მოქალაქეები–კახაბერ ძაგანია და გიორგი გუგავა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/6/322 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 12 დეკემბერი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ ბენიძე - წევრი;
ლამარა ჩორგოლაშვილი - წევრი;
ზაურ ჯინჯოლავა - წევრი.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
ღია სასამართლო სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსარჩელეები - კახაბერ ძაგანია და გიორგი გუგავა, მოპასუხე მხარის - საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პრეზიდენტის მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისა და იურიდიულ საკითხთა სამსახურის მთავრობასთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და სასამართლოსთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ლადო ქარქაშაძე, მოწმე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა გოცირიძე,
განიხილა საქმე: საქართველოს მოქალაქეები კახაბერ ძაგანია და გიორგი გუგავა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №43 ბრძანებულების პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან და 32-ე მუხლთან მიმართებით.
საკონსტიტუციო სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის სადავო ბრძანებულებით, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისათვის შრომა იყოფა პრიორიტეტებად. შრომის ანაზღაურებისას საქართველოს მოქალაქეთა ნაწილს აქვს სამართლებრივი გარანტიები და ნაწილს არა. ასევე, მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთათვის განისაზღვრა მინიმალური თანამდებობრივი სარგო, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან და 32-ე მუხლთან მიმართებით, რომელთა თანახმად, გარანტირებულია მოქალაქის ძირითადი შრომითი და სოციალური უფლებები, რაც ასახულია სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში და განაპირობებს მოქალაქის თანასწორუფლებიანობას, შრომითი უფლებების დაცვას, შრომის სამართლიან ანაზღაურებას, საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობებს და სხვა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №43 ბრძანებულების პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, „აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსამსახურეთა მინიმალური თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 115 ლარით“, აშკარად დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს, რადგან მინიმალური ხელფასის ოდენობა (115 ლარი) განსაზღვრულია მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთათვის, მაშინ როდესაც უფლებრივი თვალსაზრისით, დანარჩენი მოსამსახურეებიც თანაბარნი არიან და მათზეც უნდა გავრცელებულიყო აღნიშნული ნორმის მოქმედება. მოსარჩელეთა აზრით, სადავო საკითხი ეხება მხოლოდ მინიმალური ხელფასის დადგენას და არა სხვა სახელფასო წამახალისებელ ღონისძიებებს. მათი აზრით, სარჩელის არსი, ბუნებრივია, არ გულისხმობს აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებას, პირიქით, უნდა მოხდეს მათთან დანარჩენ მოსამსახურეთა უფლებრივი გათანაბრება, რათა აღმოფხვრილ იქნეს გაუმართლებელი დისკრიმინაციული მდგომარეობა.
მოსარჩელეთა მოთხოვნა ასევე შეეხაბა საარსებო მინიმუმის დადგენის საკითხს. მათი განცხადებით, საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. მოსარჩელე მხარე თვლის, რომ სადავო ბრძანებულებით, პრეზიდენტი ვალდებული იყო, მოეხდინა საარსებო მინიმუმის გაანგარიშება და საარსებო მინიმუმის შესაბამისი უნდა ყოფილიყო დღეს ხელფასი მასწავლებლების, ექიმების და სხვათა, რადგან მინიმალური ხელფასი ყველასათვის უნდა იყოს განსაზღვრული, რომელიც იქნება გათანაბრებული მინიმალურ სოციალურ ზღვართან და ეს ხელფასი არ იქნება დაბეგრილი იმიტომ, რომ ისედაც მინიმალურია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტს და 32-ე მუხლს.
