საქართველოს მოქალაქეები - ელისო ჯანაშია და გოჩა ღადუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/5/243 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 3 ოქტომბერი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე);
4. ნიკოლოზ შაშკინი;
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები _ ელისო ჯანაშია და გოჩა ღადუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი, მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების ფრჩხილებით გამოყოფილი სიტყვები – “(ქ. ფოთის მერის თანამდებობიდან გათავისუფლების)” და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის “ფ” ქვეპუნქტის მე-2 წინადადება – “გამონაკლისს წარმოადგენს ქ. ფოთის მერი, რომელიც უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრეზიდენტის წინაშე”.
საქმის განხილვის მონაწილენი:
საქართველოს მოქალაქეების _ ელისო ჯანაშიასა და გოჩა ღადუას კონსტიტუციური სარჩელი საქარველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2003 წლის 16 სექტემბერს გადმოეცა არსებითად განხილვისათვის მიღებისა და 213-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან გაერთიანების საკითხების გადაწყვეტის მიზნით. კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა 26 სექტემბერს გაიმართა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებენ, რომ სადავო ნორმების მიხედვით, ქ. ფოთში მერს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ქ. ფოთის საკრებულოს უფლება აქვს პრეზიდენტის წინაშე დასვას მერის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხი და ქ. ფოთის მერი უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, მაშინ, როცა: ქუთაისის, რუსთავისა... მერებს ამომრჩევლები ირჩევენ “პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით” საკრებულოს უფლებამოსილების ვადით; სხვა ქალაქების საკრებულოები პრეზიდენტის წინაშე სვამენ მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, რაც, მოსარჩელეთა აზრით, გულისხმობს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას; ქ. ფოთის საკრებულო პრეზიდენტის წინაშე სვამს მერის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს, რაც ნიშნავს, რომ ახალ მერს კვლავ პრეზიდენტი დანიშნავს; რაც მთავარია _ სხვა ქალაქების მერები თანამდებობიდან გადადგებიან და უფლებამოსილებას იხსნიან საკრებულოს წინაშე.
ორგანული კანონის სადავო ნორმები, მოსარჩელეების აზრით, ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს იმ მხრივ, რომ ქ. ფოთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები განიცდიან დისკრიმინაციას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მოსარჩელეები საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვენ სადავო ნორმების ანტიკონსტიტუციურად ცნობას და ძალადაკარგულად გამოცხადებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების საფუძველზე გამოარკვია, რომ ძირითადად დაცულია ‘საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები. მოსარჩელეები საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტებია, სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია და არ არსებობს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი გარემოება, რომელთა გამოც კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღება. ამასთან ერთად, სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ მან 2002 წლის 31 დეკემბრის საოქმო ჩანაწერი (№1/15/213) არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქეების _ უტა ლიპარტიასა და გიორგი ხმელიძის 213-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 39-ე მუხლებთან მიმართებით (ამ სადავო ნორმის მიხედვით, თბილისის მერს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი). იმის გათვალისწინებით, რომ ორივე კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები მოქალაქეებია, მოპასუხე საქართველოს პარლამენტია და დავის საგანიც ორივეგან ანალოგიურია, სასამართლო კოლეგია შესაძლებელად მიიჩნევს მათ ერთ საქმედ გაერთიანებას და ერთობლივად განხილვას.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების _ ელისო ჯანაშიასა და გოჩა ღადუას 243-ე ნომრით რეგისტრირებული კონსრტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ‘ბ” ქვეპუნქტი, მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების ფრჩხილებით გამოყოფილი სიტყვები _ “(ქ. ფოთის მერის თანამდებობიდან გათავისუფლების)” და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის “ფ” ქვეპუნქტის მე-2 წინადადება _ “გამონაკლისს წარმოადგენს ქ. ფოთის მერი, რომელიც უფლებამოსილება იხსნის საქართველოს პრეზიდენტის წინაშე”;
2. საქართველოს მოქალაქეების _ ელისო ჯანაშიასა და გოჩა ღადუას 243-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი ერთობლივი განხილვის მიზნით გაერთიანდეს საქართველოს მოქალაქეების _ უტა ლიპარტიასა და გიორგი ხმელიძის 213-ე ნომრით რეგისტრირებულ და 2002 წლის 31-ე დეკემბრის №1/15/213 საოქმო ჩანაწერით ასევე არსებითი განხილვისათვის მიღებულ კონსტიტუციურ სარჩელთან ერთ საქმედ _ “საქართველოს მოქალაქეები – უტა ლიპარტია, გიორგი ხმელიძე, ელისო ჯანაშია და გოჩა ღადუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”;
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
4. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვმდებარება.
ბ. ზოიძე (თავმჯდომარე)
ვ. გვარამია
ი. ფუტკარაძე
ნ. შაშკინი