საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/3/423 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, |
თარიღი | 7 დეკემბერი 2009 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
ჯონი ხეცურიანი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „თუ დაავადება გამოიწვია საპატიმრო ადგილებში დაპატიმრებულის ყოფნის რეჟიმის დარღვევამ“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები თამარ ჭარბაძე, ვახტანგ მენაბდე და გიორგი მშვენიერაძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი ბათარ ჩანქსელიანი.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 11 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №423) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ 2007 წლის 18 აპრილს №423 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის განხილვა-გადაწყვეტისათვის გადმოსცა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ №423 კონსტიტუციური სარჩელი მიიღო არსებითად განსახილველად 2007 წლის 6 დეკემბრის №2/4/423 საოქმო ჩანაწერით.
2. დავის საგანია სიტყვები „თუ დაავადება გამოიწვია საპატიმრო ადგილებში დაპატიმრებულის ყოფნის რეჟიმის დარღვევამ“. სადავო ნორმა განთავსებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165-ე მუხლის (უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება) მე-2 ნაწილში.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ №423 კონსტიტუციური სარჩელი ზეპირი მოსმენით არსებითად განიხილა 2009 წლის 15, 16 და 17 სექტემბრის ღია სასამართლო სხდომებზე.
4. მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებულია პირის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება. კომპენსაციის ფარგლებს ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომლითაც გარანტირებულია სახელმწიფო ორგანოების მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სრული ანაზღაურება.
5. მოსარჩელე მხარე მიუთითებს საერთაშორისო აქტებზე, რომლებითაც გარანტირებულია კომპენსაციის მიღება პირის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების უკანონოდ შეზღუდვის შემთხვევაში. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით, „ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.“ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი, ასევე, აღიარებს კომპენსაციის უფლებას: „თითოეულს, ვინც უკანონოდ დაპატიმრებისა თუ პატიმრობაში აყვანის მსხვერპლი გახდა, აქვს კომპენსაციის უფლება, რომელსაც სარჩელის ძალა ენიჭება.“
6. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165-ე მუხლი არ ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც ხდება პირის „ცდომილებით დაპატიმრება“. ამ ტერმინში მოსარჩელე მხარე მოიაზრებს შემთხვევას, როდესაც პირის მიმართ საგამოძიებო ორგანოს ჰქონდა შეკრებილი მტკიცებულებები, არსებობდა პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების საფუძვლები, თუმცა საბოლოოდ, პირი გამართლდა. 165-ე მუხლი შეეხება ისეთ სიტუაციას, როდესაც დაირღვა თავად დაპატიმრების წესი, არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების სახით მისი გამოყენების საფუძვლები.
7. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმას და 165-ე მუხლს მიჯნავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სხვა მუხლებისაგან, რომლებიც ზიანის ანაზღაურების საკითხებს აწესრიგებს. ის ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარეს, უკანონო დაპატიმრების შემთხვევაში, სადავოდ არ გაუხდია პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოპასუხე მხარე ეჭვქვეშ არ აყენებს კომპენსაციის ფარგლებსაც, თუმცა ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძვლად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 224-ე მუხლს მიიჩნევს. მოსარჩელე მხარის აზრით, 224-ე მუხლი და ზოგადად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXVIII თავი იცავს პირებს, რომელთა დაპატიმრების კანონიერება სადავო აღარაა.
8. მოსარჩელე მხარე ერთმანეთისაგან განასხვავებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165-ე და 221-ე მუხლებს. 221-ე მუხლი არის ზოგადი ნორმა, რომელიც შეეხება საპროცესო ორგანოების მიერ ნებისმიერი უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედებით პირისათვის მიყენებულ ზიანს. 221-ე მუხლი არ უკავშირებს კომპენსაციის საკითხს მხოლოდ დაპატიმრებას. შესაძლოა, პირი იყოს უკანონოდ მსჯავრდებული ან ბრალდებული დაპატიმრების გარეშე, მაგრამ ამ მუხლის შესაბამისად, მას მაინც აქვს კომპენსაციის მიღების უფლება. გარდა ამ ზოგადი ნორმისა, არსებობს სპეციალური ნორმებიც, მათ შორის 165-ე მუხლი.
9. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტრუქტურა, მოსარჩელე მხარის აზრით, იმგვარად არის აგებული, რომ საპროცესო მოქმედების მარეგულირებელ ნორმებზე არის მიბმული ის ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა მოხდეს შესაბამისი საპროცესო მოქმედებით დარღვეული უფლებების აღდგენა. მოსარჩელე მხარე პარალელს ავლებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 150-ე მუხლთან, რომელიც არეგულირებს კომპენსაციის საკითხს უკანონო ან დაუსაბუთებელი დაკავებისას. ამ მუხლის მსგავსად, 165-ე მუხლი უკავშირდება აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენებას და ადგენს ზიანის ანაზღაურებას უკანონო დაპატიმრების შემთხვევაში. საკუთრივ, დაკავების მოხსენიებას 165-ე მუხლის პირველ ნაწილში მოსარჩელე მხარე ხსნის ტექნიკური ხარვეზით. შესაძლოა, ეს ტერმინი გულისხმობდეს ბრალდებულად პირის დაკავებასაც.
10. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა საშუალებას იძლევა, რომ უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრებისას პირისათვის მიყენებული ფიზიკური ზიანის სრულად ანაზღაურება არ მოხდეს. ფიზიკური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გამოწვეულია საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის რეჟიმის დარღვევით. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს სახელმწიფო მოსამსახურეთა მიერ პირისათვის მიყენებული ზიანის სრულად კომპენსირებასთან დაკავშირებით.
11. მოსარჩელე მხარის განცხადებით, დაპატიმრებული პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება, რეჟიმის დარღვევის გარეშე, შესაძლოა ისეთმა გარემოებებმაც გამოიწვიოს, რაც პირდაპირაა დაკავშირებული საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნასთან. მაგალითისათვის, უკანონოდ დაპატიმრებული პირი შეიძლება დაავადდეს გულსისხლძარღვთა, ნერვიული ან სასუნთქი გზების დაავადებებით ან მოხდეს ამ დაავადებების გამწვავება, თუნდაც დახურულ სივრცეში ყოფნის გამო. ამგვარ შემთხვევებში პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს ფიზიკური ზიანის ანაზღაურება. იგნორირებულია მიზეზშედეგობრივი კავშირი უკანონო პატიმრობასა და დაავადების წარმოშობას ან გართულებას შორის.
12. მოპასუხე მხარის მოსაზრებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით ფიზიკურ პირს კომპენსაციის უფლება აქვს მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში – თუ დაირღვა ამავე მუხლის სხვა ნორმები და მოხდა მისი უკანონო დაპატიმრება ან დაკავება. ამ კონსტიტუციური ნორმის მოქმედების არეალში არ ხვდება პირის პატიმრობაში ყოფნის ეტაპი, რომელსაც სადავო ნორმა შეეხება.
13. მოპასუხე მხარე თვლის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 ნაწილი პირისათვის არც დადებითად და არც უარყოფითად არ მოქმედებს დაკავებისა თუ დაპატიმრების ეტაპზე. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ სადავო ნორმა პირს ართმევს კომპენსაციის მიღების უფლებას, როდესაც მის მიმართ განხორციელდა უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრება, უსაფუძვლოა.
14. მოპასუხე მხარე დარწმუნებულია, რომ სადავო ნორმის მისეული განმარტება მართებულია, მიუხედავად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165-ე მუხლის სათაურისა - „უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება“. მას მოაქვს ციტატა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის №1/5/323 გადაწყვეტილებიდან საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი ვაჭარაძე, არტურ კაზაროვი, ლევან ჩხეიძე, გიორგი ბერიშვილი, შორენა ოსკოპელი და ნინო არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“: „დასახელება ან სათაური ყოველთვის არ განსაზღვრავს საგნის შინაარსს.“ 165-ე მუხლის სათაურისა და სადავო ნორმის შინაარსის განსხვავებას მოპასუხე მხარე საკანონმდებლო ხარვეზით ხსნის. საკანონმდებლო ხარვეზი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 9 ივლისის №2/3/250-269 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის თავმჯდომარე თემურ ჟორჟოლიანი და იგორ გიორგაძის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), არ წარმოადგენს ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველს.
