულ ადამიანის უფლებათა სტანდარტებს.
მოსარჩელის განცხადებით, მისი კონსტიტუციური უფლებების შელახვა გამოიწვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტმა, რადგან ის საშუალებას უსპობს რელიგიურ ორგანიზაციებს გახდნენ კერძო სამართლის იურიდიული პირები. კერძოდ, აღნიშნული ქვეპუნქტი რელიგიურ ორგანიზაციებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა კატეგორიაში აქცევს, ვინაიდან მათ გააჩნიათ საჯარო მიზანი. ყოველივე აღნიშნული სარჩელის ავტორის აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 26-ე მუხლის მოთხოვნებს, რადგან კონსტიტუციის დასახელებული მუხლები მსგავს პირობას არ ადგენენ რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციისათვის. მოსარჩელისათვის გაუგებარია თუ რა ნიშნით გამოაცალკევა კანონმდებელმა რელიგიური ორგანიზაციები საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან თუ არა მათი დისკრიმინაციის მოტივით. დისკრიმინაცია იმაში მდგომარეობს, აღნიშნავს მოსარჩელე, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთი ჯგუფი არ სარგებლობს იმ იურიდიული სტატუსით, რომელიც შეუზღუდავად არსებობს ორგანიზაციათა მეორე ჯგუფისათვის.
სარჩელის ავტორი თვლის, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით აღიარებული გაერთიანების თავისუფლება გულისხმობს, როგორც იურიდიული სტატუსის შეძენას, ასევე გაერთიანებას აღნიშნული სტატუსის გარეშე. სარჩელში ასევე მოყვანილია ამონარიდი ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან, რომლის თანახმადაც: „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება შესაძლებელია გამოხატოს, როგორც ცალკეულმა პიროვნებამ, ასევე პიროვნებათა ჯგუფმა“. მოცემული განმარტებიდან ჩანს, რომ მორწმუნე პიროვნება ან რელიგიური ჯგუფი ვალდებული არაა შეიძინოს იურიდიული პირის სტატუსი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვდა არაკონსტიტუციურად ყოფილიყო ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი საქართველოს კონსტიტუციის მე-19, 26-ე და 39-ე მუხლებთან მიმართებით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 38-ე და 39-ე მუხლებთან მიმართებით.
აღსანიშნავია, რომ საქმის არსებითი განხილვის დაწყების მომენტისათვის, სადავო ნორმები ძალადაკარგულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების საფუძველზე.
აღნიშნული ცვლილებები ამოქმედდა 2005 წლის 27 აპრილიდან (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №18 27.04.2005 წ.).
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა, თავის სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ, რაც საფუძვლად დაედო აღნიშნულ საქმეზე სამართალწარმოების შეწყვეტას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ძალადაკარგულ სადავო აქტზე დავის გაგრძელების საფუძველი არ არსებობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის მიერ დაყენებული საკითხი პარლამენტმა მიღებული ცვლილებების საფუძველზე მისთვის სასურველი შედეგით გადაწყვიტა.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31ე მუხლით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს
1. შეწყდეს სამართალწარმოება საქმეზე „მოსარჩელე ნიკოლაი კალუცკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 199-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 26-ე და 38-ე მუხლების პირველ პუნქტებთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
ოთარ ბენიძე
ლამარა ჩორგოლაშვილი
ზაურ ჯინჯოლავა.