ა(ა)იპ „თანადგომა და სამართლიანობა“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/18/1348 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 დეკემბერი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 31 დეკემბერი 2019 12:51 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „თანადგომა და სამართლიანობა“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის (2019 წლის 31 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1348) მომართა ა(ა)იპ „თანადგომა და სამართლიანობა“-მ. №1348 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2018 წლის 13 სექტემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 17 დეკემბერს.
2. №1348 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 39-ე მუხლი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი და მე-16 მუხლები.
3. „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი (2019 წლის 31 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის კონკრეტულ წესსა და პროცედურას. კერძოდ, თუ ქონების რეალიზაცია პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. მეორე განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს.
4. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი იყო, რომ „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“.
5. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს რეგულაციას, რომელიც განსაზღვრავს პირველი განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, მეორე განმეორებთ აუქციონზე სარეალიზაციო ქონების საწყის ფასს ნული ლარის ოდენობით. მოსარჩელის არგუმენტაციით, მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების სარეალიზაციო ფასი არათანაზომიერად არ შეესაბამება ქონების ფაქტობრივ ღირებულებას. განსაკუთრებით, იმ პირობებში, როდესაც იძულებით აუქციონზე კრედიტორის დაკმაყოფილება, როგორც წესი, ვალდებულებაზე მრავალჯერ მაღალი ღირებულების მქონე მოვალის ქონებიდან ხდება. მოსარჩელის პოზიციით, აუცილებელია იმგვარი მექანიზმის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორისა და მოვალის ინტერესების სამართლიან დაბალანსებას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამგვარ პირობებში, სადავო ნორმა გაუმართლებლად ხელყოფს მოვალეთა საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას.
6. №1348 კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება, მოსარჩელისათვის გამოუსწორებელი ზიანის თავიდან აცილების მიზნით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1348 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებასთან მიმართებით, რომელსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო საკუთრებისა და მემკვიდრეობის ხელშეუხებლობის უფლება. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, დასახელებული უფლება განმტკიცებულია მე-19 მუხლის პირველი პუნქტით.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო №1348 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას დავის საგნად მიიჩნევს „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის (2019 წლის 31 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
5. „„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს №441 ბრძანების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე, „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, შეიცვალა მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასის ოდენობა და ნული ლარის ნაცვლად შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ს.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში, ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, №1348 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი (2019 წლის 31 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) ძალადაკარგულია. სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა განხორციელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას.
7. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, №1348 კონსტიტუციურ სარჩელზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს საქმე №1348 კონსტიტუციურ სარჩელზე („ა(ა)იპ „თანადგომა და სამართლიანობა“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი