ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/1/359 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 28 თებერვალი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2.ოთარ ბენიძე – წევრი;
3.ლამარა ჩორგოლაშვილი – მომხსენებელი მოსამართლე;
4.ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე
საქმის დასახელება: ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი:ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები:თამარ კორძაია და ნინო ლომჯარია
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საქმე წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2006 წლის 10 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №359) მომართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მოითხოვა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლებთან მიმართებით.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლი,89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლი.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა მოთხოვნის მოცულობა იმ მიმართებით, რომ საქართველოს საბაჯო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი პუნქტიდან მხოლოდ „სახელმწიფო დაწესებულების“ მიერ საბაჟო ორგანოებისათვის გადაცემული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად აღიარების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა;დანარჩენ ნაწილში მოთხოვნაზე უარი განაცხადა.
კოლეგიას მიაჩნია,რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნები და არ არსებობს იმავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 89-ე მუხლებით, „საქარტველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტით,43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ’’საქართველოს კანონის მე-13,მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით,
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1.ნაწილობრივ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლებთან მიმართებით, სახელდობრ, სადავო მუხლის ის ნაწილი, რომელიც შეეხება სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საბაჟო ორგანოებისათვის გადაცემული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მითითების არაკონსტიტუციურად ცნობას;
2. კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხეა საქართველოს პარლამერნტი;
3.საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;
4.საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
5.საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას და გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
2.ოთარ ბენიძე
3.ლამარა ჩორგოლაშვილი
4.ზაურ ჯინჯოლავა