გრიგოლ აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/20/1417 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 დეკემბერი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 31 დეკემბერი 2019 13:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: გრიგოლ აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის სიტყვების „ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში),“ და ამავე პუნქტის სიტყვების „6 თვის განმავლობაში“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელის - გრიგოლ აბულაძის წარმომადგენლები - მაგდა ჯიმშელეიშვილი, თეონა ზაქარაშვილი; მოპასუხის- საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი ქრისტინე კუპრავა; მოწმე - საჯარო სამსახურის ბიუროს იურისტი ლევან ყოლბაია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1417) მომართა საქართველოს მოქალაქე გრიგოლ აბულაძემ. №1417 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 5 აპრილს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2019 წლის 8 ივლისს.
2. №1417 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტი.
3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ასევე, ამავე კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს დამატებით ეძლევა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.
4. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია საჯარო თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება.
5. №1417 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 11 ივლისს მოსარჩელე გრიგოლ აბულაძე დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, ხოლო მისი კადრების განკარგულებაში აყვანის და შემდგომში დათხოვნის ფაქტობრივი საფუძველი იყო შსს საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული რეორგანიზაცია. გრიგოლ აბულაძის თანამდებობიდან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია ორი ინსტანციის სასამართლომ, ხოლო კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის მომენტისათვის საქმეს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იმ პირობებშიც, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ იქნება გამოტანილი, მისი უფლებაში სრულად აღდგენა შესაძლოა არ განხორციელდეს, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმების მოქმედების საფუძველზე.
6. მოსარჩელე მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების ნორმატიული შინაარსი, რომელიც უკანონო გათავისუფლებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას უკავშირებს დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენას ან მის რეზერვში ჩარიცხვის ფაქტს, აკნინებს საჯარო მოხელის სტატუსს და შეუსაბამოდ ზღუდავს მის უფლებას, უპირობოდ მიიღოს ანაზღაურება, როგორც სოციალური დაცვის გარანტია. იმ შემთხვევაში, როდესაც ზემდგომი ორგანო ან სასამართლო დაადგენს საჯარო მოხელის გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული აქტის უკანონობას, საჯარო მოხელეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს საჯარო მოხელისათვის გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიებით. არსებული მდგომარეობით, შეიძლება სასამართლოს მიერ დადგინდეს გათავისუფლების უკანონობა, თუმცა ამის შემდეგ საჯარო მოხელეს კიდევ ადგებოდეს უკანონო გათავისუფლებით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანი, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ საჯარო თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებას.
7. №1417 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმები გამორიცხავს პირის შესაძლებლობას, მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში. ვინაიდან, სადავო ნორმების საფუძველზე, როდესაც სასამართლო ბათილად ცნობს პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მიყენებული ზიანის ანაზღაურება დამოკიდებულია წინაპირობაზე, აღდგება თუ არა უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე თანამდებობაზე ან ჩაირიცხება თუ არა იგი მოხელეთა რეზერვში. აღნიშნული წინაპირობების არსებობა, უსაფუძვლოდ აფერხებს და აჭიანურებს გადაწყვეტილების აღსრულებას, მიყენებული ზიანის ანაზღაურების პროცესს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების უფლებას.
8. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 პუნქტის სიტყვები „6 თვის განმავლობაში“ განსაზღვრავს, რომ კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ 6 თვის განმავლობაში, რაც ვერ უზრუნველყოფს მოხელის უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში მისი იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღუდგენლობით გამოწვეული ზიანის პროპორციულ ანაზღაურებას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ, როგორც წესი, კომპენსაციის ოდენობა პრაქტიკაში დამოკიდებულია შრომითი ხელშეკრულების ვადაზე, ურთიერთობის ხანგძლივობაზე, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებსა თუ სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის წესი „საქართველოს შრომის კოდექსით“ გათვალისწინებულ სტანდარტსაც კი არ შეესაბამება, რომელიც უკანონოდ გათავისუფლებული პირის აღუდგენლობის შემთხვევაში კომპენსაციის განსაზღვრის შესაძლებლობას მხარეებს აძლევს, ხოლო კომპენსაციის ოდენობაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, სასამართლოს.
9. მოსარჩელის განმარტებით, სიტყვები „6 თვის განმავლობაში“ კომპენსაციის ვადის დამაზუსტებელი წესია, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, სადავო ნორმით დადგენილი კომპენსაცია სრულად გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 105-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საჯარო მოხელის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის 2 წლიან ვადაზე.
10. მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმები არ ზღუდავს მოხელის საჯარო სამსახურში ხელახლა დასაქმებას. ხოლო თუ მოსარჩელე ამ უფლებით სარგებლობის მატერიალური გარანტიების შეზღუდვაზე დაობს, აღნიშნული არ მოიაზრება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში. ასევე, მოპასუხე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები არ ტოვებს შესაძლებლობას, თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეს სრული ოდენობით არ აუნაზღაურდეს განაცდური სარგო. შესაბამისად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების მოქმედების საფუძველზე, არ იზღუდება მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონსტიტუციური უფლებები.
11. მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სიტყვების „6 თვის განმავლობაში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად, რადგან მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიზანია არა არსებული ნორმატიული მოცემულობის არაკონსტიტუციურობის მტკიცება, არამედ - სადავო ნორმიდან შესაბამისი სიტყვების ამოღების გზით ახალი ნორმატიული შინაარსის მქონე ნორმის მიღება.
