საქართველოს მოქალაქეები - შოთა ბერიძე, ნადეჟდა მელიქიშვილი, ასმათ სირბილაძე და სხვები (სულ 64 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1\5\392 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 31 ივლისი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესარიონ ზოიძე - სხდომის თავმჯდომარე;
ვახტანგ გვარამია;
იაკობ ფუტკარაძე;
ნიკოლოზ შაშკინი - მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - შოთა ბერიძე, ნადეჟდა მელიქიშვილი, ასმათ სირბილაძე და სხვები (სულ 64 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე, 31-ე, 38-ე და 39-ე მუხლებთან მიმართებით „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტში სიტყვები - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე“.
საქმის განხილვის მონაწილენი: შოთა ბერიძე, იზოლდა სუპატაშვილი, ეგირ ჩიხლაძე, აგრეთვე სხვა მოსარჩელეები და მათი წარმომადგენელი დავით ჯალაბაძე; მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებში წარმომადგენლობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი მარინე რობაქიძე და ამავე განყოფილების მოწვეული სპეციალისტი ლევან კასრაძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2006 წლის 28 ივნისს გადმოეცა საქართველოს მოქალაქეების - შოთა ბერიძის, ნადეჟდა მელიქიშვილის, ასმათ სირბილაძისა და სხვების (სულ 64 მოსარჩელე) 392-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2006 წლის 19 ივლისს.
კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-15 მუხლის საფუძველზე.
სადავო აქტით - „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია, რომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვების და საყოფაცხოვრებო მომსახურების პროფილის მცირე საწარმოების პრივატიზება განხორციელდეს ამ საწარმოებში დასაქმებულ პირებზე პირდაპირი მიყიდვის წესით. ეს წესი გავრცელდეს იმ მცირე საწარმოებზე, რომელთა საბალანსო ღირებულება არ აღემატება 100 ათას ლარს. აღნიშნული მცირე საწარმოების გასაყიდი ფასი განისაზღვროს პრივატიზაციის დღისათვის არსებული საბალანსო ღირებულების და ამ კანონის მიღების დროს მოქმედი ზონალური კოეფიციენტის მიხედვით. პირდაპირი მიყიდვის წესით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული ობიექტების პრივატიზება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“. მოსარჩელეთა აზრით, მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღნიშნული წესის გავრცელება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე, 31-ე, 38-ე და 39-ე მუხლებს. სადავო პუნქტი მოიცავს საქართველოს მხოლოდ ერთ კონკრეტულ რეგიონს და არ ვრცელდება დანარჩენ ტერიტორიაზე არსებულ ანალოგიურ საწარმოებზე და მათში დასაქმებულ პირებზე, რომლებიც ისეთივე სრულუფლებიანი არიან, როგორც აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.
მოსარჩელეები პრინციპულად მხარს უჭერენ მცირე საწარმოთა პრივატიზების პროცესში შრომითი კოლექტივებისათვის გარკვეული შეღავათებისა და პრივილეგიების დაწესებას. მათ ამ საკითხის კანონმდებლობით მოწესრიგება მიაჩნიათ წინგადაგმულ ნაბიჯად, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუკი ეს თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის დაცვით განხორციელდება - არამარტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, არამედ მთელ საქართველოზე გავრცელდება და ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობაც ჩაყენებული იქნება თანასწორ მდგომარეობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვისათვის მიღებას, რათა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე, 31-ე, 38-ე და 39-ე მუხლებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის პირველი წინადადების დასაწყისი სიტყვები - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული მასალების, მოსარჩელეთა და მათი წარმომადგენლის, აგრეთვე მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო გარემოებანი.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ მოსარჩელეებმა და მათმა წარმომადგენლებმა ვერ დაასაბუთეს სადავო ნორმის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, 38-ე და 39-ე მუხლებთან. სხვა მხრივ კი კონსტიტუციურ სარჩელში ძირითადად დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუქნტების მოთხოვნები. მოსარჩელეები საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტებია. სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია. არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლში აღნიშნული გარემოებანი, რომელთა გამოც კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებული იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების - შოთა ბერიძის, ნადეჟდა მელიქიშვილის, ასმათ სირბილაძისა და სხვების (სულ 64 მოსარჩელის) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 31-ე მუხლებთან მიმართებით „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტში სიტყვები - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე“;
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
3. საქმის არსებითად განხილვის თაობაზე მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ბ. ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე)
ვ .გვარამია
ი. ფუტკარაძე
ნ. შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე)
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი ი. ფუტკარაძე