მოქალაქე აკაკი გოგიჩაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/1/241 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 11 მარტი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე);
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი მოსამართლე);
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია.
საქმის დასახელება: მოქალაქე აკაკი გოგიჩაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 26 ივნისის კანონის “საქართველოს სამოქალაქო კოდექსის” მე-18 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს კანონის “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” მე-20 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე – აკაკი გოგიჩაიშვილი და მისი წარმომადგენელი – ირაკლი კოტეტიშვილი.
2003 წლის 23 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის ნომერი N241) მომართა მოქალაქე აკაკი გოგიჩაიშვილმა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაეკისრა 2001 წლის 1 აპრილს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით გადაცემა „60 წუთში“ საჯაროდ გავრცელებული ცნობების უარყოფა. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილით, რომლის თანახმად, „პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება. იგივე წესი გამოიყენება ფაქტობრივი მონაცემების არასრულად გამოქვეყნებისათვის, თუკი ამით ილახება პირის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია“. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული მუხლით, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მეორე პუნქტი, რომლის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ“. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პირის უფლება, არ იქნეს იძულებული რაიმე აზრის გავრცელებაზე, განსაკუთრებულად დაცულ უფლებას წარმოადგენს, რასაც, მისი აზრით, ადასტურებს ის გარემოებაც, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროსაც კი არ არის შესაძლებელი ამ უფლების შეზღუდვა.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება მოიცავს არა მარტო უფლებას, თავისუფლად გამოხატო საკუთარი აზრი, არამედ უფლებასაც შეიკავო თავი ნებისმიერი შენთვის არასასურველი აზრის გამოხატვისაგან. ის ინფორმაცია, რომლის უარყოფაც დაევალება პირს, შეიძლება მისთვის კვლავ ერთადერთ ჭეშმარიტებას წარმოადგენდეს. სადავო ნორმა კი, კონსტიტუციის მე-19 მუხლის საპირისპიროდ, ავალებს მას, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გაავრცელოს ინფორმაცია ან/და გამოხატოს აზრი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მესამე პუნქტი, რომლის თანახმად, „დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს“, ადასტურებს, რომ სხვისი უფლების დარღვევის მოტივით, დაუშვებელია მე-19 მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ყოველგვარი შეზღუდვა. შეზღუდვა რომ დასაშვებია, ეს ცხადია, რადგან არსებობს აზრის გამოხატვის წინასწარი შეზღუდვის ზომები, მაგ. ოფიციალური პირის ვალდებულება, არ გაამჟღავნოს მისთვის გან-დობილი სახელმწიფო საიდუმლოება და ა. შ. მაგრამ, რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის იმგვარად განმარტებას, თითქოს პირველ და მე-2 პუნქტებში დადგენილი უფლებების ყოველგვარი შეზღუდვა დასაშვებია, მისი აზრით მცდარია, რადგან ასეთ შემთხვევაში აზრის თავისუფლების გამოვლენასთან არა გვაქვს საქმე, ხოლო კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი სწორედ უფლების გამოვლენის შემთხვევაში განიხილავს ამ მუხლში გათვალისწინებულ უფლებათა შეზღუდვას შესაძლებლად.
საქმის არსებითად განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენელმა გაზარდა კონსტიტუციური სარჩელი და მოითხოვა საქართველოს კანონის „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ მე-20 მუხლის პირველი ნაწილის „მოქალაქეს ან ორგანიზაციას უფლება აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით რედაქციას მოსთხოვოს პიროვნების შეურაცხმყოფელი მასალის უარყოფა“ კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით.
მოსარჩელის წარმომადგენელმა თავის დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ იგი არ ეთანხმება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს და მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარემ გვერდი აუარა სადავო ნორმების მიზანშეწონილობის საკითხს. ასევე არ ეთანხმება საქმეში წარმოდგენილ სპეციალისტთა დასკვნებს და მიაჩნია, რომ ისინი არ არის საკმარისად დასაბუთებული, განსაკუთრებით, სადავო ნორმების პროპორციულობის პრინციპის არგუმენტაციის ნაწილში. ასევე თვლის, რომ ვერც ერთმა სპეციალისტმა ვერ შეძლო სათანადოდ განემარტა სასამართლოსათვის, თუ რატომ არის სადავო ნორმა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, ასევე არ განმარტეს, ახდენს თუ არა ცნობების უარყოფა საზოგადოებრივი აზრის კორექტირებას პატივისა და ღირსებაშელახული პირის სასარგებლოდ.
მოსარჩელეები ეთანხმებიან მოწმეთა ჩვენებებს და მიაჩნიათ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილი და საქართველოს კანონის „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ მე-20 მუხლის პირველი ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით.
მოპასუხე – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი შორენა ჯანხოთელი თავის დასკვნით სიტყვაში შეეხო იმ ძირითად საერთაშორისო აქტებს, რომლებიც, მისი აზრით, ცხადყოფენ, რომ საქართველოს კანონმდებლობა სწორედ მათ შესაბამისად არეგულირებს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ საკითხს. იგი აღნიშნავს, რომ “ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის” ევროპის კონვენციის მე-9 მუხლი, პირველ რიგში, იცავს ინდივიდის პიროვნულ და რელიგიურ მრწამსს. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მე-9 მუხლი არ არის მოქცეული იმ აბსოლუტურ უფლებათა ჩამონათვალში, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია, თუმცა შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით და უნდა იყოს პროპორციული კანონიერი მიზნის მისაღწევად.
მოპასუხემ აღნიშნა, რომ გარდა მე-19 მუხლისა, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი, რომელიც ძირითადად ეხება ინფორმაციის თავისუფლებას, პირველ პუნქტში ასევე ეხება აზრის თავისუფლებასაც და ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავისუფლად გამოთქვას და გაავრცელოს აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. თუმცა იგი თვლის, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის გაცნობიერებას, რომ აზრის თავისუფლება გონივრულად და პასუხისმგებლობით უნდა იქნეს გამოყენებული.
მოპასუხის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აზრის თავისუფლება ერთერთი ძირითადი უფლებაა, ეს არანაირად არ გამორიცხავს მის შეზღუდვას, რაც კონსტიტუციის მე-19 მუხლის მესამე პუნქტშია გადმოცემული, კერძოდ, როცა მათი გამოვლინება ლახავს სხვათა უფლებებს, ანუ შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის ფარგლებში, ხოლო კანონმა განსახილველი უფლების შეზღუდვა უნდა დააწესოს მაშინ, როცა იგი სხვათა უფლებებს ლახავს.
