„საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ვაჭარაძე, არტურ კაზაროვი, ლევან ჩხეიძე, გიორგი ბერიშვილი, შორენა ოსკოპელი და ნინო არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/5/323 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 30 ნოემბერი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე);
ვახტანგ გვარამია;
იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე);
ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2005 წლის 3, 8, 9, 11 და 15 ნოემბრის ღია სასამართლო სხდომებზე, რომლებშიც მონაწილეობდნენ მოსარჩელეები – გიორგი ვაჭარაძე, არტურ კაზაროვი, გიორგი ბერიშვილი, შორენა ოსკოპელი, ნინო არჩვაძე და ლევან ჩხეიძე (იმავდროულად - გ.ბერიშვილის გარდა სხვა მოსარჩელეთა წარმომადგენელი), მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებში წარმომადგენლობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი მარინე რობაქიძე და მოწვეული სპეციალისტი იოსებ ლომაშვილი, მოწმეები _ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა ასლანიშვილი და საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ქ. თბილისის საბურთალოს საადვოკატო ბიუროს უფროსი ოთარ ბერიშვილი, სპეციალისტები - ადვოკატები როინ მიგრიაული და ქეთევან ქვარცხავა, -
განიხილა საქმე: „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ვაჭარაძე, არტურ კაზაროვი, ლევან ჩხეიძე, გიორგი ბერიშვილი, შორენა ოსკოპელი და ნინო არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანია: კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონის (ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები - „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ და (ბ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები - „საჯარო სამართლის“.
საქართველოს მოქალაქეების – გიორგი ვაჭარაძის, არტურ კაზაროვის, ლევან ჩხეიძის, გიორგი ბერიშვილის, შორენა ოსკოპელის და ნინო არჩვაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2005 წლის 11 მარტს შემოვიდა. იგი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 12 აპრილის N1/1/323 საოქმო ჩანაწერით მიღებული იქნა არსებითად განსახილველად.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ისინი არიან საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების კურსდამთავრებულნი და ეწევიან საადვოკატო საქმიანობას. ისინი - თავისუფალი პროფესიის პირები, მათი ნებასურვილის საწინააღმდეგოდ, კანონმდებლის მხრიდან შრომის უფლების შეზღუდვის მუქარით იძულებული გახდნენ „ადვოკატთა შესახებ“ კანონის სადავო ნორმების საფუძველზე გაწევრიანებულიყვნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მატარებელ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. ამასთან დაკავშირებით მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება. ამდენად, გასაჩივრებული ნორმები, მოსარჩელეთა აზრით, ზღუდავენ გაერთიანების თავისუფლებას - თუკი ასოციაციაში არ გაწევრიანდებიან, მათ ერთმევათ საადვოკატო საქმიანობის უფლება, ანუ იმის შესაძლებლობა, რომ მოიპოვონ საარსებო სახსრები.
მოსარჩელის _ იმავდროულად მოსარჩელეთა წარმომადგენლის ლ. ჩხეიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, იგი მაინც მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებაა.
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. ადვოკატთა ასოციაცია კი, მოსარჩელეთა აზრით, უნდა შეიქმნას პირთა ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე და არა იძულებით, სხვა სახის უფლებათა შეზღუდვით. საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქმნება არა თავისუფალი ნების გამოვლენის, არამედ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე იმპერატიული მოთხოვნით.
მოსარჩელეთა განმარტებით, მათ ერთმევათ უფლება დამოუკიდებლად შექმნან ალტერნატიული ადვოკატთა ასოციაცია, რომლის უფლებამოსილება ცნობილი იქნება სახელმწიფო ხელისუფლების მიერ. გაერთიანების თავისუფლებასთან დაკავშირებით ისინი მიუთითებენ „ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ევროპის კონვენციაზე“ (მუხ.11), საერთაშორისო პაქტზე „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ (მუხ.22), „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე“ (მუხ.20) და „ძირითად პრინციპებზე ადვოკატთა როლის შესახებ“ (პუნქტ. 23-24).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონის (ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები - „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ და (ბ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები - „საჯარო სამართლის“.
მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს სასარჩელო მოთხოვნას. მათი სიტყვით, სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულებას. ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონს, პროფესიული ეთიკის ნორმებს და კლიენტის უფლებების დაცვით ემსახურება აგრეთვე საჯარო ინტერესს. მოპასუხის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს სახელმწიფოს არა აქვს უფლება შესაბამის ორგანიზაციებს საკანონმდებლო აქტით მიანიჭოს როგორც კერძო, ისე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის სტატუსის მქონე ასოციაციაში სავალდებულო გაწევრიანების მოთხოვნის პირობა არც ერთ შემთხვევაში არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას. მოპასუხე მხარის წარმომადგენლები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ განხილული საქმეების მაგალითზე მიუთითებენ _ დათქმა იმის თაობაზე, რომ პირი გაწევრიანდეს სახელმწიფო ხელისუფლების მიერ მიღებული სპეციალური კანონის საფუძველზე დაფუძნებულ გაერთიანებაში, „წარმოადგენს საჯარო-სამართლებრივ ინსტიტუტს და პრიორიტეტად ისახავს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას საკუთარი წევრების ინტერესების დაცვასთან შედარებით“, რაც არ ნიშნავს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ“ 1950 წლის 4 ნოემბრის რომის კონვენციით გარანტირებული საზოგადოებრივი გაერთიანებების თავისუფლების უფლების დარღვევას.
მოპასუხე მხარის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არ არის საზოგადოებრივი გაერთიანება. ის წარმოადგენს კანონის საფუძველზე შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს საჯარო ფუნქციებს. ამდენად მასზე არ ვრცელდება კერძო ასოციაციების ისეთი პრინციპი, როგორიცაა ნებაყოფლობითობა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაზე სახელმწიფოს უფლება გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლიდან. კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული უფლება, მოპასუხის აზრით, გარდაიქმნება მოვალეობად. ადვოკატთა ასოციაცის შექმნით სახელმწიფოს განზრახული ჰქონდა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. საადვოკატო საქმიანობას, მისი არსიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჯარო როლი აკისრია საქართველოს სამართლებრივ სისტემაში. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ „ადვოკატის მიერ დასაცავი პირის უფლებები და ინტერესები კონსტიტუციისა და საერთაშორისო დაცვის რანგშია აყვანილი“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის წარმომადგენლები სასამართლო კოლეგიას თხოვენ არ დააკმაყოფილოს კონსტიტუციური სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
მოწმის - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა ასლანიშვილის აზრით, სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულებას. იგი განმარტავს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია და მხოლოდ ასეთი ფორმა იძლევა საშუალებას ადვოკატთა ასოციაციამ განახორციელოს ნაკისრი მიზნები, როგორიცაა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება და ეთიკის კომისიის მეშვეობით ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობა. მოწმე მიუთითებს, რომ ადვოკატთა ასოციაციის შექმნით ადვოკატთა შეზღუდვა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით არის განპირობებული, რათა არ იყოს ამ სფეროში ქაოსი და უწესრიგობა.
მოწმე - ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის საადვოკატო ბიუროს უფროსი ოთარ ბერიშვილი მხარს უჭერს კონსტიტუციურ სარჩელს. იგი განმარტავს, რომ დიდი ხანია ეწევა საადვოკატო საქმიანობას და მიზანშეწონილად არ თვლის ადვოკატთა ასოციაციაში გაერთიანებას, ვინაიდან ადვოკატი თავისუფალი პროფესიის ადამიანია და დაუშვებელია მასზე გარკვეული ზეწოლის მოხდენა, თუნდაც ადვოკატთა ასოციაციაში იძულებით გაწევრიანების სახით. ადვოკატთა ასოციაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი გაერთიანება და მასში ზეწოლის ნიშნები არ უნდა არსებობდეს. დღეს არსებული სიტუაცია უნდა მოწესრიგდეს, მაგრამ არა იმ მეთოდით, რომელსაც გვთავაზობენ. მოწმის განმარტებით, საადვოკატო ბიუროში შექმნილია კომისია, რომელიც ატარებს ტესტირებასა და გასაუბრებას ახალი წევრების მისაღებად. ამგვარად ბიურო თავად განსაზღვრავს წევრობის კანდიდატის კვალიფიკაციის დონეს, ხოლო ადვოკატები, თავის მხრივ, გაწევრიანებული არიან ჯერ კიდევ მოქმედ ადვოკატთა კოლეგიაში, რომელიც საზოგადოებრივ გაერთიანებას წარმოადგენს.
სპეციალისტის - ადვოკატ როინ მიგრიაულის აზრით, გასაჩივრებული ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულებას. მისი აზრით, ადვოკატი სასამართლო ხელისუფლებასთან ერთად მონაწილეობს მართლმსაჯულების განხორციელებაში, თავისი კერძო საქმიანობით _ „კერძო ინიციატივით“ ახორციელებს როგორც კლიენტის კერძო ინტერესს, ისე სახელმწიფო ინტერესს. ამდენად, ადვოკატი არის მართლმსაჯულების ერთ-ერთი მონაწილე და შემოქმედი. შესაბამისად, კანონმდებელს უფლება აქვს უფრო მეტი სტანდარტები დაუწესოს ადვოკატს, კერძოდ, მოსთხოვოს საჯარო ფუნქციის მატარებელ ორგანიზაციაში _ ადვოკატთა ასოციაციაში გაერთიანება. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გააჩნია საჯარო ხასიათის ფუნქციები, რომელთა განხორციელებაც მხოლოდ სახელმწიფოს შეეძლო. ამდენად, ადვოკატთა ასოციაცია წარმოადგენს კანონის საფუძველზე შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მასზე არ ვრცელდება ნებაყოფლობითობის პრინციპი. ადვოკატის სტატუსის მინიჭება მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფუნქცია უნდა იყოს. საადვოკატო საქმიანობაზე უნდა არსებობდეს სახელმწიფო ზედამხედველობა. სპეციალისტი ასევე განმარტავს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არ არის საზოგადოებრივი გაერთიანება და იგი არ უნდა იქნეს გაიგივებული იმ ასოციაციებთან, რომელთა საქმიანობაც რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 30-ე მუხლით. ადვოკატთა ასოციაციაში გაერთიანება არ ართმევს ადვოკატებს უფლებას შექმნან საერთო ინტერესების მატარებელი საზოგადოებრივი გაერთიანებები. სპეციალისტი პარალელს ავლებს გერმანიისა და ავსტრიის კანონმდებლობასთან, სადაც ადვოკატთა პალატები შექმნილია საჯარო-სამართლებრივი კორპორაციების სახით.
სპეციალისტი - ადვოკატი ქეთევან ქვარცხავა მხარს უჭერს კონსტიტუციურ სარჩელს და განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის დეფინიცია ანიჭებს ინდივიდებს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლებას. ამას უნდა მიეცეს ფართო ინტერპრეტაცია და განიმარტოს, როგორც უფლება (თავისუფლება) ინდივიდებისა - არ გაერთიანდნენ საზოგადოებრივ გაერთიანებებსა თუ პროფესიულ კავშირებში. ეს მოსაზრება გამყარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-20 მუხლით, რომელიც ადგენს, რომ „არავინ შეიძლება აიძულონ შევიდეს რაიმე ასოციაციაში“. ამდენად, საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ნორმები ცალსახად კრძალავენ ინდივიდების ნებისმიერ იძულებას _ შევიდეს რაიმე ასოციაციაში. ასოციაცია ფართო ცნებაა და მოიაზრებს ნებისმიერ საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომელიც პირთა წევრობას ეფუძნება. სპეციალისტის აზრით, უნდა გავიზიაროთ საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო აქტების არსი, რომელთა უპირატესი მიზანია აკრძალონ ძალადობა ადამიანის ნებაზე. დაუშვებელი და სახიფათოც კია ადვოკატთა ისეთი ასოციაციის შექმნა, რომელიც იურიდიული პროფესიის მიმდევარ ყველა პირს გააერთიანებს, ვინაიდან მან შეიძლება არ აირჩიოს ის პოლიტიკა, რომელიც ადამიანის დაცვას უზრუნველყოფს. სადავო ნორმების შეუთავსებლობა ადამიანის უფლებებთან მით უფრო მძაფრდება, რომ ადვოკატთა ასოციაცია ყალიბდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით და კანონის თანახმად, ამგვარი იურიდიული პირი თავის საქმიანობას სახელმწიფო კონტროლით ახორციელებს. სახელწიფო კონტროლი კი თავისუფალი პროფესიის ადამიანებზე დაუშვებელია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმის არსებითად განხილვის საფუძველზე გააანალიზა კონსტიტუციური სარჩელის მონაცემები, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეთა გამოსვლები, მოწმეთა ჩვენებები, სპეციალისტების დასკვნები, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები და ამის შედეგად დაადგინა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი.
მოსარჩელეებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით მიუღებლად მიაჩნიათ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონის ის ნორმები, რომელთა მიხედვითაც (1) ადვოკატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელია გაწევრიანება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში (პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები – „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“) და (2) საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი (მე-20 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები – „საჯარო სამართლის“). მოსარჩელეები თვლიან, რომ სადავო ნორმებით მათ ეზღუდებათ გაერთიანების კონსტიტუციური უფლება. ისინი სადავოდ ხდიან ადვოკატთა ასოციაციის სამართლებრივ სტატუსს და მოითხოვენ, რომ იგი იყოს კერძო სამართლის იურიდიული პირი საზოგადოებრივი გაერთიანების სახით.
სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებებს „ადვოკატთა შესახებ“ კანონის სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის თაობაზე.
1. სასამართლო კოლეგია ვერ დაეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, მართალია, წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მაგრამ იგი მაინც, მიუხედავად თავისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, არის მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის იურიდიული ბუნება, მისი სამართლებრივი სტატუსი განსაზღვრულია საკანონმდებლო წესით – ამჟამად მოქმედი (2001 წლის 20 ივნისის) კანონით „ადვოკატთა შესახებ“. აღნიშნული კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ძალით, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის პირთა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი“. ადვოკატთა ასოციაციის ამ სტატუსს, მოსარჩელე მხარის მოსაზრებათა საწინააღმდეგოდ, ვერანაირად ვერ შეცვლის 1995 წლის კონსტიტუციამდე მიღებული, აწ ძალადაკარგული კანონი „მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ“ და, მით უფრო, დებულება „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადვოკატურის შესახებ“.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამართლებრივი სტატუსი შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის დეფინიციას, რომელიც მოცემულია ¨საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ¨ 1999 წლის 28 მაისის კანონის მე-2 მუხლში: ¨საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას¨.
რაც შეეხება საზოგადოებრივ გაერთიანებას, მის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. მათში საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან განსხვავებით, წინა პლანზე წამოწეულია კერძო კოლექტიური ინტერესი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სოციალურ, შემოქმედებით, კულტურულ და სხვა სფეროებს. კერძო სამართლის იურიდიულ პირს უფლება აქვს განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა (მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა გათვალისწინებული წესდებაში). საჯარო სამართლის იურიდიული პირი კი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ კანონში ან მის დამფუძნებელ დოკუმენტში გათვალისწინებული მიზნების შესაბამისი საქმიანობა.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მკაცრი გამიჯვნა გააკეთა საჯარო და კერძო სამართლის გაერთიანებებს შორის და სწორედ ამის შემდეგ დაადგინა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა (სიგურდურ სიგუიონსონი ისლანდიის წინააღმდეგ).
მართალია, საქართველოს ადვოკატთა ზემოხსენებული ორგანიზაციის სახელწოდებაში („საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“) ჩართულია ტერმინი „ასოციაცია“, მაგრამ ეს სიტყვა, ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის განმარტებით, გულისხმობს ნებაყოფლობით გაერთიანებას რაიმე საერთო მიზნის მისაღწევად (იანგი, ჯეიმსი და უებსტერი შეერთებული სამეფოს წინააღმდეგ). სასამართლო კოლეგია არსებითად ეთანხმება სპეციალისტ რ.მიგრიაულის აზრს, რომ „დასახელება ან სათაური ყოველთვის არ განსაზღვრავს საგნის შინაარსს. შესაბამისად, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ არ უნდა იქნას გაიგივებული იმ ასიციაციებთან (კავშირებთან), რომლებიც მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 30-ე მუხლით, ასევე – იმ ასოციაციებთან, რომლებიც აღიარებულია მოსარჩელეთა მიერ მოხმობილ საერთაშორისო პაქტებში. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შეიძლება ასევე წარმატებით დარქმეოდა „ადვოკატთა პალატა“, „ადვოკატთა კორპუსი“, „ადვოკატთა კოლეგია“ და ა.შ“.
ამგვარად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არ არის საზოგადოებრივი გაერთიანება. იგი კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
2. იმის გამო, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მასზე არ ვრცელდება კერძო გაერთიანებისათვის დამახასიათებელი ნებაყოფლობითობის პრინციპი. ადვოკატის სტატუსის მისაღებად საჭიროა ასოციაციაში გაწევრიანება. მოსარჩელეებისათვის მიუღებელია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საჯარო-სამართლებრივი სტატუსი და მისთვის დამახასიათებელი სავალდებულო წევრობის პრინციპი, მაგრამ მათ იურიდიულად ანგარიშგასაწევი არგუმენტებით ვერ დაასაბუთეს, რომ შესაბამისი გაერთიანება აუცილებლად კერძო საწყისებზე უნდა იყოს მოწყობილი. სასამართლო კოლეგიის აზრით, არსებობს იმის მონაცემები, რომ სავალდებულო წევრობაზე დაფუძნებული ადვოკატთა გაერთიანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დასაშვები და მისაღებია.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე შეეხება ადვოკატურის ორგანიზაციის ფორმის საკითხს და კანონმდებლის შესაბამის არჩევანს. კანონმდებლის ნებაზეა დამოკიდებული ამა თუ იმ პროფესიის დაფუძნება – მისი ორგანიზაციის ფორმის არჩევა, რაც არ შეიძლება იყოს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით შეფასების საგანი.
დასაფუძნებელი ორგანიზაციის ფორმა, მისი მიზნებიდან გამომდინარე, უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური. ამასთან, მთავარია არ შეილახოს ადვოკატთა პროფესიის თვითრეგულირებისა და მართლმსაჯულების განხორციელების ფუძემდებლური პრინციპები. ამჯერად, კანონმდებელმა ჩათვალა, რომ ადვოკატურის მოწყობისათვის მიზანშეწონილია ის ფორმა, რომელიც წარმოდგენილია სადავო ნორმებში. სახელდობრ, ასეთ ფორმად მიჩნეულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. ადვოკატად ითვლება მხოლოდ ის პირი, რომელიც გაწევრიანებულია ამ ასოციაციაში.
აღნიშნული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ჩანს, განპირობებულია ადვოკატის პროფესიის მაღალი ფუნქციური დანიშნულებით, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ვლინდება მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. ადამიანის უფლებების დაცვა ადვოკატის უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ მან გარანტირებული გახადოს დაცვის უფლება, რაც, ცხადია, გულისხმობს ადამიანის არამარტო ადვოკატით უზრუნველყოფას, არამედ კვალიფიციური და ეფექტური დაცვის განხორციელებას. ყოველივე ეს განაპირობებს ადვოკატის საქმიანობის სახელისუფლებო ფუნქციებთან სიახლოვეს და ადვოკატურის საჯარო ორგანიზაციის ფორმის მიზანშეწონილობას. საადვოკატო საქმიანობა საჯარო საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოვლინებად მიიჩნევა. ამასთან, ადვოკატურა სახელმწიფო მმართველობისაგან განცალკევებული ორგანიზაციაა და ამ სახით ახორციელებს თავის ფუნქციებს.
მაშასადამე, ადვოკატი ჩართულია საჯარო ამოცანის განხორციელებაში. იგი თავისი კერძო საქმიანობით მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სასამართლო საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. ადვოკატი ერთდროულად ემსახურება როგორც კლიენტის კერძო ინტერესს, ისე სახელმწიფო ინტერესს. სწორედ იმის გამო, რომ ადვოკატი გარკვეულწილად ახორციელებს საჯარო ფუნქციებს, კანონმდებელი მას, თავისუფალი პროფესიის სხვა პირებთან შედარებით, უფრო მაღალ სტანდარტებს უწესებს და მოითხოვს მის სავალდებულო გაწევრიანებას სპეციალურ პროფესიულ გაერთიანებაში. ანალოგიურია სახელმწიფოს დამოკიდებულება ნოტარიუსისადმი. „ნოტარიატის შესახებ“ 1996 წლის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს ნოტარიუსების სავალდებულო წევრობას ნოტარიუსთა პალატაში.
სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ საქართველოში ადვოკატებისადმი ისეთივე (ანალოგიური) მიდგომაა, როგორიცაა, მაგალითად, გერმანიასა და ავსტრიაში. ამ ქვეყნებში არსებობს ადვოკატთა პალატები, რომლებიც შექმნილია საჯარო-სამართლებრივი კორპორაციების სახით. უფრო მეტიც, კერძოდ, გერმანიაში ადვოკატთა გაერთიანებები, შესაბამისად, ფედერალური და სამხარეო იუსტიციის ზედამხედველობას ექვემდებარებიან.
იძულებითი წევრობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში კონსტიტუციურ-სამართლებრივად გამართლებულია იმით, რომ ეს გაერთიანება სახელმწიფომ ლეგიტიმური საჯარო ამოცანების შესასრულებლად დააარსა. მასში შერწყმულია კერძო და საჯარო ინტერესები, რომელთაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს ვერც სახელმწიფო და ვერც ცალკეული პიროვნება თავისი ინდივიდუალური ინიციატივით.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი არ მოიცავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, ვინაიდან იგი წარმოადგენს საჯარო-სამართლებრივ გაერთიანებას და შესაბამისად ემყარება სავალდებულო წევრობის პრიციპს. კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტში კი მოიაზრება მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანია გაერთიანების ნებაყოფლობითობა. ასეთი მიდგომა ასახულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში. მთელ რიგ საქმეებზე სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის გადაწყვეტილებების მიხედვით, პიროვნება შეიძლება ვალდებული იყოს გერთიანდეს ცალკეულ ორგანიზაციებში იმ საფუძველზე, რომ ისინი არ არიან კონვენციის მე-11 მუხლით ნაგულისხმევი (ნებაყოფლობით წევრობაზე დამყარებული) გაერთიანებები. ასეთი პროფესიული გაერთიანება არ წარმოადგენს ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას. კერძოდ, საქმეში „ლე კონტი, ვან ლევენი და დე მეიერი ბელგიის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა, რომ ბელგიაში ექიმებს შეიძლება დაეკისროთ ვალდებულება გაერთიანდნენ ბელგიის სამედიცინო ასოციაციაში. ასევე, კომისიამ მხარი დაუჭირა სავალდებულო წევრობას სხვადასხვა ორგანიზაციაში (მაგალითად, სტუდენტურ ორგანიზაციებში და ვეტერინარ ქირურგთა საბჭოში).
სადავო ნორმების შეფასებისას გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ადვოკატურის ორგანიზაციის აღნიშნული ფორმა მოითხოვს ადვოკატთა საქმიანობისადმი და პროფესიული ეთიკის დაცვისადმი საჯარო კონტროლს. ევროპულმა სასამართლომ სწორედ იმით გაამართლა ბელგიის სამედიცინო ასოციაციაში სავალდებულო წევრობა, რომ ამ ორგანიზაციის მიზანი იყო „სამედიცინო ეთიკისა და მისი წევრების პატივის, თავისუფლების, სანდოობისა და ღირსების დაცვა“. კომისიამ და სასამართლომ მიიჩნიეს, რომ ეს ორგანიზაცია ახდენდა მისი წევრების პროფესიული საქმიანობის მონიტორინგს და ამით ასრულებდა საჯარო-სამართლებრივ ფუნქციებს.
3. ადვოკატთა ასოციაციის შექმნის მიზნის თავისებურებამ თვით ორგანიზაციის არაორდინალური იურიდიული სტატუსი განაპირობა. ადვოკატის პროფესიის სპეციფიკის გათვალისწინებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საჯარო სამართლის თავისებური – სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით გამორჩეული იურიდიული პირის სახით ჩამოყალიბდა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სტატუსის შეფასებისას აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ მოქმედი კანონმდებლობა მას გამორიცხავს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლით დაწესებული სახელმწიფო კონტროლის სფეროდან. ამის თაობაზე პირდაპირი მითითება მოცემულია „ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-20 მუხლში. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ „ადვოკატთა ასოციაციაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი“. ამ მუხლის მიხედვით კი დაწესებულია მეტად მკაცრი სახელმწიფოებრივი კონტროლი. სახელდობრ:
1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას;
2) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა;
3) სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
„ადვოკატთა შესახებ“ კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრულია ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების პირობები და დადგენილია, რომ წევრად მიღებაზე უარი შეიძლება 1 თვის განმავლობაში გასაჩივრდეს სასამართლოში. 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ძალით, „ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად და მასში ჩარევა დაუშვებელია“. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები მისივე წესდებით განისაზღვრება. წესდებითაც დაუშვებლად არის მიჩნეული ასოციაციის წევრის უფლებამოსილებათა რაიმე სახით შეზღუდვა (მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი). განსაზღვრულია ასოციაციის მიზნები, როგორიცაა, მაგალითად, ასოციაციისა და მის წევრთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, ადვოკატის პროფესიული ღირსების დაცვა, ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლების და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასოციაციის წევრების სამართლებრივი და სოციალური ინტერესების დაცვა, უცხო ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანებებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირის დამყარება და მათთან მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფა (იხ. ასოციაციის წესდება, მუხ.3).
4. „ადვოკატთა შესახებ“ კანონი იმის საშუალებასაც იძლევა, რომ საერთო ინტერესების საფუძველზე შეიქმნას დამოუკიდებელი საადვოკატო გაერთიანებები. კანონის მე-18 მუხლით („საადვოკატო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა“), „ადვოკატს უფლება აქვს საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად ინდივიდუალურად, სხვა ადვოკატებთან ან სხვა პირებთან ერთად შექმნას საადვოკატო ბიურო (ოფისი, კანტორა, იურიდიული ფირმა და ა. შ.) ამხანაგობის ან იმ სამეწარმეო იურიდიული პირის სახით, რომელშიც არანაკლებ 1 პარტნიორის პასუხისმგებლობა არ არის შეზღუდული“ (პუნქტ.1); „საადვოკატო ბიუროს ორგანიზებისა და მუშაობის წესს და სტრუქტურას განსაზღვრავს ბიურო“ (პუნქტ.3).
ამგვარად, მოსარჩელეებს ორგანიზაციის მოცემული ფორმის შიგნითაც აქვთ საერთო ინტერესებით გაერთიანების შესაძლებლობა დამოუკიდებელი საადვოკატო ბიუროების შექმნის საფუძველზე. აქედან ჩანს, რომ საჯარო-სამართლებრივ ორგანიზაციაში სავალდებულო გაწევრიანების შედეგად ადვოკატებს არ ერთმევათ საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნისა და მათში გაერთიანების კონსტიტუციური უფლება.
საქმეებში, სადაც ევროპულმა სასამართლომ სავალდებულო წევრობა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევად არ მიიჩნია, იქვე განმარტა, რომ „საჯარო სამართლის ორგანიზაციის შექმნა არ უნდა განხორციელდეს კერძო უფლების ხარჯზე, ანუ ამ პროფესიის ადამიანებს უნდა შეეძლოთ სხვა გაერთიანების შექმნა თავიანთი ინტერესებისა და ხელისუფლების მიერ შექმნილი გაერთიანებისაგან განსხვავებული პერსპექტივების უზრუნველსაყოფად“. საქმეში „ლე კონტი, ვან ლევენი და დე მეიერი ბელგიის წინააღმდეგ“ სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად მედიცინის მუშაკების ვალდებულებისა – ყოფილიყვნენ საჯარო გაერთიანების წევრები, ისინი ამავე დროს სარგებლობდნენ სრული თავისუფლებით შეექმნათ კერძო გაერთიანება ან გაერთიანებულიყვნენ მასში თავისი ინტერესების დასაცავად. ბელგიაში არსებობდა ისეთი გაერთიანებები, რომლებიც შექმნილი იყო მედიცინის მუშაკთა ინტერესების დასაცავად. ამდენად, მოცემულ საქმეში კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
მაშასადამე, სადავო ნორმების შეფასებისას მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ადვოკატებს, როგორც გარკვეული პროფესიის მქონე პირებს, აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაერთიანების უფლებით. სპეციალისტ რ. მიგრიაულის აზრითაც, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, როგორც საჯარო ფუნქციის მატარებელ ორგანიზაციაში გაწევრიანება არ ართმევს ადვოკატებს უფლებას, შექმნან კოლექტიური ინტერესის მატარებელი საზოგადოებრივი გაერთიანებები, მაგალითად ადვოკატთა კლუბები“.
ანალოგიურად არის აგრეთვე მოწესრიგებული ნოტარიუსების საკითხი. „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ნოტარიუსებს, რომელთა წევრობაც ნოტარიუსთა პალატაში სავალდებულოა, უფლებას ანიჭებს ნებაყოფლობით საწყისებზე გაწევრიანდნენ ნოტარიუსთა სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებში.
5. ყოველივე ზემოაღნიშნული იძლევა მყარ საფუძველს ითქვას, რომ საქმის არსებითად განხილვის შედეგად არ დასტურდება მოსარჩელეთა განცხადება სადავო ნორმებით საზოგადოებრივ გაერთიანებათა შექმნისა და მათში გაერთიანების კონსტიტუციური უფლების დარღვევის თაობაზე. როგორც ირკვევა, კონსტიტუციის ფარგლებში სახელმწიფოს შეუძლია კანონით შექმნას ადვოკატთა გაერთიანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით _ სავალდებულო წევრობის დაწესებით და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, მის საქმიანობაზე მკაცრი სახელმწიფო კონტროლის გაუვრცელებლობის პირობით.
ამასთან ერთად, აღნიშნული გარემოება, სასამართლო კოლეგიის აზრით, არ გამორიცხავს იმის ლეგიტიმურ შესაძლებლობას, რომ მომავალში, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფომ როგორც ქართული გამოცდილების, ისე შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებითა და სათანადო საკანონმდებლო მოწესრიგებით, ადვოკატთა გაერთიანება მოაწყოს სხვაგვარ ორგანიზაციულ-სამართლებრივ საწყისებზეც, კერძოდ კი _ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში.
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. უარყოფილი იქნეს საქართველოს მოქალაქეების _ გიორგი ვაჭარაძის, არტურ კაზაროვის, ლევან ჩხეიძის, გიორგი ბერიშვილის, შორენა ოსკოპელისა და ნინო არჩვაძის 323-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონის (ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები _ „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ და (ბ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები - „საჯარო სამართლის“;
2. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
4. ამ გადაწყვეტილების ასლები გაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
5. გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე)
ვახტანგ გვარამია
იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე)
ნიკოლოზ შაშკინი