მოპასუხე მხარე - საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ლადო ქარქაშაძე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას. მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №43 ბრძანებულების პირველი პუნქტი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან და 32-ე მუხლთან. კერძოდ, სადავო ბრძანებულება გამოცემულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, რომელშიც ჩამოთვლილია, თუ ვინ უნდა განსაზღვროს სახელმწიფო დაწესებულებებში, ამა თუ იმ უწყებაში აღნიშნული სახელფასო მინიმუმი. ამ ჩამონათვალში არ იყო აღმასრულებელი ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა სამართლებრივი აქტი და მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებული მოსამსახურეებისათვის განისაზღვრა მინიმალური ხელფასი 115 ლარის ოდენობით. ხოლო დანარჩენ უწყებებში თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავენ ამ უწყებების ხელმძღვანელები. უმრავლეს შემთხვევაში, სახელმწიფო დაწესებულებებში სახელფასო მინიმუმი 115 ლარზე უფრო მაღალია. მოპასუხე მხარე ასევე აღნიშნავს, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ასევე, ზოგადად, ხელისუფლებას რაიმე სახის კონსტიტუციური ვალდებულება, განსაზღვროს სახელფასო მინიმუმი როგორც სახელმწიფო დაწესებულებებში, ასევე მთლიანად სახელმწიფოში, არ აკისრია. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის თანახმად, კანონმდებელს ეკისრება ვალდებულება, განსაზღვროს საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და არა სახელფასო მინიმუმი, რაც სისრულეშია მოყვანილი და 1997 წლის 17 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“.
რაც შეეხება საკითხს - უნდა იყოს თუ არა სახელფასო მინიმუმი მომხმარებლის საარსებო მინიმუმზე ნაკლები, მოპასუხის განმარტებით, რაც მეტად წარმატებული და ეკონომიკურად ძლიერია სახელმწიფო, მისი მოქალაქეების სახელფასო მინიმუმი მით უფრო აღემატება საარსებო მინიმუმს, მაგრამ ქვეყნის დღევანდელი სოციალურეკონომიკური განვითარებიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მოპასუხის განცხადებით, აღნიშნული საკითხის განხილვა გადადებულია 2008 წლის პირველ იანვრამდე. აღნიშნული წარმოადგენს კანონმდებლის ნებას, რის გამოც, პრეზიდენტის აქტით ამ საკითხის გადაწყვეტა დღეის მდგომარეობით შეუძლებელია.
სასამართლო სხდომაზე მოწმედ მოწვეულმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე ლაშა გოცირიძემ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს იმისათვის, რომ ადამიანს შეეძლოს საკუთარი შრომით დააკმაყოფილოს ის მინიმალური მოთხოვნები, რაც მას და მის ოჯახს გააჩნია. ამისათვის სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ყველა სახის ეკონომიკური პირობა, რომ განვითარდეს თავისუფალი მეწარმეობა, თავისუფალი კონკურენცია, გაზარდოს მოთხოვნა დასაქმებაზე და ამით შექმნას შრომის და ხელფასის მატება და ეკონომიკის ზრდა. მისი განმარტებით, მინიმალურ ხელფასთან და საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით, სახელმწიფოს როლის შესახებ არსებობს სხვადასხვა მოსაზრება. კერძოდ, სახელმწიფომ ადმინისტრაციული წესით უნდა დაადგინოს სავალდებულო კავშირი მინიმალურ ხელფასსა და საარსებო მინიმუმს შორის. ამით, პრაქტიკულად, წესდება ის მინიმალური მოთხოვნები, რომლებიც ეხება მეწარმეებს და რაც მან უნდა გადაუხადოს დაქირავებულ თანამშრომელს ხელფასის სახით. მაგრამ ეს არის ადმინისტრაციული მეთოდებით მეწარმეობაში ჩარევა და მეწარმეობისათვის ხელის შეშლა, რასაც შეიძლება უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელოვნურად ერევა და აიძულებს მეწარმეს, გადაუხადოს დაქირავებულს, მაგალითად, არა 100 ლარი, არამედ 200 ლარი, პრაქტიკულად ხდება მეწარმის უფლებების დარღვევა. უარყოფითი გავლენა შეიძლება იყოს ორი სახის - პირველ შემთხვევაში, პრაქტიკულად წარმოიშობა უმუშევრობა, იმიტომ რომ მეწარმე არ დაარღვევს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს და ვერ შეძლებს თანამშრომლის დაქირავებას. ხოლო მეორე შემთხვევაში, მეწარმეს არ შეუძლია დაქირავებულს გადაუხადოს იმაზე ნაკლები, ვიდრე დადგენილია კანონმდებლობით, რაც აიძულებს დამქირავებელს დაქირავებულისთვის საბაზრო ფასის გადახდას და კანონის დარღვევას, რის შედეგადაც ბიზნესი გადავა ჩრდილოვან სექტორში. დღეის მდგომარეობით, როგორც სამთავრობო, ასევე სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში მინიმალური ხელფასი არის 115 ლარი. კანონი გვავალდებულებს მეთოდიკის დამტკიცებას, რომელსაც იყენებს სტატისტიკის დეპარტამენტი და არის დამტკიცებული. ხოლო კანონი არ გვავალდებულებს საარსებო მინიმუმის დამტკიცებას. კანონმდებლობის თანახმად, ხდება საარსებო მინიმუმის ყოველთვიური გამოქვეყნება. საარსებო მინიმუმი ყოველთვიურად იცვლება ფასებიდან გამომდინარე, ამიტომ საარსებო მინიმუმი არ მტკიცდება. ასევე, საქართველოს პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომლის თანახმად, შემოთავაზებულია, განისაზღვროს უმაღლესი საჯარო მოხელეებისათვის შრომის ანაზღაურება და აგრეთვე გარკვეული სახით რანგირება. ხოლო იმ სხვა საჯარო მოხელეებისათვის, რომელთა ხელფასი არ იქნება განსაზღვრული კანონით, მათი შრომის ანაზღაურება მოწესრიგდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. რანგირების შიგნით შემოთავაზებულია სხვადასხვა დონის თანრიგები. მოწმის განცხადებით, იქმნება ერთიანი სახელფასო ბადე, რომელიც თითოეული თანრიგის მიხედვით, ნიშნავს გარკვეული მინიმალური და მაქსიმალური ზღვრების დაწესებას, რომლის ფარგლებშიც შეიძლება გაიცეს ხელფასი საჯარო სამსახურში. აღნიშნული პროექტი პრაქტიკულად დასრულების სტადიაშია და მიმდინარეოს კონსულტაციები ყველა უწყებასთან, რათა ყოველგვარი მოულოდნელობები თავიდან იქნეს აცილებული.
კონსტიტუციური სარჩელის გაანალიზების, საქმის არსებითი განხილვის დროს მოსარჩელეთა და მოპასუხე მხარის, აგრეთვე მოწმის მოსაზრებათა შეფასების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ გამოარკვია საკითხის არსებითად გადასაწყვეტად საჭირო შემდეგი გარემოებანი:
მოსარჩელეები სადავოდ ხდიან „აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №43 ბრძანებულების პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან და 32-ე მუხლთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განცხადებით, სადავო ბრძანებულების პირველი მუხლი დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს, ვინაიდან მათი აზრით, მინიმალური ხელფასის ოდენობა 115 ლარით განსაზღვრულია მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთათვის, იმ დროს, როდესაც უფლებრივი თვალსაზრისით, დანარჩენნიც თანაბარნი არიან და მათზეც უნდა გავრცელებულიყო გასაჩივრებული ნორმის მოქმედება.
ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები დავობენ მინიმალური ხელფასის ოდენობის ყველასათვის გავრცელებაზე. სასამართლო კოლეგია, მოცემულ შემთხვევაში, ვერ დაეთანხმება მოსარჩელეთა მტკიცებას, თითქოს სადავო აქტით მოხდა მინიმალური ხელფასის ოდენობის 115 ლარამდე გაზრდა მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებული პირებისათვის, რამაც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენა დანარჩენი მოსამსახურეები. „აღმსარულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №43 ბრძანებულების შესაბამისად, „აღმასრულებელ ხელისუფლებაში შრომის ანაზღაურების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად: 1. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსამსახურეთა მინიმალური თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 115 ლარით”. სადავო აქტის აღნიშნული დებულებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ განისაზღვრა აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა მინიმალური თანამდებობრივი სარგო და არა, ზოგადად, მინიმალური ხელფასი. საკონსტიტუციო სასამართლო ერთმანეთისაგან განასხვავებს, ერთი მხრივ, საერთო ეროვნულ მინიმალურ ხელფასს, ანუ სოციალურეკონომიკურ ნორმატივს, რომელიც განსაზღვრავს შრომის ანაზღაურების დასაშვებ მინიმალურ დონეს, ხოლო, მეორე მხრივ, თანამდებობრივ სარგოს, რაც გამომდინარეობს საჯარო ან სხვა სახის სამსახურის სისტემაში პირის ადგილისა და სოციალური შრომითი როლიდან, აგრეთვე მისი უფლებებიდან და დაკისრებული მოვალეობებიდან. სასამართლო კოლეგია ასევე აღნიშნავს, რომ მინიმალური ხელფასისაგან განსხვავებით, შრომის კანონთა კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, „თანამდებობის პირის, სპეციალისტთა და მუშაკის შრომის ანაზღაურების თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს ადმინისტრაცია მუშაკის თანამდებობისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით...“. ანალოგიური შინაარსის მატარებელია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლიც, რომლის თანახმად, მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს და თანამდებობათა დასახელებას ადგენს არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ თვით საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს პარლამენტში კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ასე შემდეგ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის აღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილია აგრეთვე ის შემთხვევები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია განსაზღვროს ზოგიერთ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, საქართველოს პრეზიდენტს სრული უფლება ჰქონდა, თავისი შეხედულებით განესაზღვრა აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით“, ხოლო კონსტიტუციის 32-ე მუხლის თანახმად კი, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს დასაქმებაში. დასახელებული მუხლი ასევე ადგენს, სახელმწიფოს ვალდებულებას საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განსაზღვროს კანონით. სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ, მოცემული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, ვერ დაასაბუთა, თუ როგორ შეიძლება ზღუდავდეს საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმებით აღიარებულ მათ უფლებებს. საქართველოს პრეზიდენტის კანონიერი უფლება, დაადგინოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებული მოსამსახურეებისათვის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი.
მოსარჩელეები თავიანთ დასკვნით სიტყვაში ასევე აღნიშნავენ, რომ მათი კონსტიტუციური სარჩელის არსი არ გულისხმობს აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა სოციალური მდგომარეობის გაუარესებას, პირიქით, ისინი მოითხოვენ მათთან დანარჩენ პირთა უფლებრივ გათანაბრებას. ამასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო, ქვეყანაში არსებული სოციალურეკონომიკური, ასევე დღევანდელი საბიუჯეტო შემოსავლების რეალური ზრდის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სადავო ბრძანებულება, სახელმწიფოში მოსახლეობის შემოსავლების ფაქტობრივ საარსებო მინიმუმთან გათანაბრების საერთო პოლიტიკის განხორციელების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.
რაც შეეხება სახელმწიფოში განსაზღვრული მინიმალური ხელფასის ოდენობის სამართლიანობას, ეს საკითხი მოცემულ სასამართლო განხილვაში არ წარმოადგენს დავის საგანს. ამასთან, სასამართლო კოლეგია მიუთითებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არა აქვს იმსჯელოს იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელსაც მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის თავის სასარჩელო მოთხოვნაში.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მეორე კოლეგია
ადგენს:
1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა - საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №43 ბრძანებულების პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან და 32-ე მუხლთან მიმართებით;
2. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
5. გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
კოლეგიის წევრები:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
2. ოთარ ბენიძე
3. ლამარა ჩორგოლაშვილი
4. ზაურ ჯინჯოლავა