საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/452-453 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 30 ივლისი 2010 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ვახტანგ გვარამია – წევრი;
3. ქეთევან ერემაძე – წევრი;
4. მაია კოპალეიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1. №452 კონსტიტუციურ სარჩელზე – საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 1298 მუხლის მე-10 ნაწილის მე-2, მე-3 და მე-4 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; 2. №453 კონსტიტუციურ სარჩელზე – საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი„ 1298 მუხლის მე-10 ნაწილის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 13 მაისს კოსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №452) მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ხოლო 2008 წლის 19 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №453) საქართველოს სახალხო დამცველმა. კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2008 წლის 20 მაისის საოქმო ჩანაწერით, №452 და №453 კონსტიტუციური სარჩელები მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად და დავის საგნის იდენტურობის გამო გაერთიანდა ერთ საქმედ.
2. 452-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი საქართველოს ყოველ მოქალაქეს ანიჭებს უფლებას, კანონით დადგენილი წესით, გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტს, თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
მოსარჩელის აზრით, სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ინფორმაციის გაცნობის უფლება გულისხმობს ნებისმიერი მატერიალური ფორმით არსებული ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობას, იქნება ეს წერილობითი დოკუმენტი, ნახაზი, მაკეტი, ფოტო თუ ვიდეო მასალა.
მოსარჩელე ასევე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, დაუბრკოლებლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებს არ შეესაბამება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 1298 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემდეგი წინადადებები: „ვიდეოთვალის ჩანაწერის მონაცემები არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 2008 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას საუბნო საარჩევნო კომისიაში განთავსებული ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნა შეუძლია საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირს, რომელიც ვალდებულია, წარდგენილ განცხადებაში/საჩივარში მიუთითოს ვიდეოთვალის ზუსტი დროის თაობაზე. აღნიშნული განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ 15-წუთიანი ინტერვალის ჩანაწერის გაცნობა კონკრეტული დროისა და დარღვევის მითითებით“.
მოსარჩელის მტკიცებით, არჩევნების დღის განმავლობაში საარჩევნო უბანზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ვიდეომასალა თავისი შინაარსით წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, ამასთან, ის არ არის კომერციული, სახელმწიფო ან პროფესიული საიდუმლოება, ამიტომ უნდა იყოს ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისთვის.
მოსარჩელის აზრით, კანონმდებელი სადავო ნორმატიული აქტით, დაუსაბუთებლად ავიწროებს ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის უფლების მქონე პირთა წრეს. ამასთან, დამატებით აწესებს 15 წუთიან შეზღუდვას ასეთი ინფორმაციის გაცნობაზე. აღნიშნული, მოსარჩელის მტკიცებით, არ შეესაბამება კონსტიტუციის 41-ე მუხლის მოთხოვნებს. დაუშვებელია, მოქალაქეს წაერთვას არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციის სრულყოფილად მიღების შესაძლებლობა მაშინაც კი, თუ ის არ მონაწილეობს არჩევნებში.
მოსარჩელის განმარტებით, ვიდეოთვალის მონაცემების სრულყოფილად გაცნობის შესაძლებლობის არსებობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უშუალოდ არჩევნების დღეს და მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რა დროც საჭიროა დარღვევებზე რეაგირებისთვის და დამკვირვებლების მიერ საჩივრებისა და სარჩელების შეტანისათვის. დარღვევებზე რეაგირებისთვის აუცილებელია დამკვირვებლის მიერ სათანადო მტკიცებულბების წარდგენა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება 15 წუთიანი ინტერვალის გაცნობით, რადგანაც ეს ინტერვალები არ ქმნის საარჩევნო უბანზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესების სრულ სურათს. დამატებით, საარჩევნო კოდექსი ადგენს საჩივრებისა და სარჩელების შეტანისა და განხილვის განსაკუთრებულად შემჭიდროებულ ვადებს.
3. №453 კონსტიტუციური სარჩელით, №452 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით სადავო, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 1298 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ წინადადებებთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის შეუსაბამოა აგრეთვე, საქართველოს საარჩევნო კოდექსის ამავე მუხლის ამავე ნაწილის შემდეგი წინადადებები: “განცხადება/საჩივარი ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნაზე შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ განუხილველი დარჩება, თუ განცხადება/საჩივარი არ იქნება წარდგენილი ამ პუნქტით დადგენილი წესით. განცხადების/საჩივრის წარმდგენ პირს ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის განხილვისას, აგრეთვე სასამართლოში დავის შემთხვევაში”. მოსარჩელის აზრით, ვიდეოთვალის ჩანაწერი არ წარმოადგენს სახელმწიფო, კომერციულ, პროფესიულ ან პირად საიდუმლოებას და, შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს საჯარო ინფორმაციად.
II
1. №452 და №453 კონსტიტუციურ სარჩელებში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 1298 მუხლის მე-10 ნაწილის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 წინადადებები. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების დროს, სადავო ნორმა ძალაში იყო და მოქმედებდა.
2008 წლის 15 ივლისს საქართველოს საარჩევნო კოდექსში „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით №231-რს, განხორციელდა ცვლილებები და 1298 მუხლი, მათ შორის მე-10 ნაწილის სადავოდ გამხდარი წინადადებები, ამოღებული იქნა.
შესაბამისად, საქმის არსებითად განხილვის დროისთვის, სადავო ნორმა გაუქმებულია და ძალა აქვს დაკარგული.
2. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ ...საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას ...“. მოცემულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო ხელმძღვანელობს აღნიშნული ნორმით, ვინაიდან არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების სამართლებრივი საფუძველი.
III
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №452 და №453 კონსტიტუციურ სარჩელებზე (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი