„საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ვაჭარაძე, არტურ კაზაროვი, ლევან ჩხეიძე, გიორგი ბერიშვილი, შორენა ოსკოპელი და ნინო არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/1/323 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 12 აპრილი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე);
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ვაჭარაძე, არტურ კაზაროვი, ლევან ჩხეიძე, გიორგი ბერიშვილი, შორენა ოსკოპელი და ნინო არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 26-ე, 30-ე და 39-ე მუხლებთან მიმართებით „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონის (ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები - „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ და (ბ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები - „საჯარო სამართლის“.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩლეები - გიორგი ვაჭარაძე, არტურ კაზაროვი, გიორგი ბერიშვილი, შორენა ოსკოპელი და ლევან ჩხეიძე - იმავდროულად გ. ვაჭარაძის, ა.კაზაროვის, შ.ოსკოპელისა და ნ.არჩვძის წარმომადგენელი.
მოსარჩელეების - გიორგი ვაჭარაძის, არტურ კაზაროვის, გიორგი ბერიშვილის, შორენა ოსკოპელის, ლევან ჩხეიძისა და ნინო არჩვაძის 323-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2005 წლის 11 მარტს შემოვიდა, ხოლო სასამართლოს პირველ კოლეგიას იგი იმავე წლის 18 მარტს გადმოეცა არსებითად განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კოლეგიის ღია განმწესრიგებული სხდომა 2005 წლის 29 მარტს გაიმართა.
სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
მოსამართეები კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავენ, რომ ეწევიან საადვოკატო საქმიანობას. ისინი - თავისუფალი პროფესიის ადამიანები, მათი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, კანონმდებლის მხრიდან შრომის უფლების შეზღუდვის მუქარით იძულებული გახდნენ „ადვოკატთა შესახებ“ კანონის სადავო დებულებების საფუძველზე გაწერვიანებულიყვნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“. მოსამართლეთა განმარტებით, მათ ერთმევათ უფლება დამოუკიდებლად შექმნან ალტერნატიული ადვოკატთა ასოციაცია, რომლის უფლებამოსილება ცნობილი იქნება სახელმწიფო ხელისუფლების მიერ. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კი ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება, ხოლო 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - შრომა თავისუფალია. ამდენად, გასაჩივრებული ნორმები, მოსარჩელეთა აზრით, ზღუდავენ როგორც გაერთიანების, ისე შრომის თავისუფლებას, ამასთან, დისკრიმინაციულიც არიან და ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო აქტებს - არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 39-ე მუხლებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გაანალიზა საქართველოს მოქალაქეების - გიორგი ვაჭარაძის, არტურ კაზაროვის, გიორგი ბერიშვილის, ნინო არჩვაძის, შორენა ოსკოპელისა და ლევან ჩხეიძის 232 -ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი, თანდართული მასალები, მოსარჩელეთა განმარტებები განმწესრიგებულ სხდომაზე და ამის საფუძველზე გამოარკვია სასარჩელო მოთხოვნის არსებითიგანხილვისათვის მიღების საკითხის გადასაწყვეტად საჭირო გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს რომ განმწესრიგებულ სხდომაზე განხილვის შედეგად არ დადასტურდა მოსარჩელეთა მოსაზრება წოდებრივი მდგომარეობის ნიშნით მათი დისკრინიმაციის თაობაზე. ამ გარემოების გათვალისწინებით, განმწესრიგებული სხდომის მონაწილე მოსარჩელეებმა საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებიდან, რომლებსაც, მათი აზრით, არ შეესაბამება სადავო აქტი, თვითონვე გამორიცხეს მე-14 მუხლი - მოითხოვეს გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლტთან მიმართებით.
სასამართლოს კოლეგიის აზრით, მოსარჩელეებმა ვერც ის აჩვენეს, რომ მათ მიმართ სადავო ნორმებით ირვევა საქართველოს კონსტიტუციის 30 -ე მუხლის პირველი პუნქტის დებულება _ „შრომა თავისუფალია“. ამასთან, კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსი ამ შემთხვევაში გამორიცხავს 39-ე მუხლზე მითითების საჭიროებას. აქედან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმება მოცემულ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციის მხოლოდ 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით შეიძლება. ამ მხრივ კონსტიტუციურ სარჩელში ძირითადად დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები. მოსარჩელეები საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტებია, სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია და არ არსებოს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული გარემოებანი, რომელთა გამოც კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღება.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31 მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებული იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების - გიორგი ვაჭარაძის, არტურ კაზაროვის, გიორგი ბერიშვილის, შორენა ოსკოპელის, ნინო არჩვაძისა და ლევან ჩხეიძის 232-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონის (ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები - „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ და (ბ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები - „საჯარო სამართლის“;
2. ამ კონსტიტუციურ სარჩელზე მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი;
3. საქმეს - „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ვაჭარაძე, არტურ კაზაროვი, გიორგი ბერიშვილი, ნინო არჩვაძე, შორენა ოსკოპელი და ლევან ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
4. საქმის არსებითად განხილვის თაობაზე მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე (თავმჯდომარე)
ვ. გვარამია
ი. ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე)
ნ. შაშკინი