15. 165-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსს, მოპასუხე მხარის აზრით, სადავო ნორმით გათვალისწინებული დათქმა განსაზღვრავს. ის ტექნიკურად მიიჩნევს იმ საკითხს, რომ სადავო ნორმა, მისი შინაარსის განმარტების მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსიის გაზიარების შემთხვევაში, ერთიანი კონტექსტიდან ამოვარდნილია.
16. მოპასუხე მხარე არ დავობს, რომ უკანონოდ დაპატიმრების შემთხვევაში, პირს ფიზიკური ზიანი შეიძლება მიაყენოს თუნდაც ფსიქოლოგიურმა დამოკიდებულებამ დაპატიმრებისადმი და არა მხოლოდ დაპატიმრებულის ყოფნის რეჟიმის დარღვევამ. მისი პოზიციით, ამ შემთხვევაში, ფიზიკური ზიანი სრულად უნდა ანაზღაურდეს და ეს განხორციელდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXVIII თავის (რეაბილიტაცია და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება) მიხედვით.
17. მოპასუხე მხარე მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 221-ე და 222-ე მუხლებზე. 221-ე მუხლის შესაბამისად, საქმის შედეგის მიუხედავად, უნდა ანაზღაურდეს ზიანი რომელიც პირს მიადგა სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების, მათ შორის, დაპატიმრების შედეგად. 222-ე მუხლის პირველი ნაწილი კი უზრუნველყოფს, რომ რეაბილიტაციის დროს სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას ყველა გადასახდელი გადაიხდევინება ამ ორგანოების თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
18. მოპასუხე მხარემ გამიჯნა 165-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 224-ე მუხლი. 165-ე მუხლის მე-2 ნაწილში საუბარია დაპატიმრებულის ყოფნის რეჟიმის დარღვევის გამო მიყენებული ფიზიკური ზიანის ანაზღაურების საკითხებზე, 224-ე მუხლი კი შეეხება უკანონო და დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედების შედეგად რეაბილიტირებულისა და დაზარალებულისათვის მიყენებული ფიზიკური ზიანის ანაზღაურებას. 165-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ზიანის მიმყენებელი სუბიექტები არიან შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულებები და მათი მოსამსახურეები. 224-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფიზიკური ზიანის მიყენება ხდება სისხლის სამართლის პროცესის ორგანოებისა და მათი მოსამსახურეების მიერ. აქედან გამომდინარე, 224-ე მუხლი არ ვრცელდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათი მოსამსახურეების მიერ მიყენებულ ფიზიკურ ზიანზე. გარდა ამისა, 165-ე მუხლის მე-2 ნაწილი შეეხება მხოლოდ დაპატიმრების საკითხებს, ხოლო 224-ე მუხლი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXVIII თავის სხვა მუხლები შეეხება სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების მიერ განხორციელებულ სხვა საპროცესო მოქმედებებსაც.
19. საქართველოს კონსტიტუცია ადგენს სახელმწიფოს მხრიდან პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ სახელმწიფო უკანონო ქმედებას განახორციელებს. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ანალოგიურად წყვეტს ზიანის ანაზღაურების საკითხს 165-ე მუხლის მე-2 ნაწილიც, რომელიც გულისხმობს, რომ პირი კომპენსაციას მიიღებს სახელმწიფოს მიერ დაპატიმრებულის ყოფნის რეჟიმის დამდგენი ნორმების უგულებელყოფისას. ამდენად, სადავო ნორმა შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და მისი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
II
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობის საკითხი დასმულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. მხარეების პოზიციები სახელმწიფო ორგანოთა უკანონო მოქმედებით პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან და ანაზღაურების ფარგლებთან დაკავშირებით არ განსხვავდება. მიუხედავად ამისა, კოლეგიას აუცილებლად მიაჩნია, სადავო ნორმის კონსტიტუციურსამართლებრივი შეფასების მიზნით, განიმარტოს საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
2. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში საუბარია, ზოგადად, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ მიყენებულ ზიანზე. ამ ნორმით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტი სახელმწიფო ორგანოებისა და მოსამსახურეთა უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ შემთხვევას შეეხება. ეს ნორმა, 42-ე მუხლის მე-9 პუნქტისაგან განსხვავებით, მისი შინაარსიდან გამომდინარე, ვრცელდება მხოლოდ უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ ფიზიკურ პირებზე, რადგანაც შეუძლებელია იურიდიული პირის დაკავება ან დაპატიმრება.
4. უკანონოდ დაკავების ან დაპატიმრებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხის გამოყოფა მე-18 მუხლის მე-7 პუნქტში უკავშირდება ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უდიდეს მნიშვნელობას. საკონსტიტუციო სასამართლომ 2009 წლის 6 აპრილის №2/1/415 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ხაზი გაუსვა ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების განსაკუთრებულ ადგილს ადამიანის უფლებათა სისტემაში (II-1), ამ უფლებაში ჩარევის სიმძიმეს სხვა უფლებებში ჩარევასთან შედარებით (II-2) და კონსტიტუციურსამართლებრივი შემოწმების სიმკაცრის მაღალ ხარისხს (II-6). სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებისას კოლეგია ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით ჩამოყალიბებულ მიდგომას.
5. მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის ტექსტი პირდაპირ არ ითვალისწინებს უკანონოდ დაკავებული ან დაპატიმრებული პირისათვის სამართლებრივი დაცვის საშუალებებს და კომპენსაციის მასშტაბებს, თუმცა კონსტიტუციის ამ ნორმაში იგულისხმება აღნიშნული მოთხოვნები. მე-18 მუხლის მე-7 პუნქტი მჭიდრო კავშირშია 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან, რომელიც ერთგვარად ავსებს მასში გადმოცემულ საკითხებს სამართლებრივი დაცვის საშუალებებთან და ზიანის ანაზღაურების სისრულესთან დაკავშირებული მოთხოვნებით.
6. საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს ადამიანს და მის უფლებებს, როგორც უმაღლეს ფასეულობას. ფასეულობათა კონსტიტუციური სისტემა დაფუძნებულია ძირითადი უფლებების პრიორიტეტსა და პატივისცემაზე, რაშიც ვერ თავსდება მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის ვიწრო ინტერპრეტაცია. საქართველოს კონსტიტუცის ნორმები არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ სახელმწიფომ მთლიანად ან ნაწილობრივ მოიხსნას პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევისას და დაზარალებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა.
7. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტითა და მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების წინაპირობაა არა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მხრიდან უკანონო მოქმედების ფაქტი, არამედ ამავდროულად ის გარემოებაც, რომ უკანონო მოქმედებით, მათ შორის დაპატიმრებით, პირს მიადგა მატერიალური ან არამატერიალური ზიანი. სახელმწიფო ორგანოთა და თანამდებობის პირთა უკანონო მოქმედებასა და პირისათვის მიყენებულ ზიანს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ზიანის სრული კომპენსირება.
8. კოლეგიას, მოპასუხე მხარის პოზიციისაგან განსხვავებით, მიაჩნია, რომ მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული „უკანონოდ დაპატიმრებული პირი“ არ გულისხმობს მხოლოდ იმ პირს, ვისი დაპატიმრებაც განხორციელდა საქართველოს კონსტიტუციის მხოლოდ ამავე მუხლის სხვა მოთხოვნების დარღვევით. „უკანონოდ დაპატიმრებაში“, თავისთავად, იგულისხმება საქართველოს კონსტიტუციის ნორმების დარღვევაც პირის დაპატიმრებისას, თუმცა კანონით დაპატიმრებისათვის წაყენებული მოთხოვნები გაცილებით ფართოა, ვიდრე ამას კონსტიტუცია ადგენს. პირს მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით მინიჭებული კომპენსაციის უფლება აქვს მისი დაპატიმრებისას ზოგადად კანონის და არა მხოლოდ უზენაესი კანონის – კონსტიტუციის ნორმების დარღვევისას. საქმეს არ ცვლის საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადებაც, რომელიც ითვალისწინებს, რომ „ამ [მე-18] მუხლის დარღვევა ისჯება კანონით“. მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადება შეეხება ამავე მუხლის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართ შესაბამისი სანქციების გამოყენებას. ეს ნორმა არ უკავშირდება უკანონო დაკავებისას ან დაპატიმრებისას ზიანის ანაზღაურებას და მისი ფორმულირების გამოყენება კომპენსაციის საკითხთან მიმართებით არ არის მართებული.
9. კოლეგია მართებულად არ თვლის ზემოაღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას მოპასუხე მხარის აპელირებას საერთაშორისო გამოცდილებაზე, რისი ანალიზიც განსხვავებულ შედეგს იძლევა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტისაგან განსხვავებით, მიუთითებს, რომ კომპენსაციის მიღების უფლება აქვს ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ [მე-5] მუხლის დებულებათა დარღვევის გამო. შესაბამისია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც. მაგალითად, საქმეზე „ბენამი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ სასამართლომ განაცხადა, რომ კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს კომპენსაციაზე სასამართლოში განსჯად უფლებას მხოლოდ მათთვის, ვინც გახდა მე-5 მუხლის დებულებების დარღვევით დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი.
10. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტისაგან განსხვავებით, კომპენსაციის მიღების უფლებას ანიჭებს ყველას, ვინც უკანონოდ დაპატიმრების მსხვერპლი გახდა. ადამიანის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის უკანონოა, როგორც თვით მე-9 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, ისე ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულვებელყოფით განხორციელებული დაკავება და დაპატიმრება (ა. ავსტრალიის წინააღმდეგ, კომუნიკაცია #560/1993, 1997 წლის 30 აპრილი, $9.5). აქედან გამომდინარე, მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება შიდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელებული დაპატიმრებისას მიყენებული ზიანიც.
11. პრინციპული წინააღმდეგობა მხარეების პოზიციებს შორის გამოიხატება სადავო ნორმის შინაარსის განსხვავებულ ინტერპრეტაციაში. რომელიმე მხარის ცალკე აღებული ვერსიის გაზიარება კონსტიტუციურსამართლებრივი შემოწმების განსხვავებულ შედეგებამდე მიიყვანს საკონსტიტუციო სასამართლოს. მოპასუხე მხარის პოზიცია გამორიცხავს სადავო ნორმის შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით. თუ გასაჩივრებული ნორმა, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არ შეეხება უკანონო დაკავებას ან დაპატიმრებას, მაშინ შეუძლებელია მისი შემოწმება მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის მასშტაბების მიხედვით.
12. კოლეგია ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ 165-ე მუხლის მე-2 ნაწილში საკანონმდებლო ხარვეზთან გვაქვს საქმე. ამ ნორმის შინაარსი ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ. პირველი ნაწილი შეეხება ფიზიკური ზიანის ანაზღაურების ფორმას და მიზანს, რომლის თანახმად, „ფიზიკური ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ თანხის გადახდით, მკურნალობის ხარჯების, შრომისუნარიანობის დაკარგვის ან დაქვეითების საკომპენსაციოდ,...“. ამ ნაწილს მოჰყვება სადავო ნორმა, რომელიც ადგენს ზიანის ანაზღაურების პირობას და აშკარად დათქმის ფორმა აქვს: „...თუ დაავადება გამოიწვია საპატიმრო ადგილებში დაპატიმრებულის ყოფნის რეჟიმის დარღვევამ“. ეს დათქმა, კოლეგიის აზრით, განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც უნდა განხორციელდეს ფიზიკური ზიანის ანაზღაურება. სხვა გონივრული ინტერპრეტაციის საშუალებას ნორმის შინაარსი არ იძლევა.
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165-ე მუხლის სათაურია „უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება“, რაც ასახავს მის შინაარსს. ამ მუხლის პირველ ნაწილში საუბარია ქონებრივ ზიანზე, მე-2 ნაწილში - ფიზიკურ, ხოლო მე-3 ნაწილში კი - მორალურ ზიანზე, ანუ გარკვეული თანამიმდევრობით მოცულია უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრებით მიყენებული ზიანის ყველა შესაძლო შემთხვევა. კოლეგია საფუძველს მოკლებულად თვლის მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ კანონმდებელმა ამ მუხლით განსაზღვრული ლოგიკური და თანმიმდევრული შინაარსობრივი ჯაჭვი დაარღვია და მე-2 ნაწილში ადგილი მიუჩინა ნორმას, რომელიც შეეხება არა უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრებით, არამედ სხვაგვარად მიყენებულ ზიანს. ამ მოსაზრებას განამტკიცებს ისიც, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XX თავი, სადაც 165-ე მუხლია განთავსებული, აღკვეთის ღონისძიებებს, მათ შორის, დაპატიმრებას შეეხება. 165-ე მუხლი ლოგიკურად ასრულებს დაპატიმრებასთან დაკავშირებული მუხლების რიგს – მუხლი 159 (დაპატიმრება), მუხლი 160 (აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების შერჩევის წესი), მუხლი 161 (გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს მითითება პატიმრობაში ყოფნის პირობების შესახებ), მუხლი 162 (პატიმრობის ვადა), მუხლი 163 (პატიმრობის ვადის გაგრძელების წესი), მუხლი 164 (პატიმრობიდან გათავისუფლება), მუხლი 165 (უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება).
14. მოპასუხე მხარე აპელირებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის №1/5/323 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი ვაჭარაძე, არტურ კაზაროვი, ლევან ჩხეიძე, გიორგი ბერიშვილი, შორენა ოსკოპელი და ნინო არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. მას მოჰყავს ციტატა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან „დასახელება ან სათაური ყოველთვის არ განსაზღვრავს საგნის შინაარსს.“ ეს არის სპეციალისტის მიერ გამოთქმული აზრი, რომელიც გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლომ, მაგრამ ეს მოსაზრება გამოითქვა მუხლის სათაურისა და შინაარსის მიმართებისაგან განსხვავებულ კონტექსტში. №1/5/323 გადაწყვეტილების ამ ნაწილში საუბარია იმაზე, რომ თავისი სახელწოდების მიუხედავად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არ უნდა იქნეს გაიგივებული იმ ასოციაციებთან, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. რაც შეეხება ნორმატიული აქტის მუხლის სათაურის მიმართებას მის შინაარსთან, კოლეგიის აზრით, ის უნდა ასახავდეს მუხლის შინაარსის ძირითად მხარეებს მაინც. მუხლის შინაარსი არის მისი სათაურის განმსაზღვრელი და არა პირიქით. კოლეგია უშვებს შესაძლებლობას, რომ მუხლის სათაურმა ბოლომდე ვერ გაითვალისწინოს მისი შინაარსის ესათუის ნიუანსი, მაგრამ ეს აშკარად არ შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165-ე მუხლის სათაურისა და შინაარსის ურთიერთმიმართებას. ნათელია, რომ მთლიანად ეს მუხლი და კონკრეტულად მისი მე-2 ნაწილი არეგულირებს უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. მკაფიო არის 165-ე მუხლისა და სადავო ნორმის მიზანიც – უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგება.
