საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/2/425 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, |
თარიღი | 23 ივნისი 2008 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე
ოთარ სიჭინავა – წევრი
ლალი ფაფიაშვილი - წევრი
ჯონი ხეცურიანი – წევრი
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-5 პუნქტის (2005 წლის 28 დეკემბრის რედაქცია) სიტყვების “...და სააგენტოს თანხმობით“. კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენლები ქეთევან აბაშიძე და თამარ ხიდაშელი, მოპასუხის წარმომადგენლები ბათარ ჩანქსელიანი და ლევან კასრაძე
I
1. საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მომართა 2007 წლის 18 მაისს. კონსტიტუციური სარჩელი დარეგისტრირდა 425-ე ნომრით. მოსარჩელემ 2007 წლის 25 სექტემბერს დამატებითი მტკიცებულებების სახით წარმოადგინა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ 2006 წლის 18 აგვისტოს გაცემული ნებართვის ასლი საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელსა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე მეთიუ რაიენ სტივენსის ქორწინების რეგისტრაციაზე, ასევე, მოსარჩელისა და მისი საქმროს მიერ სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის №1 სპეციალიზებულ სამსახურში წარდგენილი განცხადების ასლი ქორწინების რეგისტრაციის შესახებ.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ №425 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო 2007 წლის 25 ოქტომბერს №2/3/425 საოქმო ჩანაწერით. კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა გაიმართა 2008 წლის 1 და 18 აპრილს.
3. სადავო ნორმა არის „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-5 პუნქტის (2005 წლის 28 დეკემბრის რედაქცია) სიტყვები „...და სააგენტოს თანხმობით“. ამ ნორმის შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ქორწინების რეგისტრაციისათვის საჭიროა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანხმობა.
4. 2006 წლის 9 სექტემბერს მოსარჩელე დაქორწინდა აშშ-ს მოქალაქე მეთიუ რაიენ სტივენსზე. სადავო ნორმის საფუძველზე, სამოქალაქო რეესტრის შესაბამის სამსახურში წარდგენილი იქნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანხმობა. თანხმობაში გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით. ამგვარი თანხმობის წარდგენა არ ევალება დაქორწინების მსურველ პირებს, თუ ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.
5. 2008 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“. ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „5. უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ქორწინების რეგისტრაცია წარმოებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და ამ კანონით დადგენილი წესით“. როგორც ამ ნორმის ტექსტიდან ირკვევა, ის აღარ ითვალისწინებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანხმობას საქართველოს მოქალაქისა და უცხო ქვეყნის მოქალაქის ქორწინების რეგისტრაციისას.
6. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა არ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, თუ იგი ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს“. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმის გაუქმებამ არ გამოიწვია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში №425 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის შეწყვეტა.
7. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმით დარღვეულია მისი უფლება ქორწინების თავისუფლებაზე. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“. ქორწინების თავისუფლება არის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული ადამიანის დაბადებითი თავისუფლების ერთ-ერთი ასპექტი. ადამიანის თავისუფლება გულისხმობს დისკრეციას, იცხოვროს და გააკეთოს არჩევანი საკუთარი ნების შესაბამისად. მისი თავისუფლება მხოლოდ სხვების თავისუფლებით არის შეზღუდული საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
8. მოსარჩელის აზრით, ადამიანის ბუნებითი თავისუფლების შეზღუდვას წარმოადგენს ის, რომ მისი თავისუფლების რეალიზაცია ადმინისტრაციული ორგანოს ნებართვაზეა დამოკიდებული. ეს შეზღუდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ ის ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1118-ე მუხლის პირველი ნაწილი მოითხოვს საქართველოში დაქორწინების მსურველი უცხოელისაგან მისი ქვეყნის სათანადო ორგანოების გაცემულ ცნობას ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ამ ცნობის წარდგენის მოთხოვნა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. ამით დაცულია ქორწინების მონოგამიურობის, ახლო ნათესავებს შორის ქორწინების აკრძალვისა და ქორწინების ნებაყოფლობითობის პრინციპები. განსხვავებულია მდგომარეობა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანხმობასთან მიმართებით. თანხმობა არ უკავშირდება ცნობას ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ. ეს არის დამოუკიდებელი და წარსადგენად სავალდებულო დოკუმენტი. ამასთან, არ ჩანს ლეგიტიმური მიზანი, რომლის მიღწევასაც სააგენტოს თანხმობა ემსახურება.
10. თანხმობის არსებობის მიზანი ვერ იქნება საქართველოს მოქალაქის დაცვა და იმის შემოწმება, ხომ არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება. ამის შესახებ საბუთი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს წარედგინება ქორწინების რეგისტრაციის შესახებ განცხადებასთან ერთად. ნებართვის არსებობას არ ამართლებს, ასევე, სახელმწიფო უშიშროების თუ უსაფრთხოების სტრატეგიული ინტერესი. სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, თავისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ამ კუთხით რაიმე მოქმედებებს ვერ განახორციელებს.
11. მოსარჩელე მიმოიხილავს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ ქორწინებაზე ნებართვის გაცემის პროცედურას. როგორც ირკვევა, ნებართვის გასაცემად საჭირო მონაცემებისა და დოკუმენტების წარდგენა ფაქტიურად განმეორებით ხდება. განცხადება ქორწინების რეგისტრაციის შესახებ უკვე შეიცავს შესაბამის მონაცემებს და მას, ასევე, დაერთვის ის საბუთები და ცნობები, რომელიც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს განმეორებით წარედგინება ქორწინებაზე ნებართვის მისაღებად. ქორწინებაზე ნებართვის გაცემის პროცედურა არ მოითხოვს დაინტერესებული პირისაგან რაიმე ახალი ინფორმაციის მიწოდებას ან საბუთის წარდგენას სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსათვის.
12. ნებართვის აღების მოთხოვნის ფორმალურობას ადასტურებს ის, რომ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვას ერთი დღეც არ სჭირდება. მოსარჩელემ და მისმა საქმრომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის ნებართვა ქორწინების რეგისტრაციაზე მიიღეს განცხადების წარდგენის დღესვე. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე პასუხისმგებელია სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და 91 ტერიტორიული სამსახურის გამართულ და ეფექტურ ფუნქციონირებაზე. აქედან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ ნებართვის მიღების მსურველების განცხადებაზე გაკეთებული ხელმოწერა, რაც ნებართვის გაცემას ნიშნავს, მხოლოდ კანონის მოთხოვნის ფორმალური შესრულებაა, რომლის მიღმაც ობიექტურად არ არსებობს რაიმე რაციონალური მიზანი.
13. მოსარჩელე, თავისი პოზიციის გასამყარებლად, მიუთითებს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე. საქმეზე ლავინგი ვირჯინიის წინააღმდეგ აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა: „ქორწინების თავისუფლება დიდი ხანია აღიარებულია, როგორც თავისუფალი ადამიანის მიერ ბედნიერების ძიებისთვის უმნიშვნელოვანესი პერსონალური უფლება“.
14. მოსარჩელის წარმომადგენელმა ქ. აბაშიძემ კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვისას მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე. საქმეზე ჰამერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ სასამართლომ განმარტა, რომ შესაძლებელია სახელმწიფო ჩაერიოს ქორწინების ისეთ პირობებში, როგორიცაა ქმედუნარიანობა, თანხმობა და ნათესავებს შორის ქორწინების აკრძალვა. სხვაგვარი ჩარევა გაუმართლებელია, რადგანაც ეს იქნება არსებითი ჩარევა, რაც ზღუდავს ადამიანის უფლებას გაუმართლებლად, ყოველგვარი ლეგიტიმური მიზნის გარეშე.
15. მოსარჩელის წარმომადგენლის თ. ხიდაშელის აზრით, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა არგუმენტები სადავო ნორმის კონსტიტუციურობის დასადასტურებლად. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ინ ეხპრესსო არ ითვალისწინებს ქორწინების უფლებას, უდავოა, რომ ეს მუხლი მოიცავს ქორწინების უფლების აღიარებას პოზიტიური გაგებით. უცხო ქვეყნების პრაქტიკის მოყვანისას, მოპასუხეს არ გაუვლია მიჯნა ქართულ და უცხოურ სინამდვილეს შორის. მოყვანილი მაგალითები არ იძლევა იმის უარყოფის შესაძლებლობას, რომ რომელიმე სხვა ქვეყანაში, საქართველოს მსგავსად, ნებართვას აქვს მხოლოდ პროცედურული ბარიერის სახე, რომელიც დაცლილია შინაარსისაგან და ქმნის გაუმართლებელ დაბრკოლებას.
16. მოპასუხის წარმომადგენლები არ დეთანხმნენ მოსარჩელის არგუმენტაციას. ისინი თვლიან, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველ პუნქტს, სიტყვასიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აქვს მხოლოდ ამკრძალავი, ნეგატიური ხასიათი. ეს ნორმა გულისხმობს არა იმას, რომ პირებს აქვთ ქორწინების თავისუფლება, არამედ იმას, რომ ქორწინება არ უნდა განხორციელდეს რაიმე ზეწოლით ან სხვა მსგავსი ზეგავლენით.
17. მოპასუხის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო თანხმობის გაცემისას შეზღუდულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით. ის ვერ დააწესებს დამატებით პირობებს ქორწინების რეგისტრაციაზე თანხმობის გასაცემად. სააგენტო ყველა შემთხვევაში იძლევა თანხმობას დაქორწინებაზე, თუ დასაქორწინებელ პირთა შორის არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებანი და ისინი აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს დაქორწინებაზე. აქედან გამომდინარე, თუ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველ პუნქტს კონტექსტისეული განმარტების ჭრილში მიმოვიხილავთ და დავუშვებთ, რომ ის დაქორწინების პოზიტიურ უფლებას გამოხატავს, სადავო ნორმა მაინც არ წარმოადგენს ამ უფლების შეზღუდვას და ჩარევას სახელმწიფოს მხრიდან.
18. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მაინც ჩათვლის, რომ სადავო ნორმით სახელმწიფომ შეზღუდა საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება, მოპასუხის წარმომადგენლების აზრით, მოცემული ჩარევა არ სცილდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კონსტიტუციით დაშვებულ ფარგლებს. მოპასუხის წარმომადგენლები მიუთითებენ ადამიანის უფლებების ევროპის კომისიის პრაქტიკაზე „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-12 მუხლის განმარტებისას. კერძოდ, საქმეში „ჰამერი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ“ მითითებულია, რომ ეროვნული კანონმდებლობით შესაძლოა დადგინდეს გარკვეული შეზღუდვები. შეზღუდვებზე, ასევე, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუცია. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტი აცხადებს, რომ „საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა“.
19. სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანთან დაკავშირებით მოპასუხის წარმომადგენლებმა პოზიცია ჩამოაყალიბეს დასკვნით სიტყვაში. უცხოელებთან ქორწინების განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმის დადგენა განაპირობა იმან, რომ მათთან ქორწინების რეგისტრაციას აქვს განსხვავებული სამართლებრივი დატვირთვა და მომავალში წარმოშობს განსაკუთრებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, საქართველოს მოქალაქეებს შორის ქორწინებისაგან განსხვავებით. ეს უკავშირდება ქორწინების შემდეგ მათი და მათი შვილების/შვილად აყვანილების მოქალაქეობის საკითხსა თუ სხვა უფლება-მოვალეობების წარმოშობას. მაგალითისათვის, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქესთან ქორწინებაში მყოფ პირს შეუძლია მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა შეღავათიანი პირობებით. მნიშვნელოვანია საკითხი საქართველოს მოქალაქესა და საქართველოს არამოქალაქე პირს შორის ქორწინების შედეგად შეძენილი თუ მათ მიერ შვილად აყვანილი ბავშვის მოქალაქეობის თაობაზე, რომელსაც აწესრიგებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12, მე-20 და 21-ე მუხლები. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეზე ქორწინების შემდეგ, მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, წარმოეშობა დამატებითი უფლება-მოვალეობები. აქედან გამომდინარე, უცხო სახელმწიფოს მოქალაქესთან საქართველოს მოქალაქის ქორწინებისას, სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისი არ არის ქორწინების რეგისტრაცია მხოლოდ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მონაწილეობით და საქმეში ერთვება უშუალოდ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.
20. მოპასუხის წარმომადგენლებმა თავიანთი არგუმენტაციის გასამყარებლად მოიყვანეს რამოდენიმე ქვეყნის კანონმდებლობის მაგალითი და წარმოადგინეს საქართველოს პარლამენტის აპარატის კვლევითი დეპარტამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების მიერ მომზადებული შესაბამისი საინფორმაციო მასალა. მათი აზრით, ამ სახელმწიფოებში არსებობს უცხო სახელმწიფოს მოქალაქესთან დაქორწინების იმ შეზღუდვების მსგავსი წესები, რასაც ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.
II
1. დემოკრატიული საზოგადოება თავისუფალი ინდივიდებისაგან შედგება. ამ საზოგადოებაში კონსტიტუციურსამართლებრივი წესრიგის უპირველესი ამოცანაა პიროვნების თავისუფლების, მისი თავისუფალი განვითარების უზრუნველყოფა. თავისუფალი ინდივიდების საზოგადოება არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ხერხემალი, მისი წარმატებული განვითარების აუცილებელი წინაპირობა და გარანტია. საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის თავისუფლებაზე, მის თავისუფალ განვითარებაზე ყურადღებას ამახვილებს როგორც ზოგადად, ასევე, კონკრეტულად, საზოგადოებრივი ცხროვრების ცალკეულ სფეროებში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“.
2. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი მრავალმხრივი მნიშვნელობის ნორმაა. აქ კონსტიტუციურ დონეზეა დაცული და განმტკიცებული ისეთი ტრადიციული და საზოგადოებისათვის სასიცოცხლო ეთიკური და ეგზისტენციალური მნიშვნელობის ინსტიტუტები და ფასეულობები, როგორიცაა ქორწინება და ოჯახი. კონსტიტუცია იცავს ქორწინებისა და ოჯახის ინსტიტუტებს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი მოქმედებებისაგან, რაც ხელყოფდა და გამოფიტავდა მათ არსს, მნიშვნელობას, უმთავრეს პრინციპებს.
3. ქორწინება და ოჯახი ადამიანის პირადი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ სფეროში ინდივიდის თავისუფლების ხარისხი განსაკუთრებით მაღალია. სწორედ, პიროვნული თავისუფლებისა და თავისუფალი განვითარების უფლების გამოხატულება და ნაწილია ქორწინების თავისუფლება. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი, გარდა ინსტიტუციური გარანტიისა, ძირითადი უფლების დამდგენი ნორმაცაა.
4. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნები და შინაარსი გაცილებით ფართოა, ვიდრე ეს მისი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარეობს. ამ მუხლით დაცული სფერო საკმაოდ ვრცელია და მოიცავს როგორც დაქორწინებას, ასევე, საოჯახო თანაცხოვრებასა და განქორწინებას.
5. პირის თავისუფალი განვითარების უფლება, რომლის ერთერთ გამოხატულებასაც ქორწინების თავისუფლება წარმოადგენს, მოიცავს როგორც პოზიტიური, ასევე, ნეგატიური ქცევის თავისუფლებას. ამდენად, დაცულია ქორწინების როგორც პოზიტიური, ასევე, ნეგატიური თავისუფლება. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი უზრუნველყოფს ყველასთვის, მათ შორის უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის, თავისუფლებას დაქორწინდეს მის მიერ არჩეულ პარტნიორზე. დაუშვებელია პირის იძულება, დაქორწინდეს და შექმნას ოჯახი. ასევე, დაუშვებელია დაბრკოლებების შექმნა სახელმწიფოს მხრიდან დაქორწინების მსურველთათვის არაპროპორციული და დემოკრატიული საზოგადოებისათვის მიუღებელი, ხელისშემშლელი ჩარევის გზით. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ დაეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ კონსტიტუციურ დონეზე ქორწინების მხოლოდ ნეგატიური თავისუფლებაა უზრუნველყოფილი.
6. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სიკეთე არ არის პირთა ქორწინების მსგავსი ან ქორწინების გარეშე თანაცხოვრება. აქ საუბარია ქორწინების სამართლებრივად დადგენილ და აღიარებულ ფორმაზე. როგორც სასამართლოსათვის წარდგენილი საბუთებიდან ირკვევა, მოსარჩელესა და მის მეუღლეს შორის არსებული ქორწინება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდა, წარმოადგენს ქორწინების სამართლებრივად დადგენილ ფორმას და ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის დაცვის ფარგლებში.
7. მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ იმისათვის, რომ განეხორციელებინათ ქორწინების რეგისტრაცია, მოეხდინათ თავიანთი კონსტიტუციური უფლების რეალიზაცია, სხვა სავალდებულო საბუთებთან ერთად, აიღეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანხმობა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანხმობა სხვა დოკუმენტებისაგან დამოუკიდებელი დოკუმენტია. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-5 პუნქტის ფორმულირება (2005 წლის 28 დეკემბრის რედაქცია) მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული და ცალკე საბუთად გამოჰყოფდა სააგენტოს თანხმობას. სადავო ნორმა არ იძლეოდა სააგენტოს თანხმობის არარსებობისას ან სააგენტოს უარის შემთხვევაში დაქორწინების შესაძლებლობას. ამას ადასტურებს „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც სამოქალაქო აქტის ჩანაწერის, მათ შორის ქორწინების ჩანაწერის, შესასრულებლად ითვალისწინებს იმ საბუთების წარმოდგენას, რომლებიც სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის საფუძველია. საქართველოს მოქალაქესა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს შორის ქორწინების ჩანაწერის შესასრულებლად სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანხმობაც იყო საჭირო. სააგენტოს თანხმობის არარსებობის ან მასზე უარის შემთხვევაში, „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხდებოდა უარის თქმა სამოქალაქო აქტის – ქორწინების რეგისტრაციაზე. როგორც ირკვევა, სააგენტოს სავალდებულო თანხმობის შემოღებით სახელმწიფომ დაბრკოლება შეუქმნა მოსარჩელის ქორწინების თავისუფლების რეალიზაციას. სახეზეა ქორწინების თავისუფლების შეზღუდვა, რომელიც კონსტიტუციურსამართლებრივ შემოწმებას ექვემდებარება.
8. როგორც ზემოთ იქნა მითითებული, ქორწინების ინსტიტუტი სამართლებრივ რეგულირებას ექვემდებარება. ეს, თავისთავად, ნიშნავს კანონმდებლის მიერ გარკვეული პირობების დაწესებას დაქორწინების მსურველთათვის. საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, ქორწინებასთან დაკავშირებით დადგენილი პირობები უნდა ემსახურებოდეს ამ უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ინსტიტუტის არსის, მისი ფუნდამენტური პრინციპების დაცვას, წონად და შეზღუდვის არაორაზროვნად გამამართლებელ ლეგიტიმურ მიზნებს.
9. იქედან გამომდინარე, რომ სადავო ნორმით დადგენილ მოთხოვნას დაქორწინების მსურველთათვის აუცილებელი ხასიათი ჰქონდა და მისი შეუსრულებლობა, ფაქტიურად, იწვევდა დაქორწინებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების რეალიზაციის შეუძლებლობას, ის მიზანი, რასაც ეს მოთხოვნა ემსახურებოდა უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, მკაფიო და მისაღწევად აუცილებელი. აქედან გამომდინარე, საჭიროა საკმაოდ მკაცრი მიდგომა სადავო ნორმის მიზანზე და მის ლეგიტიმურობაზე მსჯელობისას.
10. საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტი, თავისთავად, არ წარმოადგენს სადავო ნორმის მიღების გამამართლებელ გარემოებას. ამ პუნქტიდან გამომდინარე, კონსტიტუციითა და კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს გარკვეული გამონაკლისები უცხოელ მოქალაქეთა უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ქორწინების თავისუფლება კონსტიტუციის შესაბამისად, თანაბრად ვრცელდება როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე. რაც შეეხება უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ქორწინების თავისუფლების კანონით შეზღუდვას, ის ექვემდებარება ისეთივე გადამოწმებას, როგორსაც, ზოგადად, ქორწინების თავისუფლების შეზღუდვა. ამასთანავე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსარჩელე არის საქართველოს მოქალაქე და არა უცხო სახელმწიფოს მოქალაქე და მის მიმართ დადგენილი შეზღუდვისას საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველ პუნქტზე აპელირება არასწორია, რადგანაც ამ კონსტიტუციური ნორმის ადრესატი საქართველოს მოქალაქე არ არის.
11. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მასალებიდან, რაც უკავშირდება სადავო ნორმის მიღებას, ასევე, თავად სადავო ნორმიდან არ ირკვევა, თუ დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანხმობა. როგორც მოპასუხის წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის სასამართლო სხდომაზე გადაცემული დოკუმენტიდან ჩანს, საქართველოს პარლამენტის აპარატის კითხვაზე, თუ რა ლეგიტიმური მიზანი აქვს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანხმობის გაცემას, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ შესაბამისი პასუხი არ გასცა.
12. საკონსტიტუციო სასამართლომ გაანალიზა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანხმობის ინსტიტუტის არსი, თანხმობის გაცემის პროცედურა. შესაძლებელია, სწორედ ამ ანალიზით დადგინდეს სადავო ნორმის მიზანი. როგორც ირკვევა, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანხმობა, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარე გასცემდა, სხვა საბუთებისაგან დამოუკიდებელ და ქორწინებისათვის სავალდებულო დოკუმენტს წარმოადგენდა, მისი მიღებისათვის რაიმე განსხვავებული ინფორმაციისა თუ დოკუმენტების წარდგენა არ ხდებოდა. შესაბამისად, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანხმობა იყო დამოუკიდებელი დოკუმენტი, რომელსაც რაიმე დამოუკიდებელი დანიშნულება და მიზანი არ ჰქონდა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მისი გაცემისას არ ახდენდა რაიმე ახალი გარემოების გამოკვლევას და დადგენას.
13. როგორც თავად მოპასუხის წარმომადგენლებმა მიუთითეს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ყველა შემთხვევაში იძლეოდა თანხმობას დაქორწინებაზე, თუ დასაქორწინებელ პირთა შორის არ არსებობდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები და დასაქორწინებელი პირები აკმაყოფილებდნენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს დაქორწინებაზე. თავისთავად ისმის ლოგიკური კითხვა: რა საჭიროა თანხმობა და დამატებითი ბარიერი, თუ დაქორწინების მსურველს უკვე წარმოდგენილი აქვს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის დამადასტურებელი და ის საბუთები, რაც კანონმდებლობითაა დადგენილი დაქორწინებისათვის? ამ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის მასალებიდან და კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვიდან არ მიუღია.
14. საკონსტიტუციო სასამართლო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანხმობის ლეგიტიმურ მიზნად ვერ ჩათვლის იმას, რომ უცხოეთის სახელმწიფოს მოქალაქესთან საქართველოს მოქალაქის ქორწინებას შესაძლოა მოჰყოლოდა განსაკუთრებული სამართლებრივი შედეგები საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან, შვილების მოქალაქეობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. არ ირკვევა, თუ რატომ უნდა დაქვემდებარებოდა, შესაძლო სამართლებრივი შედეგებიდან გამომდინარე, უცხო სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქის ქორწინება დამატებითი და აშკარად ფორმალური ბარიერების დაწესებას. გარდა ამისა, ქორწინების რეგისტრაცია და საქართველოს მოქალაქეობის მიღება არის ორი სრულიად განსხვავებული პროცედურა. ქორწინების რეგისტრაციისას ობიექტურად ვერ დადგინდება უცხოეთის მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების, ასევე დაქორწინების მსურველთა არსებული თუ მომავალი შვილებისა და შვილად აყვანილების მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად ლეგიტიმურ მიზანთან დაკავშირებული მსჯელობისა, მოპასუხემ სასამართლოს ვერ დაანახვა დემოკარტიული საზოგადოებისათვის ღირებული ის სიკეთე, რომლის მიღწევას ან დაცვას ემსახურებოდა სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა.
15. რაც შეეხება საზღვარგარეთის სახელმწიფოთა მაგალითებს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანხმობის იდენტური ინსტიტუტი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოდგენილ მასალებში ვერ დაინახა. გარდა ამისა, რომელიმე უცხო სახელმწიფოში ამგვარი ინსტიტუტის თუნდაც არსებობა არ არის არგუმენტი იმისათვის, რომ იგი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ერთია ზოგადად სამართლის ინსტიტუტი, ხოლო მეორე მისი სამართლებრივი გაფორმება, რომელიც შეიძლება შეესაბამებოდეს ან არ შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.“ (გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405. I,1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს: „კანონშემოქმედებით პროცესში განვითარებული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრესული გამოცდილების გაზიარება მისასალმებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს თვითმიზანი. გამოცდილების გაზიარებისას მხედველობაშია მისაღები რამოდენიმე გარემოება. პირველ რიგში, იმპლემენტირებული ინსტიტუტის შინაარსის ქართული ვერსია უნდა თავსდებოდეს საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ სივრცეში...“ (გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405. II,2). კოლეგია ვერ ხედავს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ პრაქტიკიდან გადახვევის საფუძვლებს და მიუთითებს, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანხმობის ინსტიტუტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და ხელყოფს მოსარჩელის ქორწინების თავისუფლებას.
III
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტებით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, 45-ე მუხლით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლებით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №425 (საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-5 პუნქტის (2005 წლის 28 დეკემბრის რედაქცია) სიტყვები „...და სააგენტოს თანხმობით.“ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მთავრობას.
6. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 15 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
ჯონი ხეცურიანი