მოპასუხემ მაგალითად მოიყვანა ამერიკის უზენაესი სასამართლოსა და ევროსასამართლოს პრაქტიკა, რაც ადასტურებს, რომ სხვა უფლებებში უპირველესად სწორედ სხვა პირთა პატივისა და ღირსების ძირითადი უფლებები იგულისხმება, ხოლო გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით, “აზრის თავიასუფლებამ უკან უნდა დაიხიოს, როდესაც შეხედულებით შელახულია ადამიანის ღირსება. დაუშვებელია ადამიანის ღირსების, როგორც სხვა ძირითადი უფლებების საფუძვლის შედარება სხვა სიკეთეებთან”.
მოპასუხეს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ პიროვნების ღირსებასა და აზრის თავისუფლებას განსაკუთრებული ადგილი მიენიჭოს სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს შორის. იგი თვლის, რომ მათი თანაბარი სტატუსი საფუძვლად უნდა დაედოს, მათ შორის კოლიზიისას, სასამართლოებში შესაბამისი საქმეების განხილვას. ამდენად, მოპასუხეს მიაჩნია, რომ ამ კოლიზიის გადაწყვეტას ხელს უწყობს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც საშუალებას აძლევს პირს, სასამართლო წესით დაიცვას შელახული პატივი და ღირსება.
რამდენიმე მაგალითის განხილვის შემდეგ მოპასუხე აღნიშნავს, რომ არც ერთი უფლება არ არის შეუზღუდავი და რომ პირის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლებების გამოყენებამ არ უნდა გამოიწვიოს სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების შელახვა. მოპასუხე აქვე დასძენს, რომ აზრის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ღირსების შემლახავი კითხვები შეუზღუდავად მიღებული არ უნდა იქნეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლს, საერთაშორისო აქტებსა და კონვენციებს.
საქმეზე მოწმედ მოწვეულმა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა ლევან ბერძენიშვილმა სასამართლოს მოახსენა, რომ საოლქო სასამართლომ განიხილა საქმე ივანე ჩხარტიშვილი ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ, სადაც პირობითად მისმა მხარემ გაიმარჯვა. შემდგომ საქმე გადავიდა უზენაეს სასამართლოში, სადაც მას დაეკისრა გარკვეული ცნობების უარყოფა და მითითებული იყო ტექსტი, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ცნობების უარყოფა.
სასამართლომ დააკმაყოფილა ივანე ჩხარტიშვილის საკასაციო სარჩელი და მას დაევალა გაზეთ „ახალი დვრიტის“ 2001 წლის 15-19 სექტემბრის ნომერში მე-7 გვერდზე მის მიერ გავრცელებული ვანო ჩხარტიშვილის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა. მოწმეს მიაჩნია, რომ ამით შეილახა მისი კონსტიტუციური უფლება, ვინაიდან მას ვერც ერთი კანონი ვერ დაარწმუნებს მისი მოსაზრების უარყოფაში რომელიმე მოქალაქის მიმართ.
მოწმემ აღნიშნა, რომ სადავო ნორმა სრულიად უმოქმედოა და არსებობს სხვა საკმარისი საკანონმდებლო საფუძველი, რომ ამ მუხლის გარეშეც პირმა დაიცვას თავი. მოწმის განმარტებით, მისი საქმის განხილვის დროს ეფექტური იქნებოდა მორალური ზიანის მოთხოვნა.
საქმეზე მოწმედ მოწვეულმა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა სასამართლოს მოახსენა, რომ მას ჰქონდა ჟურნალისტური გამოძიება აკაკი ჩხაიძესთან დაკავშირებით და საოლქო სასამართლომ დააკისრა მთელი რიგი ცნობების უარყოფა, თუ რატომ თქვა რომ პრეზიდენტი მფარველობს აკაკი ჩხაიძეს, როცა ჩხაიძე, გავრცელებული ინფორმაციით, არის პრეზიდენტის ოჯახის ფინანსისტი, მოწმე აღნიშნავს, რომ ეს იყო თავისი შეხედულება და აზრი. მისი განმარტებით, გარკვეული ფაქტების შემდეგ მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი მფარველობდა ჩხაიძეს. ეს შთაბეჭდილება კიდევ უფრო გაუმყარდა მას შემდეგ, რაც მან 7 მილიონიანი ვერტმფრენი უყიდა საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ, როდესაც ისინი აღმოჩნდნენ სასამართლოში, არ არსებობდა არანაირი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჩხაიძე პრეზიდენტის ოჯახში აგზავნიდა თანხას, რის გამოც მათ სასამართლომ დააკისრა 1 მილიონი ლარის გადახდა.
მოწმის განმარტებით, სადავო მუხლში, სადაც წერია „გავრცელებული ცნობების უარყოფა“, ეს არის მაღალჩინოსნების მიერ საკუთარი რეპუტაციის დაცვის ერთერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენი და მათი ხელშეუხებლობის ძალიან დიდი გარანტი. რის გამოც მიაჩნია, რომ სადავო ნორმა წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. საქმეზე მოწმედ მოწვეულმა საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავისუფლების ინსტიტუტის წევრმა სოზარ სუბარმა სასამართლოს განუმარტა, რომ მან წააგო სასამართლო პროცესი აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. საქმე ეხებოდა ერთ კონკრეტულ ფაქტს, რომელსაც ის ვერ დაადასტურებდა, თუ არ დაასახელებდა ინფორმაციის წყაროს. ეს წყარო კი იყო პირი, რომელიც ესწრებოდა სამინისტროში კოლეგიის სხდომას. იმ შემთხვევაში, თუკი იგი ამ პირს დაასახელებდა, ის კარგავდა სამსახურს და ამიტომაც მან ვერ დაასაბუთა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სასამართლომ კი იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით და მოსთხოვა თავისი აზრის უარყოფა, რაც მან არ შეასრულა და საქმე გადაეცა პროკურატურას, რომელმაც გამოიტანა დადგენილება საქმის არაღძვრის შესახებ. საქმე ბოლომდე ვერ მივიდა, რადგან აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგა და აღარ არსებობდა მომჩივანი.
მოწმემ სასამართლოს განუმარტა, რომ თუ მას სასამართლო დააკისრებდა თანხის გადახდას, იგი თანახმა იქნებოდა, რომ გადაეხადა. იგი თანახმა იყო წასულიყო ციხეშიც კი, მაგრამ მისთვის შეურაცხმყოფელი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, წასულიყო საკუთარი ნების წინააღმდეგ და მიიჩნევს, რომ ეს ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ადამიანის ღირსებას. ძალადობა ადამიანის ნებაზე, მისი აზრით, მიუღებელია.
საქმეზე გერმანიიდან სპეციალისტად მოწვეულმა ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა როლფ კნიპერმა აღნიშნა, რომ საქართველოს სამოალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილი პირს უფლებას ანიჭებს, მოსთხოვოს იმ ცნობის საჯაროდ უარყოფა, რომელიც ლახავს პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, მის პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას. უარყოფის ვალდებულება არ არსებობს, თუ ინფორმაციის წარმომდგენს შეუძლია დაამტკიცოს, რომ ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება. იგი თვლის, რომ ამ შემთხვევაში აშკარაა, რომ აქ იგულისხმება ისეთი გამონათქვამები, რომლებითაც ხდება ფაქტების მტკიცება. მხოლოდ ეს უკანასკნელნი შეიძლება გადამოწმდნენ მათი ნამდვილობის თვალსაზრისით. ნამდვილობის მტკიცება შესაძლებელია მხოლოდ ფაქტებთან და არა შეფასებით გამონათქვამებთან მიმართებაში. მან აღნიშნა, რომ ქართველმა კანონმდებელმა შეგნებულად შეიტანა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში პატივის, ღირსებისა და პირადი ხელშეუხებლობის ასეთი დაცვა, რათა გამიჯვნოდა საბჭოთა პერიოდში გავრცელებულ პრაქტიკას, როცა მიღებული იყო მაკომპრომიტირებელი ფაქტების – რომელთა ნამდვილობა არც კი მტკიცდებოდა – განსაკუთრებით მასმედიაში გავრცელების გზით, ინდივიდთა ცხოვრებაში შეჭრა მის სრულ განადგურებამდეც კი.
სპეციალისტმა აღნიშნა, რომ აზრისა და ინფორმაციის თავისუფლება არ არის აბსოლუტური, იგი იზღუდება „სხვათა უფლებებითა და თვისუფლებებით“, რაც ზოგადი პრინციპის სახით ჩამოყალიბებულია საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლში. აზრისა და ინფორმაციის გაცვლის თავისუფლების მაღალ ღირებულებას უპირისპირდება „ადამიანის პატივი და ღირსება“, რომელიც არანაკლები ღირებულებაა, რაც მკაფიოდაა დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლში.
სპეციალისტი მიუთითებს, რომ ორივე ღირებულება ერთმანეთის საპირწონეა და ისინი ერთმანეთს უნდა აბალანსებდნენ. ამის გადაწყვეტა ზოგადი ფორმულებით შეუძლებელია. იგი მოითხოვს, განსაკუთრებით სასამართლოებისაგან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულმოდგინე აწონდაწონვას, რასაც ახდენს სადავო ნორმა. საჯარო უარყოფა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოცულობით წარმოადგენს ადეკვატურ საშუალებას შელახული პატივისა და ღირსების აღსადგენად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სპეციალისტს მიაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა შალვა ჩიკვაშვილმა წარმოადგინა წერილობითი დასკვნა, სადაც აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილი უნივერსალურ მოთხოვნას წარმოადგენს, რომელიც ვრცელდება ნებისმიერი უფლების გამოხატვაზე, რომელიც ლახავს სხვათა უფლებებს, მიუხედავად იმისა არის თუ არა ცალკეულ კანონებში პირდაპირი მითითება მათზე. მას მიაჩნია, რომ კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილი ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს იგივე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებისა. ზემოთქმულის დასადასტურებლად მოჰყავს კონსტიტუციის მე-20, 21-ე და ზოგიერთი სხვა მუხლები. მისი განმარტებით, თუ კონსტიტუციას მიაჩნია, რომ გამონაკლისი გაკეთდეს, ის პირდაპირ უთითებს ამის შესახებ. მე-19 მუხლის მე-3 ნაწილში კი ასეთი მითითება არ არსებობს და წარმოადგენს უნივერსალურ ნორმას. სწორედ ამ გაგებით არის მოცემული სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილში უარყოფა იმ ცნობებისა, რომლებიც არ შეესაბამება სინამდვილეს. შეიძლება პირს მართლაც სწამდეს, რომ ცნობები რომელსაც ის ავრცელებს სრული სიმართლეა, მაგრამ სიტყვის და რწმენის თავისუფლების მოტივი არ არის საფუძველი იმისათვის, რომ მან აღნიშნული ცნობები გაავრცელოს და მორალური ზიანი მიაყენოს სხვას. სწორედ მესამე პირთა უფლებათა დაცვის სადარაჯოზე დგას კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილი და სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც მოითხოვს გამავრცელებლის მიერ აღნიშნული ცნობების სინამდვილესთან შესაბამისობის დამტკიცებას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იძულებულია, უარყოს მის მიერ გავრცელებული ცნობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სპეციალისტს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოს წევრმა, ადვოკატმა როინ მიგრიაულმა წარმოადგინა წერილობითი დასკვნა, რომლის თანახმად სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე პუნქტი და “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლს, ვინაიდან კონსტიტუციის აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს ანიჭებს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას, ხოლო სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე პუნქტი არსად არ მიუთითებს პირის მიერ სიტყვისა და აზრის გამოთქმის თავისუფლების შეზღუდვაზე.
სპეციალისტი თვლის, რომ სამოქალაქო კოდექსის სადავო მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, პირს უფლება აქვს, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება და მის საფუძველზე გაავრცელოს შესაბამისი ცნობები, თუნდაც ისინი შეიცავდნენ სხვა პირის უფლებების შემლახველ მონაცემებს. იგი აღნიშნავს, რომ ცნობების გავრცელება წარმოადგენს ერთგვარ მითითებას კონკრეტულ ფაქტებზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, ხოლო პირადი არაქონებრივი უფლებების შემლახველი ცნობების უარყოფის მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილი აქვს არა ცნობების გამავრცელებელი პირის სიტყვისა და აზრის თავისუფლების დევნას, რაც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მეორე პუნქტში, არამედ ამ უფლების რეალიზაციის შედეგად გავრცელებული არასწორი ფაქტებისა და ცნობების უარყოფის მოთხოვნას. სასამართლოს მხრიდან პირის დავალდებულება, უარყოს გავრცელებული ცნობები, მისი აზრით, არ შეიძლება გაგებულ იქნეს როგორც პირის მიმართ რაიმე ზეწოლის განხორციელება მის მიერ გამოთქმული აზრის თაობაზე ან იძულება, გამოთქვას განსხვავებული შეხედულება.
სპეციალისტის აზრით, სასამართლოს მეშვეობით, პირს იმის გამო კი არ ეკისრება მის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფის ვალდებულება, რომ იდევნება მისი სიტყვა და აზრი, არამედ იმიტომ, რომ მან თავისი აზრის გამოხატვის საფუძველზე, გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ფაქტების დაუსაბუთებლობას, ხოლო მათი დასაბუთების ვალდებულება მას ეკისრება სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად.
სპეციალისტი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მესამე პუნქტით, იზღუდება ისეთი სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლება, რომელთა გამოვლენაც ლახავს სხვა პირთა უფლებებს. შესაბამისად, სხვისი პირადი არაქონებრივი უფლებების შემლახველი აზრის საფუძველზე გავრცელებული ცნობები, რომლებიც ვერ იქნა დასაბუთებული სათანადო წესით, უარყოფილ უნდა იქნეს მათი გამავრცელებლის მიერ.
