საქართველოს მოქალაქეები თამაზ კილანავა, მადონა ღიბრაძე, ნუგზარ კანდელაკი, ნათელა ჭავჭანიძე და ირმა მახათაძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/426 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 4 აპრილი 2008 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ვახტანგ გვარამია -წევრი;
ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ბესარიონ ზოიძე – წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები – თამაზ კილანავა, მადონა ღიბრაძე, ნუგზარ კანდელაკი, ნათელა ჭავჭანიძე და ირმა მახათაძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №465 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 30 აპრილის №267 ბრძანებულების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I.
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 25 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №426) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა თამაზ კილანავამ, მადონა ღიბრაძემ, ნუგზარ კანდელაკმა, ნათელა ჭავჭანიძემ და ირმა მახათაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2007 წლის პირველ ივნისს. განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2007 წლის 25 ოქტომბერს. განმწესრიგებელ სხდომაზე სასამართლოს წევრის, ოთარ სიჭინავას მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება საქმის განხილვისაგან თვითგანრიდების შესახებ. სასამართლომ 2007 წლის 25 ოქტომბრის 2/5/426 განჩინებით დააკმაყოფილა შუამდგომლობა და ვინაიდან საქმის განმხილველი კოლეგიის შემადგენლობა ორ წევრამდე შემცირდა, საქართველოს საკონსტიტუცო სასამართლოს რეგლამენტის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტზე დაყრდნობით, კონსტიტუციური სარჩელი გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. 2007 წლის 29 ოქტომბერს სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას.
2. საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები, ასევე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
3. მოსარჩელეები საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №972, 985, 992, 980, 975-ე ბრძანებულებების საფუძველზე ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობებიდან და ჩაირიცხნენ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში.
მოსარჩელეთა აზრით, სადავო ბრძანებულება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული თავისუფალი შრომის უფლებას, რომელიც გულისხმობს პირის შესაძლებლობას, საკუთარი შეხედულებისამებრ აირჩიოს საქმიანობის სფერო და პროფესია ან დათანხმდეს შეთავაზებული სამუშაოს შესრულებაზე.
სადავო ბრძანებულებით განისაზღვრა მოსამართლეთა რეზერვიდან პირის გამოყვანის დამატებითი საფუძველი. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №465 ბრძანებულების მე-4 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით მოსამართლე რეზერვიდან გამოყვანილი იქნება, თუ მან „დაიკავა მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას“. მოსარჩელეთა აზრით, ამ დებულებით, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებული პირები გათანაბრდნენ მოსამართლის თანამდებობაზე მყოფ პირებთან და სამსახურის გარეშე დარჩენილებს ფაქტიურად აეკრძალათ პროფესიის მიხედვით და მის გარეშე შრომითი საქმიანობა, შეეზღუდათ უფლება, თავად აირჩიონ შრომითი საქმიანობის სფერო.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის რიგ ნორმებზე დაყრდნობით მოსარჩელეები ასაბუთებენ, რომ რეზერვში ჩარიცხული პირები მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებულნი არიან და შესაბამისად, არ წარმოადგენენ თანამდებობის პირებს. აქედან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მათი გათანაბრება მოსამართლის სამართლებრივ მდგომარეობასთან, როდესაც საქმე ეხება სხვა თანამდებობის დაკავებას ან თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებას.
მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში მოითხოვენ ასევე სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.
4. განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2008 წლის 13 მარტს.
II
1. საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გარკვევისთვის, პირველ რიგში, უნდა დაზუსტდეს დავის საგანი. სადავო ბრძანებულება შეეხება „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №465 ბრძანებულებაში დამატების შეტანას. კერძოდ, დასახელებული აქტის მე-4 მუხლს დაემატა „ე1“ ქვეპუნქტი, რომლის შინაარსიც, მოსარჩელეთა აზრით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ნორმატიულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შევიდა ცვლილება ან დამატება“. შესაბამისად, სადავო ბრძანებულება „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №465 ბრძანებულების განუყოფელი ნაწილია და დავის საგანს წარმოადგენს ზუსტად ამ ბრძანებულების მე-4 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტი.
2. „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №465 ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 4 ოქტომბრის №554 ბრძანებულების პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით ძალადაკარგულად გამოცხადდა. შესაბამისად, ძალადაკარგულია ამ ბრძანებულების გასაჩივრებული დებულებაც.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის თანახმად, შესაბამის სუბიექტებს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე“, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციური სარჩელი უნდა ეხებოდეს მხოლოდ მოქმედი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას. ამასთან, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „... საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას...“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად განსახილველად მიიღოს ძალადაკარგული ნორმატიული აქტები.
III
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 271-ე მუხლის პირველი პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე, 31-ე მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1.შეწყდეს სამართალწარმოება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები – თამაზ კილანავა, მადონა ღიბრაძე, ნუგზარ კანდელაკი, ნათელა ჭავჭანიძე და ირმა მახათაძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №465 ბრძანებულების მე-4 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
ბესარიონ ზოიძე