12. საქმეზე მოწმედ იქნა მოწვეული საჯარო სამსახურის ბიუროს იურისტი ლევან ყოლბაია. მოწმემ აღნიშნა, რომ განაცდურის გაცემა არ არის დაკავშირებული თანამდებობაზე აღდგენასა თუ რეზერვში ჩარიცხვის ფაქტთან და იგი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანმდევი შედეგია. თავის მხრივ, განაცდურის დაანგარიშების არსებული წესის მიზანია განაცდურის ოდენობის ზუსტი გამოანგარიშება, უკავშირდება პირის თანამდებობაზე აღდგენის ფაქტს ან მისი თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. მოსარჩელე სადავოდ ხდის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის და ამავე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში),“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელისთვის განაცდური სარგოს და სხვა დანამატების ანაზღაურებას უკავშირებს საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენის ან მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვას. ამასთანავე, განაცდურის მიღების კანონით განსაზღვრული წინაპირობები - მოხელის თანამდებობაზე აღდგენა ან მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა - უსაფუძვლოდ აყოვნებს უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების პროცესს. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით მას ერთმევა შესაძლებლობა, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის გარეშე.
4. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტი აწესრიგებს უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და განსაზღვრავს, რომ აღდგენასთან ერთად, პირს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დასახელებული მუხლის მე-5 პუნქტი კი შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც შეუძლებელია პირის სამსახურში აღდგენა, პირი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.
5. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავოდ გამხდარი 118-ე მუხლის მიხედვით, საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირი უნდა აღდგეს სამსახურში ან თუ ეს შეუძლებელია - ჩაირიცხოს რეზერვში. ამავე მუხლის სადავოდ გამხდარი მე-4 და მე-5 პუნქტებით განისაზღვრება, რომ უკანონოდ გათავისუფლებულ პირს სამსახურში აღდგენისას ან რეზერვში ჩარიცხვისას უფლება აქვს, მიიღოს განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი. სადავოდ გამხდარი ნორმები არ აწესრიგებს მოსარჩელისთვის პრობლემურ საკითხებს. კერძოდ, ამ ნორმებით არ არის განსაზღვრული თანამდებობაზე აღდგენის ან რეზერვში ჩარიცხვის გარეშე განაცდური თანამდებობრივი სარგოს ან საკლასო დანამატის დამოუკიდებლად მოთხოვნასთან, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან და პირობებთან დაკავშირებული საკითხები.
6. სადავო ნორმები საერთოდ არ შეეხება საკითხს, პროცესუალურად რა ტიპის ან რა მოცულობის მოთხოვნის დაყენების უფლება აქვს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს, აგრეთვე რა წესით ან რა ვადაში უნდა აღსრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილება მოხელის უკანონოდ გათავისუფლების შესახებ აქტის ბათილობის თაობაზე. მით უფრო, ნორმები არ შეიცავს აკრძალვას უკანონოდ გათავისუფლების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დამოუკიდებლად მოთხოვნასთან დაკავშირებით.
7. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ სადავო ნორმის მოქმედებით მას ერთმევა შესაძლებლობა, თანამდებობაზე აღდგენის გარეშე მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და გასაჩივრებული რეგულაცია აჭიანურებს უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების პროცესს. არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სადავო ნორმის გამოყენების პრაქტიკა, რომელიც დაადასტურებდა მისი პოზიციის საფუძვლიანობას. ამდენად, აშკარაა, რომ მოსარჩელე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმების შინაარსს და რეგულირების საგანს.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1417 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის და ამავე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში),“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 18-ე მუხლის მე-4 პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
9. №1417 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „6 თვის განმავლობაში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მისი განმარტებით, სიტყვები „6 თვის განმავლობაში“ კომპენსაციის ვადის დამაზუსტებელი წესია, რომელიც ადგენს, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელის თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობისას, რეზერვში ჩარიცხვისას კომპენსაციის მხოლოდ 6 თვის განმავლობაში გაცემას. მოსარჩელის პოზიციით, 6 თვის განმავლობაში გაცემული კომპენსაცია ვერ უზრუნველყოფს უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისათვის მიყენებული ზიანის პროპორციულ ანაზღაურებას.
10. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, როდესაც უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურშიაღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.
11. შესაძლებელია, მოსარჩელემ ესა თუ ის ნორმატიული აქტი სადავოდ გახადოს მთლიანად ან ნაწილობრივ, თუმცა აუცილებელია, სადავო ნორმაზე იმგვარად იყოს მითითებული, რომ იდენტიფიცირებადი იყოს, რომელი ქცევის წესის კონსტიტუციურობაზე დავობს იგი. განსახილველ შემთხვევაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვები „6 თვის განმავლობაში“ გრამატიკული ერთეულია, რომელიც ქცევის წესს ქმნის მხოლოდ სხვა სიტყვებთან კავშირში. კერძოდ, აღნიშნული გრამატიკული ერთეული სხვა სიტყვებთან კავშირში განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეზე გასცეს კომპენსაცია 6 თვის განმავლობაში, თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით. სიტყვები „6 თვის განმავლობაში“ დამოუკიდებლად არ ადგენს რაიმე ქცევის წესს და არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ავტონომიური შინაარსის მქონე ნორმად. სადავო სიტყვები არ ახდენს პირთა წრის ან/და ურთიერთობების იდენტიფიცირებას, რომლის არაკონსტიტუციურობაზეც შეიძლება დამოუკიდებლად იმსჯელოს საკონსტიტუციო სასამართლომ (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის №2/8/881 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ანა მაისურაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-7; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/17/1301 განჩინება საქმეზე „მზია ტურაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-9). ამ სიტყვების არაკონსტიტუციურად ცნობა არ გამოიწვევს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის რომელიმე ნორმატიული შინაარსის გაუქმებას. შესაბამისად, მოსარჩელეს არ მოუხდენია მისი უფლების შემზღუდველი ნორმატიული აქტის იდენტიფიცირება.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1417 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1417 („გრიგოლ აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე