საქართველოს მოქალაქე თემურ დოლიშვილი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/3/339 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 11 ოქტომბერი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე - (სხდომის თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია;
3.იაკობ ფუტკარაძე - (მომხსენებელი მოსამართლე);
4.ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე თემურ დოლიშვილი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2005 წლის 6 აპრილის №7 დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, 31-ე და 39-ე მუხლებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე თემურ დოლიშვილი და მისი წარმომადგენლები - მარი ცუცქირიძე და ნატო პაპუაშვილი; მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წარმომადგენლები - ქეთევან გაბელაია და თამაზ ინაიშვილი.
საქართველოს მოქალაქის თემურ დოლიშვილის 339-ე ნომრითრეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2005 წლის 21 ივლისს შემოვიდა, ხოლო სასამართლოს პირველ კოლეგიას იგი იმავე წლის 19 სექტემბერს გადმოეცა არსებითად განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კოლეგიის ღია განმწესრიგებული სხდომები 2005 წლის 27 და 29 სექტემბერს გაიმართა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2005 წლის 6 აპრილის №7 დადგენილებით დამტკიცდა სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ სამოქმედო ტერიტორიაზე საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი. ამ აქტით, მოსარჩელის აზრით, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე და 39-ე მუხლებით აღიარებული მისი უფლებები. მართალია, სადავო დადგენილებაში 2055 წლის 4 აგვისტოს შევიდა ცვლილებები და დამატებები, მაგრამ ამით „კონსტიტუციის ამ მუხლების დარღვევა არ არის აუცილებელი“. მოსარჩელის სიტყვით, საერთო მოხმარების მრიცხველის დაყენება „ვერ პასუხობს მომხმარებლის ინტერესებს არა მარტო თვისებრივრაოდენობრივი თვალსაზრისით, არამედ სტაბილური ელექტრო მომსახურების თვალსაზრისითაც“. სადავო დადგენილება იწვწვს „მომხმარებელთა უფლებების უსამართლო დიფერენციაციას“, აშკარად მომატებულ ტვირთს აკისრებს მოსარჩელესა და იმ სხვა მობინადრეებს, რომლებსაც რამდენიმე ბინა აქვთ და რეგულარულად არ ცხოვრობენ თავიანთ ბინებში. ასევე მომეტებული ტვრირთი ეკისრებათ მცირესულიან ოჯახებს, კერძოდ კი მის სამსულიან ოჯახს უფრო მრავალსულიან ოჯახებთან შედარებით.
მოსარჩელე მოითხოვს, რომ მისი სარჩელი მიღებული იქნეს არსებითად განსახილველად და გადაწყდეს სადავო დადგენილების კონსტიტუციურობის საკითხი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გაანალიზა საქართველოს მოქალაქის თემურ დოლიშვილის 339-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი, თანდართული მასალები, მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლების, აგრეთვე განმწესრიგებულ სხდომაზე მოწვეული მოპასუხის წარმომადგენლების განმარტებები და ამის საფუძველზე გამოარკვია სასარჩელო მოთხოვნის არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადასაწყვეტად საჭირო გარემოებანი.
სასამართლო კოლეგიის აზრით, მოსარჩელე მხარემ ვერ აჩვენა, რომ მის მიმართ სადავო აქტით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 31-ე და 39-ე მუხლების დებულებები. აქედან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ სემეკის სადავო დადგენილების კონსტიტუციურობის შემოწმება მოცემულ შემთხვევაში კონსტიტუციის მხოლოდ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით შეიძლება. ამ მხვრივ კონსტიტუციურ სარჩელში ძირითადად დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები. მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტია, სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია და არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული გარემოებანი, რომელთა გამოც კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღება.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის თემურ დოლიშვილის 339-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი „სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2005 წლის 6 აპრილის №7 დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
2. ამ კონსტიტუციურ სარჩელზე მოპასუხეა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია(სემეკი);
3. საქმეს - „საქართველოს მოქალაქე თემუს დოლიშვილი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წინააღმდეგ“ არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირევლი კოლეგია;
4. საქმის არსებითად განხილვის თაობაზე მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას და გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ.ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე)
ვ.გარამია
ი.ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე)
ნ.შაშკინი