საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/3/425 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, |
თარიღი | 25 ოქტომბერი 2007 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე
ოთარ სიჭინავა – წევრი
ჯონი ხეცურიანი – წევრი
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „...და სააგენტოს თანხმობით.“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა 2007 წლის 18 მაისს, 425-ე ნომრით. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 მუხლის პირველი პუნქტი, მე-16 მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 პუნქტები.
2. მოსარჩელე, ს. წერეთელი-სტივენსი 2006 წლის 9 სექტემბერს დაქორწინდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე მეთიუ რაიენ სტივენსზე. დაქორწინებისათვის, სხვა საბუთებთან ერთად, სამოქალაქო რეესტრის შესაბამის სამსახურში წარდგენილი იქნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანხმობა, რომელსაც ითვალისწინებს „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვები „...და სააგენტოს თანხმობით.“
3. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი. კონსტიტუციის 36-ე მუხლი ითვალისწინებს ქორწინების თავისუფლებას, რომელიც ადამიანის დაბადებითი თავისუფლების ერთერთი ასპექტია და კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მხოლოდ სხვების თავისუფლებით არის შეზღუდული. კანონით გათვალისწინებული შეზღუდვის დაწესება იმ შემთხვევაში არის გამართლებული, თუ ის ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანხმობა კი არის წარსადგენად სავალდებულო დოკუმენტი, რომლის უკან არ ჩანს ლეგიტიმური მიზანი და აუცილებლობა.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ №425 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, 2007 წლის 3 ოქტომბერს.
II
როგორც №425 კონსტიტუციური სარჩელიდან და მასზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს, მე-18 მუხლით გათვალისწინებული, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არც ერთი საფუძველი.
III
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №425 (საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „...და სააგენტოს თანხმობით.“ კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ჯონი ხეცურიანი