საქართველოს მოქალაქეები - ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | №1\4\393,397 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 20 ივლისი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე - (სხდომის თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე);
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ონისე მებონია და მისი წარმომადგენლები - მანანა კობახიძე, თამარ გაბისონია და ნინო ელბაქიძე; მოსარჩელე ვახტანგ მასურაშვილის წარმომადგენელი ოთარ კახიძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2006 წლის 30 ივნისსა და 11 ივლისს, შესაბამისად, შემოვიდა საქართველოს მოქალაქეების - ვახტანგ მასურაშვილისა და ონისე მებონიას 393-ე და 397-ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები. ამავე წლის 7 და 12 ივლისს ისინი გადმოეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განხილვისათვის მიღებისა და 397-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის 393-ე ნომრით რეგისტრირებულ სარჩელთან გაერთიანების საკითხების გადაწყვეტის მიზნით. სასამართლო კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2006 წლის 18 ივლისს.
სარჩელების შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
მოსარჩელეები - ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია, რომელიც ადვოკატია და განსასჯელთა ინტერესების დაცვას ახორციელებდა, სადავო ნორმების საფუძველზე მოსამართლეთა განკარგულებებით დააპატიმრეს სასამართლო სხდომებზე წესრიგის დარღვევისათვის. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით მათთვის გარანტირებული უფლებები. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, არ საჩივრდება მოსამართლის განკარგულება სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევის დაპატიმრების შესახებ.
მოსარჩელეები მოითხოვენ კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განხილვისათვის მიღებას, რათა არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-6 ნაწილი (მთლიანად) და მე-7 ნაწილი დაპატიმრებასთან მიმართებით.
ამასთან ერთად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-7 ნაწილის სადავო ნორმის მოქმედებით შესაძლო გამოუსწორებელი შედეგების გამოწვევის თავიდან აცილების მიზნით, მოსარჩელეები „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე ითხოვენ იმ ნორმის მოქმედების შეჩერებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რომლის მიხედვითაც სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო დაპატიმრების თაობაზე გამოტანილი განკარგულება არ საჩივრდება.
განმწესრიგებელ სხდომაზე განხილვის შედეგად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვახტანგ მასურაშვილის 393-ე და ონისე მებონიას 397-ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები მისაღებია არსებითად განსახილველად. ისინი ძირითადად შეესაბამებიან „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. მოსარჩელეები საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტები არიან და სადავო საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
ამასთან, სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ 393-ე და 397-ე ნომრებით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელებში მოსარჩელეები მოქალაქეებია, მოპასუხე საქართველოს პარლამენტია და დავის საგანიც ერთი და იგივეა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო კოლეგიას შესაძლებლად მიაჩნია მათი ერთ საქმედ გაერთიანება და ერთობლივად განხილვა.
იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუციურ სარჩელებში საქმე ეხება ადამიანის ხელშეუვალი უფლების - თავისუფლების შეზღუდვას და დაპატიმრების თაობაზე მიღებული განკარგულება არ საჩივრდება, სასამართლო კოლეგია ეთანხმება მოსარჩელეთა მოთხოვნას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისი ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-5 და მე-8 ქვეპუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებული იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების - ვახტანგ მასურაშვილის 393-ე და ონისე მებონიას 397-ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამარათლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-6 ნაწილი (მთლიანად) და მე-7 ნაწილის ნორმა სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო დაპატიმრების შესახებ;
2. პირველ პუნქტში აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთობლივად განხილვის მიზნით ერთ საქმედ - „საქართველოს მოქალაქეები - ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“;
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
4. საქმის არსებითად განხილვის თაობაზე მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ამ საოქმო ჩანაწერის სხდომის დარბაზში გამოცხადების დღიდან 2006 წლის 20 ივლისიდან საქმის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს მოქმედება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმ ნორმისა, რომ სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო დაპატიმრების თაობაზე მიღებული განკარგულება არ საჩივრდება;
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
7. ამ საოქმო ჩანაწერის ასლები გაეგზავნოთ საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
8. ეს საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და პრესაში.
ბ. ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე)
ვ. გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე)
ი. ფუტკარაძე
ნ. შაშკინი
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი
ი. ფუტკარაძე