საქართველოს მოქალაქეები - თამაზ კილანავა, ნუგზარ კანდელაკი, მანანა ნასარიძე, მადონა ღიბრაძე და ლალი არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/1/357 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 31 მაისი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესარიონ ზოიძე - სხდომის თავმჯდომარე;
ვახტანგ გვარამია - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
იაკობ ფუტკარაძე - წევრი;
ნიკოლოზ შაშკინი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
2006 წლის 13 და 25 აპრილის, 2, 5 და 10 მაისის ღია სასამართლო სხდომებზე, რომლებშიც მონაწილეობდნენ მოსარჩელეები – თამაზ კილანავა (იმავდროულად, სხვა მოსარჩელეთა წარმომადგენელი), ნუგზარ კანდელაკი, მანანა ნასარიძე, მადონა ღიბრაძე და ლალი არჩვაძე, მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებში წარმომადგენლობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი მარინე რობაქიძე, ამავე დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტები – იოსებ ლომაშვილი და ლევან კასრაძე, სპეციალისტი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ირინა აქუბარდია, მოწმეები – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა კალანდაძე,
განიხილა საქმე: „საქართველოს მოქალაქეები – თამაზ კილანავა, ნუგზარ კანდელაკი, მანანა ნასარიძე, მადონა ღიბრაძე და ლალი არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანია – კონსტიტუციურია თუ არა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 883 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის 30ე მუხლის მე4 პუნქტთან მიმართებით იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საოლქო სასამართლოს ლიკვიდაციას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2006 წლის 16 თებერვალს გადმოეცა საქართველოს მოქალაქეების – თამაზ კილანავას, ნუგზარ კანდელაკის, მანანა ნასარიძის, მადონა ღიბრაძისა და ლალი არჩვაძის 357ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი მისი არსებითად განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. 2006 წლის 27 თებერვალს გაიმართა ღია განმწესრიგებელი სხდომა და სასამართლო კოლეგიამ იმავე წლის 10 მარტს კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო (საოქმო ჩანაწერი №1/1/357).
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე10 მუხლის პირველი პუნქტი.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეები დანიშნულნი იყვნენ მოსამართლეებად 10 წლის ვადით და ახორციელებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სააპელაციო პალატებში და საგამოძიებო კოლეგიაში. ათწლიანი ვადის გასვლამდე, საოლქო სასამართლოების ლიკვიდაციის მოტივით, შეიქმნა ამ სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხვის ხელოვნური საფუძველი. ისინი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან და ჩარიცხეს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში. ამის შედეგად შეილახა მათი შრომითი უფლებები, რომელთა დაცვაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 30ე მუხლის მე4 პუნქტით.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 54ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაცია. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივად განხორციელდა საოლქო სასამართლოების რეორგანიზაცია, რაც, ბუნებრივია, არ იძლეოდა მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს, კანონმდებელმა მიიღო სადავო ნორმა – „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 883 მუხლი და სასამართლოებში განხორციელებულ რეორგანიზაციას დაარქვა ლიკვიდაცია. სადავო ნორმის მიღების შემდეგ განხორციელდა საოლქო სასამართლოს მხოლოდ სტრუქტურული ცვლილებები, უცვლელი დარჩა მისი ძირითადი ფუნქცია – საქმეთა სააპელაციო წესით განხილვა, სასამართლოს ჩამოშორდა საქმეთა პირველი ინსტანციის წესით განმხილველი კოლეგიები და შეიცვალა სახელწოდება.
მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 541ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოს ლიკვიდაცია დასაშვებია მხოლოდ სასამართლო წყობილების შეცვლის დროს, რაც მათ შემთხვევაში არ მომხდარა. ისინი განმარტავენ, რომ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, მათი დავის საგანია ის, რომ “გასაჩივრებული კანონით გატარებული იქნა კანონით გაუთვალისწინებელი ღონისძიებები”.
მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების აზრით, დასაშვებია, რომ ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარების საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფომ განახორციელოს ამ ღონისძიებასთან კავშირში მყოფი მოსამართლეების უფლებამოსილებაში ჩარევა. მოსარჩელეების თანამდებობიდან გათავისუფლება და რეზერვში ჩარიცხვა განხორციელდა კანონის საფუძველზე. ამასთან, მოსარჩელეებმა თავად განაცხადეს თანხმობა გამხდარიყვნენ რეზერვის მოსამართლეები.
მოპასუხის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ განხორციელდა საოლქო სასამართლოების ლიკვიდაცია, რის დასადასტურებლად მიუთითებენ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე2 მუხლის პირველ პუნქტზე, სადაც საერთო სასამართლოების ჩამონათვალში აღარ მოიხსენიება საოლქო სასამართლო. გასაჩივრებული ნორმით კი არ შეზღუდულა საოლქო სასამართლოების ლიკვიდაციის საფუძველზე გათავისუფლებული და რეზერვში ჩარიცხული მოსამართლეების შრომითი უფლებები. სადავო ნორმა სრულად შეესაბამება როგორც კონსტიტუციის 30ე მუხლის მე4 პუნქტს, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
სპეციალისტი – ირინა აქუბარდია დაეთანხმა მოსარჩელეებს იმაში, რომ ფაქტობრივად განხორციელდა საოლქო სასამართლოების არა ლიკვიდაცია, არამედ რეორგანიზაცია. მოქმედი სასამართლო სისტემა აიგო უფლებამოსილების მიხედვით და ინსტანციურობის გათვალისწინებით. კერძოდ, სასამართლო სისტემა ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: პირველი ინსტანციის – რაიონული (საქალაქო) სასამართლო, მეორე ინსტანციის – სააპელაციო სასამართლო და საკასაციო ინსტანციის სასამართლო – საქართველოს უზენაესი სასამართლო. სპეციალისტის აზრით, სადავო აქტის მიღებისას არ შეცვლილა სასამართლო წყობილება, რადგან სასამართლო საქმეთა პირველი, სააპელაციო და საკასაციო წესით განხილვა უცვლელი დარჩა, ამასთან ერთად არ შემოღებულა საქმის წარმოების განსხვავებული წესი. სპეციალისტი მიუთითებს კონსტიტუციის 107ე მუხლზე, რომლის თანახმად სასამართლო წყობილების ორგანული კანონების მიღებამდე ძალაში რჩება სასამართლო წყობილების მოქმედი კანონმდებლობა, ახალი ორგანული კანონი კი მოცემულ შემთხვევაში არ ყოფილა მიღებული.
სპეციალისტის აზრით, კანონით გათვალისწინებული მოსამართლის გარანტიების უზრუნველყოფასთან ერთად, აუცილებელია დაცული იქნას მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადა და არ მოხდეს ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარების აუცილებლობის მოტივით მოსამართლეთა უფლებამოსილებაში ჩარევა.
მოწმე ვალერი ცერცვაძემ აღნიშნა, რომ სადავო ნორმის მიღების შედეგად განხორციელდა საოლქო სასამართლოების ლიკვიდაცია. საოლქო სასამართლოების ყველა წევრს შეუწყდა უფლებამოსილება. მოსამართლეთა ნაწილი გადაყვანილი იქნა სააპელაციო სასამართლოში, რათა დაემთავრებინათ იმ საქმეების განხილვა, რომლებიც მიღებული ჰქონდათ წარმოებაში. ნაწილი მოსამართლეებისა ჩაირიცხნენ რეზერვში საკუთარი განცხადების საფუძველზე. ამასთან ერთად ჩატარდა კონკურსი, რის შედეგადაც თანამდებობებზე განმწესდნენ ახალი მოსამართლეები. გარდა ამისა, თანამდებობიდან გათავისუფლდა საოლქო სასამართლოს აპარატის ყველა თანამშრომელი და განხორციელდა სასამართლოს მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ამ შემთხვევაში სასამართლო წყობილების შეცვლა არ მომხდარა.
მოწმე ლაშა კალანდაძემ აღნიშნა, რომ რეზერვში გადაყვანილ მოსამართლეთა წარმოებაში არსებული საქმეები განსახილველად დარჩათ მათ, ვისაც ეს საქმეები ეწერათ. ის საქმეები, რომლებიც იყო განუხილველი, ჩაბარდა კანცელარიას და ხელახლა გადანაწილდა – საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ” კანონის შესაბამისად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმის არსებითად განხილვის საფუძველზე გააანალიზა საქართველოს მოქალაქეების – თამაზ კილანავას, ნუგზარ კანდელაკის, მანანა ნასარიძის, მადონა ღიბრაძისა და ლალი არჩვაძის კონსტიტუციური სარჩელის მონაცემები, საქმეში არსებული მტკიცებულებები, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეთა გამოსვლები, სპეციალისტის დასკვნა, მოწმეთა ჩვენებები და ამის შედეგად დაადგინა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი.
I. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების მოსამართლეებად. როგორც საქართველოს პრეზიდენტის სათანადო ბრძანებულებებიდან ჩანს, ამ სასამართლოების ლიკვიდაციის გამო ისინი გაუთავისუფლებიათ მოსამართლის თანამდებობიდან და ჩაურიცხავთ რეზერვში „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 54ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და 541 მუხლის მე2 პუნქტის საფუძველზე. აღნიშნული „ო“ ქვეპუნქტის თანახმად კი მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს „სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაცია, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობის შემცირება“.
მოსარჩელეთა აზრით, აღნიშნული საფუძვლით მათი გათავისუფლება არ მოხდებოდა, თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონს 2005 წლის 23 ივნისს განხორციელებული ცვლილებებით არ დაემატებოდა 883 მუხლი, რომელიც შეეხება საოლქო სასამართლოს ლიკვიდაციას. ეს მუხლი საბოლოო რედაქციით ასე ჩამოყალიბდა:
„1. საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2005 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყონ საოლქო და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ლიკვიდაციასთან, ასევე სააპელაციო სასამართლოების შექმნასთან დაკავშირებული სამართლებრივი, საკადრო, ორგანიზაციული და სხვა საკითხების გადაწყვეტა.
2. საოლქო სასამართლოსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც 2005 წლის 15 ივლისამდე პირველი ინსტანციით წარმოებაში აქვს მიღებული სისხლის სამართლის საქმე, ლიკვიდაციასთან დაკავშირებით თანამდებობიდან თავისუფლდება მის მიერ ამ საქმის განხილვის დასრულებისთანავე.“
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებებით, არც სასამართლო წყობილების შეცვლა არ მომხდარა და არც საოლქო სასამართლოს ლიკვიდაცია. სინამდვილეში ადგილი ჰქონდა საოლქო სასამართლოს რეორგანიზაციას, რაც არ წარმოადგენდა მოსამართლის თანამდებობიდან მათი გათავისუფლების საფუძველს. უსაფუძვლო გათავისუფლებით კი დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 30ე მუხლის მე4 პუნქტით აღიარებული მათი შრომითი უფლებები.
II. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია თვლის, რომ სადავო ნორმების კონსტიტუციურობის გასარკვევად აუცილებელია დადგინდეს – განხორციელდა თუ არა სასამართლო წყობილების შეცვლა. სასამართლო წყობილების შეცვლაში კი უნდა იგულისხმებოდეს ქვეყანაში მოქმედ სასამართლო ორგანიზმში მომხდარი ძირეული ცვლილებები, რაც დაკავშირებულია მის სისტემურ და ფუნქციურ განახლებასთან.
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სასამართლო წყობილების სერიოზული ცვლილება მოხდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ 1997 წლის 13 ივნისს მიღებული ორგანული კანონით. ამ კანონის მიღებას ითვალისწინებდა საქართველოს კონსტიტუციის 107ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელშიც აღნიშნულია: „კონსტიტუციის შესაბამისად სასამართლო წყობილების ორგანული კანონის მიღებამდე ძალაში რჩება სასამართლო წყობილების მოქმედი კანონმდებლობა“. ამ წყობილების საფუძველს კი შეადგენდა სხვადასხვა დროს მიღებული კანონები. მათ შორის მთავარი ადგილი ეკავა „საქართველოს რესპუბლიკაში სასამართლო წყობილების შესახებ“ კანონს, რომელიც მიიღო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 28 დეკემბერს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულმა კანონმა არსებითად შეცვალა აღნიშნული სასამართლო წყობილება. გაუქმდა საარბიტრაჟო და სამხედრო სასამართლოები. შეიქმნა სამსაფეხურიანი სასამართლო სისტემა, რომელიც ამ ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებამდე, აღნიშნული კანონის მე2 მუხლის მიხედვით, ასეთი სახისა იყო: „რაიონული (საქალაქო) სასამართლო, საოლქო სასამართლო, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო“.
სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა იმ პოზიციას, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში მომხდარი საკანონმდებლო ცვლილებები არ შეიძლება შეფასდეს სასამართლო წყობილების შეცვლად. მართალია, ამ შემთხვევაშიც ნარჩუნდება სასამართლოთა სამწევროვანი სტრუქტურა, მაგრამ ადგილი აქვს მათ პრინციპულ ფუნქციურ სახეცვლილებას, რაც გამოიხატება საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების გაუქმებითა და სააპელაციო სასამართლოების შექმნით. ორგანული კანონის მე2 მუხლის პირველი პუნქტის განახლებული – ამჟამად მოქმედი რედაქციით, „საქართველოს საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო“. მხოლოდ რაიონული (საქალაქო) სასამართლოები განიხილავენ პირველი ინსტანციით მათ განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს სპეციალიზებული მოსამართლეების მიერ. პრინციპული სიახლეა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში მაგისტრატი მოსამართლის ინსტიტუტის შექმნა. ჩამოყალიბდა წმინდა სააპელაციო ტიპის სასამართლო. ასეთი არ იყო მანამდე მოქმედი საოლქო სასამართლო, ვინაიდან იგი პირველი ინსტანციითაც განიხილავდა საქმეებს. განხორციელებული ცვლილებებით კი მკვიდრდება თანმიმდევრული ინსტანციურობის პრინციპი. მართალია, საოლქო სასამართლოსაგან გამიჯნული სააპელაციო სასამართლო „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მიღებიდანვე იყო გათვალისწინებული, მაგრამ იგი ცალკე არ ამოქმედებულა და საოლქო სასამართლომ შეცვალა აპელაციის ფუნქციის მასში გაერთიანებით.
სერიოზული რეფორმირება განიცადა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ და იგი ჩამოყალიბდა წმინდა საკასაციო ინსტანციის სასამართლოდ, ვინაიდან აღარ განიხილავს პირველი ინსტანციით სისხლის სამართლის საქმეებს. ასევე გასათვალისწინებელია ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ 2004 წლის 6 თებერვლის კონსტიტუციური კანონით, საქართველოს კონსტიტუციის 82ე მუხლს დაემატა მე5 პუნქტი. იგი ითვალისწინებს საერთო სასამართლოებში საქმეების განხილვას ნაფიცი მსაჯულების მიერ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.
აღნიშნული გარემოებანი და სხვა საკანონმდებლო ცვლილებები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მოხდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის პრინციპული განახლება და შესაბამისად იგი შეიძლება შეფასდეს, როგორც სასამართლო წყობილების შეცვლის ტოლფასი მოვლენა.
სასამართლო კოლეგია ვერ დაეთანხმება მოსარჩელეებს იმაში, რომ სასამართლო წყობილების შეცვლა საქართველოს კონსტიტუციით უნდა იქნეს გათვალისწინებული. საქართველოს კონსტიტუციის 107ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსიდან, რომელზე მითითებითაც ასეთ დასკვნას აკეთებენ მოსარჩელეები, ეს აზრი არ გამომდინარეობს. როგორც უკვე ითქვა, იგი ეხებოდა ერთ კონკრეტულ შემთხვევას, როცა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მიღებამდე ძალაში რჩებოდა სასამართლო წყობილების მანამდე მოქმედი კანონმდებლობა.
III. სასამართლო წყობილების შეცვლას შედეგად მოსდევს სასამართლოების არამარტო ლიკვიდაცია, არამედ მათი რეორგანიზაციაც. მომხდარი საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულია როგორც ერთი, ისე მეორე.
კანონმდებელმა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება დაუკავშირა ორ მნიშვნელოვან გარემოებას: სასამართლო წყობილების შეცვლას და ამის საფუძველზე სასამართლოს ლიკვიდაციას. ამ ლოგიკით, სასამართლოს ლიკვიდაცია სასამართლო წყობილების შეცვლის გარეშე (რაც ასევე დასაშვებად უნდა მივიჩნიოთ), ვერ გამოიწვევს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებას.
საოლქო სასამართლოს ლიკვიდაცია გათვალისწინებულია სადავო 883 მუხლით, თუმცა, თვითონ მოსარჩელეებმა გამოთქვეს ურთიერთსაწინააღმედგო შეხედულებები და ეჭვის ქვეშ დააყენეს საოლქო სასამართლოს ლიკვიდაციასთან სადავო მუხლის კავშირი, ხოლო მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა ლიკვიდაციის დამდგენ აქტად მიიჩნიეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე2 მუხლი.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის შინაარსის ახსნაგანმარტებისადმი მოსარჩელე მხარის მიერ გამოჩენილი სიფრთხილე უნდა აიხსნას 883 მუხლის ხარვეზიანობით. საქმე ისაა, რომ მუხლის სათაურში პირდაპირაა მინიშნება საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ლიკვიდაციაზე, ხოლო შინაარსის მიხედვით განსაზღვრულია ამ სასამართლოების ლიკვიდაციასთან, ასევე სააპელაციო სასამართლოების შექმნასთან დაკავშირებული სამართლებრივი, საკადრო, ორგანიზაციული და სხვა საკითხების გადაწყვეტა. ამ მუხლის გონივრული განმარტება გვაფიქრებინებს, რომ იგი ადგენს საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ლიკვიდაციას. ბუნებრივია, უმჯობესი იყო კანონმდებელს პირდაპირ დაედგინა აღნიშნული სასამართლოების ლიკვიდაცია. მუხლის ამგვარ ინტერპრეტაციას კიდევ უფრო ამყარებს ის გარემოებაც, რომ ამ სასამართლოების ლიკვიდაციის დამდგენი სხვა აქტი საქმის მასალებში არ ჩანს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ლოგიკური იქნება იმ დასკვნის გაკეთება, რომ სადავო ნორმის საფუძველზე საოლქო სასამართლოების ლიკვიდაცია უკავშირდება ორგანული კანონის 54ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას, როგორიცაა სასამართლო წყობილების შეცვლა. მაშასადამე, სადავო მუხლით ფაქტობრივად განსაზღვრულია, რომ მოხდეს საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ლიკვიდაცია სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით. ასეთი უნდა იყოს ის ფორმალურსამართლებრივი სინამდვილე, რაც შეიძლება სადავო მუხლის განმარტების საფუძველზე დადგინდეს.
მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში – საოლქო სასამართლოს ლიკვიდაცია თუ რეორგანიზაცია? მოსარჩელეები თვლიან, რომ მოხდა რეორგანიზაცია, რაც არ შეიძლება გამხდარიყო მათი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და რეზერვში ჩარიცხვის საფუძველი. ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ სადავო ნორმაში მოცემული სამართლებრივი (ნორმატიული) სინამდვილე და მისი გამოყენების შედეგად დამდგარი ფაქტობრივი სინამდვილე. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია კონსტიტუციასთან მიმართებით შეაფასოს მხოლოდ სადავო ნორმაში გათვალისწინებული დანაწესის კონსტიტუციურობა. მასში კი აღნიშნულია სასამართლოს ლიკვიდაცია, რასაც, როგორც ზემოთ ითქვა, საფუძვლად ედება სასამართლო წყობილების შეცვლა. სადავო ნორმით აღნიშნული ლიკვიდაცია, რომელიც მოსამართლის გათავისუფლებას ედება საფუძვლად, მხოლოდ სასამართლო წყობილების შეცვლის დროს ხორციელდება. ამის გათვალისწინებით, სადავო ნორმა თავისთავად კონსტიტუციის საწინააღმდეგოს არაფერს არ შეიცავს. მაგრამ თუკი ნორმის რეალურპრაქტიკული განხორციელება არ შეესაბამება მის შინაარსს, მაშინ მოსარჩელეთა უფლებების შელახვის წყარო აქ (ნორმის შინაარსში) კი არ არის საძებნელი, არამედ მის პრაქტიკულ განხორციელებაში. საკონსტიტუციო სასამართლო კი ვერ იმსჯელებს სადავო ნორმის გამოყენების კონსტიტუციურობაზე.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
IV. კონსტიტუციური სარჩელის უარყოფის მიუხედავად, სასამართლო კოლეგიის აზრით, მოსამართლის კონსტიტუციური სტატუსისა და სათანადო საერთაშორისო ნორმების ადეკვატური იქნება, თუ კანონმდებელი სრულყოფს მოსამართლის გათავისუფლების იმ პირობებს, რომლებიც მოცემულია შესაბამისი ორგანული კანონის 541 მუხლში, გარანტირებულს გახდის თანამდებობას ჩამოცილებული მოსამართლისათვის თანამდებობის კვლავ დაკავების შესაძლებლობას და ისეთი მოსამართლეების საერთოდ არყოლას (ან მათი რიცხვის მინიმუმამდე შემცირებას), როგორიცაა რეზერვში მყოფი მოსამართლეები. ვინაიდან კანონმდებელი მოსამართლეებს რეზერვში ჩარიცხვით, ფორმალურად უწყვეტს სამოსამართლეო უფლებამოსილებას დარჩენილი ვადის განმავლობაში, იგი ვალდებულია, სანამ ამ კატეგორიის მოსამართლეები იქნებიან, უზრუნველყოს ისინი ისეთი სოციალური მდგომარეობით, რომელიც შეეფერება მოსამართლის მაღალ სტატუსს და გონივრულ შესაბამისობაში იქნება მოქმედი მოსამართლის სოციალურ პირობებთან.
სასამართლო კოლეგია ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაცია მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების ისეთი საფუძველია, როცა შეფასების საგანს არ წარმოადგენს მოსამართლის სამოსამართლეო ღირსებები. ასეთ პირობებში ადვილი შესაძლებელია, რომ ღირსეული მოსამართლე სასამართლოს მიღმა დარჩეს. საქმეში არსებული მასალებიდან – მოსარჩელეთა ახსნაგანმარტებებიდან ჩანს, რომ საოლქო სასამართლოს ლიკვიდაციის გამო თანამდებობა ბევრ ასეთ მოსამართლეს დაუტოვებია. ყოველივე ეს კანონმდებელს სახელმწიფოებრივად ავალდებულებს შექმნას ისეთი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს „არასასურველი“ და „არასაიმედო“ მოსამართლის სასამართლოდან წასვლას. სწორედ უხარვეზო და სამართლიანი საკანონმდებლო ნება წარმოადგენს მოსამართლის დამოუკიდებლობისა და შეუცვლელობის ნამდვილ გარანტიას.
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე2 პუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21ე მუხლის მე2 პუნქტით, 39ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და 43ე მუხლის მე2, მე7 და მე8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 32ე და 33ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქეების – თამაზ კილანავას, ნუგზარ კანდელაკის, მანანა ნასარიძის, მადონა ღიბრაძისა და ლალი არჩვაძის 357ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 883 მუხლის იმ ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 30ე მუხლის მე4 პუნქტთან მიმართებით, რომელიც შეეხება საოლქო სასამართლოს ლიკვიდაციას;
2. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
4. ამ გადაწყვეტილების ასლები გაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
5. გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
კოლეგიის წევრები:
ბესარიონ ზოიძე;
ვახტანგ გვარამია;
იაკობ ფუტკარაძე;
ნიკოლოზ შაშკინი.