15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, გარდა 165-ე მუხლისა, არის სხვა ნორმებიც, რომლებიც ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას. მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ სწორედ ამ ნორმების, კონკრეტულად კი - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXVIII თავის (რეაბილიტაცია და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება) და ამ თავში შემავალი მუხლების საფუძველზე უნდა განხორციელდეს უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ფიზიკური ზიანის ანაზღაურება. კოლეგიის აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვრცელდება თუ არა XXVIII თავის იმ მუხლების მოქმედება, რომლებზეც მიუთითებდა მოპასუხე მხარე, მხოლოდ იმ პირებზე, რომელთა მიმართ არსებობს რეაბილიტაციის საფუძველი, თუ მოქმედების სფერო პირთა წრის მიხედვით ფართოა და მოიცავს იმ პირებსაც, ვინც უკანონოდ იქნა დაპატიმრებული, მაგრამ მის მიმართ არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლით გათვალისწინებული რეაბილიტაციის საფუძვლები. პირველ შემთხვევაში, საერთოდ, უადგილო იქნებოდა 165-ე მუხლსა და XXVIII თავის ნორმებს შორის პარალელების გავლება. მეორე შემთხვევაში კი - 165-ე მუხლი, რომელიც შეეხება კონკრეტულად უკანონო დაპატიმრებას, იქნება სპეციალური ნორმა 221-ე, 222-ე და 224-ე მუხლების მიმართ, რომლებიც შეეხება, ზოგადად, უკანონო ან დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედებით მიყენებულ ზიანს. მით უმეტეს, რომ 165-ე მუხლში ყურადღება არის გამახვილებული დაპატიმრების წესის ერთერთ ელემენტზე – დაპატიმრების საფუძლიანობასა და კანონიერებაზე.
16. უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მსგავსად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი XIX თავში (დაკავება) არეგულირებს უკანონო ან დაუსაბუთებელი დაკავებისას ზიანის ანაზღაურების საკითხებს. კოლეგიის აზრით, უკანონო ან დაუსაბუთებელი დაკავების ან დაპატიმრებისას ზიანის ანაზღაურების განცალკევებული მოწესრიგება გამოწვეულია იმით, რომ ამ დროს ხდება ისეთი მნიშვნელოვანი სიკეთის ხელყოფა, როგორიცაა ადამიანის თავისუფლება. ლოგიკურია, რომ კანონმდებელმა მიიღო დაკავებისა და დაპატიმრების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად გამოყენების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების სპეციალური რეგულირება.
17. ჩატარებული სამართლებრივი ანალიზის შედეგად, კოლეგია მიდის იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სადავო ნორმის ჩათვლით, აწესრიგებს უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრებით პირისათვის მიყენებული ფიზიკური ზიანის ანაზღაურების საკითხებს და პრაქტიკაში ის არის დამოუკიდებლად გამოყენებადი სწორედ ამ და არა სხვა ურთიერთობების მიმართ. ამდენად, სადავო ნორმა ექვემდებარება კონსტიტუციურსამართლებრივ შემოწმებას როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტთან, ასევე, 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
18. სადავო ნორმა ავიწროვებს იმ სუბიექტთა წრეს, რომლებსაც აქვთ უფლება მოითხოვონ და მიიღონ უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ფიზიკური ზიანის ანაზღაურება. ამ პირთა წრიდან გასაჩივრებული ნორმა გამოჰყოფს მათ, ვინც დაავადდა საპატიმრო ადგილებში დაპატიმრებულის ყოფნის რეჟიმის დარღვევის გამო. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტს, რომელიც ადგენს ყველა უკანონოდ დაპატიმრებული პირისათვის, გამონაკლისის გარეშე, კომპენსაციის უფლებას. სადავო ნორმა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტსაც, სადაც გარკვევით არის აღნიშნული, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთაგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება ყველასათვის არის გარანტირებული. რაიმე გამონაკლისი ძირითადი უფლების სუბიექტთა მხრივ ამ ნორმითაც გამორიცხულია.
19. არაკონსტიტუციურად ავიწროვებს რა ძირითადი უფლების სუბიექტთა წრეს, სადავო ნორმა ამ წრის გარეთ დარჩენილ პირებს ართმევს არა მხოლოდ უფლებას კომპენსაციაზე, არამედ ამ უფლების სამართლებრივი დაცვის საშუალებასაც. გასაჩივრებული ნორმა ამ კუთხითაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 და 42-ე მუხლების შესაბამის მოთხოვნებს.
20. საქართველოს კონსტიტუცია არ უშვებს ისეთი საგამონაკლისო შემთხვევების დადგენას, როდესაც უკანონო დაპატიმრებით ან სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა ნებისმიერი სხვა უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება. სადავო ნორმიდან გამომდინარე, ფიზიკური ზიანი არ ანაზღაურდება იმ დროს, როდესაც მართალია, არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირი უკანონო ან დაუსაბუთებელ დაპატიმრებასა და პირის დაავადებას შორის, მაგრამ არ მომხდარა საპატიმრო ადგილებში დაპატიმრებულის ყოფნის რეჟიმის დარღვევა. აქვე ხაზგასასმელია, მხარეების პოზიციების თანხვედრა იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრებისას პირს ფიზიკური ზიანი შესაძლოა მიაყენოს არა მხოლოდ რეჟიმის დარღვევამ. დაპატიმრება არ არის ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ის დაკავშირებულია გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან და სტრესთან, მით უმეტეს, თუ დაპატიმრებას უკანონო ან დაუსაბუთებელი ხასიათი აქვს. თავის მხრივ, ყოველივე ეს შესაძლოა აისახოს დაპატიმრებული პირის ჯანმრთელობაზე, გამოიწვიოს დაავადების წარმოშობა ან უკვე არსებულის გართულება. ფიზიკური ზიანი შესაძლოა გამოიწვიოს პირის ყოფნამ საპატიმრო დაწესებულებაში რეჟიმის დაცვის დროსაც კი, როდესაც საპატიმროს პირობები, დახურული სივრცე და ა.შ. იწვევს დაავადების გაჩენას ან პროგრესირებას.
21. მართალია, ამათუიმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, $40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იგივეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა.
22. დაპატიმრებულის ყოფნის რეჟიმის დარღვევა, თავისთავად, ამძიმებს სიტუაციას, მაგრამ საკუთრივ რეჟიმში ყოფნა არის უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაპატიმრებული პირისათვის ზიანის მიმყენებელი. ამის გამო შესაძლებელია მას მიადგეს ფიზიკური ზიანიც. საქმეზე „პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დაკავება per se, გარდაუვლად მოქმედებს პატიმრებზე, რომელთაც სერიოზული დაავადებები აქვთ. ამდენად, თავისთავად პატიმრობის ფაქტი, მიუხედავად იმისა რა პირობებში მიმდინარეობს იგი, გულისხმობს ტანჯვის გარკვეულ ხარისხს და ეს სტრესი, ერთის მხრივ, შეუთავსებელია ზოგიერთი დაავადების კლინიკასთან, მეორე მხრივ კი თავად ზრდის დაავადებების რისკს. ადამიანს, რომელიც ამ დისკომფორტს და ტანჯვას ექვემდებარება კანონის დარღვევით შეფარდებული და დაუსაბუთებლად შერჩეული აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუცია ანიჭებს დაპატიმრებასთან მიზეზობრივ კავშირში მყოფი ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების უფლებას.
23. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტი და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ითვალისწინებს პირისათვის მიყენებული ზიანის სრულ ანაზღაურებას. ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით მოთხოვნა არაორაზროვანი და მკაფიოა. სადავო ნორმა, მისი შინაარსიდან გამომდინარე, ანაზღაურების მასშტაბებსაც ამცირებს. გათვალისწინებულია კომპენსაცია არა სრული მასშტაბით, არამედ მხოლოდ იმ ნაწილში, რაც დაკავშირებულია დაპატიმრებულის ყოფნის რეჟიმის დარღვევასთან. ზიანის ანაზღაურების ოდენობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ეწინააღდეგება საქართველოს კონსტიტუციის ზემოთ მოყვანილი ნორმების მოთხოვნებს.
24. კონსტიტუციურსამართლებრივი შემოწმების შედეგად ირკვევა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვები „თუ დაავადება გამოიწვია საპატიმრო ადგილებში დაპატიმრებულის ყოფნის რეჟიმის დარღვევამ“ არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტითა და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ სტანდარტებს.
III
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით, 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტებით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, 45-ე მუხლით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლებით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №423 (საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვები „თუ დაავადება გამოიწვია საპატიმრო ადგილებში დაპატიმრებულის ყოფნის რეჟიმის დარღვევამ“ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მთავრობას.
6. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 15 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
ჯონი ხეცურიანი