მოქალაქე აკაკი გოგიჩაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/4/241 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 31 ივლისი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე);
2.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი მოსამართლე).
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია
საქმის დასახელება: მოქალაქე აკაკი გოგიჩაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე – აკაკი გოგიჩაიშვილი და მისი წარმომადგენელი ლევან სამხარაული.
2003 წლის 23 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №241) მიმართა მოქალაქე აკაკი გოგიჩაიშვილმა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
2003 წლის 25 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქალაქე აკაკი გოგიჩაიშვილის რწმუნებულმა ირაკლი კოტეტიშვილმა მიმართა განცხადებით (რეგისტრაციის №01/17-70), რომლითაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედების შეჩერებას. მოსარჩელის აზრით, „ამით ...სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად ავტომატურად შეჩერდება სააღსრულებო ფურცლის მოქმედება“.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის რწმუნებულმა მოითხოვა სადავო ნორმის კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის სამივე პუნქტთან მიმართებით.
ზემოაღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ და მისმა რწმუნებულმა ვერ მიუთითეს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იმ ნორმის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც საერთო სასამართლომ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება.
სასამართლო მიუთითებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო აქტის მოქმედების შეჩერება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ–ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგი.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ სადავო აქტის მოქმედება გამოიწვევდა მისთვის გამოუსწორებელ შედეგს. სასამართლოს აზრით, სადავო ნორმის მოქმედებას არ შეუძლია გამოიწვიოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგი, რადგან ასეთ შედეგზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომავალში მისი შეცვლა მხარის ინტერესების შესაბამისად შეუძლებელი იქნება.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში ძირითადად დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე–2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მეორე პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის აკაკი გოგიჩაიშვილის კონსტიტუციური სარჩელი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებით;
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე;
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;
4. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში „ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1. ო. ბენიძე;
2. ნ. ჩერქეზიშვილი;
3. ლ. ჩორგოლაშვილი;
4. ზ. ჯინჯოლავა.