საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/3/452,453 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვახტანგ გვარამია, ქეთევან ერემაძე, კონსტანტინე ვარძელაშვილი, |
თარიღი | 20 მაისი 2008 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე
ვახტანგ გვარამია – წევრი;
ქეთევან ერემაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) №452 კონსტიტუციურ სარჩელზე – საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 1298 მუხლის მე-10 ნაწილის მე-2, მე-3, და მე-4 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) #453 კონსტიტუციურ სარჩელზე – საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 1298 მუხლის მე-10 ნაწილის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა ზეპირი მოსმენის გარეშე.
I
1. საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კოსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №452) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 2008 წლის 13 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2008 წლის 15 მაისის რეზოლუციით კონსტიტუციური სარჩელი გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად.
საქართველოს სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №453) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 2008 წლის 19 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2008 წლის 19 მაისის რეზოლუციით კონსტიტუციური სარჩელი გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღებისა და მისი №452 კონსტიტუციურ სარჩელთან ერთბლივად განხილვის საკითხის გადასაწყვეტად.
2. 452-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად დასახელებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, ასევე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
453-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად დასახელებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. 452-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი საქართველოს ყოველ მოქალაქეს ანიჭებს უფლებას, კანონით დადგენილი წესით, გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტს, თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. მოსარჩელის აზრით, სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ინფორმაციის გაცნობის უფლება მოიაზრებს ნებისმიერი მატერიალური ფორმით არსებული ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობას, იქნება ეს წერილობითი დოკუმენტი, ნახაზი, მაკეტი, ფოტო თუ ვიდეო მასალა.
ასევე მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტის დარღვევაზე, რომლის თანახმად ყველას აქვს უფლება დაუბრკოლებლად მიიღოს და გავრცელოს ინფორმაცია.
მოსარჩელის აზრით, კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებს არ შეესაბამება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 1298 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემდეგი წინადადებები: „ვიდეოთვალის ჩანაწერის მონაცემები არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 2008 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას საუბნო საარჩევნო კომისიაში განთავსებული ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნა შეუძლია საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირს, რომელიც ვალდებულია, წარდგენილ განცხადებაში/საჩივარში მიუთითოს ვიდეოთვალის ზუსტი დროის თაობაზე. აღნიშნული განცხადების/საჩივრის წარმდეგნს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ 15-წუთიანი ინტერვალის ჩანაწერის გაცნობა კონკრეტული დროისა და დარღვევის მითითებით.“
მოსარჩელის მტკიცებით, არჩევნების დღის განმავლობაში საარჩევნო უბანზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ვიდეომასალა თავისი შინაარსით წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, ამასთან, ის არ არის კომერციული, სახელმწიფო ან პროფესიულ საიდუმლოება, ამიტომ უნდა იყოს ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისთვის.
მოსარჩელის აზრით, კანონმდებელი სადაო ნორმატიული აქტით დაუსაბუთებლად ავიწროებს ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის უფლების მქონე პირთა წრეს. ამასთან, დამატებით აწესებს 15-წუთიან შეზღუდვას ასეთი ინფორმაციის გაცნობაზე. აღნიშნული, მოსარჩელის მტკიცებით, არ შეესაბამება კონსტიტუციის 41-ე მუხლის მოთხოვნებს. დაუშვებელია, მოქალაქეს წაერთვას არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციის სრულყოფილად მიღების შესაძლებლობა მაშინაც კი, თუ ის არ მონაწილეობს არჩევნებში.
სარჩელის ავტორს მიაჩნია, რომ რადგანაც ნორმატიული აქტის სადაო წინადადებები მოქმედებას წყვეტს 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ ასრებითად უნდა იმსჯელოს მის კონსტიტუციურობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადაო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა გამორიცხავს კანონმდებლის მიერ ანალოგიური შინაარსის ნორმის მომავალში მიღებას.
მოსარჩელე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მოითხოვს განმწესრიგებელ სხდომაზე შესაბამისი პირების მოწვევას.
მოსარჩელის აზრით, ვიდეოთვალის მონაცემების სრულყოფილად გაცნობის შესაძლებლობის არსებობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უშუალოდ არჩევნების დღეს და მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც დარღვევებზე რეაგირებისთვის ითვალისწინებს საჩივრების და სარჩელების შეტანას დამკვირვებლების მიერ. დარღვევებზე რეაგირებისთვის აუცილებელია დამკვირვებლის მიერ სათანადო მტკიცებულბების წარდგენა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება 15-წუთიანი ინტერვალის გაცნობით, რადგანაც ეს ინტერვალები არ ქმნის საარჩევნო უბანზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესების სრულ სურათს. დამატებით, საარჩევნო კოდექსი ადგენს საჩივრებისა და სარჩელების შეტანისა და განხილვის განსაკუთრებულად შემჭიდროებულ ვადებს. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს, ანუ მას წაერთმევა შესაძლებლობა იდაოს 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების კონკრეტულ დარღვევებზე და კონკრეტული კომისიის ქმედებების კანონიერებაზე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 29-ე მუხლის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე ითხოვს სადაო ნორმები მოქმედების შეჩერებას.
4. 453-ე კონსტიტუციური სარჩელი, 452-ე სარჩელში სადაოდ გამხდარი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 1298 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული წინადადებებთან ერთად, დამატებით საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის შეუსაბამოდ მიიჩნევს საქართველოს საარჩევნო კოდექსის ამავე მუხლის ამავე ნაწილის შემდეგ წინადადებებს: „განცხადება/საჩივარი ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნაზე შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ განუხილველი დარჩება, თუ განცხადება/საჩივარი არ იქნება წარდგენილი ამ პუნქტით დადგენილი წესით. განცხადების/საჩივრის წარმდეგნ პირს ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის განხილვისას, აგრეთვე სასამართლოში დავის შემთხვევაში.“ მოსარჩელის აზრით, ვიდეოთვალის ჩანაწერი არ წარმოადგენს სახელმწიფო, კომერციულ, პროფესიულ ან პირად საიდუმლოებას და შესაბამისად უნდა ჩაითვალოს საჯარო ინფორმაციად.
II
1. 452-ე და 453-ე ნომრებით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელებში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების ყველა მოთხოვნა და არ არსებობს მე-18 მუხლით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, რომელიც მისცემდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველს.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის შეჩერება, თუ მის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები.
გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია.
სასამართლო კოლეგია მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 30 ოქტომბრის №2/10/402,405 საოქმო ჩანაწერზე, რომელშიც სასამართლომ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, სადაო ნორმის მოქმედების შედეგად შეიძლება „ ... პირის უფლებების დარღვევამ მიიღოს გამოუსწორებელი და შეუქცევადი ხასიათი.“
3. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი დავობს მისი, როგორც იურიდიული პირის, უფლების დარღვევაზე გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს. მისი მტკიცებით, ეს უფლება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით და 41-ე მუხლის პირველი პუნქტით არის დაცული.
გარდა ამისა, სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ვიდეოჩანაწერის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას იგი საარჩევნო პროცესზე დაკვირვების განხორციელების მიზნით მოითხოვს. ხოლო, გასაჩივრებული ნორმის მოქმედების შეჩერების ძირითად არგუმენტად დასახელებულია ის გარემოება, რომ ვიდეოჩანაწერის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა დამკვირვებელს უსპობს შესაძლებლობას მოახდინოს ეფექტური რეაგირება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე.
კონსტიტუციის დასახელებული მუხლები მოიცავს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებას მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია, რომელიც გარკვეული ინტერესის დაკმაყოფილებას შეიძლება ემსახურებოდეს. ასეთ ინტერესს, მათ შორის, შესაძლოა, არჩევნების შესახებ ინფორმაციის მიღება ან გავრცელება წარმოადგენდეს.
ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანს ოფიციალური დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის უფლება წარმოადგენს, მოსარჩელისთვის გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე სწორედ აღნიშნული უფლების კონტექსტში უნდა შევაფასოთ.
4. სასამართლომ შეისწავლა არგუმენტები, რომლითაც მოსარჩელე სადაო ნორმის შეჩერების აუცილებლობას ასაბუთებს. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებით პირი სარგებლობს იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა მიზნის მისაღწევად სჭირდება მას აღნიშნული ინფორმაცია, მოცემულ შემთხვევაში, გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხის შეფასებისას, სასამართლო კლეგიამ გამოიკვლია ასევე ის არგუმენტებიც, რომლებიც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე რეაგირებას უკავშირდება.
წარმოდგენილი ყველა არგუმენტის გამოკვლევის შედეგად, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ ნორმის მოქმედება არ გამოიწვევს გამოუსწორებელი შედეგის დადგომას შემდეგ გარემოებათა გამო:
ვიდეოთვალის ჩანაწერი არ არის არჩევნების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღების ერთადერთი საშუალება, დაინტერესებულ პირს ინფორმაციის მიღების სხვა მრავალი ალტერნატივა გააჩნია. უნდა აღინიშნოს, რომ თავად მოსარჩელე მას არჩევნებზე დაკვირვების, დარღვევების პრევენციის და მათზე რეაგირების უზრუნველყოფის დამატებით და ეფექტურ საშუალებად მოიხსენიებს.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, დამკვირვებელს ხელთ აქვს არაერთი შესაძლებლობა დააკვირდეს საარჩევნო პროცესის ნებისმიერ ეტაპს, დაკვირვების შედეგად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. გარდა ამისა, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს შეუძლია შეუზღუდავად აწარმოს ფოტოვიდეოგადაღება. გადაღების უფლებით ასევე სარგებლობენ მედიის წარმომდგენლებიც.
ამასთან ერთად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო დავის განხილვისას, აუცილებლობის შემთხვევაში, სასამართლო არ არის შეზღუდული გამოითხოვოს ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი მონაკვეთი.
დასახელებული ფაქტორები მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ვიდეოთვალის ჩანაწერი არ არის უალტერნატივო მექანიზმი, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნება არჩევნების პროცესის ან შესაძლო დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღება, ან ასეთ დარღვევებზე რეაგირება.
5. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადაო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხე. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვის გარეშე საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გამორიცხავს საარჩევნო უბანზე ვიდეოდაკვირვების შედეგად მიღებული ინფორმაციის შემხებლობას კერძო ცხოვრების ცალკეულ საკითხებთან. შესაბამისად, სადაო ნორმის შეჩერებამ შესაძლოა გამოიწვიოს კონსტიტუციით დაცული სხვა უფლების დარღვევა.
III
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 271 მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №452) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 1298-ე მუხლის მე-10 პუნქტის მე-2, მე-3, და მე-4 წინადადებების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №453) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 1298-ე მუხლის მე-10 ნაწილის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 წინადადებების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლთან მიმართებით.
3. 452-ე და 453-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ, მათი ერთობლივად არსებითად განხილვის მიზნით.
4. საქმეს - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ - არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე