საქართველოს მოქალაქეები - თამაზ კილანავა, ნუგზარ კანდელაკი, მანანა ნასარიძე, მადონა ღიბრაძე და ლალი არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | №1/1/357 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 10 მარტი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე - (სხდომის თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია-(მომხსენებელი მოსამართლე);
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - თამაზ კილანავა, ნუგზარ კანდელაკი, მანანა ნასარიძე, მადონა ღიბრაძე და ლალი არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 29-ე მუხლთან და 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით (1) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტი - საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ლიკვიდაციის თაობაზე, (2) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონის პირველი მუხლის 30-ე პუნქტი, (3) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, (4) „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ 2005 წლის 23 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი, (5) „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2005 წლის 23 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები და (6) „სახელმწიფო კონპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ 2005 წლის 27 დეკემბრის კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, მე-12 მუხლი, მე-18 მუხლის პირველი პუნქტი - საქართველოს საერთო საასმართლოების მოსამართლეებთან მიმართებაში და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები - თამაზ კილანავა (იმავდროულად - სხვა მოსარჩელეთა წარმომადგენელი), ნუგზარ კანდელაკი, მადონა ღიბრაძე და ლალი არჩვაძე.
საქართველოს მოქალაქეების - თამაზ კილანავას, ნუგზარ კანდელაკის, მანანა ნასარიძის, მადონა ღიბრაძის და ლალი არჩვაძის 357-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2006 წლის 10 თებერვალს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით იგი გადმოეცა 16 თებერვალს, 27 თებერვალს კი ღია განმწესრიგებული სხდომა გაიმართა.
საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
მოსარჩელეები დანიშნულნი იყვნენ მოსამართლეებად 10 წლის ვადით და ახორციელებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლის სააპელაციო პალატებში და საგამოძიებო კოლეგიაში. ათწლიანი ვადის გასვლამდე, საოლქო სასამართლოების ლიკვიდაციის მოტივით, მოსარჩელეთა სიტყვით, შეიქმნა ამ სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხვის ხელოვნური საფუძველი: მოსარჩელეები გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან და ჩარიცხეს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზევრში; ამით დაირღვა კონსტიტუციის 29-ე მუხლთა და 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით აღიარებული დებულებები, რომლებიც
საქართველოს ყოველ მოქალაქეს ანიჭებს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ავალდებულებს სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეების შრომითი უფლებების დაცვას, შრომის სამართლიან ანაზღაურებას და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობების შექმნას.
მოსარჩელეთა აზრით, სადავოდ დასახელებული ნორმების საფუძველზე განხორციელდა საერთო სასამართლოების არა ლიკვიდაცია, არამედ რეორგანიზაცია, შეიცვალა მხოლოდ სასამართლოების სახელწოდება. მათი განმარტებით, ‘საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 54-ე მუხლი ამომწურავად ადგენს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს, ამ საფუძვლებში კი არ არის მოხსენიებული სასამართლოს რეორგანიზაციის შემთხვევაში სასამართლოში დასაქმებული ყველა მოსამართლის თანამდებობიდან უპირობო გათავისუფლება, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაში მოხდა.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საერთაშორისო აქტები, რომელთა მიხედვითაც სათანადოდ უნდა იყოს გარანტირებული დანიშნული მოსამართლეების უფლებამოსილების ვადა, მათი დამოკიდებულება, პენსია და პენსიაზე გასვლის ასაკი, აგრეთვე მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვა. სარჩელში აგრეთვე აღნიშნულია, რომ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის ძალით, მოსარჩელეებს ეკრძალებათ სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება, ეს კი უარყოფითად მოქმედებს წლების მანძილზე შეძენილი ცოდნის შენარჩუნებაზე.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმებით მათ წაერთვათ ადრე მინიჭებული უფლებები მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების სფეროში. უგულებელყოფილი იქნა ის მთავარი დებულებები, რომელთა ძალითაც აკრძალული იყო მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების გაუქმება, მოქმედების შეჩერება ან მათი შემცირება, ხელფასის ოდენობის შემცირება უფლებამოსილების მთელის ვადის განმავლობაში, ხოლო უფლებამოსილების ვადის დამთავრებისას ან საპენსიო ასაკის მოღწევისას მოსამართლეს ენიშნებოდა სამისდღემშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით. კანონის ადრინდელი ნორმები, მოსარჩელეთა აზრით, სრულიად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. განხორციელებული ცვლილებების შედეგად კი სამისდღემშიო პენსიის დანიშვნის ნაცვლად დადგინდა, რომ „მოსამართლეს სახელმწიფო კონპენსაცია ენიშნება სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონოთ დადგენილი წესითა და ოდენობით“. საერთო სასამართლოების მოსამართლეს მხოლოდ 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კონპენსაცია, რომლის ოდენობა შეადგენს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავს მოსამართლის მუშაობის სტაჯზე. მნიშვნელოვნად არის შემცირებული გასაცემი კომპენსაციის ოდენობა მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში.
მოსარჩელეთა სიტყვით, მათ იცოდნენ, რომ რეზევრში ჩარიცხვის მომენტისათვის მიიღებდნენ მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ტოლფას თანხას და არ გაუარესდებოდა მათი მატერიალური მდგომარეობა. მაგრამ, სადავო ნორმით, თანამდებობრივი სარგო განესაზღვრათ 500 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგო 1650 ლარს შეადგენს. ამით, მოსარჩელეთა აზრით, ირღვევა კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ საკუთრების უფლება.
მოსარჩელეები მოითხოვენ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას და სადავო აქტების არაკონსტიტუციურად, ძალადაკარგულად ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია კონსტიტუციური სარჩელის, თანდართული დოკუმენტებისა და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეების განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ უნდა იქნეს მიღებული არსებითი განხილვისათვის.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონს დაემატა 883 მუხლი - „საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ლიკვიდაცია“, რომელშიც ნათქვამია:
1.საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2005 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყონ საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ლიკვიდაციასთან, ასევე სააპელაციო უმაღლესი სააპელაციო სასამართლოების შექმნასთან დაკავშირებული სამართლებრივი, საკადრო, ორგანიზაციული და სხვა საკითხების გადაწყვეტა.
2.საოლქო სასამართლოსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც 2005 წლის 15 ივლისამდე პირველი ინსტანციით წარმოებაში აქვს მიღებული სისხლის სამართლის საქმე, ლიკვიდაციასთან დაკავშირებით თანამდებობიდან თავისუფლდება მის მიერ ამ საქმის განხილვის დასრულებისთანავე“.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონის პირველი მუხლის 30-ე პუნქტით „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 883 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2005 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყონ საოლქო და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ლიკვიდაციასთან, ასევე სააპელაციო სასამართლოების შექმნასთან დაკავშირებული სამართლებრივი, საკადრო, ორგანიზაციული და სხვა საკითების გადაწყვეტა“.
სასამართლო კოლეგიის აზრით, თამაზ კილანავას, ნუგზარ კანდელაკის, მანანა ნასარიძის, მადონა ღიბრაძისა და ლალი არჩვაძის 357-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მისაღებია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 883 მუხლის იმ ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, რომელიც საოლქო სასამართლოს ლიკვიდაციას შეეხება. ამ ნაწილსი კონსტიტუციური სარჩელი ძირითადად შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მოსარჩელეები უფლებამოსილი სუბიექტებია და სადავო აქტი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
რაც შეეხება კონსტიტუციური სარჩელის სხვა ნაწილებს, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნები არ არის სათანადოდ დასაბუთებული. ამ ნაწილებში კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად. მოსარჩელეები საერთო სასამართლოს ყოფილი და ამჟამად რეზერვში ჩარიცხული მოსამართლეებია. ამ გარემოების გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მათი მოთხოვნის საფუძველზე ვერ იმსჯელებს ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ლიკვიდაციასთან, სააპელაციო სასამართლოების შექმნასთან და მთლიანად საერთო სასამართლოების მოქმედ მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხების კონსტიტუციურობის თაობაზე.
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ პუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30 და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1.მიღებული იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების - თამაზ კილანავას, ნუგზარ კანდელაკის, მანანა ნასარიძის, მადონა ღიბრაძისა და ლალი არჩვაძის 357-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 883 მუხლის იმ ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, რომელიც შეეხება საოლქო სასამართლოს ლიკვიდაციას;
2.საქმეს „საქართველოს მოქალაქეები - თამაზ კილანავა, ნუგზარ კანდელაკი, მანანა ნასარიძე, მადონა ღიბრაძე და ლალი არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
3.საქმის არსებითად განხილვის შესახებ მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
4.არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების - თამაზ კილანავას, ნუგზარ კანდელაკის, მანანა ნასარიძის, მადონა ღიბრაძისა და ლალი არჩვაძის 357-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 29-ე მუხლთან და 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით (ა) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტი, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ლიკვიდაციის თაობაზე, (ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონის პირველი მუხლის 30-ე პუნქტი (საოლქო სასამართლოს ლიკვიდაციის საკითხის გამოკლებით), (გ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, (დ) „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ 2005 წლის 23 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი, (ე) „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2005 წლის 23 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, (ვ) „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ 2005 წლის 27 დეკემბრის კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, მე-12 მუხლი, მე-18 მუხლის პირველი პუნქტი - საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებათან მიმართებით და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი;
5.საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე)
ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე)
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი