საქართველოს მოქალაქეები თამაზ კილანავა, მადონა ღიბრაძე, ნუგზარ კანდელაკი, ნათელა ჭავჭანიძე და ირმა მახათაძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/5/426 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, |
თარიღი | 25 ოქტომბერი 2007 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე _ სხდომის თავმჯდომარე
ოთარ სიჭინავა _ წევრი
ჯონი ხეცურიანი _ წევრი, მომხსენებელი მოსამართლე
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩადილავა
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №465 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ“ საართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 30 აპრილის №267 ბრძანებულების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
I
საქართველოს მოქალაქეების თამაზ კილანავას, მადონა ღიბრაძის, ნუგზარ კანდელაკის, ნათელა ჭავჭანიძის და ირმა მახათაძის 426-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2007 წლის 25 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმიეცა 2007 წლის პირველ ივნისს. განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2007 წლის 25 ოქტომბერს. განმწესრიგებელ სხდომაზე სასამართლოს წევრის, ოთარ სიჭინავას მიერ წარმოდგენილი იქნა განცხადება საქმის განხილვისაგან თვითგანრიდების შესახებ.
II
1. განცხადებაში მოსამართლე საქმის განხილვისაგან თვითგანრიდების საფუძვლად მიუთითებს შემდეგგარემოებას :2006 წლის 24 თებერვლიდან 2006 წლის 6 ოქტომბრამდე იგი მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. აღნიშნულ პერიოდში, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მონაწილეობას იღებდა ლიკვიდირებული სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხვის, ახალი მოსამართლეების დანიშვნისა და საერთო სასამართლოებში მიმდინარე სხვა საკადრო საკითხების გადაწყვეტაში. მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს პრეზიდენტისადმი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2006 წლის 15 წარდგინების შემუშავებაში. ამ წარდგინების საფუძველზე მოხდა №426 კონსტიტუციურ სარჩელზე წარმოდგენილი მოსარჩელეების საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხვა. ო. სიჭინავამ, როგორციუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, განახორციელა ამ საკითხებთან დაკავშირებით საერთო სასამართლოების მოსამართლეთა, მათ შორის, მოსარჩელეთა ინფორმირება, რის გამოც მათთან მოუვიდა პიროვნული კონფლიქტი.
2. კოლეგია თვლის, რომ განცხადებაში მითითებული ფაქტები, მიეკუთვნებიან იმ გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება ეჭვი გამოიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოების წევრის მიუკერძოებლობაში და წარმოადგენს მოსამართლის საქმისაგან თვითგანრიდების საფუძველს.
3. მხედველობაში მისაღებია ის გარემოება, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოსამართლის აცილების შემთხვევაში საქმის განმხილველი კოლეგიის შემადგენლობა ორ წევრამდე შემცირდა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საქმის არსებითი განხილვისათვის რეზოლუციით დაუყოვნებლივ გადასცემს სხვა კოლეგიას.
III
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-3 პუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ოთარ სიჭინავას განცხადება №426 კონსტიტუციური სარჩელის განხილვაში მონაწილეობისაგან თვითგანრიდების შესახებ.
2. კონსტიტუციური სარჩელი №426 გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ჯონი ხეცურიანი