საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/4/423 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, |
თარიღი | 6 დეკემბერი 2007 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე - სხდომის თავმჯდომარე
ოთარ სიჭინავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე
ჯონი ხეცურიანი - წევრი
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების, „თუ დაავადება გამოიწვია საპატიმრო ადგილებში დაპატიმრებულის ყოფნის რეჟიმის დარღვევამ“, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 11 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №423) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციით, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის, 2007 წლის 18 აპრილს კონსტიტუციური სარჩელი გადმოეცა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს, „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტს, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტს.
3. საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 ნაწილი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტს და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს. გასაჩივრებული ნორმა ითვალისწინებს უკანონოდ დაპატიმრებული პირისათვის ზიანის ანაზღაურებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაავადება გამოიწვია საპატიმრო ადგილებში დაპატიმრებულის ყოფნის რეჟიმის დარღვევამ. ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მითითებულ ნორმებს, რომელთა შესაბამისად, უკანონოდ დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღებისა და მიყენებული ზარალის სრული ანაზღაურების უფლება. საქართველოს სახალხო დამცველი თავისი პოზიციის გასამყარებლად იშველიებს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-5 მუხლსა და „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის“ მე-9 მუხლის მე-5 პუნქტს, რომლებიც კომპენსაციის საკითხს შეეხება.
4. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2007 წლის 3 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის, მასზე თანდართული დოკუმენტებისა და სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებათა საფუძველზე, გამოარკვია №423 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებანი.
II
როგორც კონსტიტუციური სარჩელიდან, მასზე დართული დოკუმენტებიდან და მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებიდან ირკვევა, №423 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს. არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც მისცემდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველს.
III
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და 21-ე მუხლის პირველი პუნქტით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. მიღებული იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №423 (საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების, „თუ დაავადება გამოიწვია საპატიმრო ადგილებში დაპატიმრებულის ყოფნის რეჟიმის დარღვევამ“, კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ჯონი ხეცურიანი