სპეციალისტი თვლის, რომ პირადი არაქონებრივი უფლებების შემლახველი ცნობების დამტკიცება ევალება არა მარტო იმ პირს, ვინც ისინი გაავრცელა, არამედ რედაქციასაც, რომლის მეშვეობითაც გავრცელებული იქნა ეს ცნობები. სწორედ ამიტომ “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი მოქალაქეს და ორგანიზაციას ანიჭებს უფლებას, რედაქციას მოსთხოვოს პიროვნების შეურაცხმყოფელი მასალის უარყოფა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მას მიაჩნია, რომ სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლს.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეული იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თენგიზ ლილუაშვილის მიერ წარმოდგენილ იქნა წერილობითი დასკვნა, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე პუნქტი შეიცავს მითითებას, დამტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ, რომლის თანახმად, პირი, რომელიც მოითხოვს მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფას, ე.ი მოსარჩელემ, უნდა დაამტკიცოს, რომ გავრცელებულია ცნობები, რომლებიც ლახავენ მის პატივსა და ღირსებას, ხოლო ასეთი ცნობების გამავრცელებელმა, ე.ი. მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ გავრცელებული ცნობები შეესაბამება სინამდვილეს. სპეციალისტი თვლის, რომ დამტკიცების ტვირთის ასეთი განაწილება აღიარებულია, სამართლიანობის ფუნდამენტურ პრინციპს ეფუძნება და იგი ემსახურება პიროვნების სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მისი განმარტებით, საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა უდავოდ წაახალისებდა უსამართლობას, ადამიანის უფლებების შელახვას.
სპეციალისტი თვლის, რომ სადავო ნორმა არავის და მათ შორის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გამავრცელებელს, არ აიძულებს, მისი ნების საწინააღმდეგოდ გაავრცელოს ინფორმაცია ან/და გამოხატოს აზრი. მას მხოლოდ ეკისრება პოზიტიურად დაადასტუროს მის მიერ გავრცელებული ცნობების შესაბამისობა სინამდვილესთან. მას შეუძლია, არ შეიცვალოს თავისი შეხედულება, თუ თვლის, რომ მის მიერ გავრცელებული ცნობები მისთვის კვლავ ერთადერთ ჭეშმარიტებას წარმოადგენს, მაგრამ აქ წამოიმართება მეორე პირი, რომელიც უფლების დაცვის ისეთივე გარანტიებითაა აღჭურვილი, როგორც ცნობების გამავრცელებელი, ამიტომ მიაჩნია, რომ აქ აზრის გამოთქმის იძულებაზე არ შეიძლება ლაპარაკი, უბრალოდ პირი, რომელიც თვლის, რომ მისი უფლება ვიღაცამ დაარღვია, მოითხოვს ამ უფლების დაცვას.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატმა პოლიკარპე მონიავამ მის მიერ წარმოდგენილ წერილობით დასკვნაში აღნიშნა, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლს. მიუხედავად იმისა, რომ მე-19 მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე არ დაიშვება ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება, გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ, არ არის აბსოლუტური, რადგანაც „ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის“ რომის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-10 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რომლის შინაარსი ფაქტობრივად სიტყვასიტყვითაა გადატანილი საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლში, ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებათა განხორციელება შეიძლება შეიზღუდოს ცალკეულ, მათ შორის „სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის“ აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად. იგივე შეზღუდვები ვრცელდება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ თავისუფლებებზე, თუ მათი გამოვლენა ლახავს სხვათა უფლებებს, ე.ი. შეზღუდვა დაიშვება, თუ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა ნაკარნახებია დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვათა რეპუტაციის დაცვის აუცილებლობით. ამრიგად, იგი თვლის, რომ კონსტიტუციის მე-19 მუხლი, მართალია, ნებისმიერ პირს უფლებას აძლევს იყოს დაცული სიტყვისა და აზრის გამოთქმის იძულებისაგან, მაგრამ ეს უფლება, იმავდროულად, შეიცავს მოვალეობასაც, თავი შეიკავოს სხვისთვის არასასურველი აზრის გამოხატვისა და გავრცელებისაგან, მაშინაც კი, როცა იგი მისთვის „ერთადერთ ჭეშმარიტებას წარმოადგენს“, თუ ამით ილახება სხვათა უფლებები და ვერ დაამტკიცებს სინამდვილესთან მის შესაბამისობას.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოდგილის, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის კონსტანტინე კორკელიას მიერ წარმოდგენილი წერილობითი დასკვნის თანახმად, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს, რასაც ცხადყოფს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი, რომ გარკვეულ გარემოებაში სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს. ასეთი შეზღუდვა დასაშვებია, თუ ამ თავისუფლებათა გამოვლინება ლახავს სხვათა უფლებებს, რაც ასახვას პოვებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილში, რომელიც ეხება ფაქტების გადმოცემას, თუ სასამართლომ დაადგინა, რომ პირმა გაავრცელა ფაქტები (ცნობები), რომლებიც ლახავს სხვა პირის პატივსა და ღირსებას, მან უნდა დაამტკიცოს მათი სინამდვილე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს შეიძლება დაეკისროს ვალდებულება, უარყოს გავრცელებული ინფორმაცია. პირისათვის ვალდებულების დაკისრება, უარყოს გავრცელებული ცნობები, არ წარმოადგენს აზრის თავისუფლების შეზღუდვას, ვინაიდან გავრცელებული ცნობა არ არის აზრი (მსჯელობის შედეგი), არამედ პასუხისმგებლობის ფორმაა მცდარი ფაქტობრივი ცნობების გავრცელებისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სპეციალისტი თვლის, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, საქმის არსებითად განხილვის შედეგად, კონსტიტუციური სარჩელისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების გაანალიზების, მოწმეთა ჩვენებების, სპეციალისტთა დასკვნებისა და სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის და მოპასუხე მხარის წარმომადგენლების განმარტებათა საფუძველზე, გამოარკვია გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი:
I – საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებულია ადამიანის რამდენიმე თავისუფლება, კერძოდ, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის და რწმენის თავისუფლება. თუმცა, მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას განიხილავს მხოლოდ სიტყვისა და აზრის თავისუფლებასთან მიმართებით.
სიტყვისა და აზრის თავისუფლების ფარგლები და გარანტიები მოცემულია კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტში, რომელიც სახელმწიფოს ზღუდავს ორი ძირითადი პირობის დაცვის ვალდებულებით: 1. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვისა და აზრის გამო; 2. დაუშვებელია ადამიანის იძულება, გამოთქვას თავისი შეხედულება მათ (სიტყვისა და აზრის) შესახებ. მაშასადამე, გათვალისწინებულია აღნიშნული თავისუფლების პოზიტიური და ნეგატიური გარანტიები – მე-19 მუხლი მოიცავს როგორც აზრის გამოხატვის თავისუფლებას, ისე ადამიანისათვის არასასურველი, მისი მოსაზრების საწინააღმდეგო აზრის გამოხატვისგან თავის შეკავების უფლებას. თუმცა, იმავდროულად, სიტყვისა და აზრის თავისუფლება არ განეკუთვნება აბსოლუტურ, შეუზღუდავ თავისუფლებათა კატეგორიას, რაზეც, პირველ რიგში, მიუთითებს თავად კონსტიტუცია, საერთაშორისოსამართლებრივი აქტები და მათ საფუძველზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მთელი რიგი ნორმები. კერძოდ: 1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია სიტყვისა და აზრის თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს. ერთი მხრივ, ასეთი ჩანაწერი იძლევა დამატებით გარანტიას სიტყვისა და აზრის თავისუფლების დაცვისთვის – კრძალავს ამ თავისუფლების ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას, თუ მისი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს; მეორე მხრივ, ადგენს სხვათა უფლებების დაცვის გარანტიას – სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია, თუ მისი გამოვლინება ლახავს სხვათა უფლებებს და ეს არის ერთადერთი პირობა, რაც შეიძლება გახდეს სიტყვისა და აზრის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. ზემოაღნიშნული შეზღუდვის შესაძლებლობასა თუ აუცილებლობას განამტკიცებს შემდეგი კონსტიტუციური პრინციპიც: „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები“ (44-ე მუხლის მე-2 პუნქტი). მაშასადამე, თითოეული ადამიანის უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვათა უფლებები. ამ ზოგადი პირობის უზრუნველმყოფელი ნორმები ხშირად გვხვდება საქართველოს კონსტიტუციაში, მაგალითად, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი. უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს კონსტიტუციურ უფლებათა შეზღუდვის სხვა დამატებითი პირობებიც. იმავდროულად, არის აბსოლუტური უფლებები, რომლებიც შეზღუდვას არ ექვემდებარება. ზუსტად ასეთ უფლებათა კაეტგორიას განეკუთვნება პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის უფლება. ამ უფლების უზრუნველმყოფელი მე-17 მუხლი, სხვა მუხლებისგან განსხვავებით, არ მოიცავს დათქმას მისი შესაძლო შეზღუდვის თაობაზე. ეს უფლება არ არის ასევე მოხსენიებული საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებს შორის, რომელთა შეზღუდვა დაიშვება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.
2. სიტყვისა და აზრის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობებზე მიუთითებს „ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის“ ევროპის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენცია (საქართველოსთვის ძალაშია საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 12 მაისის N1940 დადგენილებით), რომლის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი განმარტავს გამოხატვის, სიტყვის თავისუფლების შინაარსს, კერძოდ, „ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად...“.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტში კი მოცემულია სიტყვის (გამოხატვის) თავისუფლების შეზღუდვის კრიტერიუმები, მათ შორის დასახელებულია სხვა ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაც. კერძოდ, „ამ თავისუფლებათა განხორციელება, იმის გამო, რომ იგი მოიცავს ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, შეზღუდვებს ან სასჯელს, რომლებიც გათვალისწინებული არიან კანონით და აუცილებლობას წარმოადგენენ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარე, უწესრიგობისა და დანაშაულის აღკვეთისთვის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დაცვისთვის, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებისა ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნებისთვის“.
საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, ნიშანდობლივია შემდეგი გარემოება: ზემოაღნიშნული ევროპის კონვენციის დასახელებულ ნორმაში აღნიშნულია, რომ სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების განხორციელება უფლებასთან ერთად მოიცავს ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას. ამ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას კი, პირველ რიგში, ზუსტად ის განაპირობებს, რომ უფლების რეალიზაციის შედეგად გამოხატული მოსაზრებები, გავრცელებული ცნობები უნდა იყოს სწორი, შეესაბამებოდეს სინამდვილეს. ზუსტად ამ პირობის დაუცველობის შედეგად, სიტყვის თავისუფლება უპირისპირდება ადამიანის პატივისა და ღირსების თავისუფლებას.
3. საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისოსამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებულ ფარგლებში სიტყვისა და აზრის თავისუფლების შეზღუდვას ადგენს კანონმდებლობის მთელი რიგი სხვა ნორმებიც. მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პირადი არაქონებრივი უფლებების დამცავ გარანტიებს, მათ შორის ზღვრულ და გონივრულ ჩარევას სიტყვის თავისუფლებაში, მისი შეზღუდვის ადექვატურ ფარგლებს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი ითვალისწინებს პატივისა და ღირსების დაცვის შემდეგ ფორმებს:
1. გავრცელებული ცნობების უარყოფა სასამართლოს მეშვეობით, ამასთან, მასობრივი ინფორმაციის იმავე საშუალებებით, რომლებითაც ისინი გავრცელდა.
2. გავრცელებული არასრული ცნობების შევსება სინამდვილესთან შესაბამისი ისეთი ცნობებით, რომლებიც აქარწყლებენ პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს (სასამართლოს მეშვეობით).
3. პასუხის უფლება მასობრივი ინფორმაციის იმავე საშუალებებით (სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე).
4. თუ პატივისა და ღირსების ხელყოფა გამოწვეულია ბრალეული ქმედებით, პირი უფლებამოსილია, მოითხოვოს ქონებრივი ზარალის ან მორალური ზიანის ანაზღაურება ან ორივე ერთად.
II – სიტყვისა და აზრის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ კონსტიტუციური დებულებები მოცემულია სადავო ნორმებშიც, რომელთა თანახმად, „პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება. იგივე წესი გამოიყენება ფაქტობრივი მონაცემების არასრულად გამოქვეყნებისათვის, თუკი ამით ილახება პირის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია“ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი).
„მოქალაქეს ან ორგანიზაციას უფლება აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით რედაქციას მოსთხოვოს პიროვნების შეურაცხმყოფელი მასალის უარყოფა“ („პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი).
სასარჩელო მოთხოვნაში დაყენებულია საკითხი, ხელყოფს თუ არა სადავო ნორმებით გათვალისწინებული პირის ვალდებულება, უარყოს პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული პირის უფლებას, თავი შეიკავოს ნებისმიერი მისთვის არასასურველი აზრის გამოხატვისაგან?
ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს: მეცნიერებაში, მთელი რიგი ქვეყნების კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაში, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში ერთმანეთისგან მიჯნავენ აზრს (შეხედულებას, მოსაზრებას) და ფაქტებს. ეს გარემოება აღნიშნეს საქმეზე მოწვეულმა სპეციალისტებმაც (კ. კორკელია, რ. მიგრიაული). ამ საკითხის თაობაზე მნიშვნელოვანია გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში გამოხატული პოზიცია. კერძოდ, აზრის ცნება „პრინციპულად ფართოდ უნდა იქნეს გაგებული“ (BverfGE 61, 1/9). ის მოიცავს „შეფასებებს“ (Werturteile) და „ფაქტების მტკიცებებს“ (Tatsachenbehauptungen) (BverfGE 94, 1/7; 61, 1/8; 65, 1/41).
აზრი – ეს არის ადამიანის პირადი, სუბიექტური შეფასება ამა თუ იმ მოვლენის, იდეის, ფაქტისა თუ პიროვნების მიმართ. სპეციალისტი კ. კორკელია აღნიშნავს, რომ „აზრი (მოსაზრება, შეხედულება) ადამიანის შეფასებითი მსჯელობის შედეგია და მისი მართებულობა, სისწორე თუ მცდარობა ინდივიდის პირად წარმოდგენაზეა დამოკიდებული... იგი არ ექვემდებარება მტკიცებას, ვინაიდან არის მსჯელობის, შეფასების შედეგი“.
ფაქტები არის რეალურად, ნამდვილად მომხდარი საგნები, მოვლენები ან გარემოებები, რომლებიც შეიძლება იყოს მცდარი ან მართალი, სწორი. აქედან გამომდინარე, ფაქტები ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებებს. შესაბამისად, ფაქტების გავრცელება ექვემდებარება მათი სისწორის, ნამდვილობის მტკიცების ვალდებულებას. მაშინ როდესაც მოსაზრების ნამდვილობის მტკიცება შეუძლებელია და შესაბამისად, ამის ვალდებულებაც აზრის გამომთქმელს არ უნდა ეკისრებოდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილში საუბარია პატივისა და ღირსების შემლახველი „ცნობების“ უარყოფის ვალდებულებაზე, მაგრამ მხოლოდ იმ აუცილებელი პირობის დაცვით, რომ ამ ცნობების გამავრცელებელი „არ დაამტკიცებს“ მათ სისწორეს, სინამდვილესთან შესაბამისაობას. რადგან სადავო ნორმა ცნობების გამავრცელებლისათვის ადგენს ამ ცნობების ნამდვილობის მტკიცების ვალდებულებას, ეს გარემოება გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ტერმინში „ცნობები“ მოიაზრება ფაქტები. ანუ სადავო ნორმა ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც პირი ავრცელებს პატივისა და ღირსების შემლახველ ფაქტებს და არა უბრალოდ გამოთქვამს მოსაზრებებს, თუნდაც შეურაცხმყოფელს, რომელთა სისწორის შემოწმება ან მტკიცება შეუძლებელია. ამასთან დაკავშირებით, ნიშანდობლივია საქმეზე სპეციალისტად მოწვეული პროფესორის როლფ კნიპერის მოსაზრება: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი ანიჭებს პირს უფლებას, მოითხოვოს იმ ცნობების საჯაროდ უარყოფა, რომლებიც ლახავს პატივს, ღირსებას... უარყოფის ვალდებულება არ არსებობს, თუ ინფორმაციის წარმომდგენს შეუძლია დაამტკიცოს, რომ ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება. აშკარაა, რომ აქ იგულისხმება ისეთი გამონათქვამები, რომლებითაც ხდება ფაქტების მტკიცება: მხოლოდ ეს უკანასკნელნი შეიძლება გადამოწმდნენ ნამდვილობის თვალსაზრისით. ნამდვილობის მტკიცება შესაძლებელია მხოლოდ ფაქტებთან და არა შეფასებით გამონათქვამებთან მიმართებით“. იგივეს მოწმობს კ. კორკელიას შემდეგი მოსაზრებაც: „თუ აზრის გამოხატვასა და ფაქტების გადმოცემას შორის გამიჯნვის საფუძველზე განვიხილავთ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილს, აშკარაა, რომ მე-2 ნაწილი ეხება ფაქტებს, ვინაიდან მოითხოვს პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გამავრცელებლისგან იმის დამტკიცებას, რომ ეს ცნობები სინამდვილეს შეეფერება... აზრი მტკიცებას არ ექვემდებარება“. ამასთან დაკავშირებით რ. მიგრიაული აღნიშნავს: „ცნობების გავრცელება წარმოადგენს ერთგვარ მითითებას კონკრეტულ ფაქტებზე, ფაქტობრივ გარემოებებზე. პირადი არაქონებრივი უფლებების შემლახველი ცნობების უარყოფის მოთხოვნის შემთხვევაში ადგილი აქვს არა ცნობების გამავრცელებელი პირის სიტყვისა და აზრის თავისუფლების დევნას, არამედ ამ უფლების რეალიზაციის შედეგად გავრცელებული არასწორი ფაქტებისა და ცნობების უარყოფის მოთხოვნას“.
მაშასადამე, უდავოა, რომ გასაჩივრებულ ნორმაში საუბარია ფაქტებზე და არა მოსაზრებებზე. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტებისა და მოსაზრებების ხისტი გამიჯვნა ხშირად ძალზე რთულია. აზრები უმეტესწილად გამოიხატება რაღაც კონკრეტულ ფაქტებთან კავშირში, ეხება და ეფუძნება მათ. ფაქტებისა და მოსაზრებების გონივრული გამიჯვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის სწორად გამოყენებისა და შესაბამისად, ერთი მხრივ, სიტყვისა და აზრის თავისუფლების, მეორე მხრივ კი – პატივისა და ღირსების უფლების დაცვის გარანტიას წარმოადგენს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული საკითხის სწორად გადაწყვეტა საერთო სასამართლოების კომპეტენციას მიეკუთვნება.
ამასთან ერთად, სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის რედაქცია, მართალია, საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო რაიმე შინაარსს არ შეიცავს, მაგრამ მითითება პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფაზე, გარკვეულ ბუნდოვანებას იწვევს პრაქტიკაში, რაც იმითაც დასტურდება, რომ საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდა და სპეციალისტებს შორის არაერთგვაროვანი მიდგომა გამოიწვია. სახელდობრ, მიგვაჩნია, რომ „ცნობები“ ფართო ცნებაა, იგი ბოლომდე არ გამიჯნავს ფაქტებს და აზრს (შეხედულება, მოსაზრება), რასაც სხვადასხვა სამართლებრივი შედეგის დადგომა შეიძლება მოჰყვეს. ფაქტებისა და მოსაზრებების გონივრული გამიჯვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის მართებულად გამოყენების არსებითი საკითხია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მუხლი ცნობების მტკიცების ვალდებულებაზე მითითებისას სწორედ ფაქტებს მოიაზრებს, რომელთა ნამდვილობა დამტკიცებას ექვემდებარება. ამასთან სასამართლო თვლის, რომ ამ მიმართულებით მუხლის სრულყოფილი რედაქცია დიდ დახმარებას გაუწევს საერთო სასამართლოებს, რომელთა კომპეტენციაში შედის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხის გადაწყვეტა, როგორ მივაღწიოთ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ პატივისა და ღირსების დაცვის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგებოდეს სიტყვის, აზრის თავისუფლებას.
საერთო სასამართლომ უნდა დაადგინოს და შეაფასოს არა მარტო ნამდვილობა, არამედ გავრცელებული ცნობების ხასიათიც და გადაწყვიტოს, ლახავს თუ არა ეს ცნობები კონსტიტუციით დაცულ უფლებებს.
სადავო ნორმის სწორად შეფარდების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა არ ხდება, ანუ სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებული სიტყვის თავისუფლებისა და მისი შესაძლო შეზღუდვის ფარგლების შესაბამისია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილი პირს ავალებს მის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფას სამი პირობის ერთდროულად არსებობისას: 1. თუ პირმა გაავრცელა ცნობები (ანუ ფაქტობრივი გარემოებები); 2. ეს ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს; 3. ცნობების გამავრცელებელმა სასამართლოში „არ დაამტკიცა“ გავრცელებული ცნობების სისწორე. ამ დროს ადგილი აქვს სხვა პირის პატივისა და ღირსების კონსტიტუციური უფლების შელახვას. პატივის და ღირსების დაცვა წარმოადგენს საზომს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის, რაც თავად კონსტიტუციით (მუხ.19.3) არის დაშვებული და სავალდებულო.
მოსარჩელის წარმომადგენელიც დასკვნით სიტყვაში აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული პატივისა და ღირსების უფლების დაცვა არ შეიძლება რაიმე ფორმით შეიზღუდოს. „როდესაც საუბარია ვინმეს პატივისა და ღირსების დაცვაზე, მაშინ ლოგიკურია, უნდა ვიგულისხმოთ სხვა პიროვნების სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. ეს ლოგიკურიცაა, რადგან არც ერთ დემოკრატიულ საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურად დაცულ უფლებას“. საქმეზე სპეციალისტად მოწვეული რ.კნიპერის აზრით, „აზრის და ინფორმაციის გაცვლის თავისუფლების მაღალ ღირებულებას უპირისპირდება „ადამიანის პატივი და ღირსება“, რომელიც არანაკლები ღირებულებაა, რაც მკაფიოდაა დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლში, ისევე, როგორც გერმანიაში, სადაც ეს პრინციპი სახელმწიფოებრივად ჩამოყალიბებული საზოგადოებისთვის უმაღლეს კონსტიტუციურ პრინციპადაა აღიარებული... გერმანიის სასამართლო პრაქტიკაში და თეორიაში არსებობს ერთიანი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ, როცა ხდება პიროვნების უფლებების დაცვის შე-დარება ინფორმაციის თავისუფლების დაცვასთან, უპირატესობა ენიჭება პიროვნების უფლების დაცვას, თუ საქმე ეხება ცრუ ან დაუდასტურებელი ფაქტების მტკიცებას“. დამატებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში დაფიქსირებულ პოზიციას. კერძოდ, აზრის თავისუფლება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ღირსების დასაცავად. აქ რეკომენდებულია შეფასება, აწონდაწონვა (BverfGE 34, 269/282; 71, 206/219 f.; 99, 185/196), ხოლო მცდარი ფაქტების მტკიცებისას უპირატესობა სისტემატურად ენიჭება ღირსების დაცვას (BverfGE 99, 185/197).
მოსარჩელის წარმომადგენელი სავსებით სწორად მიუთითებს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიდგომაზე, რომელიც თავის მხრივ ევროპულ კონვენციას ეფუძნება. კერძოდ, შეზღუდვა შესაძლებელია, თუ: 1. სიტყვის თავისუფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია კანონით; 2. ჩარევას აქვს კანონიერი მიზანი (ასეთი კანონიერი მიზნები გათვალისწინებულია კონვენციის მე-10 მუხლის მეორე ნაწილით); 3. ჩარევა წარმოადგენს პროპორციულ ზომას მიზნის მისაღწევად და კონკრეტული ჩარევის განხორციელება აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერი მიზნის დასაცავად.
აქვს თუ არა კანონიერი მიზანი გავრცელებული ცნობების უარყოფას და წარმოადგენს თუ არა ის სიტყვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულ, ადეკვატურ ზომას?
ამასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს:
სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ერთადერთი კანონიერი მიზანი არის სხვათა უფლებების დაცვა. სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გავრცელებული ცნობების უარყოფის დავალებულებას არ გააჩნია კანონიერი მიზანი, რადგან არ ითვალისწინებს „სხვა პირთა უფლებების დაცვას“ და რომ პირი, ვისზეც სახელგამტეხი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, ცნობების გამავრცელებლის მიერ მათი უარყოფით, ვერანაირად ვერ აღიდგენს პატივსა და ღირსებას.
მეცნიერებაში დამკვიდრებული განმარტების მიხედვით, „პატივის“ ქვეშ იგულისხმება პიროვნების მორალური თუ სხვა თვისებების ობიექტური შეფასება საზოგადოების მიერ, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების დამოკიდებულებას პიროვნების მიმართ. ხოლო „ღირსების“ ქვეშ იგულისხმება პიროვნების მორალური თუ სხვა თვისებების შეფასება თავად პიროვნების მიერ.
პატივისა და ღირსების შელახვა გულისხმობს პირის შესახებ ისეთი ცნობების გავრცელებას, რომლებიც შეიცავენ მტკიცებას პირის მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ. ამავდროულად, ეს ცნობები არ უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს (იხ. „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები“, წიგნი პირველი, 1999, გვ.60).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შელახული პატივისა და ღირსების აღდგენის ადეკვატურ ზომად შეიძლება ჩაითვალოს:
1. ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მოახდენენ პირის მიერ განცდილი სულიერი ტკივილის გარკვეულწილად კომპენსირებას. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს სამოქალაქო კოდექსმა გაითვალისწინა მორალური ზიანის ფულადი ანაზღაურება – მართალია, მორალურ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია, მაგრამ ფულადმა კომპენსაციამ უნდა უზრუნველყოს ხელყოფილი პიროვნული სიკეთის, პიროვნების სულიერი ტკივილის დადებითი ემოციებით შეცვლა და პიროვნების სრულფასოვანი ჩართვა სოციალურ ურთიერთობებში.
2. ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებაში შეურაცხყოფილ პირზე აზრის შეცვლას, იმ სწორი შეხედულების ჩამოყალიბებას, რომელიც არსებობდა პირზე არასწორი ცნობების გავრცელებამდე. ამას უზრუნველყოფს პასუხის უფლება და გავრცელებული ცნობების უარყოფა.
მოსარჩელის აზრით, ამ შემთხვევაში ერთ მიზანს ემსახურება ორი ნორმა, მაშინ როდესაც მხოლოდ პასუხის უფლების გამოყენება დაზარალებული პირისთვის წარმოადგენს საკმარის და ეფექტურ საშუალებას საზოგადოების თვალში შელახული პატივის აღდგენისთვის.
ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მექანიზმები არ მოიცავს ერთგვაროვან ურთიერთობებსა და შემთხვევებს, რის გამოც თითოეული მათგანის არსებობა აუცილებელია პირის პატივისა და ღირსების დასაცავად. კერძოდ: პირს, რომლის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, პასუხის უფლება წარმოეშვება მაშინაც კი, როდესაც ცნობების გამავრცელებელს შეუძლია დაამტკიცოს მათი შესაბამისობა სინამდვილესთან. სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმას, რომელიც ითვალისწინებს პასუხის უფლებას, არ აინტერესებს რამდენად მტკიცებადია გამოქვეყნებული პატივის და ღირსების შემლახველი ცნობები, იგი პირს აძლევს ცნობების გამავრცელებლის ანალოგიურ საშუალებას, გამოაქვეყნოს საპასუხო ცნობები და ამით გარკვეულწილად დაიცვას თუნდაც დამტკიცებული ცნობებით შელახული პატივი და ღირსება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში არ არსებობს გავრცელებული ცნობების უარყოფის დავალდებულების მექანიზმი. ეს უკანასკნელი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წესით დადგენილია მათი სინამდვილესთან შეუსაბამობა.
მაშასადამე, პირს შეუძლია ისარგებლოს პასუხის უფლებით იმისგან დამოუკიდებლად, მისი პატივის და ღირსების შემლახველი ინფორმაცია ექვემდებარება თუ არა მტკიცებას და, თუ ექვემდებარება, მოხდა თუ არა მისი ნამდვილობის შესაბამისობის დადასტურება სასამართლოში. აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირის პატივსა და ღირსებას, როგორც კონსტიტუციით გარანტირებულ აბსოლუტურ უფლებას, იცავს მაშინაც კი, როდესაც ამ თავისუფლების შელახვა ხდება ნამდვილად, სწორი ცნობებით. ამ შემთხვევაში პატივისა და ღირსების უფლების აღდგენის კანონიერ და ადეკვატურ ზომად დადგენილია პირის პასუხის უფლება. ბუნებრივია, ეს უფლება მით უფრო უნდა იყოს დაცული მაშინ, როდესაც მისი შელახვა ხდება არასწორი, არამტკიცებადი ცნობებით. კანონზომიერია, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ პასუხის უფლება ერთადერთ ადეკვატურ ზომად ვეღარ ჩაითვლება, რადგან პირს, რომლის პატივისა და ღირსების არასწორი ცნობების გავრცელებით შელახვა უკვე დადგენილია სასამართლოს წესით, დამატებით აღარ უნდა სჭირდებოდეს საკუთარი უფლების შელახვაზე საუბარი და თავის მართლება საზოგადოების წინაშე. მართალია, მას შეუძლია ამ გზასაც მიმართოს, თუმცა უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ დაზარალებულ პირს ამის სურვილი აღარ ჰქონდეს, მეტიც, შესაძლოა ეს მისთვის შეურაცხმყოფელი იყოს, რადგან, გარდა იმისა, რომ მისი პატივი და ღირსება უსაფუძვლოდ შელახეს, რაც უდავოდ დიდ სულიერ და მორალურ განცდებთან არის დაკავშირებული, მას თავისი უფლების აღსადგენად სასამართლოში დავაც მოუხდა, რაც ასევე არ არის სასურველი არც ერთი პირისათვის.
ბუნებრივია, სასამართლოში პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტის დადგენა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პირმა მიაღწიოს სასურველ მიზანს – საზოგადოებაში მასზე ადრე არსებული აზრის ჩამოყალიბებას, აღდგენას. ამასთან, ისედაც დაზარებულ პირს თავად აღარ უნდა სჭირდებოდეს ამ მიზნის მიღწევაზე დამატებით ზრუნვა – პასუხის გამოქვეყნება მასობრივი ინფორმაციის იმავე საშუალებებში. ასეთი მიზნის მიღწევისთვის ადეკვატურ ზომად, ბუნებრივია, უნდა ჩაითვალოს ისეთი ღონისძიება, რომელიც მისი შელახული უფლების აღდგენას უზრუნველყოფს მისი მონაწილეობის გარეშე. გარდა ამისა, ამას უნდა ჰქონდეს აუცილებლად ისეთივე ეფექტი და ზეგავლენა საზოგადოებაზე, როგორიც თავის დროზე ჰქონდა მასზე ყალბი და შეურაცხმყოფელი ცნობების გავრცელებას. მხოლოდ ასეთი გზით მიიღწევა პირის მიერ განცდილი „მორალური თუ სულიერი ტკივილის“ კომპენსირება. ამასთან, ლოგიკურია, რომ მასობრივი ინფორმაციის ამა თუ იმ საშუალებამ პასუხი აგოს არასწორი და შეურაცხმყოფელი ცნობების გავრცელებისთვის და ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჩაითვალოს სიტყვის თავისუფლების შელახვად, რადგან გავრცელებული პრაქტიკის თანახმად, ცრუ ფაქტების გავრცელება საერთოდ არ ხვდება აზრის თავისუფლების დაცვის ფარგლებში. გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, არასწორი ინფორმაცია დაცვას პრინციპულად არ ექვემდებარება (BverfGE 54, 208/219). დაცული სფეროს გარეთ რჩება „შეგნებულად არასწორი ფაქტების მტკიცებები და ისეთი მტკიცებები, რომელთა არასწორობა ეჭვგარეშეა“ (BverfGE 99, 185/197). აზრის გამოხატვა დაცულია მხოლოდ როგორც აზრთა გონებრივი ჭიდილის საშუალება (BverfGE 25, 256/265; 62, 230/245).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გავრცელებული ცნობების უარყოფის ვალდებულება შეესაბამება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის კანონიერ მიზანს – სხვა უფლებების დაცვას და წარმოადგენს შელახული პატივისა და ღირსების აღდგენის ადეკვატურ ზომას.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 25-ე მუხლით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ დაკმაყოფილდეს მოქალაქე აკაკი გოგიჩაიშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 26 ივნისის კანონის “საქართველოს სამოქალაქო კოდექსი” მე-18 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს კანონის “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” მე-20 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
3. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის დებულებებიდან გამომდინარე, იმსჯელოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული „ცნობების“ სრულყოფაზე, მისი დაკონკრეტების მიმართებით, რაც შესაძლებელს გახდის თავიდან იქნეს აცილებული საერთო სასამართლოების მიერ მუხლის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაცია.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა, გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
6. გადაწყვეტილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
1. ოთარ ბენიძე
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
3. ლამარა ჩორგოლაშვილი
4. ზაურ ჯინჯოლავა