საქართველოს მოქალაქეები პაატა ქობულაძე და ალექსი მარიამიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/22/330,331 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 26 დეკემბერი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე);
ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე);
იაკობ ფუტკარაძე;
ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: „საქართველოს მოქალაქეები – პაატა ქობულაძე და ალექსი მარიამიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანი: „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის კანონის 741 მუხლის პირველი პუნქტისა და 743 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები – პაატა ქობულაძე და ალექსი მარიამიძე, მოსარჩელე ალექსი მარიამიძის წარმომადგენლები – ლია მუხაშავრია, ვანდა ჯიჯელავა, მანანა კობახიძე და ქეთევან მეხუზლა; მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები მარინე რობაქიძე და იოსებ ლომაშვილი.
სასამართლო საქმე „საქართველოს მოქალაქეები – პაატა ქობულაძე და ალექსი მარიამიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 15 ივნისის N1/2/330,331 საოქმო ჩანაწერით შეიქმნა. იგი მოიცავს, შესაბამისად, პაატა ქობულაძისა და ალექსი მარიამიძის 2005 წლის 19 და 20 მაისის კონსტიტუციურ სარჩელებს, რომლებიც დავის საგნის, მოსარჩელე სუბიექტთა კატეგორიისა და მოპასუხის იგივეობის გამო ერთობლივად განხილვის მიზნით გაერთიანდა.
კონსტიტუციური სარჩელების შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
საქმის არსებითად განხილვის დაწყების მიზნით, 2005 წლის 15 დეკემბერს გაიხსნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის ღია სხდომა. არსებითი განხილვის დაწყებამდე, მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა ისარგებლეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული უფლებით და დააყენეს შუამდგომლობა საქმის შეწყვეტის შესახებ. მათ აღნიშნეს, რომ საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 25 ნოემბერს მიიღო კანონი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“. ამ ცვლილება-დამატებების საფუძველზე კანონიდან ამოღებული იქნა IV1 თავი, რომელიც მოიცავდა სადავო დებულებებს, ახალი ნორმები კი ისე ჩამოყალიბდა, როგორც ამას მოითხოვენ მოსარჩელეები. კერძოდ, მოსარჩელეები სადავო ნორმებით მოკლებული იყვნენ იმის უფლებას, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს არსებითად განეხილა მათი საჩივარი დისციპლინური საქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და გამოეტანა შესაბამისი გადაწყვეტილება. ახლა საქართველოს უზენაეს სასამართლოს აქვს საქმის არსებითი განხილვის უფლებამოსილება. ამდენად, მოსარჩელეთა მოთხოვნები უკვე საკანონმდებლო დონეზეა დაკმაყოფილებული.
მოპასუხის წარმომადგენლები მიუთითებენ საქართველოს მოქალაქის ქეთევან ბახტაძის საქმესთან დაკავშირებით 2004 წლის 28 ივნისს მიღებულ N1/3/209,276 გადაწყვეტილებაზე. ისინი აღნიშნავენ, რომ მოსარჩელეთა მიერ სადავოდ ქცეული საკითხები, მათი შინაარსიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ ამ აქტით გადაწყვიტა. 2005 წლის 25 ნოემბრის კანონით კი დასრულდა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ მოსარჩელეებს უკვე აღარ ერღვევათ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება.
მოსარჩელეებმა მოპასუხის შუამდგომლობასთან დაკავშირებით აღნიშნეს, რომ ჯერ კიდევ უცნობია საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის მდგომარეობა. საქმის განხილვა უნდა გაგრძელდეს. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა თქვას თავისი სიტყვა სადავო ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გააანალიზა სამართალწარმოების მონაწილეთა არგუმენტები საქმის შეწყვეტის შუამდგომლობის თაობაზე და დაადგინა შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი.
1. მოსარჩელეები – პაატა ქობულაძე და ალექსი მარიამიძე სადავოდ ხდიან „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 741 მუხლის პირველ პუნქტსა და 743 მუხლს, რომლებიც მიღებულია საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 28 ივნისის N1/3/209,276 გადაწყვეტილების შემდეგ. მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმების თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო სადისციპლინო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქმის მხოლოდ ფორმალური მდგომარეობის შემოწმებით შემოიფარგლება. მათი აზრით, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება გულისხმობს სარჩელის შეტანას, საქმის არსებით განხილვას, გადაწყვეტილების გამოტანასა და მის აღსრულებას. სადავო ნორმები კი არ აძლევენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართლმსაჯულების განმახორციელებელ ერთადერთ ორგანოს _ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იმსჯელოს არსებითად საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე და შესაბამისად თვითონაც გამოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილება.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ არ აღსრულდა საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება – კანონმდებელმა სადავო ნორმების სახით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებს შინაარსობრივად კვლავ მიანიჭა იურიდიული ძალა, რითაც კვლავ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება.
2.„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მსჯელობის საგანს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქის ქეთევან ბახტაძის საქმესთან დაკავშირებით. სასამართლო კოლეგიამ 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით (N1/3/209,276) არაკონსტიტუციურად ცნო აღნიშნული კანონის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 75-ე მუხლის პირველი პუნქტი იმ მოტივით, რომ ისინი არ აძლევდნენ მოსამართლეს სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას. ამით ირღვეოდა კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული ისეთი ძირითადი უფლება, როგორიცაა სასამართლოსადმი მიმართვის უფლება და მოსამართლე სასამართლო დაცვის მიღმა რჩებოდა. ამიტომაც, სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა თავის გადაწყვეტილებაში, რომ როგორიც არ უნდა იყოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი, ყველა შემთხვევაში სასამართლოსადმი მიმართვის უფლება გარანტირებული უნდა იყოს.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების პრინციპული დებულებებიდან გამომდინარე, დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება უნდა გულისხმობდეს საქმის არსებითი განხილვის შესაძლებლობასაც, რაც სადავო ნორმებით არაა გათვალისწინებული. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება განხორციელებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც საქმე განხილული იქნება სასამართლოს მიერ სრული იურისდიქციის ფარგლებში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს როგორც კანონიერების თვალსაზრისით, ისე არსებითადაც (ლე კონტი, ვან ლევენი და დე მეიერი ბელგიის წინააღმდეგ; ალბერი და ლე კონტი ბელგიის წინააღმდეგ).
აქედან გამომდინარე, მოსამართლისათვის მისი დისციპლინური საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის მაჩვენებელია.
3.საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 25 ნოემბერს მიღებული კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N53, 2005 წელი, მუხ. 347) პრინციპულად ცვლის საქმის ვითარებას. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებითა და დამატებებით მთლიანად არის გათვალისწინებული მოსარჩელეთა მოთხოვნები. სადავო ნორმებმა, აგრეთვე „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 21-ე – 22-ე, 24-ე – 25-ე, 27-ე – 28-ე და მე-60 – 74-ე მუხლებმა, რომელთა არაკონსტიტუციურად ცნობაც დამატებით, ცალკე წერილობითი განცხადებით მოითხოვა მოსარჩელე ალექსი მარიამიძემ, არსებითი ტრანსფორმაცია განიცადა. სადისციპლინო საბჭო გაუქმებულია. აღარც უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგია არსებობს, სადაც მხოლოდ კასაციის წესით ხდებოდა სარჩელის შეტანა. ამჯერად გასაჩივრებას ექვემდებარება სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღიარებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილება არა მხოლოდ გააუქმოს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება და საქმე დააბრუნოს ხელახლა განსახილველად (მუხლი 73), არამედ მიიღოს ახალი გადაწყვეტილებაც. კანონის 72-ე მუხლის თანახმად: „სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, თუ სადისციპლინო კოლეგიამ უკანონოდ გაამართლა მოსამართლე, უკანონოდ შეწყვიტა მის წინააღმდეგ აღძრული დისციპლინური საქმე, ანდა უკანონოდ დააკისრა მას დისციპლინური პასუხისმგებლობა და გამოიყენა დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისთანავე სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მიიღოს ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გარდა“.
ამდენად, საქართველოს „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხიმსგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა და დამატებებმა საფუძველი გამოაცალეს დავის საგანს. ერთი მხრივ, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმებში არსობრივად (გადაწყვეტილების გასაჩივრების ნამდვილი აზრის თვალსაზრისით) განმეორებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები; მეორე მხრივ, საკანონმდებლო ცვლილებებში გათვალისწინებულია მოსარჩელეთა ინტერესები და ამ თვალსაზრისით ეს შეიძლება ჩაითვალოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების გამოხატულებად.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „დ“ პუნქტის შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ მოპასუხის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და კონსტიტუციური სარჩელების განხილვა აღარ უნდა გაგრძელდეს.
სამართალწარმოების შეწყვეტის თაობაზე მოპასუხის წარმომადგენელთა შუამდგომლობის გაზიარებასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების განმსაზღვრელი გარემოებანი მაინც საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე გამოვლინდა.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-7, მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-18 მუხლის „დ“ პუნქტის დებულებებიდან გამომდინარე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება საქართველოს - მოქალაქეების პაატა ქობულაძისა და ალექსი მარიამიძის კონსტიტუციურ სარჩელებზე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის კანონის 741 მუხლის პირველი პუნქტისა და 743 მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
2. ამ განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს;
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე)
ვ. გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე)
ი. ფუტკარაძე
ნ. შაშკინი